დედის ხატი, რომელიც დროთა განმავლობაში ხელოვნების ისტორიაში მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა, დღემდე ერთ-ერთი ძლიერი შთაგონების წყაროა. თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვან მედიუმში შესრულებულ ამ ნამუშევრებსაც დედის მიმართ დამოკიდებულება, მჭიდრო ემოციური კავშირი და მათი თაყვანისცემა აერთიანებს. 

დევიდ ჰოკნი - “ჩემი დედა” ・ David Hockney - “My Mother”


არტისტ დევიდ ჰოკნის მისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით დედის მრავალფეროვანი პორტრეტები შეუქმნია, რომლის რეტროსპექტული გამოფენა The Tate Gallery-ში იყო წარმოდგენილი. კუბისტური სტილის ლითოგრაფიულ ნამუშევრებზე გამოსახული დედამისი - ლაურა თითქმის ყველგან სკამზეა მოკალათებული, რაც ჰოკნის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და ლაურას ხასიათს უსვამს ხაზს. 


ლუის ბურჟუა “დედა” ・ Louise Bourgeois - “Maman”



ფრანგ ხელოვან ლუის ბურჟუას ობობის ამ სკულპტურამ საქვეყნო აღიარება მოუტანა. ხელოვანისთვის დედამისი - ჟოსეფინი ძლიერი, უშიშარი მცველის განსახიერება იყო, რომელიც ისევე ზრუნავდა მასზე, როგორც ობობა მის ჯერ არდაბადებულ შვილებზე. 9 მეტრის სიგრძის ნამუშევარი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკულპტურას წარმოადგენს, რომელიც ხელოვანმა 1999 წელს დედის პატივსაცემად შექმნა.

დემიენ ჰირსტი - “ქალწული დედა” ・ Damien Hirst - “The Virgin Mother”



დემიენ ჰირსტის 2005 წელს შექმნილი ქალწული დედის სკულპტურა ისეთივე პროვოკაციულია, როგორც მისი სხვა ნამუშევრები. 10 მეტრის სიმაღლის ქანდაკება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაზავია, რომელიც არა მხოლოდ სხეულის ზედაპირს, არამედ კანქვეშა ელემენტებსაც გამოსახავს.

ჯექსონ პოლოკი - “დაბადება”・Jackson Pollock - “Birth”



ნამუშევრები, რომლებიც დაბადების თემატიკას ეხმიანება, ხშირ შემთხვევაში დედის მიმართ მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავს. ჯექსონ პოლოკის 1941 წლის დედის ფიგურა მისი ხელწერისთვის დამახასიათებელ ძლიერ, ენერგეტიკულ და ფერად ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც დაბადების სადღესასწაულო და ამავდროულად ტრამვულ სურათს აღვიძებს.

ბენქსი - “შარფი არ დაგრჩეს, ძვირფასო” ・ Banksy - “Don’t Forget Your Scarf Dear”



ბექნსის შემოქმედებაში არ არსებობს ნამუშევარი, რომელიც საზოგადოებრივ საკითხებზე არ საუბრობს. “შარფი არ დაგრჩეს, ძვირფასო” პირველად ბრისტოლში გამართულ გამოფენაზე, Banksy Versus Bristol Museum-ზე გამოჩნდა. კრიტიკოსების თქმით, ნამუშევარი უბრალო მარტივ იდეალს გამოხატავს, რომ ბავშვები უნდა მიიღონ  იმის გამო, რასაც ისინი თავისთავად წარმოადგნენ და არა იმის საფუძველზე, თუ როგორ ესადაგებიან ისინი სოციუმში მიღებულ ნორმებს.

კით ჰარინგი - “ნაყოფიერება” ・Keith Haring - “Fertility”



ყოველდღიური სცენებსა და სიტუაციებზე შექმნილ კით ჰარინგის გვიანდელ ნამუშევრებში დედის ხატი, ორსული პერსონაჟები და ჩვილი ბავშვებიც იჩენს თავს, რაც ხშირ შემთხვევაში ბედნიერებასა და სიყვარულს აზიარებს. ფერწერული ნამუშევრის გარდა, კით ჰარინგმა 1987 წელს დედის სკულპტურა მის გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე შექმნა. ეს კონკრეტული ნამუშევარი მისი The Fertility სერიის ნაწილია, რომელიც ნაყოფიერებასა და დაბადებას ზეიმობს.


ენდი უორჰოლი -  “ჯულია უორჰოლა” ・Andy Warhol - “Julia Warhola”



უამრავ არტისტს შორის, რომლის შთაგონების წყაროც დედა გამხდარა და უამრავ საკულტო პორტრეტს შორის, რომელიც ხელოვან ენდი უორჰოლს შეუქმნია, ერთ-ერთი განსაკუთრებული მაინც დედამისის - ჯულია უორჰოლას პორტრეტია, რომელიც ხელოვანმა დედის გარდაცვალების შემდეგ შექმნა. 1974 წელს შექმნილი “Julia Warhola” უორჰოლის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და სენსიტიური ნამუშევარია.