სანდრო ლომინაშვილი ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომლის შემოქმედებასაც არასდანდარტული, ექსპერიმენტული მიდგომები ახასიათებს. მისი თითოეული ნამუშევარი გარკვეული რაციონალური გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ნამუშევრის ფორმას და ესთეტიკას ერთ მთლიანობად აქცევს. ახალი ფორმების ძიებასთან ერთად უკვე არსებული არქეტიპების გადათამაშება და დეკონსტრუქცია დიზაინერის ხელწერის ნაწილია. მისი შემოქმედებით დღემდე სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები და დიზაინის ფესტივალები ინტერესდებიან, რასაც 2021 წლის შემოდგომაზე მილანის დიზაინის ფესტივალზე დაგეგმილი ახალი გამოფენაც მოწმობს.
სანდრო, პროფესიით მანქანათმშენებელი ხართ. მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ და როგორ აღმოჩნდით დიზიანის სფეროში?
მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დავამთავრე ლონდონში, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ამ მიმართულებით აღარ მინდოდა განვითარება. იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ შემთხვევით ბევრი დიზაინერის ნამუშევრები დავათვალიერე და ამ შთაგონების ფონზე იმპულსურად გადავწყვიტე, მეც მეცადა... იმ მომენტშიც არ ვიცოდი ზუსტად, დიზაინი იყო თუ არა ის სფერო, რომელშიც დავრჩებოდი, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
არსებობს თუ არა რაიმე იდეა ან მასალა, რომელიც მუდმივად შთაგაგონებთ?
მეტალი, ხე, პლასტმასა და შუშა - ეს ის მასალებია, რომლებიც დიზაინის სფეროში ხშირად გამოიყენება და არცთუ ისე ბევრია. მე, ძირითადად, ხეზე და რკინაზე ვმუშაობ, თუმცა ჯერჯერობით მასალიდან გამომდინარე არ მიფიქრია რომელიმე ნამუშევარზე. ჩემთვის უფრო შთამაგონებელი, შეიძლება ითქვას, არასტანდარტული და განსხვავებული ფორმებია.
თქვენი დიზაინის ფოკუსში ძირითადად სკამები ექცევა, რომელთაც ხშირ შემთხვევაში არასტანდარტული სტრუქტურა და ფორმები ახასიათებს. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობის მატარებელია სკამი ყოველდღიურობაში?
სკამი ერთ-ერთი ის ნივთია, რომელსაც ძალიან ხშირად უცვლიან დიზაინს, რაღაც შემთხვევებში ხელოვნების ნიმუშებადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ამასთან ერთად, რთული ნივთია, ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ჩემთვის სწორედ ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, რომ ამდენ სხვადასხვა დიზაინის მქონე სკამებს შორის მეც შემექმნა ჩემი განსხვავებული ვარიანტი.
როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი, პირველ ეტაპზე რა ჩნდება - მასალა თუ იდეა?
როგორც წესი, თითქმის ყველა პროექტი ჩანახატებით იწყება. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რაზე ვფიქრობ, იქნება ეს ფორმა თუ კონცეფცია, მაინც ყველაფერი კალმით და ფურცლით იწყება, რის შემდეგადაც უკვე 3D მოდელირებაზე და მაკეტების კეთებაზე გადავდივარ. პარალელურად ვფიქრობ მასალაზე და ტექნოლოგიაზე, რამაც საბოლოო შედეგამდე უნდა მიმიყვანოს.
თქვენი ნამუშევარი სკამი, სახელწოდებით 3/4, რომელიც ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნიდა, 2014 წელს ლონდონის დიზაინის ფესტივალზე იყო წარდგენილი. მოგვიყევით მის შესახებ, ეს ალბათ განსხვავებული გამოცდილება იყო თქვენთვის…
სკამი ¾ შეცდომის შედეგია. ხატვის პროცესში შემთხვევით სკამის დასაჯდომს არ მივუერთე ფეხი, რაც იმ მომენტშივე ერთგვარი შთაგონება და გამოწვევა გახდა, რომ ეს სკამი რეალურად მექცია. ლონდონის დიზაინის ფესტივალზე იტალიური საგამოფენო პლატფორმის, Ventura Projects-ის მეშვეობით აღმოვჩნდი, რომელთაც გავუგზავნე ჩემი პორტფოლიო და სურვილი გამოვთქვი, მონაწილეობა მიმეღო ფესტივალზე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემი ნამუშევრის ამხელა აუდიტორიის წინაშე წარდგენა. მახსოვს, მაშინ ერთ-ერთი კარგი კომპანიაც კი დაინტერესდა ¾-ის სერიული წარმოებით.
Love Lamps - ასე ჰქვია თქვენი სანათების სერიას, რომელსაც გარკვეული ემოციური დატვირთვა აქვს. მოგვიყევით ამბავი ამ ნამუშევრის მიღმა…
Love Lamps ადამიანებს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობების იდეაზეა აგებული. ნამუშევარში ამ ურთიერთობის ფორმებია გათამაშებული და ისეთი პრინციპით არის აგებული, რომ სანათები ერთმანეთისგან განუყოფელია. ძალიან სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ 2015 წელს Love Lamps მილანის დიზაინის ფესტივალზე წარადგინეს.
რომელი უფრო მნიშვნელოვანია და როგორ უთავსებთ ობიექტის ესთეტიკურ მხარესა და ფუნქციურობას ერთმანეთს?
