არტ დირექტორი გიორგი პოპიაშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ არტისტებს შორის, რომელთაც პირველებმა შეაბიჯეს ადგილობრივ კრეატიულ ინდუსტრიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს სიბნელეში ხელების ფათურით, ენთუზიაზმითა და ინტუიციურად დგამდა. კანის რეკლამის ფესტივალის ორი ვერცხლის ლომისა და რამდენიმე სხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა 2007 წელს კრეატიული სააგენტო “საქიდეამშენი” დააარსა, რომლის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მყოფმა ბევრი წარმატებული პროექტიც შექმნა. 2013 წლის Spotlight-ის საუკეთესო გამომსვლელი დღეს Gipa-ს და Miami Ad Shool-ის პროფესორია, სადაც თავის გამოცდილებას ახალბედა ხელოვანებს უზიარებს. მის ბიოგრაფიაში ყველაფერთან ერთად მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა და საკუთარი საქმის სიყვარულია მნიშვნელოვანი, რომელსაც დიდი ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი ენერგიით დამუხტული აკეთებს.
გიორგი, მოგვიყევი, როდის და როგორ აღმოჩნდით კრეატიულ ინდუსტრიაში?
იმ დროს, როდესაც მე ვიწყებდი, ვერ ვიტყვი, რომ კრეატიული ინდუსტრია არსებობდა. 90-იანი წლების ქართულ რეალობაში მამაჩემს, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, მოუწია გრაფიკულ დიზაინერად დაეწყო მუშაობა, რადგან ამ მიმართულებით უფრო იყო გარკვეული პროექტები. ამ პერიოდში ალბათ 13-14 წლის ვიყავი და მეც ერთგვარი თამაშის ფორმით, ნახევრად სერიოზულად ჩართული ვიყავი შემოქმედების პროცესში. პირველი გამოცდილებაც ლოგოს დიზაინთან, სიმბოლოში კონცეფციის გაერთიანებასთან სწორედ მაშინ მივიღე. ერთ-ერთი საკვანძო მომენტი დადგა მაშინ, როდესაც კომპანია Air Jet-მა ჩემი დიზაინით შექმნილი ლოგო აირჩია, რაც ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო. სულ ვიცოდი, რომ ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით მინდოდა განვითარება და მაშინ ამ სფეროსთან ყველაზე მიახლოებული არქიტექტურა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიცოდი ჩემი ნებისყოფის ამბავი, მაინც ამ მიმართულებით დავიწყე სწავლა, რამაც არ გაამართლა, რადგან სწრაფ შედეგზე ვარ ორიენტირებული და რაიმეს შექმნა ერთი ემოციით მირჩევნია. ისიც დაემთხვა, რომ გრაფიკულ დიზაინერად მუშაობა მაშინ ერთადერთ კრეატიულ სააგენტო “სარკეში” შემომთავაზეს, თუმცა საბოლოოდ საკუთარ სურვილებსა და მიზნებში მაშინ გავერკვიე, როდესაც კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ CIFA-ზე მოვხვდი.
პირველი ნამუშევარი თუ გახსოვთ?
პირველი კომპანია Air Jet-სთვის შექმნილი ლოგოა, თუმცა არის კიდევ ერთი ადრეული ნამუშევარი, რომელიც დღემდე ჩემს პორტფოლიოშია არა იმიტომ, რომ პროფესიულად მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან პერიოდს და მოგონებებს უკავშირდება. CIFA-ს შემდეგ შემოქმედებითად დამუხტულმა რძის შეფუთვის დიზაინი შევქმენი, რომელსაც ქალის მკერდის ვიზუალი ჰქონდა. ეს ნამუშევარი, შეიძლება ითქვას, “ვირუსულად” გავრცელდა.
მოგვიყევი, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იმ დროს ახალბედა არტისტისთვის?
ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ერთი მხრივ, გამოწვევაც იყო და მეორე მხრივ, უპირატესობაც ის გარემოება, რომ ამ სფეროში დიდად არაფერი არ ხდებოდა. დღეს თუ შესაძლებელია ლოკალურად თუ გლობალურად თვალი ადევნო, ვინ რას აკეთებს და უამრავი წყაროა, საიდანაც შეგიძლია ინფორმაცია მიიღო, ნახო, რა ხდება სამყაროში, გაეცნო ახალ ტენდენციებს, ნამუშევრებს, მაშინ ამის ფუფუნება არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი უკვე არსებობს, ეგ ჩვევა ყოველდღიურობაში არ იყო გამჯდარი და ფიზიკურად რომ არ ჩამოეტანათ, არ დაებეჭდათ და არ ეჩვენებინათ ნამუშევრები, ისე წვდომა თითქმის შეუძლებელიც კი იყო. ძირითადი სირთულეც ზუსტად ის იყო, რომ სიბნელეში ხელების ფათურით, ენთუზიაზმით, ინტუიციურად ვდგამდი პირველ ნაბიჯებს და ჩემზე იყო დამოკიდებული, თუ რა სტანდარტს დავუწესებდი საკუთარ თავს და რის შექმნას მოვინდომებდი, და ცდუნება იმისა, რომ ბანალური მოსაწყენი საქმე მეკეთებინა, საკმაოდ დიდი იყო. თუმცა ის ფაქტი, რომ არ არსებობდა გამოცდილება და გზები ჯერ გასაკაფი იყო, მგონია, რომ უპირატესობასაც წარმოადგენდა, რადგან არ არსებობდა კონკურენცია. შეგეძლო შეგექმნა რაიმე ორიგინალური, რითაც მარტივად გამოჩნდებოდი. გარდა ამისა, უფრო მეტი თავისუფლებაც იყო, რადგან არ არსებობდა შაბლონები, რომლებიც უნდა გაგეთვალისწინებინა.
რა მოგცათ Miami Ad School-ში სწავლის გამოცდილებამ?
სტანდარტულ უპირატესობებზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან გასაგეებია, რომ ზოგადად კარგ ადგილას სწავლა განვითარების დაჩქარებულ პროცესს გულისხმობს. სანამ Miami Ad School-ში წავიდოდი, მანამდე საქართველოს გარდა, მოსკოვშიც ვმუშაობდი და შეიძლება ითქვას, წარმატებულად ჩაიარა ამ პერიოდმა. თუმცა დღესაც მოსკოვიც და თბილისიც მაინც “follower” ბაზრად რჩება, ორივე ცდილობს დაეწიოს იმას, რაც ხდება დასავლეთში. ჩემთვის ეს გამოცდილება ერთგვარი გამოწვევა იყო გამეზომა ჩემივე შესაძლებლობები და მენახა, რამდენად მაქვს რესურსი ამხელა ბაზარზე რაღაც შედეგი დავდო. საბედნიეროდ, იქიდან დავბრუნდი იმ შეგრძნებით, რომ იმ ფრონტზეც შემიძლია გარკვეული შთაბეჭდილებების მოხდენა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო დღესაც მაინც იზოლირებულია დასავლეთისგან, ჩემთვის საინტერესო იყო მენახა საკუთარი თავი უცხო გარემოში და შემეფასებინა იგი გარედან. როდესაც ავტომატური რეჟიმიდან ვარდები, ბევრ რამეს ამჩნევს საკუთარ თავში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ გამოცდილების შემდეგ ჩემს თავს უფრო რეალურად ვაფასებ.
რა არის თქვენი შთაგონების “მუდმივი” წყარო?
