სიზმრისეულ სამყაროზე უზომოდ შეყვარებული ესპანელი კინორეჟისორი ლუის ბუნუელი ამბობდა, რომ „ყოველი ხელოვნების ნიმუშის არსებითი ელემენტი საიდუმლოება უნდა ყოფილიყო“ და, სავარაუდოდ, სწორედ რომ მისი საიდუმლოებისა თუ ამოუცნობი ამბების მიმართ დაუოკებელი ლტოლვა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბუნუელი შთაგონების წყაროს ყოველთვის წარმოსახვით სამყაროში, ფანტაზიებში, ილუზიებში, განსაკუთრებულად კი სიზმრებში ეძებდა. რეჟისორის სახე-სიმბოლოებით დატვირთულ ფილმებში ნათლად ჩანს ის, რომ ბუნუელი ყოველგვარ შინაარსზე უარის თქმისაკენ ისწრაფოდა და არ იზიდავდა წესრიგი, პირიქით, ქაოსი, ჩარჩოთა არ არსებობა და აბსურდულობა იყო მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი მახასიათებელი. მის ყოველ ფილმს სიზმრისეული ბუნება აქვს - ჩვენ მათ ახსნას ვცდილობთ, თუმცა არაფერი გამოგვდის. ეს იყო რეჟისორის მიზანიც - სურდა, მის თითოეულ ფილმს იმდენი ინტერპრეტაცია ჰქონოდა, რამდენიც სხვადასხვა ადამიანის მიერ მოსმენილ ერთ უცნაურ სიზმარს აქვს ხოლმე.
რეჟისორი 1900 წლის 22 თებერვალს ესპანეთში, კერძოდ, არაგონულ ქალაქ კალანდაში - საკმაოდ შეძლებულ, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები თუ გამოცდილება განსაკუთრებულადაა ხოლმე არეკლილი ხელოვანთა შემოქმედებაში, გამონაკლისი არც ბუნუელი აღმოჩნდა. 1907-1915 წლებში რეჟისორი სარაგოსას იეზუიტურ კოლეჯში სწავლობდა, შესაბამისად, საკმაოდ რელიგიურ გარემოში იზრდებოდა და ადრეული ასაკიდანვე ბიბლიური თუ სხვა თეოლოგიური ტექსტების ათვისება უწევდა. აშკარაა, რომ რეჟისორს ახალგაზრდობიდანვე ხიბლავდა ამბოხისა და რევოლუციის იდეა - მიუხედავად მისი ადრეული ზიარებისა ქრისტიანობასთან, რეჟისორი კოლეჯის დამთავრებისას კარლ მარქსის ფილოსოფიითა და ჩარლ დარვინის მოძღვრებით დაინტერესდა. ლუის ბუნუელი იმდენად მოიხიბლა მემარცხენე შეხედულებებითა და იმდენად აივსო პროტესტის გამოხატვის სურვილით ბურჟუაზიის მიმართ, რომ იმ ფაქტს - თავადაც რელიგიური და არისტოკრატიული ფესვების მქონე ოჯახიდან იყო, მისთვის ხელი არ შეუშლია ამ იდეებისათვის სიცოცხლის ბოლომდე არ ეღალატა და მარადიულად ამბოხისა და უწესრიგობის, ბურჟუაზიის მანკიერებათა წარმოჩენის მოყვარულ ხელოვანად დარჩენილიყო.
