საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებზე, იქნება ეს ეთიკური, ეკომეგობრული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული მიზეზებით. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თბილისში სულ რამდენიმე კაფეში ჰქონდათ ვეგანური მენიუ, დღეს კი უფრო ხშირად იხსნება საკვები ობიექტები, რომლებიც უარს ამბობენ ხორცის გამოყენებაზე.
გთავაზობთ კაფეებს, სადაც ვეგანური კერძების მრავალფეროვანი არჩევანია და კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ იმაში, რომ გემრიელი კერძების მომზადება ცხოველური პროდუქციის გარეშეც შესაძლებელია.
Jekuna
მისამართი: ლეო ქიაჩელის 12
სულ ცოტა ხნის წინ გახსნილი “ჯეკუნას” სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი ჯეკფრუტია, ტროპიკული ხილი, რომელიც მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით და ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
“ჯეკუნაში” შეგიძლიათ მიირთვათ სენდვიჩების, ბურგერებისა თუ ნაგეტსების ვეგანური და ვეგეტარიანული ალტერნატივები. კერძებში მთავარ ინგრედიენტს სწორედ ჯეკფრუტი წარმოადგენს. გარდა ამისა, კაფეში მზადდება აზიური სამზარეულოთი შთაგონებული ბოულები.
Living Vino
მისამართი: ნატო ვაჩნაძის 7
Living Vino ნატურალურ, ადგილობრივი წარმოების ღვინოებსა და ვეგანურ კერძებს უხამებს ერთმანეთს. გარდა რესტორნისა, Living Vino-ს საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქცია აქვს შეთავსებული და სტუმრებს ღვინის სკოლასა და სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს.
Maison Du Soleil
მისამართი: მარი ბროსეს 3
Maison Du soleil პატარა საფუნთუშეა, რომელშიც ვეგანური პური, ხილისა და ბოსტნეულის მაფინები და სხვადასხვა ხილის უგლუტენო ნამცხვრები მზადდება. გარდა ამისა, საფუნთუშეში შეგიძლიათ შეიძინოთ ძალიან გემრიელი პესტო და კომბუჩა.
Muhudo
მისამართი: მ.ზანდუკელის 2
“მუხუდო” შეიძლება თბილისის პატარა საიდუმლოდ მივიჩნიოთ, რომლის შესახებაც თუ არ გსმენია, შემთხვევით ვერ მიაგნებ, თუმცა პირველივე სტუმრობის შემდეგ უსაყვარლეს ადგილად გადაიქცევა. ქალაქის ცენტრში მდებარე ძალიან პატარა და მყუდრო კაფე, უგემრიელეს ფალაფელის ვრეპებსა და ნატურალურ წვენებს გვთავაზობს.
Fala Bar
მისამართი: ს. ჩიქოვანის 6
“ფალა-ბარის” მიზანია, კლიენტებისათვის სწრაფი კვების ჯანსაღი, ვეგანური ალტერნატივის შეთავაზება. მუხუდოს მსგავსად, “ფალა-ბარიც” ფალაფელისგან მომზადებულ რამდენიმე კერძს გვთავაზობს. გარდა ამისა, კაფეში მზადდება ძალიან გემრიელი ჰუმუსიც.
Namu
მისამართი: შალვა დადიანის 30
“ნამუს” კონცეფცია ერთდროულად ვეგანურ სამზარეულოსა და ჯანსაღ კვებას აერთიანებს. გარდა მრავალფეროვანი ძირითადი კერძებისა, მათ მენიუში აღსანიშნავია ვეგანური, ჯანსაღი დესერტების ძალიან ფართო არჩევანი. კაფეს აქვს ეკომეგობრული მიდგომები, “ნამუში” შეგიძლიათ შეიძინოთ მეორადი ნივთები და ნაჭრის შოპინგ-ჩანთები. კაფეში ხშირად ეწყობა ვეგანურ და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული მასტერკლასებიც.
Vegan Place
მისამართი: ე. ტატიშვილის 8
Vegan Place რამდენიმე სახეობის სუპსა და ბოულს ამზადებს. გარდა ამისა, კაფეში შესაძლებელია სხვადასხვა ხილის სმუზისა და დესერტების შეძენა. თუ კაფეში შეძენილი სმუზის ბოთლს უკან დააბრუნებთ, საჩუქრად ახალ სმუზის მიიღებთ.
Mama Terra - Veggie Corner
მისამართი: პ. ინგოროყვას 20
Mama Terra ქართული, მექსიკური და ახლო აღმოსავლური სამზარეულოს ძალიან საინტერესო სინთეზს გვთავაზობს, აქვთ როგორც ვეგანური, ასევე ვეგეტარიანული კერძები, Mama Terra-ში შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის ყავის, ჩაისა და კომბუჩას შეძენა.
Kiwi Vegan Café
მისამართი: ი. მაჩაბელის 6
“კივი” პირველი ვეგანური კაფეა, რომელიც თბილისში გაიხსნა. ის მრავალფეროვანი მენიუთი და დაბალი ფასებით გამოირჩევა. “კივი” არა მხოლოდ კაფე, არამედ სოციალური სივრცეცაა, სადაც სრულიად უფასოდაა შესაძლებელი შეხვედრების მოწყობა. კივის დამფუძნებლების მიზანი თავიდანვე ვეგანური კერძებისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო, რასაც უკვე ხუთ წელზე მეტია წარმატებით ართმევენ თავს.
Hemsy
“ხემსი” კიდევ ერთი საკვები ობიექტია, რომელიც სწრაფი კვების ჯანსაღ, ვეგანურ და ვეგეტარიანულ ალტერნატივას გვთავაზობს. ხემსის მენიუში შეგხვდებათ - ევროპული, აზიური, ახლო აღმოსავლური და მექსიკური სამზარეულოთი შთაგონებული კერძები. გარდა ამისა, “ხემსის” მიერ გამოყენებული მასალების 80% ბიოდეგრადირებადია, აქ ვერ შეხვდებით ერთჯერად ჭურჭელსა და პლასტმასის საწრუპებს.
დაწერე კომენტარი