სხვადასხვა საგნითა და თემატიკით შთაგონებული მუდმივი ექსპერიმენტები, ასევე მხატვრის სოფისტიკური ხედვა მათ მნიშვნელობაზე, გარკვეულწილად, თანამედროვე გერმანიის ბობოქარი ისტორიის კვალდაკვალ, გერჰარდ რიხტერის პირადი გამოცდილებით არის გამოწვეული. რიხტერის ბავშვობა მესამე რაიხის აღზევებასა და დაცემას დაემთხვა. იგი 1932 წელს დრეზდენში დაიბადა; ერთი წლით ადრე, სანამ ადოლფ ჰიტლერი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდა. მხატვრის კარიერა აღმოსავლეთ გერმანიაში  ოცი წლის შემდეგ დაიწყო და მალევე აღმოაჩინა ჯექსონ პოლოკი და ლუჩიო ფონტანა. როგორც მოგვიანებით რიხტერი იხსენებდა, ამ არტისტებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინეს: „შეიძლება ითქვას, რომ მათმა ნამუშევრებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, აღმოსავლეთ გერმანია რომ დამეტოვებინა. მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე მთელ ჩემს აზროვნებაში“.



1961 წელს, სანამ ბერლინის კედელი აშენდებოდა, რიხტერმა აღმოსავლეთ გერმანია დატოვა და დიუსელდორფში დასახლდა. იმ დროს დიუსელდორფი ხელოვანთა განვითარების “სცენა” იყო და ბევრ საერთაშორისო არტისტს წარმოადგენდა სხვადასხვა  მიმდინარეობიდან, როგორიცაა პოპი, ფლუქსუსი და სხვა. დიუსელდორფში რიხტერის იმდროინდელი ნახატები იქაური მოვლენებითა და პოპ-კულტურით იყო შთაგონებული, ხშირად გაზეთებიდან ამოჭრილ ფოტოებს იყენებდა მასალად. 1960-იანი წლებში შექმნილ  ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებს  სამხედრო ვერტმფრენები, ახლობლების პორტრეტები, არამიწიერი ფოტოები. აღმოსავლეთ გერმანიიდან წამოსვლისას მან ხელს გამოაყოლა საოჯახო ფოტოალბომი.  რიხტერის გამოსახულების “დაბლარვის” ტექნიკამ, მისი პირადი და სოციალური ისტორიის იმდენად რეალისტური მომენტები შექმნა, რომ სერიოზული დისკუსია გამოიწვია, რამდენად შეუძლია ნახატს ისეთივე რეალისტური იყოს, როგორც ფოტოს. 1962 წელს რიხტერმა „მაგიდა“ დახატა, რომელსაც თავის პირველ სრულყოფილ ნახატად და არტისტულ განაცხადად მიიჩნევდა. ამით მან წარსულს თითქოს წერტილი დაუსვა და მომავლისკენ განაგრძო სვლა, მთელი თავისი არტისტული ხედვა და მხატვრული გამოცდილება უკან მოიტოვა.  მეტიც, მან თითქმის სრულად გაანადგურა მანამდე შექმნილი ნამუშევრები.  






მიუხედავად იმისა, რომ რიხტერის ნამუშევრები ძალიან მრავალფეროვანია, მის შემოქმედებას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ ორ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტექნიკას: პირველი  გამოსახულების გაბუნდოვანებაა, რომელზეც მხატვარი ამბობდა: “სურათებს იმიტომ ვაბუნდოვანებ, რომ მინდა ყველაფერი თანაბარი გავხადო, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და თანაბრად უმნიშვნელო“; მეორე, მისი სიყვარულია ნაცრისფერი ფერისადმი. ნახატზე გამოსახულების სპეციალურად გადღაბნით, რიხტერი მას ფოტოსურათისგან მიჯნავს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ხელით არის გაკეთებული, რომელიც ავლენს და აქრობს კიდეც შინაარსს.  



„მაგიდა“ ყველაზე მეტად ექსპერიმენტული და “განდგომილი” იყო მისი ძველი ნახატებისგან, რადგან უფრო მეტად უკავშირდებოდა ფოტოგრაფიას. მისი საფუძველი - თანამედროვე მაგიდის ფოტო ჟურნალში იყო დაბეჭდილი. რიხტერს მიზნად არ ჰქონია ნახატის ფოტოგრაფიასთან პირდაპირი კავშირი, არამედ უნდოდა ნებისმიერი სახის გამოსახულების  გადმოცემაში ფოტოგრაფიის მნიშვნელობისთვის ხაზი გაესვა.