1917 წელს ბუნუელმა მადრიდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც სალვადორ დალის დაუმეგობრდა, ადამიანს, რომელთან ერთადაც ფროიდის ფსიქოანალიზს გაეცნო, ქრისტიანულ კერას დაშორდა და სიურრეალისტურ სამყაროში დაიწყო მოგზაურობა. ამ ორი შემოქმედის ხედვათა შერწყმა ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო რამაა ხელოვნების ისტორიაში, რის არაჩვეულებრივ მაგალითსაც მათი 1928 წელს ერთობლივი მუშაობის შედეგი - ფილმი „ანდალუსიური ძაღლი“ წარმოადგენს, რომელიც ერთგვარ ფუძედ იქცა სიურრეალისტური კინემატოგრაფიისათვის და სიმბოლურ ხატთა თუ ავტორთა სიზმრების ქაოსურ, არათანმიმდევრულ ჯაჭვს შეგვიძლია შევადაროთ. ფილმში ვხედავთ, თუ როგორ ენაცვლება მთვარის დისკოს ღრუბლით გადაკვეთის კადრს თვალის გუგის ბასრი სამართლებლით გაჭრის სცენა; ხელსაც ვხედავთ, რომელიც სავსეა ჭიანჭველებით - ბუნუელი ამ ფილმს მისი და სალვადორ დალის სიზმრების ნაყოფს უწოდებდა. „ოქროს ხანა“, მოგვიანებით მარქსისტული იდეოლოგიის ეკრანიზაციად წოდებული, ორი სიურრეალისტური ხედვის მქონე ხელოვანის კიდევ ერთი თანამშრომლობის შედეგია - ეს ფილმი პიონერია იმ ხმოვან ფილმებს შორის, რომელიც საფრანგეთში შეიქმნა. ფილმში ბუნუელი დაუფარავად აკრიტიკებს იმ საზოგადოებას, რომელშიც თავად დაიბადა - ბურჟუაზიას. 1930 წელს ბუნუელმა ამ ფილმით პროტესტის შეგრძნების ვიზუალიზაცია ბურჟუაზიული საზოგადოების სექსუალური აღვირახსნილობის ასახვით შეძლო. „ოქროს ხანაშივე“ ხედავს მაყურებელი აშკარა ირონიას კათოლიკური ეკლესიის ფასეულობათა მიმართ - მიუხედავად იმისა, რომ ბუნუელი მრავალი წლის განმავლობაში, თანაც საკმაოდ კარგად, სწავლობდა იეზუიტურ სასწავლებელში და ქრისტიანულ გარემოში გაიზარდა, უარყოფით დამოკიდებულებას ამ რელიგიის გარკვეულ ღირებულებათა მიმართ მის სხვა ფილმებშიც შეხვდებით.
საოცარია, რომ ბუნუელს შეუძლია მისთვის მტკივნეულ თემებზე სიზმრისეული სიმსუბუქით ისაუბროს და ამასთანავე მაყურებელი სიურრეალიზმისათვის დამახასიათებელი სიმძიმით დატვირთოს. მისი მიზანი ყოველთვის საზოგადოებისათვის ტაბუდადებული თემების გამოაშკარავება იყო - სიზმრებშიც ხომ ასე ხდება, ადამიანები იმას ხედავენ, რაზე ფიქრისგანაც თავს იკავებენ, მაშინ როცა არ სძინავთ. ბუნუელი ამბობდა, “მსურს ოცდაოთხი საათიდან ოცდაორის განმავლობაში სიზმრებს ვხედავდე, რომელთა დამახსოვრებასაც შევძლებო”, და ამ სურვილის მოტივი სწორედ ის იყო, რომ მის ყოველ ფილმში „გზა ირაციონალურისათვის მიეცა“.
1930 წელს ლუის ბუნუელი ჰოლივუდისაკენ გაემგზავრა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ იქ ფილმების გადაღებას, პარიზში მოღვაწეობა ერჩივნა, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის მეტი შესაძლებლობის გამო, საფრანგეთში დაბრუნდა. საინტერესოა, რომ მისი ფილმების მსგავსად, მისი ცხოვრების გზაც ქაოსური და მრავალფეროვანი გახლდათ - როგორც ბუნუელი 1954 წელს ფრანგ კინოკრიტიკოს ანდრე ბაზენთან საუბრისას იხსენებს, 1931 წლის შემდეგ ხან საფრანგეთში იყო, ხან ესპანეთში, თუმცა მას შემდეგ, რაც ესპანეთის სამოქალაქო ომში რესპუბლიკელი ანარქისტ-მარქსისტები დამარცხდნენ, 1938 წელს კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწია გამგზავრება. საყვარელი საქმის კეთების ნაცვლად ბუნუელი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისთვის უინტერესო ბიუროკრატიულ სამუშაოს ასრულებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ სწორედ ბუნუელი იყო ფილმ „ოქროს ხანის“ ავტორი, რეჟისორს პოზიციის დატოვება მოუხდა. კომუნისტთა მიმართ არცთუ დადებითი დამოკიდებულების გამო, ბუნუელი 1946 წელს მექსიკაში გადასახლდა.
