მისტიკური და ექსტრავაგანტური რეჟისორის, ფედერიკო ფელინის გამოჩენამ, მისმა იდეებმა, იტალიურ ნეორეალიზმს სულ სხვაგვარი სახე შესძინა: დაუმატა ცოტა მაგია, ცოტა სიზმრები და ცოტაც - გროტესკი. მისი პირველი ფილმის, „თეთრი შეიხის“ (1952) გამოსვლისთანავე ფელინიზე მსოფლიო ალაპარაკდა. შვედი კინორეჟისორი, ინგმარ ბერგმანი მასზე ამბობდა: „ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ის, თუ როგორ ჰყვება ფელინი ამბებს, როგორ დებს სულს თავის ისტორიებში. მაშინაც კი, თუ ჩემგან ძალიან განსხვავებულ სამყაროებზე ჰყვებოდა, მე მას მაინც ძმად მივიჩნევდი“. 






ფილმების გადაღების დაწყებიდან დიდი ხნით ადრე, თინეიჯერობისას, ფელინი კარიკატურების ხატვით იყო ცნობილი, და მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობა მისი მთავარი გატაცება არ ყოფილა, ფელინი მაინც ბოლომდე დარჩა ხატვის ერთგული, მეტიც,  მისი კინოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გადაღებების დაწყებამდე, ცნობილია, რომ იგი თავის პერსონაჟებს ხატავდა, დეტალურად აღწერდა მათ აღნაგობას, ნაკვთებს; არ ივიწყებდა მცირე წვრილმანებსაც კი. ამის შემდეგ იწყებოდა მსახიობების შერჩევის პროცესი, რომელიც სწორედ ამ ესკიზებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა. ფელინი ამბობს: „კიდევ უფრო რთულია მსახიობის პოვნა, რომელიც ნახატს შეესაბამება. იქამდე ვეძებ, სანამ ვინმე ისეთს არ ვიპოვი, ვინც მაფიქრებინებს: „შენ, შენ ხარ ჩემი ნახატი!“ ფელინი ბევრს ფიქრობდა თავის პერსონაჟებზე, ცდილობდა, შეესწავლა მათი ჩვევები, სურვილები და მიზნები; ყველაფერი ის, რაც მათ სხვა ადამიანებისგან განასხვავებდათ. მისი ფილმების პერსონაჟები ექსცენტრიკულები, გროტესკულები და თეატრალურები არიან, რაც მისი კარიკატურისადმი სიყვარულის პირდაპირი გამოძახილია. 

ფელინის ფილმებში მონაწილე მსახიობებზე საუბრისას შეუძლებელია, არ ვახსენოთ ორი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომლებთანაც რეჟისორი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა და რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მისი პერსონაჟების უნიკალურობის განსაზღვრაში. პირველი მარჩელო მასტროიანია, რომელსაც ხშირად ფელინის ალტერეგოსაც უწოდებენ, რადგან, როგორც თავად ფელინიც ამბობს, იგი რეჟისორის ფილმებში სწორედ ფელინის პიროვნებას განასახიერებს. მასტროიანი ფელინის ექვს ნამუშევარში თამაშობს, ხოლო მათგან ოთხში მთავარ როლს ასრულებს. ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“, რომელშიც იგი მარჩელო რუბინის, საშუალო კლასის ოჯახში დაბადებულ ამბიციურ ჟურნალისტს თამაშობს, 1960 წელს „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. მარჩელო მომხიბვლელი, ქარიზმატული კაცია, რომელიც საზრისსა და რამე მნიშვნელოვანის შექმნაზე ოცნებობს, თუმცა ამის საპირისპიროდ ცარიელი ღამეებისა და მარტოსული დღეების წინაშე აღმოჩნდება. ფელინის ეს ნამუშევარი ჰედონისტურ, შინაარსებისგან დაცლილ სამყაროს ეხმაურება, სადაც მატერიალისტური მისწრაფებები ყველა იდეალზე მაღლა დგას და ზედაპირული, წამიერი შეგრძნებებით ტკბობა ცხოვრების სტილად არის ქცეული. უნდა ითქვას, რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს ფილმის სახელწოდებასაც: იგი ნამუშევრის სიუჟეტის ირონიული ინტერპრეტაციაა. 




