ფრანგული ახალი ტალღის წამყვანი ფიგურა, კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი ჟან-ლუკ გოდარი მისი ინოვაციური, რადიკალური სტილითაა ცნობილი, რომელიც XX საუკუნის ჰოლივუდის კინემატოგრაფიას და ზოგადად, მის შეხედულებებს უპირისპირდებოდა. კინოს “enfant terrible”-ად შერაცხული რეჟისორის შემოქმედებაში ფილმის ისტორია, ეგზისტენციალური და მარქსისტული ფილოსოფია და ადამიანური ურთიერთობების მსხვრევადი ხასიათი ირეკლება. 


წარმოშობით შვეიცარიელ-ფრანგი რეჟისორი, რომელიც პარიზში საკმაოდ განათლებულ და კულტურულ ოჯახში დაიბადა, თავის ბავშვობას სამოთხეს ადარებს. არაპროგნოზირებადი ხასიათი და მრავალფეროვანი ინტერესები ბავშვობიდან მისი განუყოფელი ნაწილი იყო. სწავლობდა ინჟინერიას, ეთნოლოგიას, შემდეგ ბედი მხატვრობაშიც მოსინჯა, ხოლო როდესაც პარიზის წამყვანმა კინოსკოლამ IDHEC-მ მისი განაცხადი უარყო, თავად დაიწყო ფილმების შესწავლა ორ მეგობართან - კინოფანატიკოს ფრანსუა ტრიუფოსა და ჟაკ რივეტთან ერთად. მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო - დღეში სამი ან ოთხი ფილმის ნახვა, ან მთელი დღის კინოთეატრში გატარება. “კინო თითქოს რაღაც ხერხი იყო მაშინ, ჩვენს ცხოვრებას რომ გავქცეოდით”. 


მაშინ როდესაც ომის შემდგომი პარიზი დიდი ფილოსოფოსებისა და პოლიტიკური დებატების ადგილად გადაიქცა და ასპარეზზე ერთ-ერთი დომინანტი, ინტელექტუალური ფიგურა ჟან-პოლ სარტრი გამოჩნდა, მისი იდეებით შთაგონებული გოდარი კიდევ უფრო მეტად იხიბლება კინოხელოვნებით. Ciné-Club du Quartier Latin-ის წევრმა, 19 წლის ჟან-ლუკმა, სადაც რეჟისორი ერიკ რომერი სხვადასხვა კინოჩვენებასა და დისკუსიებს უძღვებოდა, მალევე რომერის ჟურნალ La Gazette du cinema-ში კომპლექსური კრიტიკული სტატიების წერა დაიწყო. მის ერთ-ერთ სტატიაში - “პოლიტიკური კინო” - გოდარი აღნიშნავს, რომ კინო რეალობის რეპრეზენტაცია არ არის, არამედ იგი თავად არის რეალობა. “კინოთეატრში ჩვენ არ ვფიქრობთ, არამედ ვაზროვნებთ… ფილმის ყურებისას შენ უკვე მისი ნაწილი ხდები”. მისთვის კინოხელოვნება ერთგვარ ტრანსფორმაციულ გამოცდილებას წარმოადგენდა, სადაც დისტანცია მაყურებელსა და ეკრანს შორის არ არსებობდა. 




თუმცა გოდარისთვის მხოლოდ სტატიების წერა და ფილმების ყურება საკმარისი არ იყო, რის გამოც რომერისა და რივეტის ასისტენტი გახდა და მათ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებებზე ეხმარებოდა. 1951 წელს ანდრე ბაზინის მიერ დაარსებულ კრიტიკულ ჟურნალ Cahiers du cinéma-ში მუშაობის პერიოდში გოდარი თავად  იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმებს, თუმცა მისი ტრიუმფალური კარიერა 1960 წელს გადაღებული ფილმით - Breatheless-ით იწყება, რომელიც მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. სწორედ აქედან დაიწყო ფრანგული ახალი ტალღა, რევოლუცია კინოში და გოდარის ნოვატორული ტექნიკა მანამდე უცნობი, სრულიად ახალი ესთეტიკით. “ნებისმიერ ისტორიას უნდა ჰქონდეს დასაწყისი, განვითარება და დასასრული, თუმცა აუცილებელი არაა ამ თანმიმდევრობას მიჰყვებოდეს”. გოდარი რეჟისორი-მოაზროვნეა, რომელიც არ გვთავაზობს უბრალოდ სენტიმენტალურ ფილმებს ვნებების დამანგრეველ ძალაზე. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია თითოეული ციტატა თუ მინიშნება, რომელიც ოსტატურადაა მიჩქმალული კადრებს შორის. “იცხოვრე ხიფათიანად” - ნიცშეს ეს ფრაზა Breatheless-ის დასაწყის კადრში გვხვდება, როდესაც ჟან-პოლ ბელმონდო რომელიღაც პოსტერს ჩაუვლის. ყველაფერთან ერთად გოდარის შემოქმედება მის ფილმებში მოთამაშე მსახიობებითაც განისაზღვრება, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მისი მუზებიც კი იყვნენ. ანა კარინა, რომელიც მისი კინოსა და პირადი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო, პირველად მის მეორე ფილმში - Le Petit Soldat-ში გამოჩნდა. კრიტიკოსების თქმით, კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნამუშევრები სწორედ ანას და გოდარის ერთობლივ შემოქმედებას უკავშირდება.






