მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე ადამიანის ცნობიერში ინდუსტრიულმა რევოლუციამ იფეთქა და მოკლე ხანში მთლიანად შეცვალა საზოგადოების ცხოვრების წესი. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ საკულტო მოდერნისტულ შენობებზე, ვსაუბრობთ არქიტექტურაზე ახალი ადამიანებისთვის. მოდერნიზმი არქიტექტურაში ახალი პრობლემების გადაჭრის ჯერ არნახულ გზებს გვთავაზობდა და ამას ახალი მასალით, ფორმითა და ტრადიციებზე უარის თქმით ასრულებდა. სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრება “მინის სახლი” პარიზში.
ეს ლეგენდარული სახლი 1928-32 წლებში დააპროექტეს და ააშენეს პიერ შარომ და ბერნარდ ბივოეტიმ ექიმ დელსასის ოჯახისთვის, პატარა მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე იდგა მე-18 საუკუნის შენობა. თავდაპირველად მისი დანგრევა და ახალი მოცულობით ჩანაცვლება იყო ჩაფიქრებული, თუმცა ბოლო სართულის მობინადრემ ბინა არ დათმო. სწორედ ამ პრობლემამ – ვიწრო ნაკვეთმა და უკვე განსაზღვრულმა გეომეტრიამ უბიძგა პიერ შაროს სახლი გამოეშიგნა: დაენგრია პირველი ორი სართული, ბოლო კი ხელუხლებელი დაეტოვებინა. შემდგომში სწორედ ამ გამოთავისუფლებულ სივრცეში მოეწყო საცხოვრებელი ოთახები და გინეკოლოგიური კლინიკა – ცალ-ცალკე შესასვლელით: კლინიკის მოსაცდელი მინის მოძრავი ტიხრებით იყო გამოყოფილი მთავარი კიბისგან, რომელიც თავის მხრივ უშუალოდ საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა.
სახლის სახურავის როლს ძველი შენობის ბოლო სართული ასრულებს, ეზოში შემალული მინაბლოკის მთავარი ფასადი და მინაშენი ახლაც თანამედროვედ, მაგრამ სადად გამოიყურება. ასეთივე, მინაბლოკით ნაწყობი, მაგრამ გამჭვირვალე მინის ღიობებითა და აივნით გახსნილი ფასადი გაჰყურებს სახლის უკანა, ბაღის მხარესაც. შუქგამტარი და გამჭვირვალე ზედაპირების ოსტატური მონაცვლეობა ინტერიერში იდუმალი ლაბირითის ეფექტს ქმნის და სახლის სტუმრებზე დღემდე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. საინტერესოა, რომ არ არსებობს ისეთი წერტილი, საიდანაც სახლის მოცულობის მთლიანი აღქმაა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ მინის სახლი ცალსახად ადრეული მოდერნიზმის ხანას მიეკუთვნება, მისი კლასიფიკაცია არქიტექტურის ისტორიაში მაინც საკმაოდ რთულია. ამ დროისათვის მინა უკვე ფართოდაა გავრცელებული მოდერნისტულ არქიტექტურაში და მის სავიზიტო ბარათადაა ქცეული (უკვე აშენებულია მის ვან დერ როეს ეპოქალური ბარსელონას პავილიონი და ვილა ტუგენდჰატი). თუმცა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შარო მინას მისი თანამედროვე მოდერნისტი არქიტექტორების მსგავსად არ იყენებს: სახლის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები შუქგამტარი, მაგრამ არა გამჭვირვალე მინაბლოკების ერთობლიობაა. შედეგად, სახლის ყველა ოთახში თანაბრად ზომიერად აღწევს დღის სინათლე და თან იგივე ვან დერ როეს მოდერნიზმისთვის უცხო ცნება – ბუნდოვანება შემოაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სათავსის ასეთი ფაქიზი, ბუნებრივი განათება აბალანსებს ორდონიანი, ლითონის შიშველი დგარებით გამაგრებული ბიბლიოთეკის ინტერიერს და ავანგარდული ავეჯითა და თანამედროვე მასალებით მოწყობილ სივრცეს კრავს ერთიან კომპოზიციად.
მიუხედავად იმისა, რომ ეპოქის ტიპური ნიმუშების მსგავსად, აქაც ქარხნული, ინდუსტრიული წარმოების მასალებით შექმნილი დიზაინია პრიორიტეტული, გამჭვირვალე ზედაპირით არქიტექტურის განწმენდის იდეა მინის სახლში არ გვხვდება. მეტიც, აქ მინა გარე სამყაროსთან ან ბუნებასთან დაკავშირების მცდელობას არ წარმოდგენს. ეს ფაქტი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ მიუხედავად დადაიზმის გავლენისა, პიერ შაროზე კულტურული კონტექსტი ზეწოლას არ ახდენს. ის თავისუფლად, უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით მუშაობს მეგობრებისთვის დაპროექტებულ სახლზე. თითქოს, Art Nouveau-ს არქიტექტორების მსგავსად, შაროს ამოძრავებდა სურვილი, რომ ყველა არქიტექტურული დეტალი: სადა, მინაბლოკის ნეიტრალური ფასადი, მისგან გამოწვეული განათება, სპეციალურად შექმნილი ავეჯი, “ინდუსტრიული” ხასიათის მასალა და ტიხრები ერთი “ვიზუალური ლექსიკონიდან” წაკითხულიყო და უმცირესი დეტალების გათვალისწინებით ერთი მთლიანი კომპოზიცია შეექმნა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უწოდებს შაროს კენეტ ფრემპტონი “ეკლექტურ არქიტექტორს”.
აღსანიშნავია დამკვეთების გასაოცარი ნდობა არქიტექტორების მიმართ. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს ინდივიდუალური მიდგომა, ადამიანური ურთიერთობები და სიახლის მიმართ სიყვარულია “მინის სახლის” წინაპირობა. სისადავე, სიცხადე და თანამედროვეობა კი – მისი მთავარი მახასიათებელი.
დაწერე კომენტარი