AirMax925- მაქსიმე მაჩაიძის პერსონალური გამოფენა
გალერეა Window Project წარმოადგენს მაქსიმე მაჩაიძის პერსონალურ გამოფენას - სახელწოდებით AirMax925. გამოფენა ხელოვანის რამდენიმეწლიანი კვლევის პროცესსა და შედეგებს აერთიანებს და დამთვალიერებელს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ნაპოვნი და შეგროვებული ნივთებით შექმნილი ობიექტების, “სათამაშოების”, სამკაულებისა და სამოსის სახით უჩვენებს. გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი ლომბარდის თემასა და სავაჭრო მანქანებს ეძღვნება, რომლებიც მომხმარებელს სპეციალური პროგრამის საშუალებით ნივთებისა და ზოგ შემთხვევაში კი მათთვის წინასწარ უცნობი საგნების ყიდვის საშუალებას მისცემს. გალერეა ინტერაქტიული ნამუშევრებით დამთვალიერებელსა და მომხმარებელს შექმნის პროცესში ჩართვასა და ამასთან, მათი კვლევის ნაწილად ქცევას შესთავაზებს.
Project Artbeat - YXXY
პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე გალერეა Project ArtBeat YXXY-ის ნამუშევრების სოლო გამოფენას წარმოგვიდგენს. როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ეს მისი პირველი გამოფენაა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში იგი სხვადასხვა მედიუმში მუშაობდა და ქმნიდა როგორც მუსიკას, ისე პერფორმანსებს, თუმცა მისი შემოქმედება არ არის ინტეგრირებული სოციალურ ქსელებში და მთლიანად მოწყვეტილია ურბანულ გარემოს. "YXXY არის ალქიმიკოსი, ტრანსფორმაციების მიმართულებით. ის გარდაქმნის არა იმას, რაც ადამიანისთვის ძვირფასი და ღირებულია, როგორიცაა ოქრო ან ვერცხლი, არამედ ის ნაგავს, გაუქმებულ ან მოძველებულ მასალებს გარდაქმნის ერთგვარ სულიერი და ესთეტიკური განკურნების საშუალებად". - ვკითხულობთ გამოფენის შესახებ, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს ხელოვანის სხვადასხვა სერიის ნამუშევრები ერთ სივრცეში იხილოს.
პ. ინგოროყვას 14 ნომერში მდებარე Project Artbeat-ში გამოფენა 15 მარტამდე გაგრძელდება.
Mutant Radio - დუღილი
4 მარტს Mutant Radio ღონისძიებების სერიას Mutant Gathering-ს წარმოგვიდგენს, რომლის ფარგლებშიც ლეიბლ დუღილის კასეტის გამოსვლასთან დაკავშირებული წვეულება გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ონლაინ სთრიმს ცოცხალი შესრულებით ისეთ ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან Mike Mitchell, Max Gerl და ბექა გოჩიაშვილი.
Beka Gochiashvili Presents
6 მარტს რესპუბლიკის ივენთ ჰოლში ჯაზის მოყვარულებისათვის დაუვიწყარი საღამო გაიმართება. ბექა გოჩიაშვილი თანამედროვე ჯაზის ისეთ ვირტუოზებს წარმოგვიდგენს, როგორებიც არიან: მაიკ მიტჩელი (დრამი), ქეისი ბენჯამინი (საქსოფონი, ვოკოდერი), მაქს გერლი (ბას გიტარა), ფრენკ მოკა (პერკუსია, დასარტყამი ინსტრუმენტები). საღამოს გააგრძელებს DJ მიშო ურუშაძე
ღონისძიებაზე თიბისის სტატუსის კლიენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი cash back.
ელექტრონავტები XI
8 მარტს კლუბ “კოლიბრში” ინოვაციური პოპკულტურისა და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების - "ელექტრონავტების" XI ცერემონია გაიმართება. დაჯილდოება, რომელიც 2007 წელს სერგი გვარჯალაძემ დააფუძნა, ისევე როგორც აქამდე, წელსაც რამდენიმე სხვადასხვა ნომინაციაში წლის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს გამოავლენს.
ერეკლე დეისაძე და “უარყოფითი რიცხვები"
8 მარტს, 20:00 საათზე, “Amirani Art Collection” წარმოგიდგენთ პროექტს - "ერეკლე დეისაძე ბენდთან ერთად", ყველაზე ცნობილი სიმღერებით, განახლებული არანჟირებით და უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვების” სპეციალური ჩვენებით კინოთეატრ “ამირანში”.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გარდა ამ სპეციალური ჩვენებისა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შემდეგ უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვების” ხილვას მაყურებელი უკვე 5 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში შეძლებს.
ცრუ განგაში ცხრა მთას იქით - სამეფო უბნის თეატრი
7 მარტს მაყურებელი იხილავს რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს - "ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით”. "ბრიტანული დრამატურგიის ორი აღიარებული ავტორის, მარტინ კრიმპისა (“ცრუ განგაში”) და კერილ ჩერჩილის (“ცხრა მთას იქით”) პიესები რეჟისორ დათა თავაძის ორ სპექტაკლში თანამედროვე სამყაროს ქაოსურ და საფრთხეებით სავსე სურათს ხატავს. კრიმპისეულ მოწესრიგებულ, რუტინულ რეალობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე საშიშროება იმალება; პერსონაჟთა ცხოვრებას მთხრობელები გამუდმებით „ასწორებენ“, სასურველი მიმართულებით ცვლიან, მაგრამ ირაციონალური სისასტიკე მასში მაინც იჭრება. ჩერჩილის დისტოპიურ–კოშმარული ფანტაზია მისტიკურ ომში ჩათრეულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები, საგნები, ბუნებრივი მოვლენები ერთმანეთს ებრძვიან და არავინ იცის წინასწარ, ვინ ვის წინააღმდეგაა ამ ბრძოლაში".
დაწერე კომენტარი