ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, რობერტ მაპლტროპის შემოქმედება დუალისტური ხასიათით გამოირჩევა - ერთი მხრივ, მასში აღმოვაჩენთ ამერიკული ანდერგრაუნდის, შიშველი სხეულებისა და სადომაზოხიზმის ამსახველ ფოტოებს, მეორე მხრივ კი, სტუდიურ პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებსაც. ერთი რამ, რაც ამ მრავალფეროვან სიას აერთიანებს, ავტობიოგრაფიული ელემენტებია. რობერტ მაპლტროპი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად საკუთარი თავით იყო დაინტერესებული: „ხელოვანად ყოფნის ძირითადი იდეა ის არის, რომ საკუთარ თავს შეისწავლი“, - ამბობდა ის.






მაპელტროპი კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა და მოგვიანებით, შეხედულებათა განსხვავების გამო, რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მამამისთან, ჰარი მაპელტროპთან. კათოლიციზმის გავლენა მკაფიოდ იგრძნობა მის შემოქმედებაში.
1963 წელს მაპელტროპმა პრატის ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც მხატვრობასა და სკულპტურას სწავლობდა. ამასთანავე, სხვადასხვა მასალების გამოყენებით კოლაჟებს ქმნიდა და ფორმათა კვლევის მიზნით ექსპერიმენტებს ატარებდა. 1969 წელს ის და მისი იმდროინდელი შეყვარებული, მუსიკოსი პატი სმიტი, სასტუმრო “ჩელსიში” ცხოვრობდნენ. ერთი წლის შემდეგ მაპელტროპმა პოლაროიდების გადაღება დაიწყო თავისი კოლაჟებისათვის, ხოლო მისი პირველი მოდელი სწორედ პატი სმიტი გახდა. მაპელტროპს ეკუთვნის 1975 წელს გამოსული მუსიკალური ალბომის, „ცხენების“ ყდის ფოტო, რომელზეც სმიტია გამოსახული და რომელმაც შემდეგში მისი ანდროგენული სტილი განსაზღვრა. მოგვიანებით, მაპელტროპის სიკვდილის შემდეგ, სმიტმა მათ ურთიერთობაზე წიგნიც დაწერა, სახელწოდებით „უბრალოდ ბავშვები“. 






1971 წლიდან მაპელტროპი ძირითად სამუშაო მედიუმად ფოტოგრაფიას იყენებდა. სწორედ ამ დროიდან - 1970-იანების დასაწყისიდან - იწყება მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი: მან შეუსწავლელი, გამოუკვლეველი სივრცეების გადაღება დაიწყო, რომელთა შესახებაც მაშინდელ ამერიკაში არ საუბრობდნენ - მისი სურათების ძირითადი თემები ჰომოსექსუალური სექსი, ფეტიშიზმი, სადომაზოხისტური ფანტაზიები გახდა. მიუხედავად ამისა, მისი ვიზუალური სტილი მაინც ტრადიციული იყო: სურათების უმეტესობა სტუდიურ გარემოშია გადაღებული, სადაც მაპელტროპს შეეძლო, სრულად გაეკონტროლებინა გადაღების პროცესი. ცნობილია, რომ იგი თავის მოდელებს თავად სთავაზობდა, თუ როგორი გამომეტყველება მიეღოთ, რა სახის ჟესტიკულაცია გამოეყენებინათ - სპონტანური კადრების დიდი მოყვარული არასოდეს ყოფილა. ფოტოების სერია, საბოლოოდ, 1978 წელს გამოქვეყნდა და მას X Portfolio ეწოდა.





საკუთარ თავს გეი აქტივისტად არ მიიჩნევდა. ამბობდა, რომ თავისი ფოტოებით სოციალურ საკითხებზე რეფლექსიას არ ცდილობს - იგი მხოლოდ საკუთარი თავითა და შეგრძნებებით, სურვილებით არის დაინტერესებული.  მიუხედავად ამისა, მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ჰომოფობიურ საზოგადოებაზე და ხელოვნების (და არამარტო) სამყარო სრულიად ახლებური, უკომპრომისო გამოსახულებებით აავსო, რომლებიც, წლების გასვლის მიუხედავად, მაინც აქტუალური დარჩა. მისი ფოტოგრაფია ცხადყოფს, რომ ხელოვანის ნამუშევარი ცალკე ორგანიზმია, რომელიც ავტორისგან დამოუკიდებლად აგრძელებს სიცოცხლეს და დროსთან ერთად სხვადასხვა ფორმად გარდაიქმნება.






