ელზა სკიაპარელიმ მოდაში სახელი სიურრეალისტური ესთეტიკით გაითქვა, რომელიც მთლიანად ფერსა და ექსცენტრიკულობას ეფუძნებოდა. მოდის სამყაროში ვარდისფერის აქტიურად დამკვიდრებაც ელზა სკიაპარელის სახელს უკავშირდება. ვარდისფერი სკიაპარელამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, თუმცა არა ისეთი ხასხასა ფერის, როგორსაც დიზაინერი იყენებდა. სკიაპარელიმ ვარდისფერი უფრო გაამკვეთრა, კაშკაშა გახადა და თავის ძირითად ხელწერადაც აქცია. ეს იყო „შოკისმომგვრელი ვარდისფერი“, როგორც მას მოგვიანებით შეარქვეს. მეორე მსოფლიო ომის მოლოდინში, მაშინ როცა მოდაში ერთგვაროვანი ფერები დომინირებდა, სკიაპარელის ვარდისფერი ნამდვილად ფერის რევოლუცია იყო.
ელზა წარმოშობით არისტოკრატიული ოჯახიდან იყო; მას არც ფუფუნება აკლდა და არც სოციალური სტატუსი. იგი ყველაფერს ნებაყოფლობით ჩამოშორდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მდიდრული ცხოვრება შემოქმედებით უნარსა და ხელოვნებისადმი სწრაფვას უხშობდა. სკიაპარელის ორიგინალურ ხედვასა და სახასიათო სტილზე დიდწილად გავლენა იქონია იტალიაში გატარებულმა ბავშვობამ, მისმა ოჯახმა, განათლებამ, აღმოსავლური ფილოსოფიისადმი, რელიგიებისადმი, ოკულტიზმისა და პარაფსიქოლოგიისადმი ინტერესმა. როგორც თვითონ დიზაინერი იხსენებდა, ოცდაათ წლამდე ექსტრემალურ, უჩვეულო ცხოვრებას ეწეოდა, დაღლილი იყო ენერგიით, რომელსაც კონკრეტული გამოხატულება არ ჰქონდა; სამაგიეროდ ამბოხის გრძნობა გაუღვივა, რომელიც ახალი ფორმის მიცემას ელოდებოდა. ასე შეიქმნა ელზა სკიაპარელი - ბრენდი რევოლუციური სტილით: ფუტურიზმის, სიურრეალიზმისა და დადაიზმის ელემენტებით. მოდის ხელოვნებად აღქმამ და სიურრეალისტებთან მეგობრობამ მის შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა. სკიაპარელის ტანსაცმელი მიმდინარე მოვლენებით, ეროტიკული ფანტაზიით, ტრადიციული და ავანგარდული ხელოვნებით და რაც მთავარია, თვითონ დიზაინერის შინაგანი მდგომარეობით იყო შთაგონებული.
“ვიფიქრე, რომ მხატვრობის ან ქანდაკების ნაცვლად (ორივე მშვენივრად გამომდიოდა), შემეძლო კაბებისა და კოსტიუმების შექმნა, ტანსაცმლის დიზაინი ჩემთვის პროფესია არ არის, ეს ხელოვნებაა. მივხვდი, რომ ეს არის ყველაზე რთული და დაუკმაყოფილებელი ხელოვნება, რადგანაც შეიქმნება თუ არა სამოსი, იგი უკვე წარსულის ნაწილი ხდება. კაბის შექმნის გასაოცარი პროცესი, ის, თუ როგორ ეხამება ზოგიერთი ქსოვილი ერთმანეთს – რაც უნდა კარგი ინტერეპრეტაციის უნარი გქონდეს, მაინც გიტოვებს ოდნავი იმედგაცრუების გრძნობას. გარკვეულწილად, უარესიცაა, თუ კმაყოფილი ხარ, რადგან როცა ტანისამოსს შექმნი, ის უკვე შენ აღარ გეკუთვნის. კაბას ნახატივით ვერ დაკიდებ კედელზე და ვერც წიგნივით შეინახავ ხელუხლებლად, დიდხანს და საიმედოდ“.