ჯერჯერობით ისეთი ნივთზე არ მიმუშავია, რომლისთვისაც ფუნქციურობა და კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა იდეის დასაწყისშივე ვფიქრობ ხოლმე ობიექტის ფუნქციურობაზე, ფორმასთან და მის ესთეტიკურ მხარესთან ერთად, რათა საბოლოოდ გამართული ნამუშევარი გამოვიდეს.
მულტიფუნქციური იყო თქვენი ნამუშევარი 1+1, რომლის თითოეულ ნაწილს ერთზე მეტი დატვირთვა ჰქონდა. რა არის ამ დიზაინ-ობიექტის მთავარი კონცეფცია?
მთავარი კონცეფცია სწორედ ეგ იყო, რომ შემექმნა ისეთი სკამი, რომლის თითოეულ დეტალს ერთზე მეტი ფუნქცია ჰქონოდა. ერთ-ერთი პირველი სკამი, რომელსაც ეს ნიშანი გამოარჩევდა, იყო დიზაინერ მიხეილ ტონეტის ნამუშევარი, რაც ჩემი სკამის, 1+1-ის შთაგონება გახდა. ამოსავალი წერტილი ნაწილების არა ერთმანეთთან კავშირი, არამედ დანაწევრება გახდა.
რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია?
ჩემს შემოქმედებას რომ გადავხედოთ, ვიტყოდი, რომ თითოეული უკვე არსებული და კლასიკად ქცეული ნამუშევრის გადათამაშება და დეკონსტრუქციაა. ჩემთვის საინტერესოა თამაშის ეს პროცესი, როდესაც რაიმე არქეტიპს ვიღებ, იქნება ეს სკამი, ჭაღი თუ ნათურა, და შემდეგ მას ჩემებურად გარდავქმნი. თუმცა ასევე სულ ვცდილობ, ახალი ფორმების ძიებას და მის შექმნას.
დიზაინის სფეროში ვის შემოქმედებას მოუხდენია თქვენზე მნიშვნელოვანი გავლენა?
რთულია ვინმეს გამოყოფა, თუმცა გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის, კონსტანტინ გრჩიჩის ნამუშევრებს ხშირად ვათვალიერებ და განვიხილავ მის შემოქმედებას სხვადასხვა მიმართულებით. რაღაც პერიოდში ინგო მაურერის და მარტინ ბაასის ნამუშევრებს ვადევნებდი ხშირად თვალს და მათი შემოქმედება იყო ჩემთვის შთამაგონებელი. ბევრი გამორჩეული დიზაინერია, რომელთაც რაღაც მომენტში გარკვეული გავლენა მოუხდენია ჩემზე.
თქვენი უახლესი ნამუშევარი - სკამი Allo - მწერის, კონკრეტულად კი ჭიანჭველას სხეულის მსგავს სტრუქტურას ქმნის. მოგვიყევით, რით არის ის განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე შეგიქმნიათ?
Allo უფრო ახალი ფორმაა, სრულიად განსხვავებული. დამებადა იდეა, რომ სკამი შემექმნა სწორი ხაზებისა და ბრტყელი ფორმებისგან. პირველ ეტაპზე უწყვეტობის პრინციპით დავიწყე ფიქრი, თუმცა თავდაპირველი ჩანახატებისგან საბოლოო შედეგი განსხვავდება, მაგრამ ვეცადე, ამ მიმართულებისთვის არ გადამეხვია. რაც შეეხება სკამის სტრუქტურას, ის შემთხვევითობის შედეგია, ბოლოს მივხვდი, რომ Allo ჭიანჭველის მორფოლოგიას ჰგავდა. ვაპირებ ამ ნამუშევრის ახალი ვერსიის შექმნას, რომლის დასაჯდომიც უკვე რბილი მასალით იქნება შესრულებული.
როგორ დაახასიათებდით თქვენს ხელწერას სამი სიტყვით?
პირველი , ალბათ, ვიტყოდი, მარტივს. მინდა, რომ იყოს რაციონალური, ჩანდეს აზროვნება იმ გადაწყვეტილებებში, რასაც ვიღებ. მესამე ალბათ - ესთეტიკური.
რა გხიბლავთ ყველაზე მეტად საკუთარ პროფესიაში?
ყველაზე მეტად ის პროცესი მიყვარს, როდესაც რაიმე მნიშვნელოვან და ფასეულ იდეაზე ვმუშაობ. ძალიან სასიამოვნო და ჩამთრევია, როდესაც ნელ-ნელა მივდივარ საბოლოო შედეგამდე.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მომავალში დიდი იმედი მაქვს, რომ პროდუქტის დიზაინის მიმართულებით ვიმუშავებ და ჩემი ნამუშევრების სერიულ წარმოებას შევძლებ. ასევე შემოდგომაზე ვაპირებ Salone Satellite-ს გამოფენაზე გასვლას, რომელიც მილანის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ამასთან, დიდი სურვილი მაქვს ჩამოვაყალიბო სტუდია, სადაც ინტერიერის მიმართულებით შევძლებ მუშაობას.
ამჟამად რაზე მუშაობთ?
ამჟამად რამდენიმე პროექტი მაქვს, მათ შორის ერთ-ერთია ინტერიერის დიზაინიც. პარალელურად ვაგროვებ ნამუშევრებს გამოფენისთვის, რომლისთვისაც რამდენიმე სკამზე და განათებაზე ვმუშაობ.
დაწერე კომენტარი