Materiel-ის და Jam Project სააგენტოს თანამშრომლობით შექმნილი Materiel-ის 2021 წლის Pre-Fall კოლექცია წარმოადგენს ღია პროექტს, რომლის მთავარი კონცეფცია გულისხმობს რეალური პიროვნების ხასიათის, გარეგნობისა და ინდივიდუალობის ამოცნობას.





კოლექცია, რომელიც ძირითადად მდგრადი და გადამუშავებული ქსოვილისგანაა დამზადებული, განსხვავებული ასაკის, ბექგრაუნდისა და ცხოვრების სტილის მქონე ინდივიდუალურ, ძლიერ და დამოუკიდებელ ქალებს აერთიანებს, მათ მიერ შექმნილი სახასიათო პერსონაჟების დავიწყება კი შეუძლებელი ხდება.





თიკო პაქსაშვილი ცდილობს, თავისი კოლექციებით ძლიერი ქალების თვისებები გამოკვეთოს.  

,,შთამბეჭდავი, ძლიერი, შეუპოვარი, შთამაგონებელი, დახვეწილი – ეს ყველაფერი ქალისთვის დამახასიათებელი ის თვისებებია, რომელთა გადმოცემასაც ჩემს კოლექციებში ვცდილობ. Materiel-ის ქალის ისტორია გრძელდება, რადგან თანდათანობით ვითარდება მისი იდენტობა და ხასიათი. ჩემი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნა კოლექციები, რომლებიც სხვადასხვა სახასიათო ნიშნის მქონე ქალებს აერთიანებს და მათ ამბავს მოგვითხრობს“, - აღნიშნულია დიზაინერის წერილში.





კოლექციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ინდივიდუალობას. ინდივიდუალობა კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ტიპის ქალები ამა თუ იმ ზეგავლენას არ განიცდიან, თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ ზეგავლენამ მათ საკუთარი პიროვნულობა არ დააკარგვინოს.





,,Materiel-ის ქალი ინდივიდუალურობის ფართო სპექტრით გამოირჩევა. ეს ინტელექტუალური არსება შეუდრეკელია, არ აქვს საზღვრები, და გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი ინსტინქტებისა და ღირებულებების საფუძველზე იღებს. მისი ძლიერი ხასიათი გავლენებისაგან არაა დაცული. ეს კი, ჩემთვის სავსებით ბუნებრივია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინდივიდუალობის შენარჩუნება და საკუთარი შეხედულებებისა და წარმოდგენების ქონა სამყაროსა და იმ ყველაფერზე, რაც მასში ხდება“.





მასკულინურ ხასიათთან ერთად PRE-FALL-ის 2021 წლის  კოლექციაში ასევე წარმოდგენილია ქალის ფემინური ბუნებაც, როგორც თანაგრძნობისა და სიფაქიზის სიმბოლო.  აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროპორცია და ბალანსი. მხიარული, მოკლე შარვალი, რომელმაც შესაძლოა სკოლის უნიფორმის ნოსტალგია შეგვიქმნას, მამაკაცის ჟილეტითა და კლასიკური პერანგითაა დაბალანსებული. რთული სტრუქტურის მქონე ნაჭრები კი კოლექციაში ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა.