Window project წარმოგიდგენთ სალომე მაჩაიძის, უტა ბექაიასა და თამუნა ქარუმიძის ინსტალაციებს ორბელიანის მოედანზე მდებარე საჯარო სახელოვნებო ვიტრინებში. სამივე ხელოვანის ნამუშევარი არის მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობის ერთგვარი გამოძახილი და ამასთან ერთად ხელოვანების სულიერი მდგომარეობის ფიზიკური ფორმებით გამოსახვის მცდელობა.

სალომე მაჩაიძე – ,,ჩვენ ვიმარჯვებთ“ (2021)


ამ წონასწორობადაკარგულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ნელ-ნელა უფერულდება და აზრს კარგავს, ადამიანებმა თავიანთი ძალისხმევით ახალი სამყარო უნდა შექმნან. მაჩაიძის ნამუშევარი – "სახე და მოტოციკლისტი", შეიძლება ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანის“ ალუზიადაც აღვიქვათ, როგორც ნაწილებად დაშლილ სამყაროში ახალი გზების ძიების ნიშანი. აღნიშნული ნამუშევრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შექმნის სურვილმა აჯობოს უმოქმედობას და ამგვარი გზით გათავისუფლდეს ცივილიზაციის ვაკუუმისგან და სამყარო დაშლისაგან იხსნას.


სალომე მაჩაიძე გერმანიაში მოღვაწე მულტიმედია ხელოვანია. ადრეულ წლებში მან სხვა ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად დადგა  ექპერიმენტული სპექტაკლები, რომლებიც თეატრალურ ნორმებს უპირისპირდებოდა. სალომე ხელოვანთა დაჯგუფების – ,,გოსლაბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. აღნიშნული ჯგუფი სხვადასხვა ხელოვანებს აერთიანებს და მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც საბჭოურ და პოსტსაბჭოურ კონტექსტებს უკავშირდება.

უტა ბექაია – ,,ჰიბრონაცია / დამცავი საბანი“ (2021)


უტას შემოქმედებაში დიდ როლს ასრულებს მისივე შინაგანი ხმა ბავშვობიდან, რომელიც მას ხშირად ესაუბრება. ავტორი იხსენებს იმ ბავშვობაში განცდილ ძლიერ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, რომლებმაც მას Window project-ზე წარმოდგენილი ნამუშევრის შესრულებისაკენ უბიძგა და ამბობს, რომ საბანი და მასზე გამოხატული ბაჭია სწორედ მისი ბავშვობის საკრალური და რიტუალური ნივთებისა და ქმნილებების  სიმულაციას გამოხატავს.

,,როცა პატარა ვიყავი, როდესაც რამის შემეშინდებოდა, ღამით, როცა გარეთ სიცივე იყო, ჩემ საყვარელ საბანში დამალული წარმოვიდგენდი, რომ დიდი თოვლის ქვეშ ვწევარ, ჩემს პატარა, თბილ და მყუდრო ბუნაგში, სადაც მთელი ზამთარი შემეძლო საბანში გახვეულს, უშიშრად მძინებოდა და ფერად და რეალურ სიზმრებში მეცხოვრა,  პარალელურ გარემოცვაში.


ახლაც, როდესაც შიშს ვგრძნობ, ისევ ვუკავშირდები იმ დამფრთხალ ბაჭიას, რომელმაც დამალვა მასწავლა, რომლისგანაც ვისწავლე, როგორ უნდა დავმალულიყავი, ჩქარა გავქცეულიყავი სხვა სამყაროში“.

ნიუ-იორკსა და საქართველოში მოღვაწე მულტიმედია ხელოვანი და დიზაინერი უტა ბექაია, რომელიც თავს ,,თავისუფალ ხელოვანს“ უწოდებს, სხვადასხვა წარმოდგენებსა და ინსტალაციებს, ასევე სპექტაკლებისა თუ ფილმებისათვის კოსტიუმებს ქმნის. ანტიკური მითოლოგიით, ზღაპრებით, იტალიური ბაროკოთი და ქართული დადით შთაგონებული ხელოვანი, რომლის მხატვრული კვლევის საგანს ისტორიული და კულტურული წარმომავლობა, გენეტიკა და სამყაროს ციკლურობის საკითხები წარმოადგენს, თავისი მგზნებარე სკულპტურული კოსტიუმებით დიდი ხნის წინ დავიწყებულ რიტუალებს ახალ სიცოცხლეს სძენს და ამგვარი გზით ცდილობს დაამყაროს კავშირი ანტიკურ სიბრძნესთან და ეს სიბრძნე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას შეუთავსოს.

თამუნა ქარუმიძე – Tamra - “გონებრივი ობიექტები“




თამუნა ქარუმიძის ნამუშევრები ყოველთვის მოიცავს ისეთ მედიუმებს, როგორებიცაა: მოდა, საუნდ-დიზაინი, გრაფიკული დიზაინი... Window Project-ის ვიტრინაში წარმოდგენილი ხელოვანის ნამუშევრის – ისლამური ტრადიციული ჩადრისა და თანამედროვე სტილის შერწყმის ძირითადი იდეა ჩვენი პოსტპანდემიური მომავლის გამოხატვაში მდგომარეობს, სადაც ჩვენს იდენტობებსა და პიროვნულობას მნიშვნელობა დაეკარგა; ამის ფონზე კი სამოსმა, რომელიც სხეულს გვიფარავს, ძალაუფლების მნიშვნელობა შეიძინა.