იტალიურ-ავსტრიული ფესვების მქონე ეტორე სოტსასიმ ავეჯის, კერამიკის, ტექსტილის, სანათებისა და ელექტროხელსაწყობის უჩვეულო დიზაინით გაითქვა სახელი. იგი ასევე იყო მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი და რამდენიმე ჟურნალის გამომცემელიც, თუმცა ამ სფეროებში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. სოტსასის განსაკუთრებული ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ ექსტრავაგანტურსა და აბსურდულ დიზაინს შორის ბალანსს ოსტატურად ინარჩუნებს.

დიზაინერი 1917 წელს ინსბრუკში, არქიტექტორის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი ტურინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სოტსამ 1939 წელს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და მალევე მოუწია ჯარში სამსახურმაც. მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა: ომის შემდეგ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არქიტექტურისთვის არავის ეცალა, ამიტომაც მან დიზაინერობა აირჩია (თუმცა თავს არქიტექტორადაც მოიაზრებდა) და ავეჯისა და ინტერიერის  დიზიანის შექმნა დაიწყო, ძირითადად სახლის პროექტებისთვის. საბოლოოდ, მთელი მისი კარიერაც ამ მიმართულებით განვითარდა, ხოლო  არქიტექტურას უფრო გვიან, 1970-იან წლებში მიუბრუნდა.


1969 წელს მისი დიზაინით შეიქმნა „ვალენტინის“ პორტაბელური საბეჭდი მანქანა „ოლივეტის“ კომპანიასთან თანამშრომლობით. სოტსასიმ მოახერხა და ერთი შეხედვით ოფისის რუტინასთან ასოცირებული მოწყობილობა მიმზიდველ საგნად აქცია, ისე რომ საბეჭდ მანქანასთან მომუშავე ადამიანს გარკვეული ემოციაც დაუფლებოდა. დიზაინერმა იგი მყვირალა წითელი ფერის პლასტმასისგან დაამზადა და საბეჭდი მოწყობილობიდან სათამაშოს მსგავს ნივთად გარდაქმნა. სოტსასის მიზანი იყო, ადამიანები ნივთებისადმი პატივისცემით გამსჭვალულიყვნენ; იგი საგნებს შინაარსსა და ხასიათს აძლევდა.


„ჩემთვის მთავარია ფერი; ჩემი პალიტრა კი ძალიან კაშკაშაა. ეს ის ფერებია, რომლებსაც ბავშვობაში ხატვის სწავლისას ვიყენებდი, ძლიერი და სუფთა. რატომ ვიყენებ მათ? იმიტომ, რომ ისინი თავისუფლებასა და ტენდენციურობის უარყოფას ნიშნავს. სირცხვილია, მაგრამ... დიახ, ფერი ჯერ კიდევ არაპოპულარული რამეა. ძირითადად დომინირებს თეთრი, შავი, ჩალისფერი... მე მგონი, ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი უფრო მარტივია. ძალიან მარტივია სულ შავის ჩაცმა. მაგრამ, თუ ფერების შერევას დაიწყებთ, უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ, ერთმანეთს რომ შეუხამოთ. ეს შრომატევადია და სარისკო. ეს აშინებს ხალხს და ნამდვილად სირცხვილია. ნათელი ფერები ბედნიერი და უშიშარი ხალხისთვისაა განკუთვნილი“.  


სოტსასისთვის მოწყობილობის ტექნოლოგიური მხარე არ იყო მნიშვნელოვანი; მისთვის მთავარი მოწყობილობის ვიზუალი და ის გრძნობა აღმოჩნდა, რომელიც ადამიანს მასთან მუშაობისას დაეუფლებოდა. იგი თანამედროვე დიზაინის სტანდარტულ და მოდერნისტულ ტენდენციებს ემიჯნებოდა. სოტსასი დიზაინს მხოლოდ ფუნქციის თვალსაზრისით არ აღიქვამდა და დამატებით მნიშვნელობას ანიჭებდა. თუ როგორ გადმოჰქონდა ეს მნიშვნელობა პრაქტიკაში, ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა ამას ახერხებდა ფერის, ტექსტურის, ხაზების, მრუდების კომბინაციით, რომლებიც ერთ მთლიან ფორმასა და საგანს ქმნიდნენ.


იმავე პერიოდში თიხისგან ამზადებდა ქოთნებს, რომლებიც ტანტრული ხელოვნებითა და ინდური კულტურით იყო შთაგონებული. მის ნამუშევრებზე სამხრეთ აზიური ტომებისა და პოპარტის გავლენაც შეიმჩნევა. ხშირად მათ არქაული, რიტუალური ან ეროტიკული მნიშვნელობაც აქვთ; მისი არქიტექტურული ნამუშევრები კი, ბავშვების ნახატებს მოგვაგონებს.


სოტსასის უყვარდა და ეხერხებოდა კიდევაც ნიჭიერი ადამიანების გარშემო შემოკრება. მის მეგობრებს შორის იყვნენ ცნობილი მწერლები და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ხალხი, მათ შორის: ალბერტო მორავია, ბობ დილანი, გინსბურგი, ერნესტ ჰემინგუეი, მაქს ერნსტი, პიკასო, ჰელმუტ ნიუტონი, ჯეკ კერუაკი და სხვები.


