8 მარტს კლუბ “კოლიბრში” ინოვაციური პოპკულტურისა და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოება - "ელექტრონავტების" XI ცერემონია გაიმართება. დაჯილდოება, რომელიც 2007 წელს სერგი გვარჯალაძემ დააფუძნა, ისევე როგორც აქამდე, წელსაც რამდენიმე სხვადასხვა ნომინაციაში წლის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში მნიშვნელობა ენიჭება მსმენელის აზრსაც, ამიტომაც აუცილებლად ეწვიეთ Electronauts.ge-ს და ხმა მიეცით თქვენს წლევანდელ ფავორიტებს...
დაჯილდოების ცერემონიამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს სერგი გვარჯალაძესთან, რომელიც "ელექტრონავტების" ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება.
როგორ დაიწყო "ელექტრონავტების" ისტორია, როგორც ვიცი, მას წინ იმავე სახელწოდების ფილმი უძღოდა... როგორი იყო იმდროინდელი გარემო და კონტექსტი, რამაც ელექტრონული მუსიკის ასეთი დაჯილდოების საჭიროება გიკარნახათ?
ფაქტობრივად ფილმი იყო პირველი ბიძგი იმისა, რომ "ელექტონავტების" დაჯილდოების ცერემონიალი დაგვეწყო. ფილმში ის არტისტები გადავიღე, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, როგორც ასეთი, სცენა ფაქტობრივად არ არსებობდა. მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა, დიდი ინტერესი გამოიწვია და მეგობრების წრეშიც მალევე გაჩნდა ინიციატივა, რომ მსგავსი დაჯილდოება გაგვეკეთებინა. 2007-ში საბოლოოდ ჩამოვყალიბდით და თავიდან აქცენტს მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაზე არ ვაკეთებდით, ვთქვით, რომ ნებისმიერი არამეინსტრიმული მუსიკა, რომელიც საქართველოში იქმნება, ჩვენი ინტერესის სივრცეში უნდა მოხვედრილიყო. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკა ჭარბობდა და აქედან გამომდინარე, ყველასათვის ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ერთადერთი ჟანრი, რომელიც დღეს გვაინტერესებს.
რა იყო “ელექტრონავტების” მიზანი მაშინ და წლებთან ერთად თუ შეიცვალა რაიმე?
მიზანი თავიდან იყო ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ალტერნატიულ მუსიკას ქმნიდნენ, ცნობადები მაინც გამხდარიყვნენ. ადამიანებს გაეგოთ, რომ რაღაც სხვა ფორმებიც არსებობს, რომლებიც საინტერესოა და ეს შეიძლება სხვებისთვის ინტერესის სფერო გახდეს. თავდაპირველი მიზანი ფაქტობრივად მხარდაჭერა იყო იმ მუსიკოსებისათვის, რომლებიც შედარებით უფრო უჩვეულო ჟანრში მოღვაწეობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მიზნები შეიცვალა. ვნახეთ, რომ მუსიკოსების რიცხვი იზრდებოდა, მაგრამ ამავე დროს ნაწილი იმ არტისტებისა, რომლებიც პრესელექციაში მონაწილეობდნენ, სცენიდან ქრებოდნენ. მივხვდით, რომ გარკვეულწილად ეს ეკონომიკურ საკითხსაც უკავშირდებოდა. ამ ადამიანებმა რამენაირად უნდა ირჩინონ თავი და მიზანიც შეიცვალა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი დაუკრან და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ხელი შევუწყოთ, რომ ისინი საზღვრებს გარეთ გავიდნენ, ახალ სივრცეში გამოჩნდნენ ან თვითონ ახალი სივრცეები გამოჩნდეს. ამას, რასაკვირველია, სისტემატურად ვერ ვაკეთებდით, "ელექტრონავტი" არასდროს ყოფილა და არც დღეს არ არის კომერციული პროექტი, მაგრამ ჩვენს კავშირებს ყოველთვის ვიყენებდით და ვხედავდით, რომ პერიოდულად ახალ-ახალი ელემენტები ჩნდებოდა. რაღაც ეტაპზე კლუბების ნომინაცია გამოჩნდა, ან მაშინ როცა ვხედავდით, რომ სპონსორების ნაკლებობა იყო, ვცდილობდით კომერციული სექტორისათვისაც მიგვეცა მოტივაცია.