ამავე პერიოდს მოჰყვა რიხტერის მიერ შექმნილი სხვა სერიებიც, როგორიც არის „Farbtafeln“ (“ფერთა დიაგრამა”,  1966-2008) და „Graue Bilder“ (“ნაცრისფერი ნახატები”, 1966-2014). მიუხედავად იმისა, რომ ფერების დიაგრამაზე ფიგურა არ არის გამოსახული, ნახატი მარტივადაა დაყვანილი მხოლოდ ერთ ყველაზე უბრალო და ცოცხალ კომპონენტამდე: ფერამდე. მხატვრის ფერების დიაგრამის პირველი სერია 1966 წლიდან შეიქმნა. თითოეული ფერი რიხტერის საკულტო ფერების დიაგრამაში არც რაიმე გათვლით და არც რაიმე ჩანაფიქრით არ მოხვედრილა. ფერთა დიაგრამაზე მუშაობისას მხატვარს მისი მეგობარი ეხმარებოდა, რომელიც შემთხვევითი პრინციპის საფუძველზე ასახელებდა  ფერს, რომელსაც რიხტერი ნამუშევარში იყენებდა. შექმნის პროცესში მთავარ როლს შემთხვევითობა თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ფერთა დიაგრამის ზედაპირი კარგად მოფიქრებული და სისტემატური ჩანს. როგორც თავად მხატვარი აღიარებდა, ეს ხელოვნური ბუნებრიობა მას ყველაზე მეტად მოსწონდა.

რიხტერი ამბობდა: „მე არ ვემორჩილები არც საგნებს, არც სისტემას, არც ტენდენციას. არ მაქვს გეგმა, არც სტილი, არც მიმართულება. არ მაქვს დრო  ფიქრისთვის, თემაზე მუშაობისთვის ან ვარიაციებისთვის, რომელსაც ოსტატობამდე მიჰყავხარ. არ ვიცი, რა მინდა. არათანმიმდევრული ვარ, უმოქმედო, პასიური; მე მომწონს განუსაზღვრელი, უსაზღვრო; მომწონს განუწყვეტელი გაურკვევლობა“.



გერჰარდ რიხტერის ნახატები აღქმის მოდელებად მოიაზრება. როცა რიხტერისა და ფოტოგრაფიის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ერთი თავისებურება, რომელიც რიხტერისთვისაა დამახასიათებელი: მაგალითად, არტისტი თავის ნამუშევრებს „აბსტრაქტულ ნახატებს“ უწოდებს, რომელიც გერმანულად ასე გამოითქმის: „abstrakte bilder“. "Bilder" ნიშნავს როგორც სურათს, ასევე ნახატს. მხატვრის ურთიერთობაც სურათებთან არის ის, რასაც რიხტერი მთელი თავისი კარიერის მანძილზე იძიებს. სურათი და ნახატი რეალურად საკმაოდ განსხვავდება  ერთმანეთისგან, თუმცა ერთ გამოსახულებაში შეიძლება ორივე იყოს. ფოტოგრაფიაზე დაფუძნებულ თავის ნამუშევრებში რიხტერი მხატვრობასა და ფოტოგრაფიას ურევს, რათა გარკვეული სახის რეპრეზენტაციული  პრობლემა შექმნას: როგორ და როდის ხვდება თვალი და ამჩნევს განსხვავებას დახატულ ზედაპირსა და გადაღებულ ფოტოს შორის? ზღვის სურათების სერია ამის თვალსაჩინო მაგალითია. მასზე არტისტი 1960-იანი წლების ბოლოდან 1998 წლამდე მუშაობდა. ზღვის სურათი გადღაბნილია და უცაბედად გადაღებულ კადრს ჰგავს. ვიზუალი გაურკვეველია, რადგან რიხტერი ფაქტობრივად ფოტოსურათსა და ნახატს შორის განსხვავებას ნიღბავს. ამ ნახატით  რიხტერი გვაიძულებს, რეპრეზენტაციის პრობლემის წინაშე დავდგეთ: ერთმანეთში ურევს დახატულ ზედაპირსა და ფოტოკადრს. ამისთვის იგი ძალიან თხელ საღებავს იყენებს, რითაც ფოტოსავით გლუვ ზედაპირს იღებს და გამოსახულებას ფოკუსს უკარგავს, რათა უფრო შეუმჩნეველი გახადოს განსხვავება კადრსა და ნახატს შორის.


