ლუჩიო ფონტანას შემოქმედებას ხშირად ახასიათებენ როგორც რადიკალურ მინიმალიზმს. მიუხედავად ამისა, ხელოვანმა თავად დაუდო საფუძველი სახელოვნებო სივრცეში სრულიად ახალ მოძრაობას, რომელსაც მან სპაციალიზმი უწოდა და რომელმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ხელოვნების ჩამოყალიბებაში.
ფონტანას უმეტესწილად თავისი მხატვრობით იცნობენ, თუმცა, სანამ 50 წლის ასაკში ხატვას დაიწყებდა, წარმატებული მოქანდაკე იყო. სკულპტურით იგი მთელი ცხოვრება იყო გატაცებული, მაგრამ სწორედ ფერწერა აღმოჩნდა ის სფერო, რომელშიც სრულიად შეძლო თავისი ნოვატორული იდეების აღბეჭდვა.
1930-სა და 1940-იან წლებში იგი მილანში, იტალიაში ცხოვრობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიმართა მისი პირველი სკულპტურული გამოფენებიც, რომლებშიც ჩანს, ფონტანას დაინტერესება სივრცისა და ფორმების მიმართ, რაც მომავალში უფრო ვრცელი სახით აისახა სპაციალიზმში.
ცნობილია, რომ ფონტანა ტრადიციული იდეების მქონე სამხატვრო სკოლებში მასწავლებლადაც მუშაობდა, ხოლო 1946 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ალტამირას სახელოვნებო სკოლა დააარსა ბუენოს-აირესში, არგენტინაში. იმავე წელს შექმნა ცნობილი „თეთრი მანიფესტი“, რომელიც შემდეგში მისი შემოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა. მანიფესტში წარმოდგენილია მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვანის მიდგომები შექმნისას, როგორ უნდა გამოიყენოს მან რესურსები, რომლებიც მოეპოვება და როგორ უნდა აუწყოს ფეხი დროს და ეპოქას, რომელშიც ცხოვრობს. დრო და მისთვის მორგება ფონტანას ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია - მისი ფუტურისტული იდეები უბიძგებდა, ტექნოლოგიები საკუთარი ხელოვნების განუყოფელ ნაწილად ექცია. „თეთრი მანიფესტი“ სპაციალიზმის მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების ამსახველ დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის მთავარი იდეაც სწორედ განსხვავებული რესურსების გამოყენება და მათი სინთეზია. ამის შემდეგ, 1947-1952 წლებში, ფონტანამ თავისი თეორიები სულ ხუთ მანიფესტში განავრცო, თუმცა ყველაზე ცნობილი სწორედ „თეთრი მანიფესტია“.
ფონტანას სურდა, შეექმნა ხელოვნების ისეთი ფორმა, რომელშიც ერთმანეთს ფერი, ხმა და მოძრაობა შეერწყმებოდა; მიიჩნევდა, რომ მხატვრობის სტატიკურობა მოძველებული იყო და მას დინამიკური ფორმა უნდა მიეღო. ის ამბობდა: „...ჩვენ მექანიკურ დროში ვცხოვრობთ. მოხატულ ტილოებსა და თაბაშირის ფიგურებს არანაირი მიზეზი აღარ გააჩნიათ არსებობისთვის. ახლა ორივეში - არსსა და ფორმაში - ცვლილებაა საჭირო. საჭიროა მხატვრობის, სკულპტურის, პოეზიისა და მუსიკის ჩანაცვლება. აუცილებელია, გვქონდეს ხელოვნება, რომელიც ახალი სულის მოთხოვნილებებთან უფრო მეტ ჰარმონიაშია“.
ფონტანას სამხატვრო კარიერის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სერიები, რომელთაც მან „სივრცითი კონცეფცია“ (Concetto Spaziale) უწოდა. იგი შეიძლება, ორ ნაწილადაც დაიყოს. პირველი 1949 წელს წამოწყებულ ნამუშევართა სერიაა, სახელწოდებით „ხვრელები“, რომელიც კოსმოსითა და ვარსკვლავებითაა შთაგონებული. სერიის შესახებ ფონტანა ამბობს: „ტილოებზე ხვრელებს იმიტომ კი არ ვაჩენ, რომ მათი განადგურება მინდა, არამედ იმიტომ, რომ ვიპოვო, აღმოვაჩინო უცნობი განზომილების კოსმოსი“. ხშირად ამ ნახატების უკან შავ ქსოვილს ამაგრებდა, რათა ხვრელები უფრო მკაფიოდ გამოჩენილიყო. „ნახვრეტებიანი“ ნახატი შლიდა საკუთარ, როგორც ნახატის საზღვრებს და მნახველს სრულ თავისუფლებას სთავაზობდა ინტერპრეტაციისა და შეგრძნებისას. ფონტანას მსოფლმხედველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალიც სწორედ ეს იყო - მისი აზრით, მნახველებს მის ნახატებში, პირველ რიგში, სივრცე უნდა აღექვათ, როგორც უკიდეგანო მთლიანობა.
1958 წელს ფონტანას შემოქმედებაში მეორე გარდამტეხი მომენტი იწყება. ამ პერიოდში მან ხვრელების სერიას გადაუხვია და მის ნაცვლად ტილოებზე ნაჭრევების კეთება დაიწყო. სივრცის უკეთ აღსაქმელად, ტილოს ქვეშ მარლას აგებდა, ხოლო ნაჭრევს ხან წინიდან, ხანაც - უკნიდან აკეთებდა. დროთა განმავლობაში ფონტანამ დახვეწა თავისი, როგორც მხატვრის, ენა და ნაჭრევებშიც სხვადასხვა განწყობები გაჩნდა. ზოგში სპონტანურობა იგრძნობა, ზოგშიც - კონტროლი; თანდათანობით ფონტანამ შეძლო, რომ მის ნაცვლად მისივე სამხატვრო ტექნიკას ელაპარაკა. იგი ტილოზე მოთავსებულ ნაჭრევებს ხან ქრისტეს ჭრილობებს ადარებდა, ხან კი - ქალის გენიტალიას.
1960-იანებში ლუჩიო ფონტანა აქტიურად იწყებს განსხვავებული მასალების გამოყენებას თავის ნამუშევრებში - ალუმინი, შუშა, ყვითელი სპილენძი… უშუალოდ 1961 წელს კი, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ნიუ-იორკში ყოფნისას ცათამბჯენებზე ნანახმა ანარეკლებმა. ამის შემდეგ მიზნად დაისახა შეექმნა ნამუშევარი, რომელიც შუქსა და დამთვალიერებელს აირეკლავდა, რითაც იგი ნამუშევრის უშუალო ნაწილი გახდებოდა. ფონტანას ეს სურვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უმთავრეს მისწრაფებას, გაარღვიოს საზღვრები, რომლებიც ტრადიციულმა ხელოვნებამ დაამტკიცა და შემოიღოს რაღაც ახალი, რაც მნახველსა და ხელოვნების ნამუშევარს შორის კომუნიკაციის წინაპირობა იქნება.
ფონტანას ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა იტალიელ მხატვრებზე. 1960-იანებში „არტე პოვერას“ (იტალ. „ღარიბი ხელოვნება“) მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ხელოვნების ისტორიაში დამკვიდრებულ ტრადიციებსა და მათი აზრით, მოძველებულ წესებს აპროტესტებდნენ, მალევე ა ლუჩიო ფონტანას შემოქმედება ბევრი მათგანისთვის მიმართულების მთავარი ვექტორი გახდა. ფონტანას ნამუშევრები, წლების გასვლის მიუხედავად, ისტორიამ არ დაივიწყა და კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა ოცდამეერთე საუკუნეში, მაშინ როცა თანამედროვე ხელოვნება უფრო და უფრო ხშირად აერთიანებს ბევრ სხვადასხვა მედიუმს.
დაწერე კომენტარი