ხელოვნების თავისუფლებითა და სიმართლის იდეით შეპყრობილმა ჯონ კასავეტესმა, როგორც ამბობენ, ამერიკულ დამოუკიდებელ კინოს ჩაუყარა საფუძველი, რითაც იმ სტანდარტებზე თქვა უარი, რომლებსაც ამერიკული კინოკომპანიები აწესებდნენ. ამ ლიმიტების არარსებობა იმაშიც გამოიხატება, რომ მისი ფილმების პერსონაჟები ხშირად მენტალური აშლილობების ზღვარზე არიან; ვხვდებით ალკოჰოლიკებს, დეპრესიაში ჩავარდნილ დიასახლისებს, გაუცხოებულ და-ძმას... კასავეტესი არ ცდილობს, მათი შეცდომები დაფაროს, ანდაც „ჰეფი ენდით“ დაასრულოს სასოწარკვეთილ პერსონაჟთა ისტორიები. იგი არ ერიდება ადამიანური სევდის ან ტანჯვის ეკრანზე გამოსახვას, მაგრამ, როგორც ცხოვრებას, მის ფილმებსაც ახასიათებს პერიოდული გამონათებები, როცა ბედნიერი პერსონაჟების დანახვა და მათი სიხარულის გაზიარება შეგვიძლია. კასავეტესის ფილმებში ჩანს, რომ რეჟისორი თავის პერსონაჟებს თანაუგრძნობს, რაც მაყურებელსაც იმავესკენ უბიძგებს.
კასავეტესმა კინოკარიერა მსახიობობით დაიწყო, რის გამოც მას ხშირად „მსახიობ-რეჟისორსაც“ უწოდებენ. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლია გაი ვუდჰაუსი რომან პოლანსკის ფილმში - „როზმარის ბავშვი“. ფილმი ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალის, როზმარი ვუდჰაუსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ქმართან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობს. ქალი მალევე აღმოაჩენს, რომ მათი ხანში შესული მეზობლები სატანისტური კულტის მიმდევრები არიან და ცდილობენ, მისი შვილი რიტუალებისთვის გამოიყენონ. ფილმის წარმატებამ ჯონ კასავეტესსაც გაუთქვა სახელი.
მოგვიანებით, მისი პირველი როლიდან 8 წლის შემდეგ, სადებიუტო ფილმი - „ჩრდილები“ გადაიღო, რითაც მკაფიოდ განსაზღვრა თავისი კინემატოგრაფიული სტილი და კინომოყვარულებსაც მალევე დაამახსოვრა თავი. ფილმი ბიტ-თაობის დროინდელ ამერიკას ასახავს და რასათა შორის ურთიერთობებზე, მათ პრობლემებზე მოგვითხრობს. ეს გახდა მიზეზი, რატომაც, თავდაპირველად, ამერიკული საზოგადოების კრიტიკის გამო, „ჩრდილები“ რეჟისორის სამშობლოს დადებითად არ მიუღია, თუმცა შემდგომში ის ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი გახდა.
1968 წელს გამოვიდა „სახეები“, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ მოიპოვა და „ოსკარის“ ოთხ კატეგორიაში იყო ნომინირებული. ფილმი საშუალო კლასის ოჯახზე, ხანში შესულ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომელთაც ყველაფერი აქვთ, რასაც მოისურვებენ, გარდა სიყვარულისა და მნიშვნელოვნების შეგრძნებისა. ისინი მომხმარებლები არიან - არაფერს აკეთებენ, არ ქმნიან, არ მოძრაობენ - მხოლოდ ყიდულობენ. როცა ცოლ-ქმარი მიხვდება, რომ მათი ქორწინება ფარსია, ერთადერთი გამოსავალი ალკოჰოლი და რომანები გახდება. კასავეტესი ამ ფილმით სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკას შთამბეჭდავად ახერხებს, ამხელს ხაფანგში გაბმულ ადამიანთა რეალურ სახეებს.
კასავეტესი თავის ფილმებს სამსახიობო კარიერიდან შემოსული თანხებით აფინანსებდა და ასე ახერხებდა, გათავისუფლებულიყო კინოკომპანიების მოლოდინებისგან და თავისი სტანდარტებით განესაზღვრა ფილმის სცენარი, ქასთინგი თუ სხვადასხვა ტექნიკური დეტალები. კასავეტესი ამბობს: „მე არაფრის ნაწილი არ ვარ. არასოდეს არსად გავწევრიანებულვარ. მუშაობა ყველგან შემეძლო. ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმები, რაც მინახავს, სტუდიური სისტემით არის გადაღებული. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ინდივიდი ვარ. ინტელექტუალური სისულეები არ მაინტერესებს. მხოლოდ იმ ადამიანებთან მუშაობით ვინტერესდები, რომლებსაც მუშაობა და ისეთი რაღაცების აღმოჩენა მოსწონთ, რაც ჯერ არ იციან“.
