იაპონური ინით შეღებილი თითები, მასიური ბეჭდებითა და სამაჯურებით სავსე ხელები, მუქად, ეგვიპტური სფინქსივით დახატული ცისფერი თვალები, შავი ვერტიკალური ხაზი შუბლზე, რომელიც როგორც თავად ამბობს - მიწაში უდგამს ფესვებს, და მოოქრული კბილები ის მახასიათებლებია, რომლებიც ალჟირული წარმომავლობის მქონე, საფრანგეთში დაბადებულ და მოღვაწე ტანსაცმლის დიზაინერს, პერფორმერსა და პროდიუსერს - მიშელ ლემის ფრანგული კულტურისა და მოდის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტურ ფიგურად აქცევს. მიშელის სტილი, რომელსაც სასულიერო პირის მეუღლის გოთური ნიშნებით სავსე ჩაცმულობას ადარებენ, იმდენად გამორჩეულია, რომ საფრანგეთშიც კი ახერხებს, მისი ყოველი გამოჩენა დიდი ხნის განმავლობაში იქცეს განსახილველ თემად განსხვავებულობის, მისტიკურობისა და ექსცენტრიკულობის გამო.
მიშელ ლემის ამოუცნობ პერსონად მისი იმიჯის გარდა საიდუმლობებით მოცული წარსულიც აქცევს, რომელსაც ხშირად რეალობისა და მითოლოგიის შერწყმასთან აიგივებენ. გავრცელებული „ლეგენდის“ თანახმად, ლემი ალჟირული ფესვების მქონე ბოშათა ოჯახიდანაა, რომელმაც საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა სოფელში გადაწყვიტა დასახლება. ქალის ბაბუა პოლ პოირეტისათვის, მეოცე საუკუნეში მოღვაწე ლეგენდარული ფრანგი დიზაინერისათვის, ამზადებდა აქსესუარებს. საინტერესოა, რომ ხშირად სწორედ ბაბუის ამ საქმიანობას უკავშირებენ ხოლმე მიშელის მძაფრ ობსესიას აქსესუარების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ დიზაინერი თავადაც ქმნის მათ: „თითებზე ყოველთვის მიკეთია ზოგჯერ შვიდი, ზოგჯერ რვა ბეჭედი. მათ გაღვიძებისთანავე ვიკეთებ, ჩაის დალევამდეც კი და მხოლოდ ვარჯიშის დროს ვიხსნი“. როგორც მიშელი ამბობს, ის თინეიჯერობის ასაკიდან ატარებს ბეჭდებს, რომელთა სტილსაც ხასიათის მიხედვით ცვლის, ხოლო რაც შეეხება მის ტატუებსა და შავი საღებავით შეღებილ თითებს, ისინი მიშელის „ამბის“ ნაწილია, ისევე როგორც სხვადასხვა ტომის ტრადიციის ნაწილია ხოლმე ქალების მიერ სხვადასხვაგვარი სამკაულის ტარება.
მიშელის ცხოვრების ადრეული ეტაპი თავდაპირველად სამართლის ფაკულტეტზე სწავლას, შემდეგ ამ საქმის მიტოვებას - კაბარეს მოცეკვავედ მუშაობის დაწყებასა და მოგვიანებით ამერიკაში წასვლას მოიცავს, სადაც დიზაინერს ქალიშვილი შეეძინა. 90-იან წლებში მიშელ ლემიმ კაფე გახსნა, სახელწოდებით „The Les Deux Cafés club”, რომელიც მალე საკმაოდ წარმატებული გახდა და ყოველთვის ცნობილ ადამიანებს მასპინძლობდა - მადონას, მერლინ მენსონს თუ დევიდ ლინჩის. ლემის საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა, ქალმა მოდის ინდუსტრიაშიც გადაწყვიტა თავის დამკვიდრება და სამოსისა და აქსესუარების ბრენდი, სახელწოდებით „ლემი“ დააარსა.
სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაზე ჯადოსნური პერიოდი მიშელ ლემის ცხოვრებაში - მან ამერიკელი დიზაინერი რიკ ოუენსი გაიცნო, რომელთანაც თავდაპირველად მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, რაც შემდეგ უკვე რომანტიკულში გადაიზარდა, 2006 წელს ქორწინებით დასრულდა და დღემდე ბედნიერად გრძელდება. მათ ერთად შეძლეს „ლემი“ მსოფლიოში ცნობილ ბრენდად ექციათ და ამავდროულად, საკულტო წყვილად ჩამოყალიბებულიყვნენ. რიკ ოუენსი მიშელზე ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობს, ამბობს, რომ ეს ქალი მისი მუზა და სულის ნაწილია, ქალი, რომელიც ყოველთვის ძიების პროცესშია და „სფინქსს ჰგავს, რომელსაც ადამიანის დაჰიპნოზება შეუძლია“. ყველა ის პროექტი, რომელზეც ლემიმ და ოუენსმა ერთად იმუშავეს, საოცარია, მაგალითად, ლემის ესთეტიკის დახვეწილმა აღქმამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ოუენსის მიერ შექმნილ ავეჯის ხაზზე - კერძოდ, მარმარილოს სკამებსა თუ აქლემის ბეწვით დამზადებული ქსოვილით დაფარულ ბალიშებზე.
მიშელ ლემის ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალმხრივია - თითოეული მისი წამოწყებული პროექტი სხვადასხვაგვარია, ის საზოგადოებას ხან სამკაულების ახალი ხაზის შექმნით აოცებს, ხან ლონდონში ხელოვნებისადმი მიძღვნილი კუთხის მაღაზიის გახსნით, ხანაც მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოჩენით. ცოცხალ პერფორმანსებში მონაწილეობის მიღება და სიმღერა მიშელის ერთ-ერთი საყვარელი საქმეა - მან ელექტრონული ჟანრის ბენდი LAVASCAR-იც კი ჩამოაყალიბა ქალიშვილთან და არტისტ ნიკო ვასელარისთან ერთად, A$AP Rocky-ს გვერდითაც იდგა სცენაზე.
მიშელს ხან ჯადოქარს უწოდებენ, ხან წარმართ ღვთაებას, რომელსაც ნებისმიერი შემხვედრის მოჯადოება შეუძლია. მისი სტილი თითქოს ბოშური, მომთაბარე წარმომავლობისა და ამავდროულად, ბერბერული კულტურით დაინტერესების გამოძახილია. სწორედ ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები ეს ტომი გახდა შთაგონების წყარო ქალისათვის, რომ თითები შავი საღებავით შეეღება და მათზე ტატუები გამოესახა.
ყოველთვის, როცა მიშელს იმის შესახებ ეკითხებიან, თუ რა არის მისი მაგნიტური ენერგიის წყარო, ქალი პასუხობს, რომ ყველაფერი ადამიანებთან ურთიერთობის მძაფრი სურვილიდან მოდის, სურვილიდან, მრავალი საინტერესო ამბის მონაწილე გახდეს და თავადაც შექმნას ისინი. მისეული ფილოსოფია „ათას ერთი ღამის“ ამბავს ემყარება - ლემის მოსწონს სხვადასხვაგვარი ამბის შეთხზვა და ფიქრობს, რომ ამისათვის მრავალი ამბისაგან შექმნილი უწყვეტი ჯაჭვის არსებობაა საჭირო. მან ეს შესანიშნავად შეძლო - საზოგადოებას მომთაბარე წარმომავლობის მქონე შეჰერეზადად მოევლინა. წლები გადის, მიშელი კი ნებსით თუ უნებლიეთ მუდმივად ახერხებს, რომ მისივე სიცოცხლეში მის შესახებ უამრავი ლეგენდა შეთხზან, ადამიანთა ერთი ნაწილისათვის უნიკალური სტილისა და ხედვის მქონე ფრანგი დიზაინერი იყოს, მეორესათვის კი ალჟირული სისხლის მქონე მომხიბვლელი ჯადოქარი.
დაწერე კომენტარი