1980-იანებში გადაღებულ ფოტოებში ალბათ, ყველაზე მეტად იგრძნობა მაპელტროპის სიყვარული სკულპტურის მიმართ - ქალებისა და კაცების შიშველი სხეულები, დადგმული სცენები, კლასიკური კომპოზიციები და პოზები, რომლებმაც შეიძლება ძველი ბერძნული ქანდაკებებიც მოგვაგონონ; ნატურმორტები, რომლებზეც ყვავილებია ასახული და ხელოვანებისა და ცნობილი ადამიანების სტუდიური პორტრეტები. ამ სურათებში ფოტოგრაფის ძლიერი მისწრაფება იგრძნობა სიმეტრიის მიმართ - თავად მაპელტროპი ამბობდა: „შეპყრობილი ვარ სილამაზით. მინდა, ყველაფერი სრულყოფილი იყოს, და ცხადია, რომ არ არის. ასე ყოფნა კი რთულია, რადგან კმაყოფილი არასოდეს ხარ“.





რობერტ მაპლტროპის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მისი ავტოპორტრეტები, სადაც იგი სხვადასხვა ადამიანს და მათ განსხვავებულ ხასიათებს განასახიერებს. კამერას არ უჭირს ამ განსხვავებების დაფიქსირება, რადგან ფოტოგრაფი სწორედ ფოტოში გამოსახულ პერსონაჟს არგებს ტექნიკურ დეტალებსაც, როგორიცაა განათება, ჩრდილები, კონტრასტი… ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ მისთვის ხელოვნება და ცხოვრება სამუდამოდ იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული; აღბეჭდავდა იმას, როგორც ცხოვრობდა და რასაც განიცდიდა. საკუთარი თავისადმი ინტერესი და ლტოლვა მისი უმთავრესი ძალა აღმოჩნდა, რომელმაც დაავიწყა გარემო, სადაც BDSM ჯერ კიდევ კრიმინალიზებული საკითხი იყო, სადაც ჰომოფობიური განწყობები ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენდა - თავის ფოტოებში იგი სიამოვნებით ეთამაშება გენდერულ ნორმებს, ზოგში მასკულინურ კაცს ასახიერებს, ზოგში კი მაკიაჟითაა.




მის ერთ-ერთ ალტერ ეგოს კათოლიკე ბიჭი წარმოადგენს, რის გამოც მაპელტროპის ფოტოებში ხშირად ვლინდება რელიგიასთან დაკავშირებული თემები - აღსარება, დასჯა, აგონია, მოკვდაობა. მოკვდაობისა და, ზოგადად, სიკვდილის თემებით ფოტოგრაფი შიდსით დაავადების შემდეგ დაინტერესდა. 1988 წლის ავტოპორტრეტში მას ხელში ჩონჩხის თავი უჭირავს, ხოლო თვალები კი კამერისკენ აქვს მიმართული, თითქოს სიკვდილს უყურებს. 




სურათის გადაღებიდან ერთი წლის შემდეგ, 42 წლის ასაკში, მაპელტროპი გარდაიცვალა, ხოლო ამერიკაში მის შემოქმედებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. გამოფენა, სახელწოდებით „რობერტ მაპლტროპი: სრულყოფილი მომენტი“, რომელშიც ფოტოგრაფის 125 ნამუშევარი X Portfolio-ს სერიიდან იყო წარმოდგენილი, აშშ-ს შვიდ ქალაქში - ფილადელფიაში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში, ჰარტფორდში, ბერკლში, ცინცინატსა და ბოსტონში უნდა გამართულიყო, თუმცა პირველი პრობლემა ვაშინგტონში შეიქმნა, როცა კონსერვატორი პოლიტიკოსები მაპელტროპის შემოქმედებას დაუპირისპირდნენ და მის წინააღმდეგ დემონსტრაციების გამართვა დაიწყეს. რასაკვირველია, ამ, როგორც მას უწოდებენ,  „კულტურულ ბრძოლაში“, ხელოვანებმა გაიმარჯვეს, ხოლო ფოტოგრაფის სახელი უკვე მსოფლიოში იყო ცნობილი.


რობერტ მაპლტროპის უნიკალურმა ხედვამ, საკუთარი თავისადმი გამოჩენილმა ინტერესმა და გამბედაობამ ძირფესვიანად შეცვალა პოპ-კულტურა და ფოტოგრაფია უფრო თავისუფალ მედიუმად აქცია.