გოდარი ერთ-ერთი ისეთი
ავტორია, რომლის სურათებიც ფილმებს, წიგნებს, კომპოზიციებს, ნახატებს, ფილოსოფიას, ადამიანებს, ადგილებს, პოლიტიკურ იდეალებს მის პერსონასა და ფსიქეში აერთიანებს. 1968 წლამდე მან შექმნა ისეთი კინოშედევრები, როგორებიცაა Vivre sa vie, Bande à part, სადაც რეჟისორის თქმით, ალისა საოცრებათა ქვეყნიდან ხვდება ფრანც კაფკას. ოთხ კვირაში გადაღებულ Une femme mariée, რომელშიც, თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ გოდარის დამოკიდებულებას იმდროინდელი მოაზროვნეების - კლოდ ლევი-შტრაუსისა და როლანდ ბარტის იდეების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება უკვე დანგრევის პირას იყო, 1965 წლის ანა კარინას და გოდარის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი Pierrot Le Fou სტრუქტურული ექსპერიმენტისა და სოციო-კულტურული ტრაქტის ავანტიურულ ნაზავს წარმოადგენს. 





საერთაშორისო კრიზისები და პოლიტიკური საკითხები ყოველთვის იყო გოდარის ინტერესის საგანი, რასაც მისი ფილმები - La Chinoise და Weekend-იც მოწმობს. La Chinoise, რომელიც კრიტიკოსებმა ერთ-ერთ საკმაოდ პოლიტიკურ და პროვოკაციულ ფილმად აღიარეს, მარქსისა და მაოს პორტრეტებს, პოლიტიკურ სლოგანებსა და ბერტოლდ ბრეხტის იდეებს განსაკუთრებით ფრაგმენტული და აბსტრაქტული გზით გადმოსცემს, რომელიც ერთგვარი პოპ-არტ მონტაჟსაც ჰგავს. მაშინ როდესაც La Chinoise მომავლის საზოგადოების შედარებით რომანტიკულ და იდეალისტურ ხედვას გვთავაზობს, Weekend კონცეტრირებულია თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელიც კოლაფსის პირასაა მისული. რეალობა, რომელიც ფილმში ირეკლება, სავსეა მომხმარებელი ბურჟუა საზოგადოების ტრენდებით, მეინსტრიმისთვის დამახასიათებელი ელემენტებით, ხოლო ფილმის დასასრულს ეკრანზე პროვოკაციული ფრაზა -  “End Of Cinema” ჩნდება. თუმცა ეს არ იყო გოდარის მორიგი ინტრიგა, არამედ მან სერიოზულად გადაწყვიტა უარი ეთქვა კინოზე, რადგან აღარ სურდა კომერციული კინოს ნაწილი ყოფილიყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც მის ცხოვრებაში კონკრეტული თავი დასრულდა და ახალი უნდა დაწყებულიყო. პარადოქსულია, მაგრამ იმ დროს, როდესაც გოდარმა კომერციულ კინოზე უარი თქვა, მისი მეგობრები და ახალი ტალღის წარმომადგენელი კინორეჟისორები - რომერი, რივეტი და ტრიუფო წარმატების ზენიტში იყვნენ. 


1968 წელს გოდარი მის მეორე მეუღლესთან, ანასთან ერთად ამერიკის უნივერსიტეტებში ლექციების კითხვას იწყებს, თუმცა მალევე, მაისში, უკან, საფრანგეთში ბრუნდება და იმდროინდელი გაფიცვების ცენტრალური ფიგურის ადგილს იკავებს. Film-tracts და Un Film comme les autres მის მიერ შექმნილი ფილმებია, რომლებიც სწორედ სტუდენტებისა და მუშების პროტესტებსა და მათ დამოკიდებულებებს ასახავს. პარიზის დემონსტრაციების კვალდაკვალ გოდარი ახალი იდეებით შეპყრობილი მისი შემდეგი პროექტისთვის ემზადება, რომელიც ლონდონის როკ-ენ-როლ კულტურის წარმოდგენას გულისხმობდა. რეჟისორის სურვილი იყო ბრიტანულ ჯგუფ The Beatles-თან ეთანამშრომლა, თუმცა ჯონ ლენონმა ამაზე უარი განაცხადა. The Rolling Stones იდეას უფრო მეტი ენთუზიაზმით მიუდგა და საბოლოოდ მათ ერთად შექმნეს ფილმი One Plus One, სადაც ბენდის სამუშაო გარემო და მათი ტრეკის - Sympathy for the Devil-ის ჩაწერის პროცესია ასახული. თუმცა ფილმში სიმღერის საბოლოო ვერსიის კადრები გოდარმა სპეციალურად ამოჭრა, რადგან სურდა მაყურებელი კრეატიულ პროცესში ჩაერთო და ფილმის თანამონაწილედ ექცია. 



