„ჩემი მეგობარი ამბობდა ხოლმე: ქალებს ჩემში ის კაცი უყვართ, რომელიც არა ვარ“ - ენდი უორჰოლი ამ ფრაზას სიყვარულთან და ფანტაზიებთან მიმართებაში ხშირად ახსენებდა. იგი სიყვარულის ყველაზე დიდ სევდად, რომლისგანაც ადამიანები იტანჯებიან,  ფანტაზიებისა და მათ რეალობის გარდაუვალ დაპირისპირებას მიიჩნევდა. ფანტაზიით სიყვარული უკეთესია, ვიდრე რეალური, ხოლო ყველაზე საინტერესო ორ მხარეს შორის მიზიდულობაა, რომლებიც ერთმანეთს არასდროს ხვდებიან: „პრობლემების სათავე ადამიანების ფანტაზიებია. თუ ფანტაზიები არ გაქვთ, არც პრობლემა გექნებათ, რადგან თქვენ უბრალოდ იღებთ ყველაფერს, რაც გეძლევათ. მაგრამ, მაშინ რომანტიკაც არ გექნებოდათ, რადგან რომანტიკა თქვენივე ფანტაზიის პოვნაა იმ ადამიანებში, რომლებსაც რომანტიკა არ გააჩნიათ“. ნოსტალგიაც ფანტაზიის ერთ-ერთი ნაწილია - წარსულის რომანტიზებული ფანტაზია, რომელიც სურვილს ამძაფრებს.



ზოგადად, ენდი უორჰოლი სიყვარულისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. თუმცა, თუ მის ინტერვიუებსა და ჩანაწერებს გადავხედავთ, თავისებურად საინტერესო და წრფელი სიყვარულის კონცეფციასაც აღმოვაჩენთ, რომელიც საკმაოდ ღრმა და მგრძნობიარეა.



უორჰოლი, როგორც ჩანს, ბევრს ფიქრობდა სიყვარულის ემოციურ მდგომარეობაზე და იმ მოვლენებზე, რომლებიც ხშირად ახლავს ხოლმე მას: ქორწინებასა და სექსზე. მან თავის წიგნში - „ენდი უორჰოლის ფილოსოფიიდან“ სიყვარულის თემას სამი თავიც მიუძღვნა. 1983 წელს კი, გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, პრინტებიც შექმნა, რომელსაც უბრალოდ „სიყვარული“ დაარქვა. ამ პრინტებზე ორი ადამიანია გამოსახული, რომლებიც ნეონისფრად ანათებენ და ერთმანეთს ნაზად ეხებიან.



„ენდი უორჰოლის ფილოსოფია “ 1975 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნია. წიგნში უორჰოლი სიყვარულის თავისებურებების გარდა, რომანტიკულ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე, ერთგულებასა და ვნებაზე წერს. მისი აზრით, ბავშვებმა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში უნდა ისწავლონ, რომ სიყვარული სრულყოფილი და იდეალური არ არის. ადრეულ ასაკში სიყვარულზე მიღებული განათლება, ახალგაზრდებს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებში მოგვიანებით ნაკლებ იმედგაცრუებებს მოუტანს: „[უნდა] ასწავლონ ბავშვებს, რომ ურთიერთობა მხოლოდ მზის სხივები და ვარდები არ არის“. უორჰოლი იმედოვნებდა, რომ ასეთი სწავლებით მისი პერიოდისთვის დამახასიათებელი ურთიერთობების ნამდვილი სახე გამოჩნდებოდა, რომლებიც იდეალურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი აზრით, ბავშვებს უნდა სცოდნოდათ, რომ ფილმებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში ნაჩვენებ გრძნობებს, რეალურ ცხოვრებასთან ნამდვილი კავშირი არ ჰქონდა: „და მაინც, სექსი ეკრანსა და წიგნის ფურცლებს შორის უფრო საინტერესოა, ვიდრე საწოლში“. ვინმეს ბავშვებისთვის უნდა ეთქვა, თუ რაზეა რეალურად სიყვარული: მუდმივი აღმასვლა და დაღმასვლა, ცვალებადი ქიმია. 



უორჰოლი სპონტანური ვნების მომხრე იყო, რომელიც მიზეზსა და წინასწარ გეგმების დაწყობას უგულებელყოფდა: „ადამიანებს ერთმანეთი დახუჭული თვალებით უნდა უყვარდებოდეთ“, - ამბობდა ის, და ალბათ გულისხმობდა, რომ ადამიანებმა წინასწარ არ უნდა განსაზღვრონ, ვინ ან რატომ უნდა უყვარდეთ, არამედ ამ პროცესში ინსტინქტურად უნდა ჩაერთონ და ჯანსაღად უნდა შეხედონ დაშორებასაც.