ამ შეკითხვაზე ყოველთვის განსხვავებული პასუხი მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ბევრი რაკურსით და ბევრ კონტექსტში შეიძლება ზოგადად შთაგონებაზე და მის არსზე საუბარი. მე მაინც მგონია, რომ ადამიანები გენეტიკურად კონკრეტულ კოგნიტურ folder-ში ვვარდებით, ვიღაცას აქვს ეს შემოქმედებით ენერგია, ვიღაცას არა. იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ენერგია ადამიანში დაგროვილია, ყველაფერი თავისთავად ხდება, გინდა არ გინდა, რაღაცის შექმნის სურვილი სულ არის, რადგან ეს ენერგია სადღაც უნდა დაიხარჯოს. ცელქ ბავშვს ჰგავს, რომელიც სულ რომ ცარიელ ოთახში გამოკეტო, კედლებზე სიარულს დაიწყებს. ეს მუდმივი ნაკადია, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან ხელშესახებია იმ მომენტიდან, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი შემოქმედება ვიღაცებს მოსწონთ და თვალყურს ადევნებენ. ნარკოტიკია, რომელზეც მომენტალურად ჯდები და შენი ცხოვრება და მიზნებიც ამის გარშემო იწყებს ტრიალს. დღეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაღაცას ვქმნიდე და ეს იყოს შთამბეჭდავი, და როდესაც ამ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული, შემდეგ შთაგონებას ყველაფრიდან იღებ, ყველაფერი მასალაა, რომელსაც კრეფ, აგროვებ სამყაროდან, ხოლო ტრანსფორმაციის მეშვეობით ხორცს ასხამ კონკრეტულ ნამუშევარში. მოთხოვნილება, რომ რაიმეს უნდა ვქმნიდე, ძალიან დიდი დრაივია ჩემთვის.
როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი, საიდან იწყებთ?
საკმაოდ ბუნდოვანი პროცესია. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ვიპოვოთ რაღაც ფორმულა, ტექნიკა თუ თამაშები, დავშალოთ იდეა და ჩავიძიროთ მის ანატომიაში. მე რასაც ვაკვირდები, ყველასთვის რაღაც გაუგებარი, აბსტრაქტული და იმპულსური პროცესია, რომელიც ამავდროულად ძალიან ინდივიდუალურია. ამ თემაზე ზუსტად მქონდა ლექცია, სადაც ერთ-ერთ მეთოდსა თუ ტექნიკაზე ვსაუბრობდი, რომელიც ასე თუ ისე ყველაზე ახლოს იყო იმასთან, რაც აერთიანებს ჩემს შემოქმედებით პროცესებს. დაიწყე უკუღმა, გულისხმობს გონებისა და ემოციის იმ მდგომარეობაში გადაყვანას, თითქოს კონკრეტული ნამუშევარი უკვე შექმნილია. ტექნიკურად რთულია ამის ახსნა, თუმცა ვიცი, რომ ჩემს გონებაში არსებობს ეგეთი “switch”-ის ფუნქცია. ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ თუ გადავრთე, ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორია, რა შეგრძნებებს მომიტანს და შემდეგ უკუღმა, ერთგვარი რეტროსპექტივით ჩნდება ის გზა, თუ როგორ უნდა მივიდე აქამდე.
ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ ლინჩი ამბობს, მიყვარს იმის წარმოდგენა, რომ გვერდზე ოთახში ფაზლი უკვე აწყობილიაო. ზუსტად ეგ მომენტია ამ შემთხვევაშიც. რაღაც ლექციას ვუსმენდი საქმის გადადების, გაჭიანურების თემაზე, სადაც გამომსვლელი იძახდა, რომ ვინც ასე იქცევა, ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ზარმაცები არიან და მივხვდი, რომ ჩემშიც ემოციურად ეს პროცესი მიმდინარეობს. რეალურად მეც ის პრობლემა მაქვს, რაც ყველა შემოქმედებით ადამიანს. მუდამ ვდებ საქმეს, სანამ იმ წერტილს არ მივუახლოვდები, რომ უკვე დროა რაიმე გავაკეთო. ამ დროს ვხვდები, რომ რეალურად უკვე ძალიან ბევრი რამ მაქვს გააზრებული, ბევრი კომპოზიცია მაქვს შექმნილი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ზუსტად აი ამ გაჭიანურების ფაზაში ჩემი გონება აგროვებს მასალას ქუჩაში, ძილის წინ, მუსიკის მოსმენისას, ბევრ რამეს ხარშავს და გარკვეული პროცესების გავლის შემდეგ, როდესაც სამუშაო ფორმატში ვჯდები, უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ეს ალბათ ჩემი ინტუიციური მუშაობის მანერაც არის.
თქვენი აზრით, რა ცვლილებები განიცადა ქართულმა კრეატიულმა ინდუსტრიამ?
რა თქმა უნდა, ძალიან ვითარდება და ძალიან დიდი კონტრასტია თუ შევადარებთ დღევანდელ მოცემულობას თუნდაც ხუთი წლის წინანდელთან, ხოლო იმ პერიოდს თუ გავიხსენებ, როდესაც მე ვიწყებდი, შემიძლია ვთქვა, რომ ორი სხვადასხვა პლანეტაა. დღეს ძალიან ბევრი ორგანიზაცია და პროფესიონალია, რომლებიც საკმაოდ მაღალ დონეზე აკეთებენ თავიან საქმეს. თუმცა მეორე მხრივ, ჯერ მაინც ვცდილობთ დავეწიოთ იმ სტანდარტებს, რაც განვითარებულ ბაზრებზეა. აზრის დონზე, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება სულ დამარცხებულები ვიყოთ იმ გზაზე, როდესაც გამეორებას ან დაწევას ვცდილობთ. მაინც მგონია, რომ ჩვენ ჩვენი ენა და გზა უნდა ვიპოვოთ, რა თქმა უნდა, იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, რაც გლობალურად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვნახულობთ, რა ხდება იქ და მერე მცდელობა გვაქვს, რომ იქ ჩვენც ყოჩაღები ვიყოთ, მაინც ვფიქრობ, რომ უფრო და უფრო ვუახლოვდებით იმას, რაც ხდება “თბილ ქვეყნებში”. ძალიან მომწონს და მიყვარს, რომ ეს ინდუსტრია საქართველოში დგას ენთუზიასტ, თვითნასწავლ ხალხზე, რომლებიც შეყვარებულები არიან თავიან საქმეზე. თუმცა ეს შეიძლება დაბრკოლებაც იყოს.
ყველაზე მეტად რა გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში?
ზოგადად, იმის თქმა, რა არის ჩემი პროფესია მიჭირს და ალბათ ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს, რადგან მხოლოდ ერთ მიმართულებაზე არ ვარ ფოკუსირებული. დღეს ხელოვნების, რეჟისურისა და ღვინის ეტიკეტების მიმართულებით ვმუშაობ, რომელთაც ასე თუ ისე რაღაც კავშირი აქვს, თუმცა მაინც სხვადასხვა სფეროა. რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს ვიზუალური Storytelling აერთიანებს, რომელიც შეიძლება იყოს სტატიკური ნამუშევარი, ვიდეო, რაიმე კამპანია თუ სხვა. ამ პროფესიაში მე მიყვარს ის მდგომარეობა, რომელშიც ვარდება ორივე მხარე, როგორც მთხრობელი, ისე მსმენელი. ეგეთი მოსაზრება არსებობს, რომ ადამიანში კონკრეტული ფიზიკური ცვლილებები მიმდინარეობს, როდესაც ის მსმენელის მდგომარეობაში გადადის. მე თვითონაც ეს ვითარება, როდესაც საინტერესო წიგნს ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ ან რაიმე ნამუშევარს ვნახულობ ძალიან მიყვარს. შესაბამისად ჩემთვის ორმაგად მომხიბვლელი და სასიამოვნოა, რომ მე მეორე მხარესაც შემიძლია ყოფნა, ზუსტად ამიტომ, სულ ვწუწუნებ იმაზე, რომ არ მაქვს მუსიკის შექმნის ნიჭი. ეს ის სფეროა, სადაც მე ცალ მხარეს ვარ.
