მკვეთრი ფერების სიმრავლე, სიურეალისტური სამყარო, გამოგონილი პერსონაჟები და იუმორნარევი სიუჟეტები - ეს ისაა, რაც მხატვარ ლევან ამაშუკელის შემოქმედებას გამოარჩევს. პროფესიით ფერის კორექციის რეჟისორის უცნაურ სამყაროში ზღვარი რეალობასა და გამოგონილს შორის შეუმჩნეველია, ნამუშევრები სპონტანურად იქმნება, რომლებიც ხშირად ბევრჯერ ნანახი სიმბოლური ხატების, ობიექტებისა და სივრცეების დოგმატური გადააზრების, ერთგვარი ვიზუალური რეფლექსიის შედეგია.
ინტერვიუში ლევანმა ZMUDART-ზე, მის შემოქმედებასა და სამუშაო პროცესის თავისებურებებზე ისაუბრა.
ლევან, მოგვიყევი, როდის და როგორ აღმოაჩინე საკუთარი თავი მხატვრობაში?
ბავშვობაში სახლში უამრავი საღებავი და ფუნჯი გვქონდა, ტილოებს კი თავად ვქმნიდი. მახსოვს, ჩარჩოებზე ზეწრებს ვჭიმავდი და ჩემთვის საღებავებით ვთამაშობდი. ამ თამაშ-თამაშით და გართობით დავიწყე ხატვაც.
შენი პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს…
პირველი ნამუშევარი ფიროსმანზე შევქმენი, რომელსაც თავზე ქუდის ნაცვლად ქალაქი დავახურე.
როდის დაინტერესდი ციფრული ხელოვნებით და როგორ შეიქმნა ZMUDART?
2008 წელს გადმოვიწერე პროგრამა Artrage, რომელმაც ძალიან გამიტაცა. ზუსტად იმეორებდა ზეთის საღებავის ფაქტურას და მახსოვს, საოცარი გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ ჩემზე. ZMUDART-იც ამ პერიოდში გაჩნდა, როდესაც ციფრულად დავიწყე ხატვა. ამავე დროს გატაცებული ვიყავი ენდი კაუფმანის შემოქმედებით, რომლისთვისაც სცენარს ამერიკელი მწერალი, კომიკოსი, პროდიუსერი და რეჟისორი ბობ ზმუდა წერდა. ZMUDART-ის სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოიშვა და 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე ეს მიმართულება ჩემი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია.
რა არის შენთვის შემოქმედებითი მუხტის ყველაზე დიდი წყარო?
პერიოდებად არის დაყოფილი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა შთაგონების წყარო ჩნდება. წიგნები, მწერლები, სარკაზმი, იუმორი, ჭიანჭველაჭამია, ზღვა ყოველთვის და აბსურდი ჩვენ ირგვლივ.
შენს ნამუშევრებს მკვეთი ფერებისა და სხვადასხვაგვარი ფორმების სინთეზი ახასიათებს, რა მნიშვნელობა აქვს მათ ZMUDART-ის შემოქმედებაში?
ეს ყველაფერი პოპ-არტისა და გერმანული ექსპრესიონიზმის გავლენაა, თუმცა ჩემთან ხშირად “ზედმეტად ბევრი ფერები” გვხვდება, ხანდახან მეც რომ მებევრება.
არსებობს თუ არა რაიმე სიმბოლური ხატები, რაც ხშირად მეორდება შენს ნამუშევრებში, როგორც შენი მუდმივი კვლევის არეალი?
საკუთარ თავს ვერ ვაიდენტიფიცირებ მკვლევარ არტისტებთან. უცნაური არსებები მიყვარს, რომლებიც თავის სხეულში არიან, მაგრამ თითქოს იმაზე ბევრად მეტს წარმოადგენენ და საკუთარ სხეულში თავს ტლანქად გრძნობენ. ასეთია ჩემთვის ჭიანჭველაჭამია, რომელიც ხშირად მეორდება ჩემს ნამუშევრებში.
Update N1 - ასე ერქვა შენს პირველ სოლო გამოფენას, რომელიც 2014 წელს მწერალთა სახლში შედგა. რისი თქმა გსურდა ამ გამოფენით…
ეს გამოფენა ხატებად დამკვიდრებული, ბევრჯერ ნანახი იმიჯის ახლებური წარმოდგენა იყო, რომელთა ვიზუალური განახლებაც სულ მინდოდა. ერთ-ერთი ილია ჭავჭავაძის სურათი იყო, რომელსაც ხელში სიგარეტი ეჭირა, უკან კი ფერადი შარავადედი ჰქონდა გარს შემორტყმული. შეიძლება ითქვას, რომ Update N1 ჩემთვის დოგმატურ გადააზრებას ჰგავდა.
არარეალური სამყარო და პერსონაჟები შენი შემოქმედების თანამდევია, სად გადის ზღვარი ნამდვილსა და გამოგონილს სამყაროს შორის?