1968 წლის მაისის შემდგომ გოდარი რეჟისორ და პროფესორ ჟან-პიერ გორინთან იწყებს თანამშრომლობას და ერთად ხუთ მაოისტური იდეოლოგიითა და გზავნილებით დატვირთულ ფილმს ქმნიან. ეს პერიოდი გოდარის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურია, რომლის დროსაც იგი გორინთან ერთად Dziga Vertov Group-ს ქმნის. საბჭოთა პერიოდის დოკუმენტური ფილმის პიონერის, ძიგა ვერტოვის სახელის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი ქმნიდა ისეთ ფილმებს, რომლებშიც ბრეხტისეული ფორმები, მარქსისტული იდეოლოგია და ავტორის გაუჩინარების თემები იყო აქტუალური. 1972 წლისთვის იგი კინორეჟისორ ნა-მარი მიევილთან ერთად Sonimage-ს აყალიბებს, რომელიც ევროპულ ტელევიზიასთან თანამშრომლობდა და იღებდა ისეთ ალტერნატიულ ვიდეოებს, როგორებიცაა Numéro Deux და Sauve qui peut. თუმცა მისთვის კლასიკური კინო და ის თხრობის სტილი, რომელიც მან დანერგა, ადამიანების მოტყუებისთვის იყო შექმნილი და მათ ერთგვარ ილუზიებს უქმნიდა. იგი აკრიტიკებდა ჰოლივუდის ფილმებს, რადგან მას არ ჰქონდათ იდეები, არ წარმოადგენდა “სუფთა კინოს”. მისი თქმით, სატელევიზიო სამყაროში, სადაც რეკლამა დომინანტია და სიტყვას გამოსახულებასთან შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვერ შექმნი ისეთ ფილმს, რომელიც პოლიტიკურად უფრო აქტიურს გაგხდის, ”თვალს აგიხელს” და ისეთ დეტალებს დაგანახვებს სამყაროში, რასაც ჩვეულებრივი თვალი ყურადღებას არ აქცევს. მისი კინო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 



1980-იანი წლებიდან გოდარი არა ექსპერიმენტულ, არამედ უფრო ტრადიციულ ნამუშევრებს გვთავაზობს. 1982 წლის ფილმის - Passion-ის ცენტრში, რომელიც პოლიტიკასა და ხელოვნებას აერთიანებს, კლასიკური მხატვრობის ისტორიული და მითური პერსონაჟების სცენებია მოქცეული. გოდარი ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად არის შემოქმედებითად დამუხტული და უწყვეტად აგრძელებს ახალი კინოშედევრების შექმნას - King Lear, რექვიემის მსგავსი Nouvelle Vague, ავტობიოგრაფიული JLG/JLG, autoportrait de décembre. თუმცა მისი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რვანაწილიანი მონუმენტური პროექტია Histoire(s) du cinéma, რომელიც მისი შემოქმედების ინოვაციებსა და XX საუკუნის ისტორიულ თემატიკას სთავაზობს მაყურებელს. 2010 წლის Film Socialisme-სა და 3D Goodbye To Language-ს შემდეგ, რომელმაც 2014 წლის კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი დაიმსახურა, გოდარი თავის ბოლო ნამუშევარს - The Image Book-ს ქმნის, რომელიც მოდერნულ არაბულ სამყაროს განხილვასა და გამოკვლევას გვთავაზობს. 


დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ 89 წლის ჟან-ლუკ გოდარი ერთ-ერთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი კინორეჟისორია, თუმცა მასზე ერთაზროვან შეხედულებებს ნაკლებად გაიგებთ. პროგნოზირება არასდროს ყოფილა გოდარის თანხმლები, იგი მუდამ გამოხატვის ახალ საშუალებებსა და ექსპერიმენტებს ეძებდა, რაც ერთი ნაწილისთვის მოსაწყენი, გაუაზრებელი და პრეტენზიულია, ხოლო მეორე ნაწილისთვის ამაღელვებელი და მიმზიდველი. ინტელექტისა და სპონტანური ხასიათის მეშვეობით მან კინოხელოვნებაში რევოლუცია დაიწყო და სრულიად ახალი ტალღა ჩამოაყალიბა. ზოგიერთი კრიტიკოსი კინოისტორიას გოდარამდე და მის შემდეგაც კი ყოფს. უნდა ითქვას, რომ მისი შემოქმედება არის და იქნება დისკუსიის, კრიტიკის, აღელვების, ანალიზისა და სიყვარულის საგანი. ამიტომაც, გირჩევთ ჩართოთ და ისიამოვნოთ.