ანა ჩუბინიძე ქართველი ილუსტრატორი და ანიმატორია, რომლის პირველი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი “ჯიბის კაცი” პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში 150 საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი. “ჯიბის კაცი” ქართულ-ფრანგული ანიმაციური კოპროდუქციაა, რომელსაც 2017 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა. ანას ჯადოსნური სამყარო და მისი პერსონაჟები სხვადასხვა თავგადასავლების ფონზე იბადებიან, თითოეულს განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიკა ახასიათებს. მრავალფეროვანი მასალით - საღებავებით, თიხით, პლასტელინით თუ ხით შექმნილი მთავარი გმირები ანას შემოქმედების ხელწერის მნიშვნელოვანი ნაწილია. “ჯიბის კაცის” დიდი წარმატების შემდეგ ანამ ანიმაციური სტუდია დააარსა, სადაც გუნდის წევრებთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობს. თუმცა გარდა ანიმაციური ფილმებისა, “ჯიბის სტუდიაში” სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები და ვორქშოფებიც ტარდება, სადაც როგორც ბავშვებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. 

Hammock Magazine-თან ინტერვიუში ანამ მისი ჯადოსნური სამყაროს და “ჯიბის სტუდიის” სამომავლო გეგმების შესახებ მრავალი საინტერესო დეტალი გაგვიზიარა. 

ანა, მოგვიყევი, რა გზა გაიარე და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდი ანიმაციის სფეროში? 

ანიმაციის ჯადოსნური სამყარო ბავშვობიდან მიზიდავდა. ბებოს დამსახურებით სამი წლიდან მოყოლებული ვხატავ. ზაზა კობახიძის სტუდიაშიც მისი ინიციატივით მოვხვდი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. მან მასწავლა და შემაყვარა ის, რასაც დღეს ვაკეთებ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ვაჩერებდი კადრებს და სხვადასხვა პერსონაჟებს ვიხატავდი. განსაკუთრებით Stop Motion ანიმაციით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა მისი გადაღების საიდუმლო ბავშვობაში ვერ ამოვხსენი. შემდეგ არქიტექტურის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, მაგრამ პარალელურად გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა, სადაც უკვე სხვადასხვა ისტორიების შექმნამ გამიტაცა. სულ მინდოდა თავადაც შემექმნა წიგნი საკუთარი გამოგონილი პერსონაჟებით. ვეძებდი სხვადასხვა შესაძლებლობას რომ ჩემი იდეებისთვის ხორცი შემესხა და ასეც მოხდა ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გამარჯვების შემდეგ. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან მაშინ ერთ-ერთი გამოუცდელი რეჟისორი ვიყავი, რომლის პროექტიც ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა. ქართული კინოსტუდიის, “კვალი XXI”-ის, ფრანგული ანიმაციური სტუდიის, “ფოლიმაჟისა” და ტელეკომპანია  Canal+-ის დაინტერესების შემდეგ უშუალოდ ფილმზე მუშაობის დროს უკვე ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება ეს მინდოდა მეკეთებინა და დღესაც ასე ვარ. 
შენი პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს?

ბავშვობაში თოჯინების სახლი მქონდა, რომელიც ჩემს მთავარ დეკორაციად ვაქციე და ჩემივე შექმნილი პერსონაჟებით სხვადასხვა ანიმაციებს ვიღებდი. კონკრეტული ნამუშევარი არ მაფიქრდება, თუმცა მახსოვს, მე და ჩემი ძმა ხელზე ნახატი გმირებით სხვადასხვა ისტორიებს ვიგონებდით, რომლითაც ანიმაციური სერიალიც კი გადავიღეთ. 




რა არის შენი შთაგონების ძირითადი წყარო, რომლითაც საბავშვო ესთეტიკის პერსონაჟებს ქმნი?

ადრე ჩემი შთაგონების წყარო საკუთარ თავგადასავლებს უკავშირდებოდა, თუმცა დღეს, რადგანაც ყველანი მოკლებული ვართ მსგავს გამოცდილებას, უფრო ნანახი ფილმები, მოსმენილი ისტორიები, წიგნები და ადამიანები არიან. ხატვისას საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას ვანიჭებ და ვიტყოდი, რომ ყველაფრისგან ვიღებ შთაგონებას, ნებისმიერმა პატარა დეტალმაც კი შეიძლება რაღაც იდეა გააჩინოს და შემდეგ ამაზე დავიწყო მუშაობა. 




