8 წლის შემდეგ ტომას ვინტერბერგის და მადს მიკელსენის კოლაბორაცია კვლავ შედგა. პირველი პროექტი, ფილმი The Hunt, ორივე ხელოვანისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამჯერად ტომას ვინტერბერგისთვის ყველაზე საინტერესო ბარის მოყვარული ადამიანების ფილოსოფიის კვლევა აღმოჩნდა. მათი ყოველდღიურობა და ცხოვრება ალკოჰოლთან ერთად.
ფილმის მთავარი სიუჟეტი სკოლაში ვითარდება. ოთხი მასწავლებელი გადაწყვეტს, საკუთარ თავზე გამოცადონ ფინა ცკერდერუდის ექსპერიმენტი. თეორიის თანახმად, დაბადებიდან ადამიანის სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობაა. სკოლის მასწავლებლები გადაწყვეტენ, ყოველდღე, მეტი პროდუქტულობისთვის, 0,5 პრომილე ალკოჰოლი მიიღონ. მათი აზრით, ეს რაოდენობა უცხო თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველი იქნება.
ფილმის პირველ ნაწილში მაყურებლისთვის ალკოჰოლი თითქმის შეუმჩნეველია. ისევე როგორც ჩვენს ყოველდღიურობაში, ის ყველგანაა და ამავდროულად, არსად. კადრში ღვინის, ვისკის და სხვა სასმელების ბოთლები ნელ-ნელა და ლოგიკურად შემოდის. მაყურებლისთვის ეს პროცესი ძალიან ბუნებრივი და თანმიმდევრულია. ფილმის მეორე ნახევარი მთლიანად ერთი მთავარი თემის ირგვლივ იკვრება - საშუალო ასაკის კრიზისი. პერიოდი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში გარდაუვალია და რომლის მოახლოებასთან ერთად შიში და დაბნეულობა იზრდება.
ფილმში მოქმედება სკოლაში ვითარდება, რაც, ერთი მხრივ, ძალიან ცოცხალ გარემოს, მაგრამ, ამავდროულად, ყველაფერს ძალიან სევდიანს და უიმედოს ხდის. თითქოს არ არსებობს არც პრობლემა და არც გამოსავალი. ეს ამბები უბრალოდ ხდება და თითოეული პერსონაჟი უძლურია. მათი პატარ-პატარ ,,წარმატებები“ კი დროებითი. ტომას ვინტერბერგმა ბოლო წლებში საკმაოდ წარმატებულად დაიწყო საკუთარი კინოენის ძიება. მთელი ფილმის განმავლობაში კამერა თავისუფალია კლასიკური და უკვე ნაცნობი კადრებისგან. სტურლა გრევლენმა, ფილმის ოპერატორმა, ნამდვილად საუკეთესო გზა აირჩია. ის თანმიმდევრულად იმეორებს პერსონაჟების მოძრაობას. ფილმის ყურების დროს არაერთხელ ჩნდება განცდა, რომ ეს ისტორია აქ და ახლა, ჩვენ თვალწინ იბადება.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რამ, რაც ფილმის ნახვის შემდეგ დიდხანს გაგყვებათ, არის ამბის ემოციური მხარე. ეს არის ამბავი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ჩნდება მსუბუქი და შეუმჩნეველი დეპრესია, ის აუცილებლად ტოვებს საკუთარ კვალს და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება.
ფილმისგან დამოუკიდებლად შეგვიძლია განვიხილოთ მისი ფინალიც, ტომას ვინტერბერგმა ისტორიის იდეალური დასასრულის მოფიქრება შეძლო. ცეკვის სცენა თითქოს შეუზღუდავი სივრცეა ფიქრისთვის. ეს არის რამდენიმე წუთი თავისუფალი ვარდნისთვის. როგორც ერთი ჭიქა საყვარელი სასამელი, რომელიც თითქოს სულ ოდნავ ანელებს დროს, ამ დიდ და შექცევად სამყაროში.
დაწერე კომენტარი