მოგვიყევი შენს ბავშვობაზე 


ბავშვობაზე ბევრი რამის მოყოლა შემიძლია და  იმის თქმაც, როგორი ბავშვი ვიყავი- ძალიან ენერგიული და ექსცენტრიკული, ამავდროულად, ემოციური და გულუბრყვილოც. ადრეულად გავუგე გემო დამოუკიდებლობას და ჩემთვის მარტო ყოფნა მოსაწყენი არასდროს ყოფილა. ოცნებებს ვაფარებდი თავს. დღესაც მეოცნებე ვარ და რეალობასთან  ერთად, ოცნებების  განხორციელების სურვილიც მატულობს. მარტოობაში ეგოიზმიცაა, ახლა მირჩევნია ემოციების გაზიარება და სხვები ძალიან მჭირდება.

       
რამ განაპირობა შენი კინოთი დაინტერესება?

ალბათ  იმ გარემომ,  რომელშიც გავიზარდე, კინო იყო სამყაროს აღქმის ერთ-ერთი იდეალისტური ფორმა.  ჩემთვის მნიშვნელოვანია კინოს ძალა, რომელიც შეიძლება მამოძრავებელი იყოს ადამიანისთვის.

რა ასაკში გადაწყვიტე სასწავლებლად საფრანგეთში წასვლა?


18 წლის ვიყავი, როცა დავბრუნდი პარიზში. მანამდე თბილისში დავამთავრე 23-ე      სკოლა და შემდეგ ერთი წელი ვიარე თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისორო    ფაკულტეტზე.

 




რომელმა რეჟისორმა იქონია შენზე ყველაზე დიდი გავლენა?


ძალიან ბევრია საყვარელი რეჟისორი. აი დღეს ვუყურებდი სიამოვნებით ნანი მორეტის ფილმს,  ძალიან მიყვარს ლუი მალი, ტარკოვსკი, კასავეტესი, ბერგმანი. თანამედროვე რეჟისორებიდან დიდი ძალა აქვს ზვიაგინცევის კინოს. ქალი რეჟისორებიდან მომწონს სოფია კოპოლა, მისი ფილმები ძალიან მრავალმხრივია. ბოლოს ყველაზე მეტად მომეწონა ფილმი “ბარბარა”, მატიო ამალრიჯის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.




მოგვიყევი  შენს ყოველდღიურობაზე


ძალიან მიყვარს თანმიმ
დევრულობა. დილით ვცდილობ ადრე ავდგე და ვივარჯიშო. ხშირად დავდივარ აუზზე.  ყოველდღიურად მივდივარ სამსახიობო სკოლაში, ჩემს სახლთან ახლოს არის და ამით გარემოს ვიცვლი. შიგადაშიგ საღამოობით ვმუშაობ რესტორანში. ვცდილობ მოვიტოვო დრო სიმშვიდისთვის. აქაური ცხოვრება დიდ ენერგიას მოითხოვს და დაკვირვებისთვის ცოტა დრო რჩება.

 


 
როგორი გარემოა პარიზში სტუდენტისთვის სასწავლებლად და სამუშაოდ?


ზოგადად ძალიან მიმზიდველი გარემოა სასწავლებლად და ადამიანი აქ კულტურული მოვლენების ეპიცენტრში გრძნობს თავს. გეძლევა შანსი შენი ძალები  მოსინჯო და ცხოვრებას სხვა ალღო აუღო. მაგრამ აქაური გარემო მეტად კონკურენტულია და რთულია იყო თავისუფალი. თუმცა  შემოქმედებითად გაზრდის ბევრი გზა არსებობს.




ახლახან სამსახიობო კურსებზე გადაწყვიტე შესვლა, შენი აზრით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსახიობობა?


სამსახიობო ხელოვნება ძალიან საინტერესო პროფესიაა. ხარ მუდმივ შინაგან მოგზაურობაში, რომელიც შეიძლება ყველა სხვა  მოგზაურობას ჯობდეს. ამავდროულად ძალიან არასტაბილური პროფესიაა. თუმცა ისეთი ადამიანი ირჩევს ამ გზას, ვისთვისაც სტაბილურობა მოსაბეზრებელია. სირთულე ისიცაა, რომ ამ პროფესიას თან ახლავს ეჭვი საკუთარი თავის მიმართ
და ამის დაძლევა საქმის დიდი სიყვარულით შეიძლება.

 


 

რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კინოგმირი?


ჯოკერი - The Dark Knight

 



ხელოვნების ისტორიასთან ერთად ლიტერატურასაც სწავლობ, შეგიძლია  რაიმე რეკომენდაცია მოგვცე ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან?


ძალიან მომწონს ფილოსოფოსი ჯიორჯიო აგამბენი, ასევე რელიგიების ისტორიკოსი მირსეა ესიადე. რომანებიდან თომას მანის “ჯადოსნური მთა”.

 

რა არის შენი სამომავლო გეგმა?


მინდა გავაგრძელო თეატრში მუშაობა და თუ გამიმართლებს,  ძალიან მაინტერესებს კინოში თამაში. აქამდე დამოუკიდებლად გადავიღე ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კიდევ მაქვს ჩანაფიქრები.