Window Project რუსთაველის 37-ში მდებარე საჯარო სახელოვნებო ვიტრინაში  გელა წულაძის ინსტალაციას - “Keep Camouflage”-ს წარმოგვიდგენს, რომელიც სერიის - ,,ვარიაცია სულებზე“ ერთგვარი გაგრძელებაა. გელა წულაძის ნამუშევრები დღევანდელობას ეხმიანება და აღწერს ადამიანებს, რომლებსაც თვითგადარჩენისათვის ორმაგად მეტი ძალისხმევის გამოყენება უწევთ იმ სამყაროში, სადაც ,,მტერი“ დადგენილია, საბრძოლო მეთოდები კი  შესწავლილი. ამ ბრძოლაში უკანასკნელ ,,ტაქტიკას“, დროის შესაბამის ბრძოლის ფორმას შენიღბვა, ანუ კამუფლაჟი წარმოადგენს.


ფერწერული ნამუშევრების წინ, ვიტრინაში, განთავსებული გელა წულაძის დიზაინ-ობიექტები, სახელწოდებით “Throne of Love” და მინის ზედაპირზე გამოსახული გაყოფილი გული ბრძოლაში სიყვარულით გარდაუვალი გამარჯვების გამომხატველია.

“Keep Camouflage-ის დათვალიერება Window Project-ის ვიტრინაში 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი.


მამით ფრანგი და დედით ქართველი მხატვარი, რომელიც საბჭოთა საქართველოში 1959 წელს დაიბადა, თავისი არაორდინალური და განსხვავებული იდეებით და ხედვით ერთფეროვან სამყაროს უპირისპირდება. კაბინეტის ჭერზე დახატული შავი წერტილი, რომელიც გელას ფსიქოანალიტიკოსმა მამამ თავისი პაციენტების ჰიპნოზში შესაყვანად დაახატვინა, ხელოვანის შემოქმედებაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ეს იყო გასაღები, რომელმაც მხატვარს ხელოვნების სამყაროში შესასვლელი კარი გაუღო. მისი გამბედაობა, დაუმორჩილებლობისა და თავისუფლების წყურვილიც სწორედ აქედან იღებს სათავეს.


ნიკო ფიროსმანით, კირილ და ილია ზდანევიჩებითა და სალვადორ დალით შთაგონებული მხატვარი სიურეალური ხელოვნების სამყაროში გაიზარდა. თბილისის სამხატვრო აკადემიის შემდეგ მან სწავლა საფრანგეთში, ხელოვნების სკოლა - Ecole d’Art Decoratifs-ში, შემდეგ კი პარიზის სამხატვრო აკადემიაში (L’Ecole de Beaux-Arts) განაგრძო.


მოგვიანებით სავაჭრო ნიშნად და ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული გელას ცნობილი გამარტივებული შავი ფიგურები 1993-98 წლებში, ნიუ-იორკში ცხოვრების დროს შეიქმნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხატვარი ქვეყანაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გელა წულაძის სახელს უკავშირდება ბათუმში არსებული რკინის სკულპტურები - ,,ვარიაციები სიყვარულზე“; ,,ლოკოკინა“ და ასევე მოხატული ბეტონის კედლები. 2013 წელს იგი ქმნის ბათუმის გრაფიტის ფესტივალსა და პირველ ქუჩის ხელოვნების ფესტივალს საქართველოში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბათუმში - გალერეა ,,41/41“ - სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა. ამასთან ერთად მხატვრის სახელს არაერთი სხვა მნიშვნელოვანი გამოფენა, პროექტი თუ ფესტივალი უკავშირდება.