დავით ნათიძე ბელგიაში მცხოვრები ქართველი მოქანდაკეა, რომელმაც 1994 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ანტვერპენში, სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში განაგრძო სწავლა. წლების განმავლობაში არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, მის ნამუშევრებს ახასიათებს ქანდაკებისთვის უჩვეულო სიმსუბუქე და ფორმისა და ფაქტურის ჰარმონიული შერწყმა. დავითის შემოქმედებას ჩამოშორებული აქვს ყოველგვარი ზედმეტი აქსესუარი და მინიმალისტურად გვიჩვენებს სამყაროში არსებული ფორმების ძირითად არსსა და სილამაზეს.
გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვანთან, რომელიც თავისი შემოქმედების შესახებ Hammock Magazine-ს ვრცლად ესაუბრა.
დავით, პირველად როდის დაინტერესდით ქანდაკებით?
10 წლის რომ ვიყავი, ჯერ ტრეტიაკოვის გალერეაში მოვხვდი, შემდეგ ცოტა მოგვიანებით ერმიტაჟში, სადაც ხელოვნების უამრავი შესანიშნავი ნიმუში ვიხილე, მათ შორის, ქვაში გამოთლილი ქანდაკებები, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა... მომინდა, რომ სამ განზომილებიანი ფორმებისა და ფიგურების გაკეთება მეც მეცადა.
მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ, ყოველთვის წინასწარ იცით რას მიიღებთ დასრულებისას?
ყოველი ნამუშევრის დაწყების წინ, როდესაც იდეა უკვე გარკვეულია, ვცდილობ, ჩანახატის სახით ჯერ ქაღალდზე დავაფიქსირო, მერე კი მაკეტი გავაკეთო რბილი მასალით. ამის შემდეგ უკვე ქვაზე ვიწყებ მუშაობას. თუმცა ნამუშევრის საბოლოო სახე და ქვის ფერი მხოლოდ დასრულების შემდეგ იკვეთება.
თქვენ რა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ, მუშაობის პროცესი თუ დასრულებული შედეგი?
ქანდაკების შექმნის პროცესი ბევრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე მიღებული შედეგი, განსაკუთრებით ისეთ სკულპტურაზე მიყვარს მუშაობა, რომლის კეთებაც ადვილად არ გამომდის.
უკვე დიდი ხანია, რაც ბელგიაში ცხოვრობთ და მუშაობთ, რატომ გადაწყვიტეთ აქ ცხოვრება?
თავიდან ბელგიაში დიდი ხნით ცხოვრებაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ, აქ საშუალება მომეცა გამეგრძელებინა ჯერ სწავლა და შემდეგ უკვე მუშაობა - ჩემი პროფესიით. ამგვარად, დიდწილად, ბელგიაში ჩემი დიდი ხნით დარჩენა სწორედ ამან განაპირობა.
შეცვალა თქვენი შემოქმედება საცხოვრებელი გარემოს შეცვლამ?
საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, ევროპაში რომ ჩამოვედი და შეიძლება ითქვას, არა მარტო შემოქმედებითი, არამედ ჩემი პიროვნული ჩამოყალიბებაც პრაქტიკულად აქ დაიწყო. აკადემიაში სწავლის დროს ძალიან გამიმართლა, რომ შევხვდი ბევრ საინტერესო პედაგოგს, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლე და მათ ჩემს ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინეს.
ვინ არის ის არტისტი, რომლის შემოქმედება განსაკუთრებით შთაგაგონებთ?
არა ერთი, არამედ მთელი არმია არსებობს არტისტების, რომლებიც დღემდე შთამაგონებენ. არა მარტო რომელიმე დროსა ან მიმდინარეობაში, არამედ ყველა ეპოქაში მყავს რჩეული ხელოვანი. ამ მხრივ ევროპაში ნამდვილად უზარმაზარი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
პირადად თქვენთვის რა არის შთაგონების ძირითადი წყარო?
ინსპირაცია მოდის ჩვენი ცხოვრებიდან, ნანახიდან, ნაფიქრიდან და იქიდან, რასაც ჩვენ განვიცდით. ბევრ მუშაობაში, მუდმივ ძიებაში, ექსპერიმენტების კეთებასა და რა თქმა უნდა, შეცდომების გააზრებაში იბადება ახალი იდეები. შემდეგ კი უკვე ხდება ფორმებსა და სხვადასხვა მასალაში გამოსახვა.
როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს?
ალბათ უფრო მინიმალისტურად. ვცდილობ ისეთი ფორმების ძებნას, რაც ყველაზე ძალიან მხიბლავს და დანარჩენი ყველაფრის ჩამოშორებას, რაც მისგან ყურადღებას მიფანტავს.
რას ურჩევდით დამწყებ მოქანდაკეებს?
დამწყებ მოქანდაკეებს ვუსურვებდი, რომ იყვნენ მაქსიმალურად გულწრფელები და თავიანთ შემოქმედებაში მუდამ ის აკეთონ, რასაც თვითონ განიცდიან და არა სხვის მოსაწონებლად.
მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...
დღეს, სამწუხაროდ, ყველგან ყველაფერი ისეა არეული, რომ სამომავლო გეგმებზე რთულია საუბარი. იმედს ვიტოვებ, რომ მალე დალაგდება ვითარება და შეგვეძლება ისევ გავაგრძელოთ სიარული ჩვენი გეგმების და ოცნებებისკენ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ხელოვანებმა იზოლაციაში ყოფნის დროც შეიძლება სასარგებლოდ და პროდუქტიულად გამოიყენონ.
დაწერე კომენტარი