გაქვს თუ არა რაიმე რიტუალი, სანამ ხატვას შეუდგები? 

არ მიყვარს არეული სამუშაო გარემო, ამიტომ სანამ რაიმე იდეაზე დავიწყებ მუშაობას ან ხატვას შევუდგები, ყოველთვის გულმოდგინებით ვალაგებ. ეს პროცესი ხშირად იწელება, თუმცა ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, არ ვისტრესები, პირიქით, მშვიდად ვარ და ვფიქრობ, რას გავაკეთებ, როდესაც ხელში ფანქარს და ფურცელს ავიღებ. 



გამორჩეულია შენი ვიზუალური თხრობის სტილი, რომელსაც ინდივიდუალური ხელწერა ახასიათებს, როგორ იქმნება შენი პერსონაჟები?

ზოგადად, ძალიან მიყვარს რაღაცების ხელით კეთება, იქნება ეს ძერწვა, ხატვა, ფურცლებთან და ქსოვილებთან შეხება თუ სხვა რამ. რა თქმა უნდა, კომპიუტერთანაც ვმუშაობ, იქ მიწევს დამუშავება და წიგნის დიზაინის შექმნა, თუმცა უშუალოდ პერსონაჟებზე ხელით მიყვარს მუშაობა. ალბათ ეს გამოარჩევს ჩემს პერსონაჟებსაც, ყველა გმირს ეტყობ, რომ ხელით არის შესრულებული, ნამდვილი საღებავის, თიხის ან ქსოვილის ფაქტურა აქვს. სიმართლე რომ ვთქვა, თავად ვერც აღვიქვამ, რომ ჩემს შემოქმედებაში რაღაც სტილი ან ხელწერა იკვეთება, თუმცა ალბათ ხელით მუშაობა თავისებურ ხასიათს ქმნის და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 




“ჯიბის კაცი” შენი პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიყევი, რა ისტორია იმალება ამ წარმატებული პროექტის უკან…

“ჯიბის კაცის” მთავარი გმირი სრულიად შემთხვევით არტისტ ლუკა ცეცხლაძის ჩანახატებში აღმოვაჩინე, მაშინვე მომეწონა და გადავწყვიტე, მისი პატარა ქანდაკება გამეკეთებინა. ძველი თბილისის ქუჩებში ვასეირნებდი დროდადრო და ფოტოებს ვუღებდი, რის შემდეგაც დავფიქრიდი იმაზე, თუ რა საინტერესო იქნებოდა ასეთი პატარა გმირის ცხოვრება. თავდაპირველად მის საცხოვრებელ სივრცედ ჩემოდანი მოვიაზრე, მერე ვიფიქრე, რომ როგორც ყველას, ისე ამ პერსონაჟსაც სჭირდებოდა მეგობარი და გადავწყვიტე ამ პატარა კაცუნასა და დიდ უსინათლო მოხუცს შორის იდეალური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, ისეთი, რომლითაც ისინი რაღაც დანაკლისს ერთმანეთით შეივსებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ “ჯიბის კაცი” ჩემი პირველი ფილმი იყო, თავიდანვე კონცენტრირებული ვიყავი გამოცდილების მიღებაზე, მინდოდა, სრულად შემესწავლა როგორ კეთდება მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რეჟისურა, სცენარის წერა თუ კადრირება. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა, რომ ამ ანიმაციას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, ბავშვებსაც ძალიან შეუყვარდათ ეს პერსონაჟი, რამაც დიდი სტიმული მომცა უფრო მეტი ახალი და საინტერესო ფილმები გადავიღო. 




“ჯიბის კაცი” 150 ფესტივალზე იყო წარდგენილი და 185 კინოთეატრში უჩვენეს, 2017 წელს კი 19 ჯილდო მოიპოვა. უფრო ვრცლად მოგვიყევი “ჯიბის კაცის” საფესტივალო ცხოვრების შესახებ…  

