The Why Not გალერეა 19 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით წარმოადგენს ქეუ მეფარიშვილის სოლო გამოფენას, სახელწოდებით ,,ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვანის შიშებს უკავშირდება და, როგორც თვითონ ამბობს, ეს გამოფენაც ერთგვარი მოგზაურობაა შიშის არქივში:

,,გამოფენა შიშის არქივივითაა, თითოეული ნამუშევარი მან დაბადა. ჩემი ცხოვრების დიდი დრო შიშზე მედიტაციასა და მის დასამარცხებლად მუშაობას მიაქვს. ძველად ყარაჩოღელებს იმდენი გრამი ვერცხლის ქამარი ეკეთათ, რამდენიც დაკრძალვა ღირდა, - თითქოს სიკვდილის შიში სულ თან დაჰქონდათ. გამოფენა არის მედიტაცია შიშზე და ამასთან ერთად ცხოვრების შესახებ’’, - წერს იგი.



Gesamtkunstwerk-ის, ანუ ხელოვნების სხვადასხვა ფორმათა ერთგვარი სინთეზის შესაქმნელად ქეუ გამოფენაზე თეატრალურობის ელემენტებს იყენებს. საკუთარი შეგრძნებების გადმოსაცემად ხელოვანი რეფერენსების ფართო სპექტრს იყენებს, იქნება ეს ანტიკური არქიტექტურა, არტეფაქტები, მითოლოგია თუ პოეზია. ქეუ მეფარიშვილი ნამუშევრების შესაქმნელად მუდმივ ექსპერიმენტს მიმართავს და ახალ მასალებსა თუ ფორმებს იძიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ემოციურ სიმყიფესა და მარტოსულობას გამოხატავენ, რისთვისაც ხელოვანმა ისეთი ტექნიკები და მასალები გამოიყენა, როგორებიცაა: კერამიკა, ფიჭა, ქრომირება და ტუფტირება.

გამოფენის სახელწოდება ეხმიანება გიორგი ლეონიძის ლექსს - ,,ოლე - 1931 წელი“. ,,ოლე“ საჩრდილობლად დატოვებული მარტოხეა. სწორედ ამ მარტოობის გამო მას ხშირად ადარებენ პოეტს და ბევრი მწერლის ავტოპორტრეტადაც მიიჩნევს.  ოლე მარტოსული, თუმცა ძლიერი ადამიანის გამომხატველია და ამასთან ერთად - თავდავიწყების, უსასრულობისა და თავისუფლების სიმბოლო.