როგორც ვიცი, პირველ ღონისძიებას 15 მონაწილე ჰყავდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორი იყო პირველი დაჯილდოების ცერემონიალი და ვინ იყვნენ პირველი ელექტრონავტები?
ყველა ძალიან კარგად მახსოვს, სამეფო უბნის თეატრში ჩავატარეთ და თვითონ ეს ადგილიც ძალიან საინტერესო იყო. არტისტებიდან იყვნენ, მაგალითად, ბაჯუ, რომელიც ამავე დროს ფილმის გმირი იყო, ნიკა მაჩაიძე... ასევე რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც დღესდღეობით სხვადასხვა ფორმაციაშია, მაგალითად, კოკა ნიკოლაძე, რომელიც დღეს რადიკალურად განსხვავებულ რაღაცებს აკეთებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ თავის დროზე მისთვის ელექტრონავტი მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა. ფაქტობრივად ეს იყო არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის, არამედ ყველაფერ იმის ნაზავი, რასაც თავის დროზე ალტერნატიულ მუსიკას ეძახდნენ. დაუვიწყარი და ყველასათვის მოულოდნელი ღონისძიება იყო, რადგან მსგავსი ამბები მაშინ ხშირად არ ტარდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს მუხტი დღემდე გვამოძრავებს.
წინა კითხვა რომ ლოგიკურად გავაგრძელოთ... ფესტივალს გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა, როგორ ფიქრობთ, ამ დროის განმავლობაში რამდენად იქონია “ელექტრონავტებმა” მუსიკოსების კარიერაზე პოზიტიური გავლენა?
ვფიქრობ, რომ პირველივე წლიდან ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა. ისინი ცნობილები ხდებოდნენ, მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეპატიჟებოდნენ... ტრადიციასავით არის ქცეული, რომ ვისაც ელექტრონავტზე გამოვაჩენთ ან საშუალებას ვაძლევთ თავისი ნამუშევრები წარმოადგინოს - თუ ეკონომიკურ წნეხს გაუძლო, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთული ცხოვრების სტილია - მერე შესაბამისად, წლის მანძილზე მათდამი მედიის ინტერესიც უფრო მეტია. ბოლო წლებში კი არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთ გასვლაშიც ვეხმარებით. ეს კონტაქტები არსებობს, ჟიურის წევრებიც არ არიან მხოლოდ ქართველები და სცენაც ასე თუ ისე გაიზარდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საკლუბო სცენას, სამწუხაროდ, ცალკეული მუსიკოსებისათვის ჯერჯერობით ისევ რთულია.
დროთა განმავლობაში გარდა ელექტრონული მუსიკისა, "ელექტრონავტები" ინოვაციური პოპკულტურის მხარდამჭერი გახდა, როგორ გაჩნდა ფესტივალის ეს ნაწილი და მისი საჭიროება?
ჩვენთვის ინოვაციური პოპკულტურა არის პოპკულტურის ის ნაწილი, რომელიც მზადაა რისკებისთვის და რომელიც რაღაც ახალსა და უნიკალურს ქმნის. მივხვდით, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ვაჯილდოებდით, არ იყვნენ სტანდარტული ტიპები, აშკარად გამოირჩეოდნენ და ოცდამეერთე საუკუნეში ეს გამორჩეულობა და უნიკალურობა ნამდვილად ძალიან ფასეულია, აქედან გამომდინარე ჩვენც ამაზე გავაკეთეთ აქცენტი.?
"ელექტრონავტების" გარკვეული ნომინაცია ყოველწლიურად იცვლება ხოლმე. წელს რომელია ასეთი?
