ვილა აბასთუმნის მიმდინარე პროექტზე მუშაობა MUA-ს გუნდმა 2020 წელს დაიწყო. დაბა აბასთუმანში, ადიგენის მუნიპალიტეტში მდებარე საპროექტო ტერიტორიაზე, რომელიც მდინარის ნაპირსა და კლდის ქედს შორისაა მოქცეული, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული იერსახისა და სტრუქტურის მქონე, ყოფილი საბაგიროს ბეტონის ორსართულიანი  და აგურის ერთსართულიანი ნაგებობებია განთავსებული. ამ ისტორიულ შენობებს თავიანთი პირვანდელი ფუნქცია დაკარგული აქვთ.



პროექტის მიზანი  ამ კულტურული ღირებულების მქონე შენობების  სტრუქტურის შენარჩუნებასა და მათი სიცოცხლისუნარიან სივრცეებად გარდაქმნაში მდგომარეობს.

ვილა აბასთუმნის პროექტზე მუშაობისას MUA - Architecture & Placemaking-ის მთავარი გამოწვევა აგურისა და რკინა-ბეტონის უკვე არსებულ შენობებს შორის  დაშორების ერთიან და ორგანულ სივრცედ გარდაქმნაში მდგომარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შენობების მოცულობა მაკავშირებელი ელემენტია,  მისი ესთეტიკური გამომსახველობა კონტრასტულობას მაქსიმალურად ინარჩუნებს. იმპერიის დროინდელი არქიტექტურული ტიპოლოგიის მქონე აგურის დამხმარე ნაგებობა და საბჭოთა პერიოდში შექმნილი რკინა-ბეტონის საბაგირო გარკვეულწილად ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ახალი მოცულობა კი, ერთი მხრივ, ამძაფრებს კონტრასტს, მეორე მხრივ კი, ერთ მთლიანობაში კრავს შენობებს, რითაც მათ შორის ახლებური დიალოგის შესაძლებლობას ქმნის. 

ვილა აბასთუმნის გარდა MUA-ს ასევე ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ,,ფაბრიკა“, სასტუმრო ,,ჰილტონი“, წყნეთის რეზიდენცია, დასასვენებელი სახლი მწვანე კონცხზე და სხვა.




Architects of Invention-ის მემკვიდრე  არქიტექტურული კომპანია MUA-ს, იგივე  Multiverse Architecture-, დევი ქიტუაშვილმა და გოგიკო საყვარელიძემ 2014 წელს ჩაუყარეს საფუძველი. თავდაპირველად კომპანიის ძირითადი სფერო მხოლოდ არქიტექტურას მოიცავდა, თუმცა  მისი სამუშაო პრაქტიკა ამჟამად მრავალფეროვან პროექტებს აერთიანებს როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. ინდუსტრიული  მემკვიდრეობის ისტორიული, კულტურული თუ სოციალური ღირებულებების შენარჩუნება, მათი გარდაქმნა და განახლება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა. ახალი მიმართულება, რომელიც კომპანიამ სახეცვლილების პერიოდში შეიძინა, ფაბრიკა aka place-making-ია, რომლის მთავარი მისიაც მომავლის ადამიანზე მორგებულ გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც ადამიანი და ბუნება ჰარმონიულად შეძლებენ თანაცხოვრებას.


განახლებული საქმიანობისა და ინტერესებიდან გამომდინარე კომპანიას ახალი  სახელწოდება: MUA Architecture & Placemaking დაერქვა. MUA- საქმიანობის სფერო და მიზნები საზოგადოებისათვის სასიკეთო პროექტების  განხორციელებაში მდგომარეობს, რასაც კომპანია გარემოსთან უწყვეტი დიალოგით, მუდმივი და მრავალმხრივი ძიებით, შემოქმედებითობითა და საფუძვლიანი ტექნიკური ცოდნით აღწევს.