დღეს წლის ყველაზე რომანტიკული დღეა - ვალენტინობა. არა აქვს მნიშვნელობა ამ დღეს მარტო ხვდებით თუ პარტნიორთან ერთად, სადღესასწაულო განწყობა ყოველთვის სასიამოვნოა. გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც ვალენტინობისთვის რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით. 

Casablanca



1942 წელს გადაღებული მაიკლ კურტისის “კასაბლანკა”, ერთდროულად ომის, სიყვარულის და სწორი გადაწყვეტილების მიღების ამბავს გვიყვება. “კასაბლანკა” კინოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილმად ითვლება. კინემატოგრაფიაში გვხვდება სიუჟეტები, სადაც საკუთარი ბედნიერების გამო სხვებს მარტივად ივიწყებენ, “კასაბლანკა” კი გვახსენებს, რომ ნამდვილი სიყვარული ხშირად დათმობაზე წასვლა და სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა.


Gone With The Wind



“ქარწაღებულნი” ამერიკული კინოისტორიის კლასიკად მიიჩნევა. ფილმი სამოქალაქო ომის დროს ვითარდება და სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ გვიყვება. 

Roman Holiday



ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელსაც “რომაული არდადეგები" არ უნახავს, ფილმი იმდენად პოპულარულია, რომ ზოგიერთი სცენა შეიძლება ზეპირადაც კი გახსოვდეთ, თუმცა თუ კიდევ ერთხელ ნახვას გეგმავთ, ვალენტინობა საუკეთესო დღეა ამისთვის. 

Baisers volés



მოპარული კოცნები” კარიერულად წარუმატებელი ანტუან დუანელის და მევიოლინე კრისტინის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ფონად მიჰყვება ანტუანის უცნაური სამსახურების ისტორიებს. ფილმის მსუბუქი და ხშირად ირონიული თხრობის მანერა მარტივად ახერხებს მაყურებლის მოხიბვლას. 

Pierrot Le Fou



ფილმი "დაქორწინებული" კაცის და ახალგაზრდა ქალის სიყვარულის ისტორიას გვიყვება.
“შეშლილ პიეროში” ყველაფერია, რამაც შეიძლება ფილმი საინტერესო გახადოს - აკრძალული სიყვარულის ისტორია, კრიმინალური დაპირისპირებები და ძალიან დინამიკური სიუჟეტი. 

La Piscine



“აუზი” ფსიქოლოგიური თრილერია ალენ დელონისა და რომი შნაიდერის მონაწილეობით. მოქმედება ვილაზე ვითარდება, მთავარი პერსონაჟები შეყვარებულები არიან, რომლებიც ვილაზე ისვენებენ. ფილმს გამოარჩევს მსახიობების საოცრად ბუნებრივი თამაში, რაც სავარაუდოდ  განპირობებულია იმით, რომ  “აუზის” გადაღებისას დელონი და შნაიდერი რეალურ ცხოვრებაშიც წყვილი იყვნენ.

Romeo+Juliet



“რომეო+ჯულიეტა” შექსპირის ტრაგედიის ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტაციაა, ისტორია თანამედროვე რეალობაშია გადმოტანილი, მიუხედავად ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტისა, ფილმის ესთეტიკა, მუსიკალური გაფორმება და თეატრალიზებული სცენები აუცილებლად შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას.


Pride and Prejudice



“სიამაყე და ცრურწმენა” სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ისტორიას გვიყვება. მოქმედება ხუთი ძალიან განსხვავებული დის გარშემო ვითარდება, თუ გიყვართ კოსტიუმირებული ფილმები და ვიქტორიანული ხანის ისტორიები, ეს ფილმი აუცილებლად მოგეწონებათ



You’ve Got Mail



“თქვენთვის წერილია” ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ფილმია სიყვარულზე. ისტორია ქალისა და კაცის გარშემო ვითარდება, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის მტრები არიან, თუმცა ვირტუალურ სამყაროში მეგობრობენ და თანდათან ერთმანეთი უყვარდებათ. 90-იანი წლების ბოლოს გამოსული სხვა რომანტიკული კომედიების მსგავსად, “თქვენთვის წერილიაც” გამოირჩევა ვარსკვლავური სამსახიობო დასითა და ძალიან კარგი იუმორით. 


