საჯარო სივრცეში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები აქტუალური იქამდეც იყო, სანამ გალერეებისა და მუზეუმების კარი დამთვალიერებლისთვის დროებით დაიკეტებოდა. მსოფლიოში არაერთ ქალაქში შეხვდებით ისეთი ხელოვანების საჯარო სკულპტურებს, კედლის მხატვრობასა თუ ინსტალაციებს, როგორებიც იაიოი კუსამა, ბენქსი, ჯეფ კუნსი, ლუიზ ბურჟუა, კიტ ჰარინგი და რობერტ ინდიანაა. თითოეული მათგანი  ხელოვანის უნიკალურ ხელწერას და იდეას გამოხატავს, ეს იდეა კი შესაძლოა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ, სოციალურ თუ სხვა სახის მესიჯს ატარებდეს, მორგებული იყოს  ადგილმდებარეობის კონტექსტზე და ამით ორგანულად იყოს შერწყმული  ქალაქის არქიტექტურასთან, ისე რომ საბოლოოდ თვალი მას არა როგორც ხელოვნების ცალკეულ ნიმუშად, არამედ ქალაქის არქიტექტურის ბუნებრივ შემადგენელ ნაწილადაც აღიქვამდეს. პოსტპანდემიურ გარემოში საჯარო სივრცეში განთავსებულმა ხელოვნებამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ვერ ვიტყვით, რომ ნამუშევრებმა, რომელთა ადგილადაც გალერეების კედლები მოიაზრებოდა, ეს კედლები დატოვა და თავისი ადგილი ურბანულ სივრცეში მონახა, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქის ვიტრინებში ან კედლებზე გამოსახული ხელოვნება დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე უსაფრთხო და თვალსაჩინო  ფორმად იქცა.

Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად გაგაცნობთ თბილისის საჯარო სივრცეებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ხილვაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია.

Window Project - ორბელიანის მოედნის ვიტრინები

სულ ცოტა ხნის წინ ორბელიანის მოედანზე მდებარე Window Project-ის საგამოფენო ვიტრინები სამი თანამედროვე ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს დაეთმო. სალომე მაჩაიძის, უტა ბექაიას და თამუნა ქარუმიძის ინსტალაციები დღევანდელი მსოფლიოს  ერთგვარი გამოძახილია და ამასთანავე ხელოვანების სულიერი მდგომარეობის ახალ ფიზიკურ ფორმებში გამოხატვის მცდელობას წარმოადგენს. ახალ ფიზიკურ ფორმაშია გადმოცემული სალომე მაჩაიძის ნამუშევარი "ჩვენ ვიმარჯვებთ", მოტოციკლისტი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანის" ალუზიაა, თანამედროვე ჩიხში შესულ სამყაროში ახალი გზების მაძიებლისა და წინააღმდეგობების გადამლახავ სულისკვეთებას წარმოადგენს, რომელსაც საბოლოო მიზნამდე შესაძლოა ჯერ კიდევ შორი მანძილი აშორებდეს, თუმცა მიზნისკენ მისასვლელი სურვილი და ნება საკმარისია ჩიხში შესული ცივილიზაციის რეკონსტრუქციისა და არსებული სიცარიელის შევსებისათვის.

ჩიხში შესული სამყაროსთვის შიში და შიშით მოგვრილი სიფრთხილე ახლა როგორც არასდროს, თანამდევი და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. "დამცავი საბანი", რომელიც ხელოვანმა უტა ბექაიამ წარმოგვიდგინა, ხელოვანისთვის შიშთან გამკლავებისა და თავდაცვის ის საშუალებაა, რომელიც ბავშვობისდროინდელ მოგონებებში ცოცხლობს.

უტა ბექაია: "როცა პატარა ვიყავი, როდესაც რამის შემეშინდებოდა, ღამით, როცა გარეთ სიცივე იყო, ჩემ საყვარელ საბანში დამალული წარმოვიდგენდი, რომ დიდი თოვლის ქვეშ ვწევარ, ჩემს პატარა, თბილ და მყუდრო ბუნაგში, სადაც მთელი ზამთარი შემეძლო საბანში გახვეულს, უშიშრად მძინებოდა და ფერად და რეალურ სიზმრებში მეცხოვრა,  პარალელურ გარემოცვაში. ახლაც, როდესაც შიშს ვგრძნობ, ისევ ვუკავშირდები იმ დამფრთხალ ბაჭიას, რომელმაც დამალვა მასწავლა, რომლისგანაც ვისწავლე, როგორ უნდა დავმალულიყავი, ჩქარა გავქცეულიყავი სხვა სამყაროში. ეს საბანი, და მასზე გამოხატული ბაჭია, იმ საკრალური და რიტუალური ნივთებისა და ქმნილებების სიმულაციაა, ბავშვობიდან ასე მკაფიოდ რომ მახსოვს".

კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც ორბელიანის მოედანზე უტა ბექაიასა და სალომე მაჩაიძის ინსტალაციების გვერდით განთავსდა, თამუნა ქარუმიძის "გონებრივი ობიექტებია". ნამუშევარი ყოველდღიური სტილისა და ისლამური ჩადრის შერწყმას წარმოადგენს, რითაც ის პოსტპანდემიურ გარემოში ადამიანის დაკარგული სახისა და იდენტობის იდეას უსვამს ხაზს და ამასთან ერთად წარმოადგენს იმ სამოსის ძალაუფლებას და მნიშვნელობას, რომელიც სხეულს და სახეს გვიფარავს.

Window Project - ლუსილ ლიტოტის "ვარსკვლავებიანი ღამე თუ ღამე ვარსკვლავების გარეშე"

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

 

Window Project-ის მიერ რუსთაველის 37 ნომერში მდებარე კიდევ ერთ ვიტრინაში ფრანგი ხელოვანის, ლუსილ ლიტოტის ნამუშევარი "ვარსკვლავებიანი ღამე თუ ღამე ვარსკვლავების გარეშეა" წარმოდგენილი. ეს სახელი ავტორმა ნამუშევარს ვან გოგის ნახატის - "ვარსკვლავებიანი ღამის" პატივსაცემად დაარქვა, ფერწერაში ასახულია ის,  რაც ვან გოგს შეიძლებოდა   სენ-პოლ-დე მოსოლის  მონასტრის თავშესაფარის ოთახიდან იქ ყოფნის დროს დაენახა, თუმცა ნამუშევრის სახელწოდება შესაძლოა ასევე ყოფილიყო  Peeping Tom (მოთვალთვალე ტომი), ეს კი უკვე არის სასიყვარულო სცენა, რომლის დანახვა დაკეტილი კარის საკეტის ჭუჭრუტანიდან შეიძლებოდა. ქალის ფიგურა, ერთგვარი ლედი გოდივა, რომელიც  შავი ხავერდის ვენეციურ ნიღაბს, "მორეტას" ატარებს, მისი გრძნობების სიმულაციას აჩვენებს, იგი მიჯაჭვულია ადამიანზე, რომელმაც დემონის სახე მიიღო.

Artup - Street Gallery




Artup Street Gallery არის მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს ქმნის, რაც მისი კონცეფციის თანახმად ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას, ღია სივრცეებსა და ქუჩებში სრულიად უფასოდ გულისხმობს. Artup-ის დაარსების დღიდან დღემდე ქუჩებში განთავსებულ საგამოფენო ყუთებში 40-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანის გამოფენები მოეწყო, ისეთების როგორებიც არიან: ნინო ბოსიკაშვილი, ბექა ბერიძე, თინა ჩერტოვა, ლევან ამაშუკელი, Tamoonz, ასევე ამერიკელი გრაფიკოსი Dion MBD, პოლონელი 3D გრაფიკოსი Junusz Jurek, ბრიტანელი ილუსტრატორი Joanna Layla და სხვები. თბილისში Artup Street Gallery-ის სივრცე “ფაბრიკის” ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით ის ბათუმის ექვს ლოკაციაზე და ტალინშიც არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ ხელოვანებს, რომლებიც ფოტოგრაფიით, კომპიუტერული ილუსტრაციით, ციფრული კოლაჟით, 3D გრაფიკული და 2D ხატვით, შერეული მედიითა და თამაშების, წიგნების და კომიქსების ილუსტრაციებით არიან დაკავებული თავიანთი ნამუშევრების Artup-ის არტ ბოქსებში განთავსება და გამოფენის ორგანიზება Artupstreet.com-ზე სპეციალური ფორმის შევსებით სრულიად უფასოდ შეუძლიათ. Artup ადგილობრივი და საერთო საგამოფენო სივრცეების გაერთიანება F-orma Network-ის წევრიცაა, რომელიც ახალგაზრდა, შემოქმედებითი ხელოვანების პროექტებისა და ნამუშევრების სხვადასხვა ქვეყნებში წარმოდგენას უზრუნველყოფს, სწორედ Forma-ს პროექტის ფარგლებში, შერჩეული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები თბილისისა და ბათუმის გარდა, ესპანეთის,იტალიისა და  ბოსნია და ჰერცოგოვინის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში გამოიფინება.

მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე - ხვალ


ფოტო: კონსტანტინე ბერიძე

თბილისის საჯარო სივრცეში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაზე მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის სახელოვნებო პროექტის "საშინაო დავალების" შემადგენელ ნამუშევარს -  "ხვალ" შეხვდებით. პროექტში, რომელიც სიტყვებით, ნიშნებითა და ასოციაციებით თამაშს გულისხმობს, თითოეულ შერჩეულ სიტყვას საკუთარი კონცეფცია გააჩნია.  ხელოვანებმა "საშინაო დავალებისთვის" ისეთი სიტყვები შეარჩიეს, რომელთა უსიტყვოდ, დაწერის გარეშე გამოხატვა შეუძლებელია, ესენია:  "ხვალ", "დრო", "იყო და არა იყო" და ასშ. თითოეული ამ სიტყვის მნიშვნელობას კი როგორც ავტორები ამბობენ, მაყურებელი და ის კონტექსტი ქმნის, რომელშიც სიტყვა ხვდება.