ცნობილია, რომ რეჟისორი ტექნიკურ საკითხებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა: ფილმებში ბუნებრივ განათებას, ხოლო გადასაღებ მოედნებად თავისი მეგობრების სახლებს იყენებდა; მის ნამუშევრებში ხშირად მოყვარული მსახიობები თამაშობენ. კასავეტესის ფილმების გადაღებები მეინსტრიმული კინოსგან განსხვავებულად, არაორდინალურად მიმდინარეობდა: მეგობრების ჯგუფი, ხშირად არაპროფესიონალები, ერთმანეთს ეხმარებოდა ამა თუ იმ წვრილმანის მოგვარებაში. მის სხვადასხვა ფილმებში ხშირად თამაშობდნენ ერთი და იგივე მსახიობები: სეიმორ კასელი, ჯონ მარლი, პიტერ ფოლკი... და რა თქმა უნდა, მათგან ყველაზე ცნობილი, კასავეტესის ცოლი - ჯენა როულენდსი. როულენდსი კასავეტესთან მუშაობის შესახებ ამბობს: „...ჯონს უყვარდა მსახიობები, იგი მათ ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევდა. მაგალითად, თუ კონკრეტული მსახიობი გრძნობდა, რომ რაღაც უნდა დაემატებინა და სცენარით გაუთვალისწინებელი რამე ეთქვა - ის ამგვარ იმპროვიზაციას სიამოვნებით იღებდა. ჯონი ძალიან მცირე მითითებებს იძლეოდა“.
ჯონ კასავეტესის შემოქმედებაზე საუბრისას, რთულია, გვერდი აუარო 1984 წლის ფილმს, სახელწოდებით „სიყვარულის ნაკადები“, სადაც მთავარ როლებს კასავეტესი და ჯენა როულენდსი ასრულებენ. ფილმი რეჟისორის ბოლო დამოუკიდებელი ნამუშევარია და და-ძმის, სარასა (ჯენა როულენდსი) და რობერტის (ჯონ კასავეტესი) შესახებ მოგვითხრობს. რობერტი ალკოჰოლიკი და ცუდი მწერალია, ღამეები არ სძინავს, ხოლო მეძავებისთვის საქებარ სიტყვებს არასოდეს იშურებს. სარა მტკივნეული განქორწინების წინაშე აღმოჩნდება, ქალიშვილის მეურვედ მის ქმარს დანიშნავენ, ხოლო ამის შემდეგ იგი რობერტის სანახავად ჩამოვა. და-ძმის ურთიერთობა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტია: ნდობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ აკავშირებთ, მათი საერთო სასოწარკვეთილების ფონზე კიდევ უფრო ძლიერდება. კასავეტესის ამ ნამუშევარში პერსონაჟები სიყვარულს ეძებენ, მაგრამ უიმედო აზრებში უთავბოლოდ იკარგებიან.
კასავეტესის ფილმებში ხშირად მეორდება თემები, რომლებიც რეჟისორს ყველაზე მეტად აღელვებდა და შთააგონებდა. ისინი, ხშირ შემთხვევაში, მისი და ჯენა როულენდსის ურთიერთობის გამოძახილი იყო. ადამიანების კომპლექსური ურთიერთობები, სევდა, მეგობრობა, სიცარიელე და ზღვარზე ყოფნა - სწორედ ასეთი ატმოსფერო და დასამახსოვრებელი, ქარიზმატული პერსონაჟები გამოარჩევს მის ფილმებს; მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს კასავეტესი ქალისა და კაცის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ იჩენს, ხაზს უსვამს მათ შორის არსებულ განსხვავებებს და დაკვირვებული, თუმცა მაინც ნაზი თვალით გვაჩვენებს მათი სიყვარულის რაობას. კასავეტესი თავისი ფილმის, „ქალი გავლენის ქვეშ“ შესახებ, ამბობდა: „...მე და ჯენა ყველაფერში სხვადასხვანაირები ვართ - იმაში, თუ რას ვგრძნობთ, ვფიქრობთ ან ვაკეთებთ. გარდა ამასა, კაცი და ქალი ერთმანეთისგან განსხვავდება. როცა სცენარის წერა დავიწყე, ამ ყველაფერს ვითვალისწინებდი, არ მინდოდა, მარტივი სიყვარულის ისტორია გამოსულიყო“.
კასავეტესი თავის ფილმებში მძაფრი ემოციების ასახვას არ ერიდება, მეტიც, მათ ხაზგასასმელად ხშირად სხვადასხვაგვარ, სიტუაციასთან შესაბამის განათებასაც იყენებს, რის გამოც მის კინოკადრებს ხშირად ედვარდ ჰოპერის ნახატებს ადარებენ. პერსონაჟების მარტოსულობისა და მათი ისტორიების გამო, შესაძლოა, იგი ხანდახან პესიმისტ რეჟისორადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ კასავეტესის ფილმებში ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც იმედს გვიჩენს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს სიყვარულისთვის ბრძოლა და მისი განცდის სურვილია, რაც, ალბათ, ყველაზე უკეთ ჩანს მის 1984 წლის ფილმში „სიყვარულის ნაკადები“. როგორც კასავეტესი ამბობდა, „სიყვარული წყალივით, საკვებივითა და ჰაერივით გვჭირდება, ჩვენ კი არ ვიცით, თუ როგორ მივიღოთ ის. სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემაც“.
დაწერე კომენტარი