სწორედ მექსიკაში შეძლო ბუნუელმა საკუთარი თავის ხელახლა პოვნა - მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მის შემოქმედებას საინტერესო ფილმები შეემატა. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი მექსიკაში 1959 წელს შექმნილი კინოსურათი „ნაზარინი“ ქმნიდა საფუძველს, მაყურებელს ეფიქრა, რომ ახალი ბუნუელი იბადებოდა. ფილმი მღვდლის შესახებ გვიამბობს, მღვდლის, რომელსაც სურს საკუთარი ცხოვრება დაცალოს ყოველივე მატერიალურისაგან და თავი ღმერთს მიუძღვნას. ის თავმდაბალი კაცია, რომელიც მრევლში უფლის მიმართ მორჩილების მარცვლის გაღვივებას ცდილობს და ქრისტეს სახელით დიდ დამცირებასა თუ შეურაცხყოფას იტანს, მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გაცემული სიკეთე მღვდელს ბოროტებად უბრუნდება. ბუნუელი ამ ფილმში ამსხვრევს ქრისტიანულ იდეალებს და მაყურებლის თვალში ბერს ისეთ ადამიანად წარმოაჩენს, რომლის რწმენით ჩადენილი სიკეთე თუ გამოჩენილი თავმდაბლობა აბსურდული ხდება. „ნაზარინის“ შემდგომ ბუნუელის ფილმებში ანარქიისა და ნგრევის მიმართ დაუოოკებელი სწრაფვა შეიმჩნევა - რეჟისორი თითქოს ყოველი ფასეულობის - ოჯახის, რელიგიისა თუ ტრადდიციების მიღმა, რომლებიც ადამიანებისათვის ძვირფასია, თვალთმაქცობას ხედავს და მათი განადგურებისაკენ კინოს საშუალებით ისწრაფვის, ვინაიდან რეჟისორს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა რეალობის ჩვენების იმაზე უკეთესი მეთოდი, ვიდრე კინო იყო.
ლუისს ბუნუელის შემოქმედებაზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ მისი ყველაზე მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე და გამორჩეულად წარმატებული, პირველი ფერადი ფილმი - „დღის ლამაზმანი“, რომელშიც რეჟისორის მიერ ირეალურსა და რეალურს შორის ზღვარია წაშლილი. ეს ფილმი, ისევე როგორც ზოგადად ბუნუელის შემოქმედება, ადამიანის არასრულყოფილებაზეა; არასრულყოფილებაზე, რომელსაც რეჟისორი პროვოკაციული მეთოდებით წარმოაჩენს, ის თითქოს ინდივიდის ლტოლვას თვითგამოხატვისა და შემოქმედებისაკენ, ბურჟუაზიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ მოჩვენებით წესიერებასა და სტატიკურობას უპირისპირებს. ეს ფილმი ვიზუალიზაციაა ბუნუელის ფსიქოანალიზით უზომო დაინტერესებისა - ბურჟუაზიის წარმომადგენელ ლამაზმანს, რომელსაც ოჯახში ერთგული მეუღლის ნიღაბი აქვს მორგებული, რეალურად ეროტიკული სურვილების დაკმაყოფილება სურს, რასაც საროსკიპოში მალულად მუშაობით ახერხებს. დღის ლამაზმანის როლს მშვენიერი კატრინ დენევი ასრულებს, რომლის კოსტიუმებზეც ფილმში ივ სენ ლორანმა იზრუნა. ლეგენდარული დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი კატრინის პერსონაჟის ხასიათს იდეალურად წარმოაჩენს, ვინაიდან ერთდროულად ნაზი და მსხვრევადიცაა, როგორც მისი მორგებული ნიღაბი, და საკმაოდ გამომწვევიც. საკულტო მნიშვნელობა შეიძინა დიზაინერის 1965 წელს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისათვის შექმნილმა ფეხსაცმელმა, რომელიც კატრინ დენევს ეცვა ფილმში. ბუნუელისა და ივ სენ ლორანის თანამშრომლობა ორმხრივად წარმატებული გამოდგა - ფილმში გამოყენებულმა დიზაინერის სამოსმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის შედეგადაც მათი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამავდროულად კი, პერსონაჟის - სევერინის სტილისა და ტიპაჟის ჩამოყალიბებაში, სწორედ რომ ლორანის სამოსმა ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი.