უორჰოლი არასდროს დაქორწინებულა. მისი ერთადერთი „მეუღლე“, როგორც თვითონ ხუმრობდა, მისი ხმის ჩამწერი აპარატი იყო, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა და დაუნთაუნში შემხვედრ საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუებს იწერდა. უორჰოლს ახსენებდა აგრეთვე თავის რომანტიკულ ურთიერთობას ქალთან, რომელსაც „ტელეფონის მეგობარს“ ეძახდა და რომელთანაც, მისივე თქმით, ექვსწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ტელეფონით, ისე რომ წყვილი ერთმანეთს პირადად არ ნახულობდა. უორჰოლი ამ მდგომარეობას „ჯანსაღ დისტანციას“ უწოდებდა: „მე ტელეფონის მეგობარი მყავს. ექვსი წელია ტელეფონით გვაქვს ურთიერთობა. მე აფთაუნში ვცხოვრობ, ის - დაუნთაუნში. შესანიშნავად არის მოწყობილი, ყოველ დილით ერთად ვსაუზმობთ, როგორც ბედნიერი წყვილი. მე აფთაუნში ვარ სამზარეულოში, პიტნის ჩაის ვიმზადებ და მშრალ, საშუალოდ შავი შოკოლადის ინგლისურ მაფინს ვაყოლებ მარმელადით, ის კი დაუნთაუნში კაფეს წინ ელოდება, როდის გამოაწვდიან მსუბუქ ყავას და ტოსტის როლის თაფლითა და კარაქით. იქამდე კი მზიანი დილა ტელეფონით ლაპარაკში გაგვყავს, გასვლაც შეგვიძლია და გართობაც - სადაც მოგვინდება. ბავშვებზე სანერვიულო არ გვაქვს, ჩვენ ერთმანეთის გვესმის“.



უორჰოლი თვლიდა, რომ ურთიერთობაში დრო საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოთ. მხოლოდ ამგვარად თუ გაუძლებდა გრძნობა ვნების მიღმა ფაზებს ურთიერთობაში: „ყველაზე დიდი საფასური, რასაც ურთიერთობისთვის იხდი, არის ის, რომ მუდმივად ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით, მხოლოდ შენთვის ვერ იქნები, მარტო ყოფნა კი ბევრად უკეთესია... ყველაზე დიდი ნაკლი ის აქვს, რომ საწოლში ადგილი არ გრჩებათ. შინაური ცხოველიც კი ადგილს იკავებს საძინებელში“.



თავის წიგნში ის დედის სიტყვებს იხსენებს, რომელიც ეუბნებოდა, რომ სიყვარულზე კი არ უნდა ედარდა, აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო. უორჰოლი სულაც არ ფიქრობდა, რომ მარტო ყოფნა უიღბლობა ან უბედურება იყო. პირიქით, მას ეს მდგომარეობა მოსწონდა. იგი ირონიულად შენიშნავს, რომ დაქორწინებული წყვილი ისე ბედნიერად გამოიყურება, თითქოს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდეს, თუ ბედმა არ გაგიღიმათ და ქმარი ან ცოლი არ გყავთ: „მარტოხელებს ქორწინება მიმზიდველად ეჩვენებოდათ, სოციალური მდგომარეობაც მშვენიერი ჩანდა, სექსიც ყოველთვის იგულისხმებოდა, რომ ავტომატურად გადასარევი უნდა ჰქონოდათ - ვერავის შეეძლო შესაფერისი სიტყვებით მისი გადმოცემა, იმიტომ რომ „თავად უნდა გეგრძნო“, რომ მიმხვდარიყავი რა კარგია. ეს ლამის უკვე დაოჯახებული წყვილების შეთქმულებას ჰგავდა; არ ამხელდნენ, რომ ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი დაოჯახებული იყო ან სექსი გქონდეს. რამდენ დაუქორწინებელ ადამიანს აარიდებდნენ საფიქრალს, გულწრფელები რომ ყოფილიყვნენ“.



უორჰოლს აინტერესებდა, იყო თუ არა შესაძლებელი ისეთი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც სამუდამოდ გრძელდება. მას ეს ფიქრი ბავშვობიდან მოყოლებული აწუხებდა. უორჰოლი წერდა: „თუ 30 წელია დაქორწინებული ხარ და იმ ერთადერთს ვინც გიყვარს, საუზმეს უმზადებ, ოთახში შემოსვლისას მართლა უჩქარდება გულისცემა შენს დანახვაზე? ...მგონი, გულისცემა საუზმის დანახვაზე უჩქარდება და ესეც კარგია. კარგია, როცა შენთვის გამზადებული საუზმე გხვდება“.



და მაინც, იგი იმ აზრზე რჩება, რომ დისტანციური სიყვარული უფრო მწველი და მიმზიდველია, რომელიც გრძნობებს აორმაგებს: „ომის თემატიკაზე ძველი ფილმების ყურებისას, ყოველთვის მხიბლავდა ასეთი სცენა: როდესაც დანიშნული გოგონები ოკეანის გადაღმა საქმროებს ტელეფონით ელაპარაკებიან და ეუბნებიან - „მესმის შენი, ძვირფასო!“. ყოველთვის გავიფიქრებდი, რა მშვენიერი იქნებოდა, თუ ისინი უბრალოდ ასე დარჩებოდნენ, ისეთი ბედნიერები იქნებოდნენ. თუმცა მგონი, თვეში ერთხელ მონახულება მაინც არ აწყენდათ“. 



უორჰოლი თვლის, რომ მდგრადი, მოსიყვარულე ურთიერთობის შესანარჩუნებლად ნაკლები თვითგვემაა საჭირო: „სასიყვარულო ურთიერთობებში თავით მეტისმეტად ეშვებიან, ის კი ამად ნამდვილად არ ღირს. მაგრამ, თუ რაიმე მიზეზით გგონიათ, რომ ის ამად ღირს, მას ზუსტად იმდენი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ - რამდენსაც თქვენი პარტნიორი უთმობს“.