Before Sunrise, Before Sunset, Before Midnight





რიჩარდ ლიკლეიტერის ტრილოგია წყვილის ისტორიას გვიყვება, ყოველ ფილმში ვხედავთ მათ ერთ დღეს. “ მზის ამოსვლამდე” გვიჩვენებს როგორ უყვარდებათ მთავარ გმირებს ერთმანეთი, “მზის ჩასვლამდე” პირველი ფილმის ბოლოს დატოვებულ კითხვებზე გვცემს პასუხებს, უკანასკნელ ფილმში კი ვხედავთ, თუ როგორია სიყვარული მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ. სამივე ფილმი გადაღებულია ძალიან საინტერესო ტექნიკით, პერსონაჟების მოძრაობისას იცვლება კამერის რაკურსი, ქუჩის სცენებში კარგად ისმის ფონური ხმაური, რაც საბოლოო ჯამში ფილმებს დოკუმენტურ ელფერს სძენს და ისტორიას ძალიან ავთენტურსა და რეალისტურს ხდის.

La La Land



“ლა ლა ლენდი” მიუზიკლია, რომელიც ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობის მთელ ისტორიას გვიყვება. მთავარი გმირები მეოცნებეები არიან, რომლებიც ლოს-ანჯელესში სწორედ ოცნებების ასახდენად ცხოვრობენ. ფილმს ახასიათებს ძალიან საინტერესო თხრობის სტილი, ფილმში ხშირად იცვლება ფერთა პალიტრა და ამინდი, მთავარი გმირების ემოციური მდგომარეობის შესაბამისად. “ლა ლა ლენდის” მუსიკალური ნომრები, ლამაზი სცენები და სასიამოვნო ისტორია აუცილებლად დაგაყენებთ რომანტიკულ განწყობაზე. 

Buffalo 66



ფილმი კინოში საკმაოდ ხშირად გამოყენებულ სიუჟეტს გვიყვება, ქალი და კაცი თავს ახალდაქორწინებულ წყვილად ასაღებენ, შემდეგ კი ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა გამორჩეული ვიზუალი და ფონად მიმდინარე ისტორიები ფილმს ძალიან საინტერესოს ხდის. 

Love, Simon



კინოს ისტორიაში იშვიათია ერთნაირსქესიანი ადამიანების სიყვარულის ისტორიები კიდევ უფრო იშვიათია ასეთ ფილმებში ბედნიერი დასასრულები. “სიყვარულით. საიმონი” სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს, რომელიც მოზარდი ბიჭის “ქამინგ-აუთსა” და ჩვეულებრივ “თინეიჯერულ” პრობლემებზე გვიყვება ყოველგვარი ტრაგიკული დასასრულის, უარყოფისა და დრამატიზმის გარეშე. “სიყვარულით, საიმონი” გვიჩვენებს, რომ შენივე სქესის ადამიანის სიყვარული სრულიად ნორმალურია და ეს ურთიერთობა შეიძლება რომანტიკული კომედიის ჟანრში ჯდებოდეს.


About Time



ფილმის მთავარ გმირს, ტიმს, უცნაური უნარი აქვს, მას დროში მოგზაურობა შეუძლია. ის ამ უნარს სიყვარულის საპოვნელად იყენებს. “დროის შესახებ” განსხვავდება ტრადიციული რომანტიკული კომედიებისგან, აქ არ გვხვდება მთავარ პერსონაჟებს შორის განხეთქილებისა და დიდი შერიგების სცენები, ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, თუ როგორია მათი ურთიერთობა, როგორ უყვართ ერთმანეთი და რისთვის იყენებს ტიმი თავის ზებუნებრივ ძალას.


Brokeback Mountain




“კუზიანი მთა” ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია, მის გამოსვლამდე მეინსტრიმულ კინოში თითქმის არასდროს გვხვდებოდა ჰომოსექსუალური ურთიერთობები. თუ გსურთ ვალენტინობაზე სიყვარულის ძალიან ემოციურ ისტორიას უყუროთ, “კუზიანი მთა” საუკეთესო ვარიანტია.


Notting Hill



ნოტინგ ჰილი” გვარწმუნებს, რომ ერთმანეთი სრულიად განსხვავებულ ადამიანებსაც შეიძლება შეუყვარდეთ, ჯულია რობერტსის გმირი ცნობილი მსახიობია, ჰიუ გრანტის - წიგნების პატარა მაღაზიის მეპატრონე, თუმცა მათ მაინც უყვარდებათ ერთმანეთი. წყვილის ისტორიას ფონად ძალიან სასაცილო პერსონაჟები და სიტუაციები მიჰყვება. “ნოტინგ ჰილი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედიაა, რომელიც გამოსვლიდან 22 წლის შემდეგაც კი არ კარგავს იუმორს.