მას შემდეგ, რაც ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გავიმარჯვე, შესაძლებლობა მომეცა “ჯიბის კაცი” ანესის ანიმაციის საერთაშორისო  ფესტივალზე წარმედგინა, სადაც უკვე ფრანგული ანიმაციის სტუდია “ფოლიმაჟი” და ტელეკომპანია Canal+ დაინტერესდა. ამის შემდეგ უშუალოდ ფილმზე მუშაობა “ფოლიმაჟისა” და კინოსტუდია “კვალი XXI” -ის თანამშრომლობით დაიწყო. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ის მოვლენა, რომ ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში International Children’s Film Festival-ზე გაიმართა, სადაც უამრავმა ადამიანმა, რეჟისორმა, სცენარისტმა თუ ილუსტრატორმა ნახა ჩემი ნამუშევარი. ჩემთვის ყველა პრიზი ძალიან სასიხარულოა, განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ბევრი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი Montreal International Children’s Film Festival-ის პრიზები გახდა, რადგან ეს “ჯიბის კაცის” პირველ წარმატებულ ასპარეზთანაა დაკავშირებული. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მივიღე Hiroshima International Animation Festival-ზე, სადაც “ჯიბის კაცი” საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა. ეს წარმატება, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ამავდროულად, მეტი პასუხისმგებლობა და მოტივაციაც გააჩინა.



ამ ყველაფერს კი საბოლოოდ “ჯიბის სტუდიის” დაფუძნება მოჰყვა…

სტუდიის დაფუძნების იდეა მე და ჩემს მეგობარს, ელენე ჭიჭაშვილს “ჯიბის კაცზე” მუშაობის პროცესშივე დაგვებადა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან Stop Motion სტუდია არ არსებობს, ვიფიქრეთ, საინტერესო იქნებოდა და, ამავდროულად, გამოსადეგი მსგავსი სტუდიის არსებობა. თუმცა დაარსების მომენტიდან ბევრი სირთულე გაჩნდა, რადგან ამგვარი ტიპის სტუდიას კარგი ტექნიკური აღჭურვილობა და ბევრი პროფესიონალი სჭირდება. ჯერჯერობით ისევ co-production-ის მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს ბოლომდე გავმართოთ სტუდია. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ ისევ “ფოლიმაჟთან” და ვიღებთ ახალ ანიმაციას, “ფრენცის სასადილოს”, რომელიც დიდი ალბათობით უკვე ზაფხულში იქნება მზად. ამასთან, სტუდიაში თავად ვქმნით ანიმაციისთვის საჭირო ყველა დეტალს, ფონებს, თოჯინებს, დეკორაციებს, რაც დიდ მოწონებასაც იმსახურებს. რეგულაციების მოხსნის შემდეგ გვინდა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ვორქშოფების სერიები და ბავშვებისთვის ისევ გავმართოთ საგანმანათლებლო ღონისძიებები. ვგეგმავთ, ასევე გამოფენებსაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება უკეთ გაიგოს, თუ როგორია ანიმაციის შექმნის პროცესი. დღეს “ჯიბის სტუდია” 5 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან ყველა ძალიან საინტერესო არტისტია.

ანა, მუშაობ ილუსტრირებულ წიგნებზეც, რით განსხვავდება წიგნში მოთხრობილი ამბავი ანიმაციისგან?

წიგნში ამბის თხრობა, მიდგომები და მეთოდები სრულიად განსხვავდება იმისგან, რისი შესაძლებლობაც ანიმაციას აქვს. ერთი და იგივე ისტორიაც კი სხვადასხვანაირი სახით უნდა მოჰყვე, თუნდაც იმიტომ, რომ წიგნს ტექსტუალური მხარე ეხმარება, ანიმაციაში კი მუსიკალური კომპონენტები გვაქვს, რასაც წიგნში ვერ გამოვიყენებთ. ჯერჯერობით ჩემი ანიმაციები დიალოგის გარეშე, მხოლოდ სიუჟეტური განვითარებით და მუსიკალური ნაწარმოების დახმარებით იქმნება, რაც მას უფრო საყოველთაოსაც ხდის. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ამოცანებია გადასაჭრელი, ჩემთვის ამბის თხრობის და გამოსახვის ორივე ხერხი ძალიან სასიამოვნო პროცესს უკავშირდება. 




რომელიმე შენს საყვარელ პროექტს ხომ ვერ გამოარჩევდი?

“ფრენცის სასადილოს” გარდა, ამჟამად ასევე ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომლის იდეაც ჩემს შვილს დაებადა. New Look for Lion - ასე ჰქვია ამ ანიმაციას, რომელზეც გიორგი ავალიანთან ერთად ვმუშაობ და მიხარია, რომ ფილმი უკვე დასახელდა ანესის ფესტივალის რჩეულებს შორის. სცენარი გრძელთმიანი ლომის შესახებ ვითარდება, რომელიც მის შესაფერის ვარცხნილობას ეძებს. სესილი ხუთი წლის იყო, ამ იდეაზე თავისი ხელით პატარა წიგნი რომ გააკეთა და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ანიმაციად უნდა მექცია. დღეს ყველაზე განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ მაქვს და დიდი ენთუზიაზმით ველოდები მის დაწყებას. 