1954 წელს დაწერილ მემუარებში სკიაპარელი თავის საინტერესო ცხოვრებაზე ჰყვება და იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი პარიზის ნესტიანი ბინიდან, როგორ მიაღწია კარიერულ წარმატებას და როგორ იმსახურა „წითელი ჯვრის“ მედდად მეორე მსოფლიო ომის დროს.
საქვეყნო აღიარებამდე 10 წლით ადრე, ფინანსებისა და საყრდენის გარეშე, სკიაპარელი პატარა ქალიშვილთან ერთად აშშ-დან პარიზში ჩავიდა. მაშინ ცხოვრების ბევრი არაფერი გაეგებოდა, საიმედოდ არაფერი ესახებოდა და მომავალიც ბურუსით იყო მოცული. სკიაპარელიმ კარიერა 1927 წელს მოდური სვიტრების გაყიდვით დაიწყო, რომელსაც სომეხ ემიგრანტ ცოლ-ქმარს აკერინებდა საკუთარ სახლში. სვიტრები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ელზამ ატელიე იქირავა. მოგვიანებით სხვა მისამართზე გადავიდა, ბიზნესი გააფართოვა და 1935 წელს კიდევ 8 ატელიეს ფლობდა. ელზა სკიაპარელის ატელიე პარიზში, ვონდუმეს ქუჩაზე ვიტრინასთან მიდგმული ნაპოლენის ქანდაკებით ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ და პრესტიჟულ ადგილს წარმოადგენდა. სკიაპარელის პირველ კოლექციას ასე ერქვა: „გაჩერდი, შეხედე, მოუსმინე“. აქედან დაიწყო პარიზში ყველაზე ცნობილ კუტიურიესთან, შანელთან პაექრობაც. შანელი იტალიელი დიზაინერისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, თუ იგი კონკრეტული სტილით ქმნიდა და ჩარჩოებში აქცევდა საკუთარ შემოქმედებას, სკიაპარელი პირიქით: თავის ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანს აძლევდა, მის შექმნილ სამოსს კი სიურრეალისტური და თამამი იერი დაჰკრავდა.
ელზა სკიაპარელი ახლოს იყოს სიურრეალისტური მოძრაობის წევრებთან, მუშაობდა ისეთ ცნობილ მხატვრებთან და ხელოვანებთან, როგორებიც არიან სალვადორ დალი და ჟან კოქტო. სკიაპარელის შემოსილ ქალებს შორის კი იყვნენ კეტრინ ჰეფბერნი, გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და იმ დროის ბევრი სხვა ვარსკვლავი.
თეთრი აბრეშუმის კაბა თეძოსთან მიხატული კიბორჩხალით, ელზა სკიაპარელის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელმაც მაღალი წრის საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სკიაპარელიმ კაბის დიზაინი 1937 წელს სალვადორ დალისთან ერთად შეიმუშავა. კიბორჩხალიანი კაბა უოლის სიმპსონისთვის შეიკერა, ცოტა ხნით ადრე, სანამ იგი ინგლისის მეფესთან, ედვარდ VIII-სთან იქორწინებდა. კაბაზე დახატული კიბორჩხალა გარკვეული მნიშვნელობის მატარებელი იყო. ამ შემთხვევაში მას ნამდვილად სექსუალური დატვირთვა ჰქონდა. ამ კაბაში გამოწყობილი მომავალი ჰერცოგინია ამერიკული „ვოგის“ გარეკანზე გამომწვევად პოზირებდა, კიბორჩხალიანმა კაბამ კი დიზაინერს საბოლოოდ მოუტანა აღიარება.