განსაკუთრებულად მშვენიერი და სენსიტიური ნახატი - „აისბერგი“ 1981 წელს, მხატვარმა ცოლთან დაშორების შემდეგ მალევე შექმნა. გაყინული ოკეანის პეიზაჟი სრულყოფილად დაბალანსებულია ყინულის, არქტიკის ფერებით და იმ პერიოდში რიხტერის სულიერი მდგომარეობის მეტაფორად მოიაზრება; შეიძლება ითქვას, მხატვრის პორტრეტის ალუზიაა. ნახატის კომპოზიცია იმ ფოტოებიდან არის აღებული, რომელიც მხატვარმა ათი წლით ადრე, 1972 წელს, გრენლანდიაში ექსპედიციის დროს გადაიღო, როდესაც მის ქორწინებას უკვე ბზარი ჰქონდა გაჩენილი. მისი ბიოგრაფის თქმით: „რიხტერის ხედვა მის ნახატებზეც აისახებოდა… მათზე მისი შინაგანი მდგომარეობა ჩანდა... ფოტოები, რომლებიც გრენლანდიაში გადაიღო, მისივე დამარცხებული იმედების ვიზუალური ანალოგებია. იგი დაღლილი იყო ბრძოლით   - საკუთარი გზა ეპოვა, როგორც ქმარს და მამას, და გრძნობდა, რომ ოჯახურ ბედნიერებაზე მის ოცნებას შედეგად ნგრევა მოჰყვებოდა“.




1980-იანი წლების დასაწყისში რიხტერმა ფერადი აბსტრაქციების ხატვა დაიწყო.
“როდესაც აბსტრაქტულ სურათს ვხატავ, ხატვის პროცესში წინასწარ არ ვიცი ვიზუალურად როგორი იქნება, ან რა მაქვს მიზნად და როგორ უნდა მივაღწიო მიზანს. შესაბამისად, ნახატიც თითქმის ბრმაა, სასოწარკვეთილი ძალისხმევაა, მიტოვებული ადამიანივით უიმედო, სრულიად გაუგებარ გარემოებებში. როდესაც პროცესს გადმოვცემთ, რაღაცას ვქმნით ან ფოტოს ვიღებთ, ჩვენ ვქმნით მოდელებს. მათ გარეშე რეალობაზე არაფერი გვეცოდინებოდა და ცხოველები ვიქნებოდით. აბსტრაქტული სურათები ფიქტიური მოდელებია, რადგან ისინი ვიზუალურ რეალობას ქმნიან, რომელსაც ჩვენ ვერც ვხედავთ და ვერც გადმოვცემთ, მაგრამ, რომლის არსებობასაც ვვარაუდობთ”.



2011 წლიდან რიხტერი ახალი ტექნოლოგიებისადმი იჩენს ინტერესს. „ხაზის“ მათემატიკური დაყოფაც „ფერების დიაგრამის“ შექმნის პრინციპს ჰგავს. მათემატიკური ფორმულის მიხედვით იგი  ძირითადი ფერებითა და ნაცრისფრით იწყებდა და მათ ერთმანეთში ურევდა, საბოლოოდ, 1024 ფერი პატარა ოთხკუთხედებში ნაწილდებოდა და ფერების კალეიდოსკოპი ერთიან კომპოზიციად იქმნებოდა. სერია „ხაზი“ ფაქტობრივად კომპიუტერული პროგრამით მოდელირებული ფერთა კომბინაციებია. პროგრამის გამოყენებით, ფერის ერთი ხაზი იყოფა ორად, შემდეგ ოთხად, შემდეგ რვად და ა.შ. ხაზები თანდათან წვრილდება, სანამ ჯამში 8190 ცალს არ მიაღწევს. რიხტერი ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს და მის გავლენას სწავლობდა ფერწერულ პრაქტიკაზე, ხოლო ამ ახალი სერიით იგი იკვლევდა, თუ რამდენად რეზისტენტულია ნახატი ციფრული მედიის მიმართ. აღსანიშნავია, რომ რიხტერი „ხაზის“ სერიას ნახატებს უწოდებს, რადგან ხაზს უსვამს და აფართოებს იდეას, თუ როგორი შეიძლება იყოს ნახატი ციფრულ ერაში.