ხელოვნება ინტერიერში – ეს ის მთავარი ჩანაფიქრი და იდეაა, რომლის ირგვლივაც ,,Window Project” და სტუდიო ,,ბრეივო“ გაერთიანდნენ. ხელოვნებისა და ინტერიერის დიზაინის შერწყმით მათ შექმნეს ერთობლივი პროექტი, რომელიც ხელოვნების მოყვარულებსა და შემოქმედებით ადამიანებს ხელოვნებასთან ყოველდღიური კონტაქტის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის იდეა ადამიანის ხელოვნებასთან დაახლოებას და მასთან ერთად თანაცხოვრებას გულისხმობს. ეს კი ხელოვნების მოყვარულებს საშუალებას მისცემს, რომ ესთეტიკურ ტკბობა არამხოლოდ მუზეუმებსა და გალერეებში, არამედ საკუთარ სახლშიც კი განიცადონ.
,,პროექტი ხორციელდება დახურული ღონისძიების ფარგლებში, გავაკეთეთ რამდენიმე წინასწარი ჩვენება კოლექციონერებისა და დიზაინის სამყაროს წარმომადგენლებისათვის. ამგვარად საზოგადოებას ვაჩვენეთ იდეალური მაგალითი - როგორ ვიცხოვროთ ხელოვნებასთან ერთად, და როგორ ვაქციოთ ჩვენი სახლი ხელოვნებად“, – ამბობს თამუნა ღვაბერიძე, ,,Windows project”-ის თანადამფუძნებელი.
სტუდია ,,ბრეივო“ წარმოადგენს ბიუროს, რომელიც ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაზე მუშაობს. ,,ბრეივოსა“ და ,,Window project”-ის ერთობლივი პროექტის შექმნის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა, მას შემდეგ, რაც სტუდიის დამფუძნებელი, ქსენია ბრეივო საქართველოს ესტუმრა და ,,Windows project”-თან ერთად სტუდიური ვიზიტები მოაწყო. პროექტში, რომელიც დიზაინერის სახლში, მოსკოვის გარეუბანში განხორციელდა, წარმოდგენილია ანანო ჯანაშიას, ალექსეი დუბინსკის, დავით ნათიძის, ლევან ჭელიძის, ლევან მინდიაშვილის, ლუკა ლაზარისა და შოთიკო აფციაურის ნამუშევრები.
დაწერე კომენტარი