ჩვენს გონებაში. ჩვენზეა დამოკიდებული ამ ზღვარს სად გავავლებთ და საერთოდ, გავავლებთ თუ არა. ჩემს შემთხვევაში, მგონი, სულ გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობ, რაც ძალიან მომწონს.
სიურეალისტური სამყაროს გმირების გარდა ZMUDART-ის შემოქმედებაში ნამდვილი ადამიანები - მხატვრები, მწერლები თუ სხვა პროფესიის წარმატებული ადამიანებიც ხშირად ჩნდებიან. რა არის შენი შთაგონების წყარო, როდესაც მსგავს ნამუშევარზე მუშაობ?
მომწონს მსგავს ადამიანებზე დაკვირვება და იმის გაგება, თუ რას აკეთებენ საკუთარი თავის შესაქმნელად ან შესანარჩუნებლად.
შენი მეორე სოლო გამოფენა უკვე სტრასბურგში, Council Of Europe's Art Club-ში 2016 წელს შედგა. ეს ალბათ განსხვავებული გამოცდილება იყო შენთვის...
მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა და სტრასბურგში, Council Of Europe’s Art Club-ში სოლო გამოფენა მექნებოდა. ასე ვთქვათ, დემოკრატიულ არჩევნებში მოვიგე. თვითონ ეს ფაქტი ძალიან საინტერესო და სასიხარულო იყო, გამოფენაზე 20-მდე პრინტი წარვადგინე, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა.
ArtUp Street Gallery-ის წევრი არტისტი ხარ, სადაც შენი გამოფენა “ჰომო ურბანუს” იყო წარმოდგენილი. მოგვიყევი ამბავი ამ ნამუშევრების მიღმა...
ზოგადად, ძალიან მომწონს ArtUp-ის პროექტი, ყოველთვის სიამოვნებით ვითანამშრომლებ მათთან. რაც შეეხება “ჰომო ურბანუსს” ის ბათუმსა და თბილისში იყო გამოფენილი, სადაც 4 ნამუშევარი წარმოვადგინე. ეს სერია შეჩერებულ ურბანულ ცხოვრებას ასახავდა, რაც პანდემიის დროს უფრო კარგად აღქმადი გახდა. ნამუშევრებში ისეთი იმიჯები და სივრცეები გვხვდება, რომლებთანაც ვიზუალურ დონეზე მუდმივი კონფრონტაცია გვაქვს, ზოგი მათგანი კი ჩვენს განწყობაშიც შემოდის. კორპუსები, ამწეები, ბილბორდები - მათ თითქოს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ თავად აქვთ დიდი გავლენა ჩვენზე. ეს არის ის ობიექტები, რომლებთან ერთადაც ერთ გარემოში თანავარსებობთ.
რა გხიბლავს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?
პროფესიით ფერის კორექციის რეჟისორი ვარ, ალბათ ამითაც არის განპირობებული ჩემი ფერების მიმართ რადიკალური დამოკიდებულება, თითქოს ბოლო ლიმიტამდე გამყავს მათი ერთმანეთთან შერწყმის შესაძლებლობა. მხატვრობაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ თავისუფალი ხარ ექსპერიმენტებისა და თვითგამოხატვისთვის.
როგორ დაუხასიათებდი შენს შემოქმედებას მას, ვისაც შენი ნამუშევრები არასდროს უნახავს?
სიურეალიზმი, პოპ-არტი, ციფრული კოლაჟი, ჭიანჭველაჭამია, ცუგები, ქვეცნობიერიდან მოსული ცხოველები, კამიუ, კაფკა, ბულგაკოვი, Radiohead, ენდი კაუფმანი, სარკაზმი, შავი იუმორი, შერეული ტექნიკა, გუაში, ფანქარი, აკვარელი - ეს ყველაფერი = ZMUDART-ს.
გაქვს რაიმე რჩევა მათთვის, ვინც ამ სფეროში ახლა იწყებს მუშაობას?
ჩემი რჩევა იქნება, რომ ავთენტურობა არ დაკარგონ და შეეცადონ, რაც შეიძლება ბევრი იმუშაონ, კოსმოსური ჭიანჭველაჭამიებივით შეისრუტონ იდეები და განხორციელება არ დაეზაროთ.
ამჟამად რაზე მუშაობ?
რაღაც პერიოდი ციფრულად ხატვას შევეშვი. ფანქარზე და შერეული ტექნიკით ხატვაზე გადავერთე. პროდუქტიული პერიოდი გამოდგა, რამდენიმე დიდი ფორმატის საინტერესო ნამუშევარი გავაკეთე, თუმცა ახლა ისევ ციფრულს დავუბრუნდი. ამჟამად ახალ სერიაზე ვმუშაობ, რომელშიც ფიროსმანის ნაივური პერსონაჟები სამყაროს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობენ.
დაწერე კომენტარი