წელს დავუბრუნდით ნომინაციას, რომელიც ერთი პერიოდი დავიწყებული გვქონდა, ეს არის მედიის ნომინაცია და აქ იგულისხმება როგორც მედიური ერთეულები, ასევე ცალკეული პროექტები, ყველაფერი ის, რაც ასე თუ ისე ხელს უწყობს ინოვაციური პოპკულტურის განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ გარემოს ყოველწლიურად ვაკვირდებით, მივხვდით, რომ რამდენიმე ახალი ერთეული გაჩნდა და გვინდოდა ყურადღება ამაზეც გაგვემახვილებინა. მეორე მომენტი არის ის, რომ თვითონ საკონცერტო პროგრამაში, რომელიც დაჯილდოებას ყოველთვის მოჰყვება, აქცენტი გავაკეთეთ უფრო ჯგუფებზე და ვოკალურ-ინსტრუმენტალურ მუსიკაზე, ამით გვინდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ ჩვენ მხოლოდ ელექტრონულ, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით ტექნომუსიკას მოვიცავთ. თავისთავად მნიშვნელოვანია დაჯილდოების ფორმაც, სულ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა გარემოში ვიყოთ და ახალ სივრცეებსაც შევუწყოთ ხელი. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიება "კოლიბრიში" ჩავატაროთ და ფაქტობრივად ეს იქნება არსებული ძველი კლუბის ახალი ცხოვრება. ჩვენი გუნდიც გამოიცვალა, ახალი ადამიანები გვიერთდებიან, თვითონ მუსიკაც და სცენაც იცვლება და შესაბამისად, ჩვენ, ერთი მხრივ, ბარომეტრი ვართ, მეორე მხრივ კი გარკვეულ რეფლექსიას წარმოვადგენთ იმისა, რაც გარშემო ხდება.
გარკვეული პერიოდის შემდეგ დააარსეთ “ელექტრონავტის” ფონდიც, დაჯილდოების ცერემონიალის გარდა, კიდევ რას მოიცავს ფონდის საქმიანობა?
გვინდა, რომ წლის განმავლობაში გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები საკმაოდ მწირია, წელს შევძელით, მუსიკის მიღება, კომუნიკაცია და გავრცელება უფრო ინტენსიური გაგვეხადა. ამისთვის ძირითადად ფეისბუქს ვიყენებთ. ფაქტობრივად არტისტების 95% ჩვენთან კონტაქტშია, ვიცით ახალი რელიზების შესახებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღარ გვჭირდება წლის ბოლოს დაფიქრება იმაზე, თუ რა მოხდა წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და საინტერესო, უკვე გვაქვს არქივი, რომელიც ამ ინფორმაციას ინახავს. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ მუსიკალური ფესტივალიც ჩავატაროთ და არ გვინდა, რომ ეს მაინცდამაინც თბილისში მოხდეს, ალბათ უფრო რეგიონებში გავალთ.
თქვენს 2005 წელს გადაღებულ ფილმში ის ადამიანები მონაწილეობენ, ვინც მაშინაც და დღესაც ელექტრონული მუსიკის სცენას ქმნიდა და ქმნის. ახლა რომ იღებდეთ ამ ფილმს, მათ გარდა ვინ იქნებოდნენ მთავარ როლში?
ძალიან ბევრი... დაჯილდოების წინ არ მინდა კონკრეტული სახელების დასახელება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სცენა ჟანრობრივად ძალიან გამოიცვალა. იმის მიხედვით ვინ რომელ კლუბში დადის და რას უსმენს, ჟანრებში უკვე არსებობს გარკვეული პრიორიტეტები. თუმცა რაც შეეხება თვითონ ქართველ არტისტებს, ისინი ძალიან ბევრ სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობენ და ეს შეიძლება იყოს როგორც ელექტროჯაზი, ისე ჰიპ-ჰოპ სცენა, რომელიც ნელ-ნელა უკვე თავის ადგილს იმკვიდრებს. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანი იქნებოდა, განსხვავებული მუსიკოსები მიიღებდნენ მონაწილეობას და რასაკვირველია, მყავს რამდენიმე ფავორიტი, რომელსაც თვალს ვადევნებ, ისე რომ, შეიძლება არც კი იციან ამის შესახებ.
გარდა მუსიკალური ფესტივალისა, როგორია "ელექტრონავტების" სამომავლო გეგმები?
ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ვებპლატფორმა უფრო ინტენსიური გავხადოთ, რამდენჯერმე გვქონდა არქივის განთავსების მცდელობა და ეს ერთ-ერთია, რაზეც წლის განმავლობაში აუცილებლად ვიმუშავებთ. გვინდა, რომ მასალა, რომელიც ამ დროის მანძილზე დაგვიგროვდა, გამოვაქვეყნოთ და მასზე წვდომა უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს.
დაწერე კომენტარი