რეჟისორის შემოქმედება მისი განვლილი გზის მსგავსად, სხვადასხვა ქვეყანაში გატარებულ პერიოდებად დაიყო - ბუნუელის პარიზში დაწყებული მოღვაწეობა ჯერ ამერიკაში გაგრძელდა, შემდეგ მექსიკაში და საბოლოოდ კვლავ ფრანგულ ფესვებს დაუბრუნდა. სწორედ რომ მექსიკიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგაა გადაღებული მისი სამი ყველაზე გამორჩეული ფილმი: „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ (1972), „თავისუფლების ფანტომი“ (1974) და „ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი“ (1977), რომლებიც ადამიანთა ფარისევლობის წარმოჩენის ბუნუელისეული მეთოდის შესანიშნავი ნიმუშებია. ფსიქოანალიზით დაინტერესებული ბუნუელი მიიჩნევდა, რომ ადამიანები პიროვნულ ინსტინქტებს საზოგადოებისათვის მოსაწონი ნიღბის მორგებით თრგუნავდნენ და ამის მაგალითები ჩამოთვლილ ფილმებში მკვლელი ღვთისმსახურისა თუ წესიერების ფენომენის ნგრევის სახით მრავლად არის.
ბუნუელს ეკუთვნის ფრაზა, რომლის მიხედვითაც ის აღმერთებდა სიზმრებს და სწორედ სიზმრების აუხსნელ შინაარსზე ფიქრით მიღებული სიამოვნება აახლოვებდა მას სიურრეალიზმთან. სწორედ რომ სიზმრების უსასრულო თანმიმდევრობა უდევს საფუძვლად ფილმს - “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“.. ამ კინოშედევრით ესპანელი რეჟისორი გვიჩვენებს, რომ ხშირად ადამიანებს სიამოვნებას არა მიღწეული მიზანი, არამედ ამ მიზნისაკენ სწრაფვა ანიჭებს.
მაშინ როცა ადამიანები რეჟისორის სტილსა თუ მის ფილმებში წამოჭრილი საკითხების შესახებ სვამდნენ კითხვებს, რეჟისორის პასუხი იყო ის, რომ მსგავსი თემებით დაინტერესება - იქნებოდა ეს რელიგიური საკითხები თუ კრიტიკა ბურჟუაზიისა, მისმა წარმომავლობამ, „მისმა ცხოვრებამ მსოფლიოს ამ და არა სხვა ნახევარში“ განაპირობა. ბუნუელისათვის ბურჟუაზია ყალბ ადამიანთა ერთობა იყო და სწორედ ამ სიყალბეს დასცინოდა და ამხელდა რეჟისორი, რომელსაც მხოლოდ სიზმრების სჯეროდა. მისი პიროვნება დაცლილი იყო წესების მიმართ მორჩილების სურვილისაგან და ასეთივე ფილმებს ქმნიდა - თავბრუდამხვევი, ხშირად ამაზრზენი თუ ფანტასტიკური კადრების მეშვეობით მაყურებელს სარკეს სთავაზობდა, რომელში ჩახედვისას მათ საკუთარ თავში ღრმად დამარხული სურვილების ამოცნობა თუ დავიწყებული სიზმრების გახსენება შეეძლოთ. ბუნუელმა შექმნა ფილმები, რომელთა თითოეული კადრის ნახვისას ადამიანს შეუძლია იმის შესახებ დაფიქრდეს - გარკვეული ქმედების ჩადენისას რეალურად ვის უსმენს - სხვებს თუ საკუთარ თავს.
1983 წლის 29 ივლისს მეხიკოში გარდაიცვალა რეჟისორი, რომელიც, როგორც ფედერიკო ფელინი ამბობდა: „ხანდახან თავის ფილმებში მაყურებელთა ნაცვლად ხედავდა სიზმრებს“. . ლუის ბუნუელმა მოახერხა, საკუთარი კინოხელწერა შეექმნა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვაგვარ უსამართლობას ამხელდა და,, ამავდროულად,, მაყურებელს დაკვირვების შესაძლებლობასაც აძლევდა. ლუის ბუნუელმა მოახერხა, მთელი ცხოვრების განმავლობაში სიზმრისეული სამყაროს მაგიაში ყოფილიყო დარწმუნებული.
დაწერე კომენტარი