როგორ ფიქრობ, დღეს ციფრულ სამყაროში რა მნიშვნელობა შეიძინა ანიმაციამ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ბავშვების სწორი განვითარებისთვის?

დღეს იმდენი ანიმაცია იქმნება და იმდენნაირი ტექნიკა არსებობს, რთული გახდა ყველაფერი ერთმანეთს არ დაემსგავსოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა გზავნილს ატარებს კონკრეტული ანიმაცია და რამდენად საუბრობს ის ბავშვებისთვის რელევანტურ საკითხებზე. ამასთან, ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ იმ გავლენებზე, რაც ანიმაციის ნახვას შეიძლება მოჰყვეს. სამწუხაროდ, ზრდასრული ადამიანის სამყაროს ხედვები განსხვავდება ბავშვების აღქმისგან და გავლენებიც სხვადასხვანაირია. ხშირად ვაკვირდები ჩემს შვილს და მისი გადმოსახედიდან ვცდილობ დავინახო, კონკრეტული გზავნილები როგორ აღიქმება. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტექნიკურ თუ ვიზუალურ სიახლეებს ანიმაციაში, რაც მას უნიკალურს ხდის. ჩემთვის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი ყველაფერთან ერთად ასაკის ზღვარის არარსებობასთან მიდის, რაც, ვფიქრობ, ანიმაციას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. აუცილებლობაა, რომ ფილმი საინტერესო იყოს როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის და ამბავს ისე ჰყვებოდეს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი მოხიბლოს. 

დღეს რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი ანიმატორები ადგილობრივ სივრცეში? 

სამწუხაროდ, მაინც მოწყვეტილები ვართ გლობალურ სამყაროს და დანაკლისია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების, ფესტივალების თუ სტუდიების. ამასთან, დაფინანსების წყაროებიც ძალიან ცოტაა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კინოცენტრი ყოველწლიურად მაქსიმალურად ბევრ ანიმაციას უჭერს მხარს, ეს მაინც არ არის საკმარისი. განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიები დაინტერესდნენ ქართული ანიმაციების გაშუქებით. სხვა შემთხვევაში ამ პატარა ქვეყანაში რთული ხდება მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა და საკუთარი თავის განვითარება. ისე გამოდის, რომ ამ შეფასებების და აუდიტორიის გარეშე გამოწვევაა ახალი და საინტერესო პროექტების შექმნა, ამიტომ საკუთარი თავი მუდმივად ტონუსში უნდა გყავდეს. თუმცა, მეორე მხრივ, დადებითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, რადგან ჩვენთან იმის შესაძლებლობაა, რომ ანიმატორი ინდივიდუალური ხაზით განვითარდეს და საკუთარი ხელწერა შექმნას. 

რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდი მათ, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში განვითარებას? 

ერთადერთი რჩევა, რაც მაქვს ხოლმე ისაა, რომ მუდმივად ძიებაში იყვნენ და არ გაჩერდნენ. ამ სფეროში მნიშვნელოვანია სისტემატურად თვალი ადევნო ახალ ფილმებს, მონაწილეობა მიიღო ფესტივალებზე და კონკურსებზე. საქართველოში იმდენად ცოტა ადამიანი მოღვაწეობს ამ სფეროში, რომ ვფიქრობ, აუცილებელია ერთმანეთთან ახლოს ყოფნა. მე პირადად ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვპატიჟებ ხოლმე “ჯიბის სტუდიაში” და ვცდილობ, მათ გავუზიარო ჩემი ცოდნა. ეს დადებითი კონკურენცია უფრო დიდი სტიმულის მომცემია საბოლოო ჯამში. 



როგორია თქვენი და “ჯიბის სტუდიოს” სამომავლო გეგმები?

ამჟამად, “ფრენცის სასადილოზე” ვმუშაობთ “ფოლიმაჟსთან” ერთად, გადაღებები 15-დან იწყება. შემდეგ უკვე ვგეგმავ New Look for Lion-ზე მუშაობის დაწყებას და მინდა, რომ ეს პროექტი მთლიანად საქართველოში გადავიღო. საბოლოოდ, კი დიდი სურვილი მაქვს სრულმეტრაჟიან ფილმებამდე მივიდეთ ან სერიალამდე, რაც ნამდვილად მასშტაბური პროექტი იქნება. 

Le Petit Bonhomme de poche / The Pocket Man from Folimage on Vimeo.