Only Lovers Left Alive



“მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან” ორი ვამპირის სიყვარულის ამბავს გვიჩვენებს თანამედროვე რეალობაში. ჯარმუშისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა და ძალიან საინტერესო თხრობის მანერა, ფილმს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.


Call Me By Your Name



“შენი სახელი დამიძახე” პირველი სიყვარულის, ზაფხულის არდადეგებისა და საკუთარი სექსუალობის აღმოჩენის და მასში გარკვევის ისტორიაა. მთავარი გმირები, ელიო და ოლივერი ერთმანეთს იტალიაში, ელიოს მშობლების საზაფხულო სახლში ხვდებიან. ზაფხულის გრძელი, უდარდელი დღეების ფონზე ბიჭებს ნელ-ნელა ერთმანეთი უყვარდებათ. ძალიან ლამაზი სცენები და მუსიკალური გაფორმება აუცილებლად შეგაყვარებთ ამ ფილმს და ვალენტინობის დღესასწაულის შესაფერის განწყობასაც შეგიქმნით.

In The Mood For Love



ვონგ კარ-ვაის ფილმი ორი მარტოსული ადამიანის ურთიერთობაზე გვიყვება, მოქმედება ჰონგ-კონგში ხდება, ფილმის ჩინური ესთეტიკა, ძალიან ლამაზი კადრები და მუსიკალური გაფორმება აუცილებლად დაგაყენებთ სასიყვარულო განწყობაზე.


Eternal Sunshine Of Spotless Mind



“ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” სიიყვარულის, როგორც სამუდამო გრძნობის ისტორიაა, ფილმი შეყვარებული წყვილის ისტორიას გვიყვება და გვარწმუნებს, რომ თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა სურს, მათ ხელს ვერაფერი შეუშლის. 

Her



“ის” ძალიან უცნაური სიყვარულის ისტორიაა, რომელშიც მარტოსულ და სევდიან მთავარ გმირს ხელოვნური ინტელექტი უყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ორი ადამიანის სიყვარულის ისტორიას არ ვუყურებთ, ხელოვნური ინტელექტისა და მთავარი პერსონაჟის საუბრები ძალიან ემოციური და საინტერესოა. 

Amour


“სიყვარული” მოხუცი წყვილის ძალიან ემოციურ ამბავს გვიყვება, მოქმედება პარიზში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძალიან სევდიანია, მთავარი გმირების ურთიერთობა გვარწმუნებს, რომ ნამდვილ სიყვარულს წლები ვერავის აკლებს. 

Carol



“ქეროლი” ორი ქალის სიყვარულზე გვიყვება. ფილმი გამოირჩევა ძალიან ლამაზი სცენებითა და კოსტიუმებით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება წინასაახალწლო პერიოდში ხდება, მთავარი გმირების სიყვარულის ისტორია მას ვალენტინობისთვის იდეალურ ფილმად აქცევს.


Frances Ha



"ფრენსის ჰა" არ არის რომანტიკული ფილმი, მეტიც, აქ პრაქტიკულად ვერ შეხვდებით სასიყვარულო ისტორიას. თუმცა, თუ ვალენტინობას მარტო ხვდებით და ამის გამო თავს ცუდად გრძნობთ, თუ სამყარო და გარშემომყოფები გაიძულებენ იფიქროთ, რომ ბედნიერება მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებშია, თუ გგონიათ, რომ უხერხული სიტუაციები, თქვენი ცხოვრევის მუდმივი თანმდევია ან უბრალოდ ვერ გარკვეულხართ საკუთარ თავში, ეს ფილმი თქვენთვისაა. "ფრენსის ჰა" იმ სევდანარევ გაურკვევლობაზე გვიყვება, რაც ახალგაზრდობას ახლავს თან. მთავარი გმირი ცდილობს, დამოუკიდებელად ცხოვრებას და ოცნებების ახდენას. ფილმის ბოლოს ვრწმუნდებით, რომ ხშირად ბედნიერება ძალიან მარტივ დეტალებშია, როგორიცაა - ხალხმრავალ ოთახში მეგობრისთვის გადახედვა, ახალი სახლის კართან საკუთარი სახელის დაწერა, ან უბრალოდ ქუჩაში სირბილი.