მეორე მსახიობი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ფელინის ფილმებზე, მისი ცოლი, თავდაპირველად თეატრის მსახიობი, ჯულიეტა მაზინაა. მათ კოლაბორაციებს შორის ყველაზე ცნობილი „კაბირიას ღამეებია“, რომელშიც მაზინა გულგატეხილი მეძავის როლს თამაშობს და რომლისთვისაც მან კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა. ფელინისთან მუშაობის შესახებ იგი ამბობს: „...როცა ის რაიმე იდეაზე მუშაობდა, არასოდეს არაფერს ვეკითხებოდი, რადგან ამ დროს თავისი ნამუშევრის  მიმართ  ძალიან ეჭვიანი ხდებოდა. თუმცა, წერის დასრულების შემდეგ ჩემთან მოდიოდა, თავის იდეებს, სცენარებს, ნახატებს მაჩვენებდა და მეკითხებოდა, თუ რას ვფიქრობდი“. 1993 წელს, როცა ფელინიმ საპატიო ოსკარი მიიღო, ის ჯულიეტა მაზინას მიუძღვნა: „მოდი, მხოლოდ ერთ სახელს ვიტყვი. მსახიობის სახელს, რომელიც აგრეთვე ჩემი ცოლიცაა. გმადლობ, ძვირფასო ჯულიეტა, და გთხოვ შეწყვიტე ტირილი!“





ფედერიკო ფელინის ადრეულ ნამუშევართაგან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმში, სახელწოდებით „გზა“ (1954), ჯულიეტა მაზინა ღარიბი ქვრივის ქალიშვილის, გონებაშეზღუდული ჯელსომინას როლს ასრულებს, რომელსაც მოხეტიალე მსახიობი, ფიზიკური სიძლიერით გამორჩეული ძამპანო იყიდის, რის შემდეგაც ჯელსომინა მისი ცოლი გახდება და სპექტაკლებში თამაშისას პარტნიორობასაც გაუწევს. ძამპანო ჯელსომინას მიმართ უხეშია, ხშირად მარტოს ტოვებს, ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ბავშვური, ნაივური ხასიათი, გულუბრყვილობა, ქალს საშუალებას აძლევს, მხოლოდ წამიერად შეიგრძნოს ტკივილი, ხოლო მეორე წამს კი საყვირზე დაკვრის სწავლაზე გადაერთოს. მაზინას პერფორმანსმა, შესაძლოა, ჩარლი ჩაპლინის შესრულების მანერა მოგვაგონოს; ძველი კომედიანტების ასოციაციებს გვიჩენს მისი გარეგნობა და გრიმიც: დაბალი, ბავშვური სხეული, სწრაფი მიმოხრა და ფართო, სევდიანი თვალები. მოგვიანებით, ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჩარლი ჩაპლინი ჯულიეტა მაზინაზე იტყვის, რომ იგი მისი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი ქალია. „გზა“ ერთგვარი ხიდია კლასიკურ იტალიურ ნეორეალიზმსა და ფელინის გვიანდელ ფილმებს შორის, რომლებიც უფრო და უფრო მეტად არის გაჯერებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით, ფელინისთვის დამახასიათებელი განმეორებადი თემებით: ცირკი, აღლუმები, აუტსაიდერი პერსონაჟები. ამ ნამუშევრით ფელინიმ საფუძველი დაუდო თავის უნიკალურ ხელწერას კინოში. ფილმი ადამიანური ურთიერთობების სიმძიმეს გვიჩვენებს და სიზმრისეული კადრებით აღვივებს მაყურებელში შორიდან მოსული უცნობი ნოსტალგიის განცდას.




„კაბირიას ღამეები“ (1957) ჯულიეტა მაზინასა და ფედერიკო ფელინის მეხუთე კოლაბორაციაა, რომლისთვისაც მაზინამ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა. იგი კაბირიას, გულგატეხილი მეძავის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს, იმედიანი განწყობა შეინარჩუნოს თავისი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კაბირიას მეძავებს, ნარკოდილერებსა და სუტენიორებს შორის უწევს ცხოვრება, რეჟისორი ახერხებს, ხაზი გაუსვას მის აუტსაიდერობას, განსხვავებულობას ამ ხალხისგან, დაანახვოს მაყურებელს ქალის სხვა მხარე. კაბირიას პერსონაჟით ფელინი ორ სხვადასხვა მხარეზე მიგვითითებს - პირველი, როგორც პირადი არჩევანი, ხოლო მეორე - როგორც ბედისწერა. ფილმი მარტოსულობისა და დაკარგულობის განცდით არის გაჯერებული, რასაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ფელინის მეგობრისა და მის მრავალ ფილმზე მომუშავე კომპოზიტორის, ნინო როტას მუსიკა.