 

Patara Gallery - ანა ჩადუნელის  Terrible Dreams

 

 

ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე "პატარა გალერეაში" 3 მარტის ჩათვლით ხელოვან ანა ჩადუნელის გამოფენა - Terrible Dreams  იქნება წარმოდგენილი.  გალერეის შუშის ფასადს მიღმა დამთვალიერებელი ხელოვანის მიერ შექმნილ მიკროკოსმოსსა და ვულკანური შავი მასიდან ამოსულ უდაბნოს ტიპის მცენარეებს აკვირდება. ეს დაკვირვება კი  ძალიან ჰგავს ვიდეოთამაშის პროცესს.



"არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, ჩვენი რეალობა რეალური არაა, რომ ის, რაც ნამდვილი გვგონია, უმაღლესი ინტელექტის მიერ შექმნილი კომპიუტერული სიმულაციაა, ის შეიძლება ვიდეოთამაშსაც შევადაროთ, ისეთს, რომელიც არასდროს სრულდება, რომლის სცენარი, თუნდაც ყველაზე პრიმიტიული, მუდმივად შეიძლება გაგრძელდეს. თამაში შექმნილია მოთამაშისთვის, რომელიც შეძლებს იკვლიოს, იმოგზაუროს, აღმოაჩინოს, იგრძნოს უსასრულოდ. მთელი ინსტალაცია, თავის ნახატებითა და ობიექტებით, ღამით ტყეში მოგზაურობას ჰგავს,  სადაც ლიანების ჩრდილები გზას გირევენ, წყლის ანარეკლები კი გვირაბებიდან გასასვლელს გაჩვენებენ, მხოლოდ იმიტომ რომ თამაშის სხვა განზომილებაში გადაგიყვანონ, ისევ უგმირო, თითქოს მიტოვებულ სივრცეში, ხმელი, ეკლიანი მცენარეებით, მოცემულობაში, სადაც დარაბებზე ველური ვარდებია ამოსული და ყველა გზა, რომელსაც უნდა დაადგე, ისევ თამაშში გაბრუნებს".  - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

 

The Why Not Gallery - გვანცა ჯიშკარიანის Together Forever

 



The why not Gallery სახელოვნებო კომპანია "ღია სივრცესთან" ერთად ხელოვან გვანცა ჯიშკარიანის სოლო გამოფენას, Together Forever-ს წარმოგვიდგენს. გამოფენა, რომლის მთავარი იდეა ხელოვანისთვის საკუთარი თავის ძიებაა, სხვადასხვა მედიუმში და ისეთ განსხვავებულ მასალებში წარმოდგენილ ნამუშევრებს აერთიანებს, როგორებიცა ქვის მოზაიკები თუ ფულის მონეტები. ამ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილია ქალაქის ცენტრში, გვანცა ჯიშკარიანის გამოსახულებით გაკრული "არალეგალური" ბანერებიც, რომელთა ხილვაც აღმაშენებლის ქუჩაზე ყოფილი კინოსტუდიის შენობის ფასადზეა შესაძლებელი.

 

ფოტოგრაფი: სანდრო სულაბერიძე

გამოფენის კურატორი ელენე კაპანაძე: "ბოლო დროს გვანცას შემოქმედება კიდევ უფრო პერსონალური გახდა და თავად ხელოვანი უფრო აქტიურად ჩანს, როგორც მთავარი მონაწილე გმირი. საკუთარი გამოსახულება მისთვის ყველაზე კომფორტული სამუშაო მასალა აღმოჩნდა ამ ეტაპზე; მედიუმს, რომლისაც მას ყველაზე კარგად ესმის, ყველაზე თავისუფლად და უკომპრომისოდ შეუძლია მისი ინტერპრეტირება და მანიპულირება. ეს გამოფენაც წარმოადგენს გვანცას ძიებას - თუ რას ნიშნავს იყო თვითმყოფადი საკუთარ თავთან, უღრმავდებოდე და იკვლევდე საკუთარ სისუსტეებს და ყოველწამიერად უცხადებდე ახალ გამოწვევას საკუთარ თავს. ეს თითქოს ძალიან სპეციფიკური ურთიერთობა ადვილად შეიძლება ჩათვალო,  როგორც განზოგადოება, რომელიც გვანცას თაობის ადამიანებს ესადაგება; ეს ის თაობაა, რომელიც ობსესიურად აკვირდება საკუთარ თავს ეკრანზე და ეკრანის გარეშე, ეს ის თაობაა, ეგრეთწოდებული „ზედმეტი გაზიარების კულტურის“ (oversharing culture) შემქმნელი და ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც საკუთარ „ინსტაგრამ სთორიებში“ ცხოვრობს და სოციალური მედიაარხების მეშვეობით საკუთარი თავის პერფორმანსს დგამს. გვანცაც საკუთარი თავის პერფორმანსს წარმოგვიდგენს და ნიღბად გულწრფელობას და თავდაჯერებულობას იყენებს".