რას ამბობს თქვენი პორტფოლიო თქვენზე…
ისეთივე ქაოსურია, როგორც ჩემი ინტერესები.
რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობას?
უამრავი ადამიანი ამბობს, რომ შემოქმედებითი პროფესიის არჩევისას 100-დან 80 წარუმატებელია, რადგან უამრავი სირთულე აქვს და ყველაფერთან ერთად რთულია მონეტიზაციაც. ეს სულ უნდა გვახსოვდეს და ვეცადოთ მაქსიმალურად ჩავდოთ საკუთარი შესაძლებლობები და ენერგია ამ საქმეში. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ტოლერანტულები ვიყოთ წარუმატებლობის მიმართ. გარდა ამის,ა ერთ-ერთი მთავარია, გრავიტაციის რა წერტილებს შევარჩევთ, იქნება ეს სასწავლებელი, სამსახური თუ სამეგობრო წრე. გადამწყვეტია, თუ სად ხარ, ვინ არის შენ გარშემო და რისი სწავლა შეგიძლია ყოველდღიურად. ამიტომ უნდა განვსაზღვროთ, როგორ გრავიტაციულ ორბიტაზე ვიმყოფებით, რათა უფრო და უფრო განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რა სტანდარტს დავუწესებთ საკუთარ თავს და რის შექმნას მოვინდომებთ.
რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
ამ დროს ალბათ სწორედ იმ საშენ მასალას ვაგროვებ, რაც ჩემი შემოქმედებითი პროცესის განმსაზღვრელია. ეს უამრავი რამ შეიძლება იყოს მეგობრებთან ურთიერთობა, მოგზაურობა. ლექციებზეც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იმ ადამიანის შემოქმედებითი რესურსი, რომელიც ერთ ოთახშია გამოკეტილი, შეზღუდულია. ისე გამოდის, რომ თავისუფალ დროს ინფორმაციების აკუმულაციით ვარ დაკავებული, თუმცა რაც უნდა მიყვარდეს ჩემი პროფესია, თავისთავად ცხოვრება ყველაფერზე მაღლა დგას და ამ მიმართულებით უკომპრომისო ვარ, რადგან ეს გაცილებით მეტია, ვიდრე კარიერა.
შევნიშნე, რომ ბევრი ტატუ გაქვთ. თქვენთვის გამოხატვის რა საშუალებაა ზოგადად ტატუ-არტი?
ტატუებით უბრალოდ ჩემი ცხოვრების რაღაც კონკრეტულ დროს და მომენტს ვაფიქსირებ. ყველა რაღაც დროს განცდილ მოვლენასა თუ აზრს ასახავს და ეს მოტივი აერთიანებთ.
ნებისმიერი სიმბოლო თუ სიტყვა, რაც მახატია, დღეს შეიძლება საერთოდ აღარ იყოს აქტუალური, თუმცა მომწონს იმის გახსენება, როდესაც ის ავთენტური იყო. ერთადერთი ჩემი შვილის ტატუა ისეთი, რომელიც მუდამ აქტუალური იქნება.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?
მომავალში ძალიან მინდა, რომ ჩემი გადაღებული ფილმით ვისიამოვნო, ისე როგორც მსიამოვნებს ჩემი საყვარელი ფილმების ყურება. ეს არარეალისტურია, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ჩემი შექმნილი მუსიკით ყველას გული ავუჩქარო. ძალიან მინდა ჩემი დაყენებული ღვინით უგონოდ დავთვრე და ძალიან მინდა იმ ადამიანების გვერდში ვიყო სულ, ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან.
დაწერე კომენტარი