მაშინ, როდესაც არტისტების უმრავლესობა საქმიანობას თავს ანებებს და მშვიდი სიბერისთვის ემზადება, სოტსასიმ საკუთარი თავი სწორედ მაშინ გარდაქმნა და პოსტმოდერნისტული დიზაინის სულისჩამდგმელი გახდა. მან 1980-იან წლებში ე.წ. „მემფისის“ მოძრაობა დააარსა - კაშკაშა ფერისა და ენერგიის მასხივებელი ნამუშევრებით, რომლებიც იმ დროს დამკვიდრებული გემოვნების საპირისპირო იყო. „მემფისის“ იდეა მილანში, თვითონ სოტსასის სახლში თამბაქოთი და მუსიკით გაჟღენთილი წვეულებისას დაიბადა. მაშინ სოტსასი 60 წლის იქნებოდა. „მემფისის“ წევრები ძირითადად ახალგაზრდა დიზაინერები იყვნენ, რომლებსაც უკვე მოჰბეზრებოდათ ოფისებისთვის ერთნაირი სკამებისა და სამუშაო მაგიდების დამზადება ან სტანდარტული კომპიუტერული მოწყობილობების ვიზუალზე ფიქრი. „მემფისის“ დაარსება იმ დროს დამკვიდრებული ტენდენციების მიმართ ერთგვარი რეაქცია იყო. მართლაც, 1970-80-იანი წლების მაშინდელ დიზაინში ლაპლაპა შავი ფერი და მინა ჭარბობდა. ეს იყო მბზინავი, შემინული ოფისების პერიოდი, გაწყობილი ინტერიერით, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ბანალური და ერთფეროვნებას შეჩვეული დიზაინერების ხელი.  



„მემფისის“ ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად „Masanori Umeda’s Tawaraya“ გამოირჩევა - ეს არის საწოლი, რომელსაც რინგის ფორმა აქვს. საწოლი ლამის პატარა ოთახის ფუნქციასაც ითავსებს, „სადაც შეიძლება ცხოვრებაზე, სიცარიელეზე, ცაზე, სევდაზე დაფიქრება; ადგილი სადაც ზეიმის, წვეულების, მხიარულების გამართვაა შესაძლებელი; ადგილი საუბრისთვის, სიამოვნებისთვის, ფიქრისთვის ან დროის გასატარებლად; დაბოლოს, ღამის გასათევი ადგილი სიყვარულისთვის, წრფელი გრძნობებისა ან ოცნებისთვის“.




დიზაინი საბოლოო ჯამში ემსახურება იმასაც, რომ რაც შეიძლება მეტი ნივთი გაიყიდოს, „მემფისი“ კი ამ მიდგომის მიმართ გულგრილი იყო. თავად სოტსასის არ აინტერესებდა ისეთი საგნების დამზადება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის იყო გათვლილი და მას მხოლოდ იმიტომ ყიდულობდნენ, რომ ძვირფასი ან ლამაზი იყო. მან მიზნად დაისახა ეპოვა გზა, რომლითაც ყოველდღიური მოხმარების საგნებსა თუ ნივთებს გარკვეული სახის მნიშვნელობას მიანიჭებდა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უბრალო მოხმარების საგნები არაა. მისი ნამუშევრები შემოქმედებითი ხედვით იქმნებოდა და მათში გააზრებული იყო როგორც მათი ფუნქციური დანიშნულება, ასევე შინაარსი. სოტსასის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ დიზაინის აღქმა შესაძლებელია როგორც კულტურული, ისე ტექნოლოგიური კუთხით. იგი იხსენებდა: “ოლივეტიში“, მაგალითად, ვსაუბრობდით შინაარსზე, მომავალზე, რა გვინდოდა, რომ გამოგვსვლოდა. ახლა კი ამ ყველაფერზე  ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ამჟამად ყველანაირი საუბარი გაყიდვებსა და მარკეტინგს ეხება. ამიტომაც, ამ ინდუსტრიაში ყოფნით დაინტერესებული აღარ ვარ. დიზაინერებს თითქოს ესთეტიკურობა დაეკარგათ იმ სიმძიმისგან, რომელიც მათ ინდუსტრიის ნაწილად ყოფნის გამო  დააწვათ მხრებზე. ალბათ, ამიტომაც გახდა იშვიათი რთული და საოცარი იდეები. ამ ინდუსტრიის აგრესიულობა შემოქმედებით უნარს კლავს. თუ ჟურნალს გადაშლით ან ავეჯის გამოფენაზე წახვალთ, ნახავთ 200-მდე დივანსა და სკამს, რომლებიც ყველა ერთმანეთის მსგავსია. თითქოს, ხალხს ახლა მხოლოდ სკამების დიზაინი აინტერესებდეს. ეს საკმაოდ მოსაბეზრებელია“.




„მემფისი“ გაელვებასავით იყო; მან ცოტა ხანი იარსება, თუმცა, თავისი კვალი მაინც დატოვა დიზანის ისტორიაში. მისი მიზანი არც ყოფილა მუდმივად არსებობა და ან რაიმე შტრიხის დამკვიდრება დიზაინში. ეს პოსტმოდერნისტული მოძრაობა შემოქმედებითად სრულიად თავისუფალი იყო და არც შეცდომების დაშვების ეშინოდა.  მანამდე წარმოუდგენელი იყო ფერების ასეთი  თამამი კომბინაციები, არეულ-დარეული, შემთხვევითი წყობა და მყვირალა ფერის პლასტმასის ფირფიტები. იმ დროს საგნების დიზაინი, როგორც წესი, მათი ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით იქმნებოდა და დეკორატიულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. „მემფისი“ მხიარული და აღმაშფოთებლად თამამი ხელოვანების მანიფესტი იყო, რომლებიც თანამედროვე, ევროპული დიზაინის სტერილურ მეინსტრიმს დაუპირისპირდნენ.