აქ და ახლა დილა ყველა ადამიანისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა ის დღის იმ განსაკუთრებულ მონაკვეთთან ასოცირდება, როდესაც ახალ ენერგიასა და მოტივაციას ვეძებთ. დადებითი ემოციებით დატვირთული დასაწყისი მთელი დღის განმსაზღვრელია. თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტი “დილის კონცეპტი” კი ის წამოწყებაა, რომელიც ახალ რეალობაში არსებულ  დღის ერთფეროვან რუტინას სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით შეგიცვლით. დღის უფრო პროდუქტიულად, ახალი ინტერესების სფეროსა თუ ადამიანების აღმოსაჩენად “დილის კონცეპტის” შეხვედრების სერია თემების მრავალფეროვნებას ითვალისწინებს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სპიკერები კი ყოველ ლექციაში თითოეული ადამიანის საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინებით შერჩეულ საკითხზე საუბრობენ, რათა თქვენი დღე სასიამოვნო სიახლეებითა და შთაგონებით იყოს სავსე. 

დილის კონცეპტის შეხვედრების სერია 2020 წლის 9 დეკემბერს დაიწყო და მისი პირველი სტუმარი შეფმზარეული ქეთი ბაქრაძე გახდა. შეხვედრაზე ის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძის - საუზმის შესახებ საუბრობდა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის  ჯანმრთელ და ენერგიულ დღის დასაწყისს განსაზღვრავს. ამასთან, საუბარში იმ საჭირო რეკომენდაციებსაც მოისმენთ, რაც საუზმის ჯანსაღი რაციონის შედგენაში დაგეხმარებათ. დილის გემრიელი და ნატურალური პროდუქტებით დასაწყებად Hammock Magazine-ისა და დილის კონცეპტის ახალ რუბრიკას  “დილის გემოსაც”  გირჩევთ, რომელშიც იმ ადგილებს აღმოაჩენთ, საიდანაც საუზმის გამოძახება თქვენი დღის რიტუალის ნაწილი გახდება.




მიზნების მიღწევის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისი სწორად და გააზრებულად დასახვაა. უმიზნო ადამიანის მდგომარეობა იმ სიტუაციის ანალოგია, როცა მშვილდ-ისარი ხელში გვიჭირავს, მაგრამ ისრებს ჰაერში ვისვრით. შეხვედრების მეორე სერიაში PCC პროფესიონალი ქოუჩი თამუნა ჩიჩუა სწორედ მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის გზებზე, მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საუბრობს, რადგან ხშირად ის შემდგომი წარმატების ფუნდამენტია.

ახალ რეალობაში სახლმა ბევრნაირი დატვირთვა და ფუნქცია შეიძინა - ის გადაიქცა ოფისად, შეხვედრების ადგილად თუ განტვირთვისა და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებელ სივრცედ. ცხოვრებამ, რომელმაც სრული მასშტაბით სახლში გადმოინაცვლა ახალი გამოწვევები გააჩინა, რომელიც დროის სწორ მენეჯმენტს, დილის რიტუალებსა და დღის წარმატებულ დაგეგმვას უკავშირდება. ეკა ბაბუნაშვილი PCC ICF ქოუჩი და ბიზნესტრენერი დილის კონცეპტის შეხვედრების მესამე სერიაში სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს. 


უჩვეულო რეჟიმში აღმოჩნდნენ ბავშვებიც, რომელთა სწავლის, გართობისა და მეგობრებთან ურთიერთობის პროცესმა მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლა. სამუშაო დროს ასევე ეკრანებთან ატარებენ დასაქმებული მშობლებიც. თამარ გაგოშიძე კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი და პროფესორია, რომელმაც შეხვედრისას მშობლებისა და ბავშვების ახალი საჭიროებებისა და ურთიერთობების ცვლილებების შესახებ გვიამბო. 


სულ ცოტა ხნის წინ “აჭარა ჯგუფმა” ახალი ჰოლდინგი დააარსა, რომელიც სტუმარმასპინძლობისა და აგრომეწარმეობის მიმართულებებს აერთიანებს და მიზნად ისახავს საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. დილის კონცეპტის შემდეგი შეხვედრა, რომლის მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის, Impact Hub Tbilisi-ს და ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი ქეთი ებანოიძე გახდა, ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებთან ადაპტაციასა და ინოვაციებს მიეძღვნა. შეხვედრაზე “აჭარა ჯგუფის” ჰოლდინგის, Collective Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთო ბერიშვილმა სწორედ ამ საკითხებზე და კომპანიის სხვა ახალ პროექტებზე ისაუბრა ქეთი ებანოიძესთან დიალოგისას. 


ბიზნესწამოწყებები ნებისმიერ დროს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით საფრთხილოა ისეთი პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ ვირუსს ებრძვის და ეკონომიკური გარემოც არასტაბილურია. მიუხედავად ამისა, ქართულ ბაზარზე 2020 წელს ახალი თავის მოვლის საშუალებების ბრენდი “კაშკაში” გამოჩნდა, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ასპარეზი და არც ახლა კარგავს ტემპს. “კაშკაშის” დაფუძნებელმა ქეთო გიორგობიანმა ქეთი ებანოიძესთან საუბრისას პანდემიის დროს ახალი ბიზნესის წამოწყების რისკებსა და გამოწვევებზე გვიამბო და საკუთარი გამოცდილების სხვადასხვა საინტერესო დეტალი გაუზიარა მსმენელს.



ნანა დიხამინჯია პროფესიით მათემატიკოსია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკაში, მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით მუშაობდა. ამჟამად იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორია ინოვაციების და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ნანა დიხამინჯია ქეთი ებანოიძესთან ერთად ამჯერად განათლებას ტექნოლოგიებისა და მეწარმოების ჭრილში მიმოიხილავს და იმ გავლენებზე საუბრობს, რომელიც პანდემიასა და მსოფლიო ტენდენციებს ახლავს თან. 

დილის კონცეპტის შეხვედრების სერია გრძელდება და შემდეგ ნაწილშიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანების გაცნობითა და ახალი იდეებისა თუ სიახლეების აღმოჩენით დაიწყოს. შეხვედრების სანახავად და რეგისტრაციისთვის თვალყური ადევნეთ თიბისი კონცეპტის ციფრულ პლატფორმას  - conceptevents.ge-ს.