“სახლი ჩვენი თავისუფლების, მარტოობის და ოცნებების ბოლო თავშესაფარია” - ეს სიტყვები იტალიელ არქიტექტორს, დიზაინერს, გამომცემელს და ესეისტს, ჯიო პონტის ეკუთვნის და  ზუსტად აღწერს მის ხელოვნებისადმი უდიდესს ინტერესსა და სიყვარულს, რომლის წარმატებულ კარიერაში თავისუფლებისკენ მისწრაფებამ და გამბედაობამ უდიდესი როლი ითამაშა. საბოლოო ჯამში, პონტიმ, როგორც არქიტექტორმა, 120  კომპანიასთან ითანამშრომლა, 13 ქვეყნისთვის შექმნა უნიკალური შენობის პროექტი, როგორც რედაქტორმა, გამოსცა ჟურნალის 560 ნომერი, ლექცია ჩაატარა 234 ქვეყანაში და მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ახერხებდა ემუშავა ტილოზე და  დაეწერა ლექსები.




პონტის შემოქმედება იმაზე მეტად მასშტაბური გახდა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა. სხვა ხელოვანებთან ერთად ჯიომ მოახერხა იტალია მსოფლიო დიზაინის ცენტრი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით  არქიტექტორი იყო, დიზაინი უფრო მეტად  ხიბლავდა. მისი დებიუტი Richard Ginori-ის  ფაბრიკასთან კოლაბორაცია  იყო. იმ დროისთვის საწარმოს მთავარ მიმართულებას კერამიკული ნივთები წარმოადგენდა.


პონტის დეტალების მიმართ სიყვარული სწორედ ამ დროიდან იწყება. ნეოკლასიკური სტილი, ანტიკური ნივთები, განსხვავებული ფაქტურა და სრულიად ახლებური ხედვა. ამ ყველაფრის გაერთიანება სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დეკორატიულ ნივთებს შეეძინათ  სრულიად ახალი, გამოყენებითი  ფუნქცია. ინტერიერის  დაგემგვის დროს კი დეტალები გადამწვეტი ფაქტორი გამხდარიყო. მოგვიანებით პონტისთივს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაგონება ოპერა და თეატრი გახდა. მისთვის ეს ყველაფერი ილუზიასა  და ზებუნებრივ  იდეებთან ასოცირდებოდა. ამ პერიოდში შექმნილ პროექტებში ხშირად იყენებს დიდ და მასიურ ავეჯს, ჭერის მხატვრობას და ფრესკებს.





სიმსუბუქის ძიება პონტის მუდმივი ინტერესი იყო, ამ მიმართულებით მის მთავარ აღმოჩენად დიდი და  თავისუფალი სივრცეები ითვლება. თეირანში
Nemazee-ის ვილას დაპროექტებისას პონტიმ პირველად გამოიყენა სახურავები, რომელიც ლევიტაციის ილუზიით იყო შექმნილი. შენობის ექსტერიერი კი  მაქსიმალურად მილანური არქიტექტურის სტილს დაუკავშირა.





1928 წელს ჯიო პონტიმ და ჯოვანი სემერიამ სახელოვნებო მედიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალი -
Domus შექმნეს, რომელიც თვეში ერთხელ გამოდიოდა.  გამოცემამ მთლიანად მოიცვა ფოტოგრაფიის, არქიტექტურის და დიზაინის სფეროები. წლებთან ერთად ჟურნალი მუდმივად აშუქებდა თანამედროვე ტენდენციებს და ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად ჩამოყალიბდა. დღეს ამ პროექტს სათავეში ნიკოლა დი ბატისტა უდგას.     

ჯიოსთვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება საგნის ზედაპირებისგან განსაკუთერებული ვიზუალების შექმნა იყო. გეომეტრია და აბსტრაქცია მისთვის იდეალურ კომბინაციად გადაიქცა. ხშირად იყენებდა რომბსა და სამკუთხედის ფორმებს. მის  ექსპერიმენტებს ხელი შუწყო Richard Ginоri-ს ფაბრიკამ, რომელიც მუდმივად  ეხმარებოდა  პონტის საკუთარი ექსპერიმენტული იდეები რეალობად  ექცია.   





ჯიო პონტი  უდიდეს ყურადღებას აქცევდა  დეტალებს და ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ კიბეები განსაკუთრებით  მოსწონდა. მისთვის საფეხურები  ახალი  შთაგონების წყარო გახდა. თვლიდა,  რომ  კარგი დიზაინერი სივრცის დაგეგმარებისას  კიბეებს დიდ  როლს ანიჭებს.  მისი აზრით, სწორად შერჩეულ კიბეებს  სივრცის აღქმის მთლიანად შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ, კიბეების როლი მის პროექტებში ძალიან კარგად ნაფიქრი და გააზრებულია.  ღია ფერის ინტერიერის  შემთხვევაში პონტი ხშირად იყენებდა მკვეთრ და თბილ ფერებს  მათი ზედაპირის უკეთ გამოსაკვეთად.




ვენესუელაში ერთ-ერთ  პროექტზე მუშაობისას  პონტიმ გააერთიანა ორი  სართული. მისთვის ეს იყო მეტი სივრცე ჰაერისა და ხედისთვის, რომელიც  უზარმაზარი ფანჯრების გარეშე სრულიად დაიკარგებოდა. ეს მეთოდი ჯიოს შემდეგ პროექტებშიც საკმაოდ ადვილად ადაპტირდა, თუმცა იდეა რობერს მალე-სტივენს ეკუთვნოდა. პონტი მარტივად მოიხიბლა კოლეგის მიგნებით და მისი გამოყენება ისეთ დიდ პროექტებში გადაწყვიტა,  როგორიც იყო Ange Volant - საფრანგეთში და Planchart-ის ვილა - კარაკასში.




ჯიომ  მოახერხა, რომ მისი იდეები ყოფილიყო მუდმივად თანამედროვე და ცოცხალი. რაც მთავარია, პონტის პროექტები და  ზოგადად, შემოქმედება დამწყებ თუ უკვე  წარმატებულ დიზაინერებსა და არქიტექტორებს საშუალებას აძლევს ისწავლონ  შექმნის მეთოდები და არა უკვე არსებულის გამოყენება. პონტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვებისთვის ესწავლებინა, როგორ გამოეხატა საკუთარი იდეები რეალობაში. საკუთარ შემოქმედებას წარმოიდგენდა როგორც ,,იდეების ჭას“, რომელიც მუდმივად შეძლებს სხვების გაოცებას.

ჯიო პონტი თვლიდა, რომ არსებული წესების მიღმა არსებობდა უმთავრესი იდეა - ცხოვრება ხელოვნებასთან ერთად. თითოეული პროექტისთვის საკუთარი ხელით შექმნა მინის ვიტრინები, ავეჯი, პატარა ნივთები, რასაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ. 



ჯიო პონტის ნებისმიერ ნამუშევარში იგრძნობა იტალიური მაგია, რომელიც ადამიანებში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ეს არის მუდმივად განახლებადი პროცესი, რომელმაც სამუდამოდ  შეცვალა თანამედროვე სივრცეების როლი. პონტის მემკვიდრეობა ჩვენს დროშიც  არ  წყვეტს განვითარებას. ეს არის მილანური სულით  სავსე, ცოცხალი ვიზუალური სამყარო.