პირველი ალბომის – Halfies-ის გამოცემიდან სულ ცოტა ხანში მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ  მე-2 ალბომი – Move 20-21 გაავრცელა. CES Records-ზე 5 თებერვალს გამოშვებული ალბომი, რომელიც 10 კომპოზიციას აერთიანებს, 2020 წელს, ძირითადად, პანდემიის ვითარებაში შეიქმნა. ალბომში  ასევე  5 თებერვალს გამოშვებული ანუშკას ბოლო ტრეკიც – Love=Survive შევიდა. აღნიშნული ვიდეოკლიპი ანა სარუხანოვას რეჟისორობითა და მარიშა მინაზარაშვილის პროდიუსერობით არის შექმნილი.


როგორც ანუშკა ახასიათებს, Move 20-21 – ეს არის დროსა და სივრცეში გონების მოგზაურობა ყოველგვარი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე:

,,აწმყო“ განსაზღვრავს წარსულსა და მომავალს. ,,აწმყო“ ერთგვარი განზომილებაა, როდესაც ადამიანი დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეში გადადის. ზოგჯერ ჩვენ ვცდილობთ, რომ დავთრგუნოთ ,,აწმყო“, რათა უფრო სწრაფად გადავიდეთ მომავალში. ფაქტია, რომ მაშინ როდესაც ადამიანი ერთ ადგილასაა გამოკეტილი და გარესამყაროსთან კავშირი არ აქვს, მას შეუძლია, გონებით იმოგზაუროს და ამასთან, გონებრივად განვითარდეს კიდეც“.


Creative Education Studio-ს კურსდამთავრებულმა და ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორმა ანუშკა ჩხეიძემ მოღვაწეობა 2016 წლიდან დაიწყო. 23 წლის არტისტს სადებიუტო ალბომმა, სახელწოდებით – Halfie, რომელიც მან 2020 წელს გაავრცელა, ,,წინანდლის პრემიის“ ლაურეატობა და საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინანტობა მოუტანა. ახალგაზრდა მუსიკოსის მიერ შექმნილ კომპოზიციებს მიეკუთვნება: “Lingotto”, “Heavy”, “Notes”, “Good flight, Emanuel!” და სხვა.