როგორც ჩანს, სკიაპარელი და დალი ერთმანეთს შემოქმედებითად კარგად უგებდნენ, რადგან ორივე გამბედავი და რისკიანი იყო. სიურრეალისტური ხელოვნების შთაგონებით, სკიაპარელის კოლექციიდან ასევე გამოირჩევა ქუდი, რომელიც ამობრუნებული ფეხსაცმლის შთაბეჭდილებას ტოვებდა და სწორი შავი კაბა, რომელზეც ხერხემალი იყო გამოყვანილი. როგორც ერთი კრიტიკოსი აღნიშნავდა, სკიაპარელი არაამქვეყნიური შთაგონებით ქმნიდა სამოსს. უაღრესად მდიდრული ნაქარგები, ექსპერიმენტული ქსოვილები, ტანსაცმელზე დატანილი თვალწარმტაცი გამოსახულებები, უჩვეულო ფერები, დიდი ზომის თვალშისაცემი ელვა შესაკრავები, ჯიბეები, ბუმბულები, უცნაური ღილები და ორნამენტები დროს უსწრებდა, ამ ყველაფრით კი თითქმის ინტუიციურად გრძნობდა, სინამდვილეში რა სურთ ქალებს. პირველი იყო, ვინც ტანსაცმლისთვის გამოიყენა ვისკოზა, ლურექსი, ხავერდი, შექმნა გამჭვირვალე ლაბადები, კაბა-ხალათები, ბაფთის გამოსახულებიანი ნაქსოვი კოფთები. მისი ლოზუნგი იყო: „გაბედე იყო განსხვავებული“.
სკიაპარელის ერთ-ერთი მარკეტინგული ხრიკი იმაშიც მდგომარეობდა, რომ უნდოდა მისი მოდელები ყოველთვის კარგად ჩაცმულები ყოფილიყვნენ და მათ ნებას რთავდა წვეულებებისთვის კოლექციებიდან კაბები ეთხოვათ. საჯაროდ ასე გამომზეურებისას, პრესაც ბევრს წერდა მასზე. თუმცა ამით ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აღწევდა. მაგალითად, 1937 წელს მარლენ დიტრიხმა ატელიეს საღამოს კაბა და ლაბადა დაუბრუნა, რომელიც აღარ ჩაიცვა, რადგან თეატრში თვალი მოჰკრა დამწყებ მსახიობ ქალს, რომელიც ზუსტად იმავე კაბით იწონებდა თავს.
გარდა ესთეტიკური სილამაზისა, სკიაპარელი ყურადღებას ამახვილებდა სამოსის პრაქტიკულობაზეც: ამისთვის შექმნა კაბა-ხალათი, კაბები მალული ჯიბეებით, დაბალძირიანი ფეხსაცმელები და სხვა. ამ დეტალებით იგულისხმებოდა ის, რომ ჩაცმულობას ქალი კი არ უნდა შეეზღუდა, პირიქით, მასში თავისუფლად უნდა ეგრძნო თავი. სკიაპარელის კოლექციებიდან ძლიერი ადამიანის ნატურა გამოსჭვიოდა, რომელსაც მტკიცე ხასიათი აქვს და დამოუკიდებელია. მან უშიშარი, ვნებიანი ქალის სახე შექმნა.
დიზაინერის შთამბეჭდავ კარიერას მეორე მსოფლიო ომმა მოუღო ბოლო. სკიაპარელის თამამი საქმიანობა საფრანგეთში და მის მიღმა გარკვეულ ეჭვებს აღძრავდა. იგი პარიზში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა, არც ბიზნესის საქმე მისდიოდა სახარბიელოდ. ამიტომაც, 1941 წელს ქვეყნის დატოვება მოუწია და ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც დიზაინერობის ნაცვლად, ომში მოხალისედ ჩაერთო. მისი მოდის სახლი ჯერ კიდევ განაგრძობდა მუშაობას, თუმცა კოლექციებს თვითონ აღარ ქმნიდა. სკიაპარელი მხოლოდ 1946 წელს დაბრუნდა პარიზში, თუმცა ვეღარ შეძლო ძველი დიდების დაბრუნება და შებღალული რეპუტაციის აღდგენა. ძველი კლიენტები დაკარგა, თანამედროვე ქალებს კი ექსტრავაგანტურობაზე მეტად რომანტიკა აინტერესებდათ, მათ უფრო მეტად კრისტიან დიორის ფემინური, წელში გამოყვანილი ფრიალა ქვედაბოლები ხიბლავდათ. ამ ყველაფრის შედეგად, 1954 წელს სკიაპარელი თავის საქმეს ფაქტობრივად მთლიანად ჩამოშორდა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ იგი მოდის სამყაროს ახალმა წარმომადგენლებმა - კრისტიან დიორმა და კრისტობალ ბალენსიაგამ დაჩრდილეს.
დაწერე კომენტარი