"კემპბელის წვნიანის ქილები" ამერიკელი პოპ-არტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ენდი უორჰოლის 1962 წელს შესრულებული საეტაპო ნამუშევარია. "კემპბელის წვნიანის" სხვადასხვა ტილოზე შესრულებული 32 ქილა, რომელიც ფაქტობრივად ამერიკული პოპ-არტის მთავარ სიმბოლოდ იქცა, ენდი უორჰოლმა ლოს-ანჯელესში, გალერეა Ferus-ში თავის პირველ სოლოგამოფენაზე წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარმა  საბოლოოდ ბინა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიდო, ენდი უორჰოლის იმ გამოფენას მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის კი სხვათა შორის არც თავად ხელოვანი ყოფილა. თუმცა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში უორჰოლმა აღნიშნა, "კემპბელის წვნიანის ქილები" მისი ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. მათ შორის ალბათ იმიტომაც, რომ ფაქტობრივად ეს ნამუშევარი ერთგვარი გზაგასაყარი იყო მის მიერ ხელით შესრულებულ ნახატებსა და იმ რეპროდუქციულ ფოტოებს შორის, რომელსაც ხელოვანი ზოგჯერ სწორედ ამ ნახატებისგან იღებდა.
ყველაფერი კი სინამდვილეში ასე დაიწყო: 1962 წლის გაზაფხულს, მაშინ როცა უორჰოლი თავის ახალ, ე.წ. სარეკლამო ნამუშევრებსა და კომიქსებზე მუშაობდა, Leo Castelli-ის გალერეაში როი ლიხტენშტეინის კომიქსები იხილა. უორჰოლმა ლიხტენშტეინს სთხოვა,  ერჩია რაიმე ისეთი საგანი, რომელსაც დამთვალიერებლის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ლიხტენშტეინმაც ურჩია, რომ შეეძლო დაეხატა კემპბელის წვნიანის მსგავსი რამ, რაღაც ისეთი, რაც საზოგადოებისთვის ადვილად საცნობი იქნებოდა. ამ სიტყვებით შთაგონებულმა უორჰოლმა პირველივე მარკეტში კემბპელის წვნიანის ქილა იყიდა და ტილოზე მის გადახატვას შეუდგა. გადახატვა, იმიტომ რომ, განსხვავებით მისი სხვა სარეკლამო და კომიქსის სტილში შესრულებული ნიმუშებისგან, უორჰოლი  არა თავისი ვერსიის, არამედ ამ რეალური ნივთის რეპროდუქციას ცდილობდა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში უორჰოლის სტუდიას, Ferus Gallery-ს წარმომადგენელი ირვინგ ბლუმი ეწვია, რომელიც უორჰოლთან კომიქსის სტილში შესრულებული ნამუშევრების დათვალირებას აპირებდა, თუმცა "კემპბელის წვნიანის ქილით" იმდენად მოიხიბლა, რომ ხელოვანს მაშინვე შესთავაზა ნამუშევრის ზაფხულში მის გალერეაში გამოფენა. თემის კიდევ უფრო გასაშლელად ხელოვანმა გადაწვიტა, რომ კემპბელის წვნიანის ქილების კიდევ 31 "ეგზემპლარი" შეექმნა, საბოლოოდ კი Ferus Gallery-ში ირვინგ ბლუმმა კემპბელის წვნიანის 32 ქილა გამოფინა, ზუსტად ისე, როგორც ეს რეალურად იმ სუპერმარკეტის თაროზე იქნებოდა წარმოდგენილი, სადაც უპრჰოლმა სულ პირველი ქილა შეიძინა.


ენდი უორჰოლის ამ გამოფენამ მაშინ ლოს-ანჯელესში ძალიან ბევრი ადამიანი აალაპარაკა, იმდროინდელი ახალი თაობის ხელოვანები და ხელოვნების კრიტიკოსები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ამ სიახლეს, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ცინიკურად შეხვდა, იმდენად, რომ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გალერეაში უორჰოლის ამ გამოფენის პაროდია მოეწყო, სადაც წვნიანის ქილების უზარმაზარი გროვა იყო წარმოდგენილი - წარწერით, რომ ამ ქილებს მათ გალერეაში უფრო იაფად შეიძენდნენ.


მანამდე, სანამ ირვინგ ბლუმი გაიაზრებდა, რომ ერთობლივად წარმოდგენილი 32 ქილა იმაზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალკეული მათგანი, ბლუმმა ხუთი ცალი კემპბელის წვნიანის ქილა გაყიდა, თუმცა საბოლოოდ ისევ უკან გამოისყიდა, მათ შორის ერთ-ერთი დენის ჰოპერისგან. უორჰოლმა კი ამ უკვე შექმნილ ნამუშევრებთან ერთად კვლავ გააგრძელა კემპბელის წვნიანის ქილების მორიგი ვარიაციების შექმნა.