ფელინისთვის ხელოვნება ავტობიოგრაფიასთან ასოცირდებოდა, კინოს საშუალებით იგი თავის ყველაზე მწველ სურვილებსა თუ სევდიან ფიქრებს გამოხატავდა; ძალიან ფრთხილად, შეიძლება ითქვას, შეუმჩნევლად შლიდა ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის. ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს მისი 1963 წლის ფილმიც, სახელწოდებით „8½“, რომელშიც  მარჩელო მასტროიანი გვიდო ანსელმის, შემოქმედებით კრიზისში მყოფი კინორეჟისორის როლს ასრულებს. ფილმს გამორჩეულს ხდის ფელინისა და გვიდო ანსელმის კავშირი, რომელიც რეჟისორის მხრიდან პერსონაჟის უბადლო გაგებაში გამოიხატება. ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგონებებს, იქნება ეს გამოგონილი, რეალური, ფრაგმენტული თუ წამიერი. მოგონებები, როგორც ხელოვანის მთავარი საყრდენი… ამ თეორიით ფილმი აკირა კუროსავას სიტყვებს ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხელოვანის შემოქმედების წყარო მეხსიერებაა, მაგრამ მოგონებები ხშირად ხელიდან გვისხლტება, ელვის სისწრაფით იცვლება ჩვენივე თვალწინ. ნამუშევრით ფელინი ახერხებს, რეალისტურად, მკაფიოდ დახატოს ხელოვანის ბრძოლა საკუთარ თავთან, წარმოსახვასთან და მოგონებებთან; ააშკარავებს იმ წინააღმდეგობას, რასაც ხელოვანი შექმნისას განიცდის. სიმბოლურია ფილმის სათაურიც: წესით, იგი ფელინის მეცხრე ნამუშევარია, თუმცა რეჟისორი ამას არ აღიარებს და მას დაუსრულებელ სახეს აძლევს.




ფელინის კინოხელწერის ყველა ელემენტს აერთიანებს 1973 წლის მრავალფეროვანი და კარიკატურული პერსონაჟებით სავსე ფილმი, სახელწოდებით „ამარკორდი“, სადაც ვხედავთ ფელინისეულ გაშარჟებულ ადამიანებს, კაშკაშა, ეპატაჟურ წვეულებებსა და პოლიტიკურ სატირას. ფილმის სახელწოდება - „ამარკორდი“, რიმინის დიალექტზე ითარგმნება როგორც „მე მახსოვს“. ცნობილია, რომ თავად რეჟისორიც იტალიის ქალაქ რიმინიდანაა, ნამუშევარი მისი ბავშვობის მოგონებებსაც ეხმიანება და სოციალური საკითხების ფანტაზიურ სურათებთან გაზავებით ქმნის შთამბეჭდავ სცენათა მთელ რიგს, რომლებიც 1930-იანი წლების ფაშისტურ იტალიაში თამაშდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი თინეიჯერი ბიჭი, სახელად ტიტაა, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მისი უზარმაზარი და ხმაურიანი ოჯახის წევრებიც. რეპრესირებული სექსუალური სურვილები, კათოლიციზმი და ფაშიზმი - სწორედ ეს თემები განსაზღვრავენ ფილმის ნარატივს, რომლებიც ფელინის ფსიქოანალიზით გატაცების ერთგვარი გამოძახილია.



ფედერიკო ფელინი, იტალიური ნეორეალიზმის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მაგალითად, როგორებიც არიან მიქელანჯელო ანტონიონი ან პიერ პაოლო პაზოლინი, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ იდეას ან ფილოსოფიურ კონცეფციებს არ გამოხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფელინის შემოქმედებაში სოციალურ პრობლემებსა თუ მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე რეფლექსია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მისი ფილმების ძირითადი მამოძრავებელი ძალა მაინც პირადი, ინტიმური შეგრძნებები და ფიქრებია, რაც პოეტურ, მძაფრი ემოციების გამომწვევ და ამავდროულად, ხშირად შემაშინებელ მიზანსცენებში იჩენს თავს. ფელინის ნამუშევრებში ხშირად ჩნდება ბავშვობისადმი ნოსტალგიის, საზრისის ძიების თემები. იგი ცხოვრებასა და ხელოვნებას ხშირად ცირკს ადარებდა, რაც მის ფილმებში არსებული თამაშის ელემენტით გამოიხატება; სიცოცხლისადმი ლტოლვა, მოთამაშეობის სურვილი და ცხოვრება, როგორც გზა - სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ფედერიკო ფელინი, რომელმაც უამრავ თანამედროვე რეჟისორზე მოახდინა გავლენა, როგორებიც არიან - ლინა ვერტმიულერი, დევიდ ლინჩი, ვუდი ალენი, სტენლი კუბრიკი და სხვები.