რამდენიმე დღის წინ, 1-ლ თებერვალს, მსმენელის წინაშე სანდრო ფოფხაძის, იგივე Dro-სა და ალექსანდრე კორძაიას - Kordz-ის ახალი ალბომი - Shish Kebab Requiem წარდგა.  ექვსი კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი, როგორც მუსიკოსები ამბობენ, მათ მიერვე შექმნილ სამყაროში 20-წუთიან მოგზაურობას წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ ალბომის პირველი კომპოზიციის, Didi Gogoebi-ის მუსიკალური კლიპიც გამოქვეყნდა, რომელზეც Dro-სთან და Kordz-თან ერთად მის ვიზუალურ მხარეზე ნიკა ჭავჭავაძემ და დიზაინერმა თამუნა ქარუმიძემაც იმუშავეს. 


სანდრო, პირველ რიგში, მოგვიყევი შენი და Kordz-ის ახალი ალბომის შესახებ, როგორ გაჩნდა მისი იდეა და საბოლოო ჯამში რა გამოგივიდათ?

 ამ ალბომზე დაახლოებით ორი წელი ვმუშაობდით, საბოლოო ჯამში ჩვენ შექმნილ სამყაროში 20-წუთიანი მოგზაურობა გამოგვივიდა, მთლიანი ალბომი თავისი ცალ-ცალკე ტრეკით არის ის, თუ როგორ ვხედავთ მუსიკას ჩვენ; შეიძლება ამიტომაც არის ცოტა განსხვავებული სხვა მუსიკისგან. ხანდახან ამ ყველაფრისთვის ობიექტურად შეხედვა ძალიან მიჭირს, მინდა, რომ თავიდან ბოლომდე ისე მოვუსმინო, თითქოს ჩემი არ არის, მაგრამ არაფრით არ გამომდის, იმიტომ რომ სულ მახსენდება თითოეული ტრეკის შექმნის პროცესი, როგორ ჩავწერეთ და ა.შ. სულ ასეთი მოგონებები მაქვს. არადა, ხანდახან ძალიან მინდა, რომ პირიქით, გარედან შევხედო, ასე: "ვა. რა საინტერესოა".


ალბომს Shish Kebab Requiem დაარქვით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს სახელი?

მე და ალექსანდრე რაიმეს შესაფასებლად სულ ვამბობთ ხოლმე ჩვენს მოგონილ სიტყვებს, ადრე იყო - Splash. მაგალითად, რა მაგარია კი არა, Splash რა მაგარია...  ამ ბოლო წლებში გაჩნდა Shish, რომელიც Kebab-თან დავაკავშირეთ და რომ დავუფიქრდით, Shish Kebab კიდევ ცალკე ფენომენი გამოვიდა. საბოლოოდ, სახელიც და ტრეკებიც ისეთია, ერთმანეთთან რომ ვსაუბრობთ ხოლმე.

ალბომში  სხვადასხვა მუსიკოსების შემოქმედება გაქვთ გამოყენებული, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს თქვენს მუსიკაში?

ეგეც იმას ასახავს, თუ რას ვუსმენთ, გარდა იმისა, რასაც ჩვენ თვითონ ვქმნით. რას ვუსმენთ მასშინ როცა ჰიპ-ჰოპს არ ვუსმენთ და პლუს, როგორი იქნებოდა, ეს ყველაფერი ჰიპ-ჰოპში რომ გადმოსულიყო. ჰიპ-ჰოპ კულტურა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ისე გამოიყენო და ისე დაატრიალო სხვადასხვა ჟანრის სინგლები, როგორც შენ გაგიხარდება. ვერ ვიტყვი, ცოტა ზღვარს ვცდებით მეთქი, იმიტომ რომ ვიყენებთ იმას, რაც მოგვწონს და საბოლოო ჯამში ჰიპ-ჰოპი გამოდის.


