თითქმის 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფრანგული ელექტრონული დუეტი - Daft Punk დაიშალა. ამ სიახლის შესახებ ჯგუფი საზოგადოებას ატყობინებს თავისი 8-წუთიანი ვიდეოკლიპით, რომელიც ფილმ Electroma-ს ერთ-ერთი მონაკვეთიდანაა. კლიპში, რომლის სახელწოდებაა ,,ეპილოგი“, ჩანს, თუ როგორ ფეთქდება ერთ-ერთი გმირი, მეორე კი აისში უჩინარდება.
ჯერაც უცნობია, ,,ეპილოგის" სიუჟეტი საზოგადოებამ უნდა მიიღოს თუ არა ერთგვარ მინიშნებად იმის შესახებ, რომ ჯგუფის დაშლის შემდეგ მისი ერთ-ერთი წევრი მოღვაწეობას დამოუკიდებლად, ახალი ფურცლიდან განაგრძობს. დუეტის განხეთქილების შესახებ კი ინფორმაცია ჯგუფის პუბლიცისტმა კეტრინ ფრეზერმა საჯაროდ დაადასტურა, თუმცა მან ამ ამბის შესახებ დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი - Daft Punk გაი-მანუელ დე ჰომემ-ქრისტომ და თომას ბენგალტერმა1993 წელს ჩამოაყალიბეს. 1995 წელს დუეტმა თავისი პირველი სინგლი - "Da Funk" გამოუშვა. 2001 წელს გამოშვებულმა სტუდიურმა ალბომმა - ’’Discovery’’ ჯგუფს ექვსი გრემი მოუტანა.
კიდევ ერთი გრემი Daft Punk-მა 2007 წელს გამოშვებული ალბომის - Alive-ის გამო აიღო. არანაკლებ წარმატებული გამოდგა 2013 წლის ალბომი, სახელწოდებით ’’Random Access Memories“, რომელშიც ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი - Get Lucky შევიდა. ალბომმა დუეტს კიდევ 5 გრემი მოაგებინა.
ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დუეტი მსოფლიომ ვიდეოკლიპებში რობოტებივით ჩაცმული გმირებით გაიცნო. 28 წლის შემდეგ ჯგუფი გულშემატკივრებს კვლავ სახასიათო ჩაცმულობით - ჩაფხუტებითა და ტყავის ქურთუკებით დაემშვიდობა.
დაწერე კომენტარი