ინტერდისციპლინარული და ორენოვანი პუბლიკაციების სერია - ,,დანართი“ სახელოვნებო წიგნების საერთაშორისო ბაზრობაზე წელს უკვე მეორედ იქნება წარმოდგენილი. ბაზრობაზე, რომელიც 24-28 თებერვალს პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება, ,,დანართის“ ბეჭდური გამოცემის სრული არქივის დათვალიერება იქნება შესაძლებელი, 27 თებერვალს, 15:00 საათზე კი გამოცემის ახალი, მე-14 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
“დანართის” ახალი ნომრის ფიზიკურ პრეზენტაციას გალერეა E.A. Shared Space - ის წიგნის მაღაზია უმასპინძლებს. რადგანაც აშშ-ს ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო წიგნის ბაზრობა წელს მთლიანად ონლაინ სივრცეში ჩატარდება, მასზე დასასწრებად https://www.printedmatter.org -ზე დარეგისტრირებაა საჭირო, პრეზენტაციის ბმულის ნახვა კი დანართის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაშია შესაძლებელი.
დანართის მე-14 ნომერი - ,,როგორც მშობელი, როგორც შვილი“ სახელოვნებო ნამუშევრების კრებულია, რომლის მთავარი თემა მშობლობაა. ახალ ნომერზე როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ხელოვანები თანამშრომლობენ. ესენი არიან: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ჯესი დარლინგი, ლეილა ჰეკმატი, დევიდ ჰორვიცი, მაია ნავერიანი, ესმა ონიანი, თომას მადერი და ქრისტინ სუნ კიმი. ნომრის გრაფიკული დიზაინი მოწვეულ დიზაინერს - ბოა ქიმს ეკუთვნის.
"დანართი" ინტერდისციპლინარული სახელოვნებო გამოცემაა, რომელიც არსებობს როგორც ონლაინ - ვებგვერდზე - www.danarti.org, ასევე ბეჭდური სახით. ეს არაკომერციული პროექტი თავდაპირველად 2011 წელს დაარსდა, 2016 წლიდან კი აქტიურად მუშაობს. ,,დანართის“ რედაქტორები არიან: ელენე აბაშიძე, ანა ჩორგოლაშვილი, ირინე ჯორჯაძე. ,,დანართის“ ბლოგის რედაქტორი კი ალექსანდრა აროშვილია. 2016 წლიდან გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიის სახელოვნებო ინსტიტუცია - კუნსთჰალე ციურიხი.
დაწერე კომენტარი