მოგვიყევით ალბომში შესული Didi Gogoebi-ის ვიდეოკლიპის შექმნის პროცესის შესახებაც. თქვენი ვიზუალური ესთეტიკა, ენა და ირონია წინა კლიპებიდან  ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე იმუშავა?

ამ კონკრეტულ ვიდეოს და მის ვიზუალს რაც შეეხება, ორი ადამიანია: თამუნა ქარუმიძე და ნიკა ჭავჭავაძე, რომლებსაც ბოლომდე ვენდობი, ვინც ვიცი, რომ იმავე სამყაროში ცხოვრობენ, სადაც მე. Coca-cola-ს ვიდეოდან დაწყებული და მანამდეც, თამუნას ფილმში, ვიზუალური რეფერენსი ყოველთვის მსგავსი იყო, რაც ძალიან მომწონდა. როცა ვიფიქრე, რომ კლიპი უნდა გაგვეკეთებინა, თამუნა და ნიკა იყვნენ პირველები, ვისაც შევეხმიანე, ვიცოდი, რომ არასწორად არ წავიდოდი და რაც უნდა ყოფილიყო, კარგი გამოვიდოდა. შესაბამისად, გამოვიდა ჩემი, ალექსანდრეს, თამუნას და ნიკას ხედვა - როგორიც გვგონია, რომ კლიპები უნდა იყოს, და არამარტო კლიპები, შეიძლება, ზოგადად, სამყაროც... რაც შეეხება ირონიას, მგონია, რომ არც ირონიული არ არის და ალბათ ბოლომდე არც სერიოზული; ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს არასერიოზულად და ხუმრობად არ აღვიქვამთ, თუმცა მგონია, რომ მასში ხუმრობა უნდა იყოს, სხვანაირად საინტერესო აღარ გამოდის. 

ნიკა ჭავჭავაძე: როგორც მუსიკაზე თქვა სანდრომ, ვიდეოშიც ზუსტად ასე იყო,  ვაკეთებდით იმას, რაც იმ მომენტში  აზრად მოგვდიოდა, ალბათ მაგიტომაც გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა და ჩემთვის პროცესის მთელი მუღამიც რეალურად ზუსტად ესაა.

Dro: ეს ვიდეო ჩვენი ყველას ოცნებების ახდენა იყო. მახსოვს, ნიკუშას პირველი ინიციატივა - ყველა ბექგრაუნდი და, ზოგადად, მთელი კლიპი Blender-ში აგვეწყო, ალექსანდრეს ოცნება იყო, რომ ქორეოგრაფია დაედგა, ჩემი ოცნება იყო - შამპანურის გახსნის ეპიზოდში Aphex Twin-ის რეფერენსი გამოგვეყენებინა.

თამუნა: მე არ მქონია ოცნება, თავიდან ვფიქრობდი, ვაიმე, ნეტა ვიცოდე, რას აკეთებენ და საბოლოო ჯამში რა იქნება მეთქი. ეგ არ არის ჩემი სამყარო, ნიკუშა და სანდრო რაღაც სისულელეებს რომ იგონებენ, მე არ მეცინება და სერიოზული სახით ვუყურებ ხოლმე, ამიტომ ამ შემთხვევაშიც თავიდან მოლოდინის Mode-ში ვიყავი.  ჩემი როლი იყო ის, რომ ყველაფერი, რაც სანდრომ მოიფიქრა და მომიყვა, ვიზუალურად წარმომედგინა და მისი წარმოდგენილი ადამიანები ნამდვილ პერსონაჟებად გადამექცია. ჩემი პირველი გამოწვევა ზუსტად ის იყო, რომ მომეფიქრებინა, როგორ გამოიყურებოდა თითოეული გმირი. “სთაილინგი” მთლიანად “თამრას” ტანსაცმლით გავაკეთეთ, ამის შემდეგ კი უკვე ნიკუშასთან ერთად დავიწყეთ ფიქრი, სად უნდა მდგარიყვნენ, სად უნდა ეცეკვათ, რა გარემო იქნებოდა, სად ხდება მოქმედება, რომ შემდეგ მსახიობებისთვისაც აგვეხსნა, რა მოძრაობა უნდა გაეკეთებინათ, რისთვის შეეხედათ და ა.შ. ის, რასაც ახლა ვიდეოში ხედავთ, ბუნებრივია, რეალურად არ არსებობდა, ამ ყველაფრის აწყობა ერთმანეთის პარალელურად სამონტაჟოში და ჭავჭიკას Blender-ში ხდებოდა. მგონი, ზუსტად ეგ არის ოცნებების ასრულება, როცა ეგეთ ვიდეოს ქმნი, საშუალება გაქვს, რომ მთლიანად ჩართო შენი ფანტაზია, ამიტომ მთელი შინაარსი ნიკას და სანდროს ფანტაზიაზე იყო, სადაც მოუნდებოდათ, იქ იდგებოდნენ პერსონაჟები და რაც მოუნდებოდათ, იმას გააკეთებდნენ.  მგონი, ზუსტად ამას გულისხმობდა ნიკუშა, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, რაც იმ მომენტში მოგვაფიქრდებოდა, ის ჩნდებოდა ეკრანზეც. ეს გოგოები ხომ რეალურად ამათ თავებში არიან- ვიღაცას ასეთი გოგოები მოსწონს, რომლებიც ტანკზე დგანან, ვიღაცას მოსწონს გოგოები, რომლებიც სარკეში იპრანჭებიან და საბოლოო შინაარსი ის არის, რომ ყველანი ძალიან მაგრები არიან, დიდშიც სწორედ ეგ იგულისხმება.


პერსონაჟები რა პრინციპით და მახასიათებლებით შეარჩიეთ?

თამუნა: ოთარ იოსელიანი მუშაობს მსგავსი მეთოდით, წარმოიდგენს პერსონაჟს და მერე ეძებს ვიღაცას, ვინც მის წარმოდგენილ პერსონაჟს დაემთხვევა; ვინც დაემთხვევა, შემდეგ ის აჰყავს როლზე, ამიტომაც მის ფილმებში სულ არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე იყო, სანდრომ მოიფიქრა, როგორი გოგოები უნდა ყოფილიყვნენ და მერე მივაგენით მათ, ვინც მის წარმოდგენილ გოგოებს დაემთხვა. მაგალითად, მემეს პერსონაჟი სანდრომ პირდაპირ დაინახა, ასევე მათე, რომელიც ძალიან  ხშირად არის ხოლმე "თამრას" პროექტში და რომელიც რასაც ეტყვი, უცებ იმად გადაიქცევა, იმდენად ტრანსფორმირებადი ტიპაჟია და ამ კლიპშიც გენიალურია. ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა ყველა პერსონაჟი - ზოგიერთი პირდაპირ დავინახეთ, ზოგიერთი ვიცოდით, რომ ზუსტად შეასრულებდა იმას, რაც ჩვენ გვინდოდა, ზოგიერთისგან კი იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე მოველოდით, მაგალითად, გვანცასგან, რომელიც ბოლო სცენაში ცეკვა რომ დაიწყო, უცებ ისეთი სექსი გახდა, რომ არც ველოდით.


სამომავლოდ ალბომში შესული დანარჩენი კომპოზიციებისთვისაც ხომ არ გეგმავთ კლიპების გადაღებას?

ოცნებაში არის  ეს იდეა, მაგრამ ჯერ არ ვიცით. ალბათ ცოტას რომ დავისვენებთ, მერე. თუმცა ესეც შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს, უცებ მოგვინდეს და გადავიღოთ - ჩვენს შემთხვევაში ასეთი რაღაცები ყოველთვის ძალიან სპონტანურად ხდება ხოლმე.