ედ რუშას  მრავალფეროვანი შემოქმედება  მოიცავს ნახატებს, ჩანახატებს, პრინტებს, ფოტოებს, ხელოვანს ასევე გამოცემული აქვს წიგნებიც. მან პოპ-არტში  გრაფიკითა და ილუსტრაციებით დაიმკვიდრა თავი. არტისტი ახალგაზრდობიდანვე კომიქსების, შრიფტების, წიგნის დიზაინის და თვალისმომჭრელი კომერციული რეკლამების გავლენის ქვეშ იყო; მუშაობდა წარწერების მხატვრად და გრაფიკულ დიზაინერად. რუშა ასევე ლეგენდარულ ფერუს გალერეასთანაც თანამშრომლობდა, სადაც 1962 წელს ენდი უორჰოლის ცნობილი Campbell-ის ქილების შოუ მოეწყო. ამ შემოქმედებითად მდიდარი გარემოს წყალობით, რუშამაც საკუთარი, დამოუკიდებელი სტილი განავითარა. იგი ცნობილი 1950-იან წლებში გახდა, როცა პატარა კოლაჟების კეთება დაიწყო გამოსახულებებითა და სიტყვებით, რომლებსაც ყოველდღიური გარემოდან აგროვებდა. ერთსიტყვიანი ან ფრაზიანი კოლაჟები, სხვადასხვა ფონტის, ზომისა და სტილის ასოებისგან შედგებოდა. იგი ფონტებისა და სტილის მეშვეობით ლინგვისტურ მანიპულაციებს მიმართავდა, რომლითაც სიტყვების მნიშვნელობასა და აღქმას ცვლიდა. მისმა ნამუშევრებმა, რომლებიც შეფარულად იუმორისტულიცაა,  კონცეპტუალური ხელოვნების განვითარებაზეც იქონია გავლენა.




მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მას უფრო მეტად ამერიკელ პოპ-არტისტად იცნობს, რუშა კონცეპტუალურ ხელოვნებას უფრო ემსახურება. მის ნამუშევრებს აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის, დადაიზმისა და სიურრეალიზმის კვალი ეტყობა. ასევე მათზე  ჩანს კომერციული ინდუსტრიის, რეკლამების, ჟურნალების, ჰოლივუდის გავლენა. რუშას ერთი შეხედვით უემოციო, ტექსტებიანი ნახატების ორაზროვნება იმ კომერციულ და სოციალურ ანალოგებს ეხმიანება, რომლითაც გარემოცულები ვართ და ამგვარი სარეკლამო წინადადებებისა და მოწოდებების ბანალურობას ირონიით უსვამს ხაზს; თავის ნახატებში კი მათი მნიშვნელობის უფრო სიღრმისეულ განმარტებას იძლევა.  




თავად რუშა მიიჩნევდა, რომ მისი ნამუშევრები დიდწილად აბსტრაქციას მიეკუთვნებოდა. კონტექსტიდან სიტყვების ამოღებაც და მათი ჩვეული მოცემულობიდან ელემენტების დაცალკევებაც აბსტრაქციის ფორმაა. თუ სიტყვებს მართლაც ისე მივუგდებით, როგორც აბსტრაქტულ საშუალებებს და მათთვის მინიჭებულ
ტექსტუალურ და კულტურულ კონტექსტს ჩამოვაშორებთ, მაშინ ჩანახატის მნიშვნელობას, აბსტრაქციის მსგავსად, ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ.


კარიერის დასაწყისში რუშამ თავისი კოლაჟების გადაკეთება დაიწყო: ირჩევდა ცალკეულ სიტყვებს, შემდეგ სიტყვებსა და გამოსახულებებს აერთებდა, საიდანაც საბოლოოდ დახვეწილი და უნიკალური ნამუშევრები გამოჰყავდა. სიტყვები და ფრაზები, რომლებიც რუშას ნამუშევრების ცენტრალური თემაა, მის შემოქმედებაში 1960-იანი წლებიდან იჩენს თავს. ედ რუშამდე ამ ტექნიკას პაბლო პიკასოც იყენებდა, რომელიც ნახატებს ასოებსა და სიტყვებს ურთავდა, ამით კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ორგანზომილებიანი ზედაპირის რეპრეზენტაციას. ეს მსუბუქი ლინგვისტური მანიპულაციები დადაისტებისთვისაც იყო დამახასიათებელი, რომლებიც ზოგჯერ ირონიული სიტყვათა წყობით თამაშობდნენ. თავის ადრეულ კარიერაზე დადაისტების ზეგავლენას არც რუშა უარყოფს.


ნახატში „იმედი“ (HOPE) სიტყვის ვიზუალური გამოსახულება მის მნიშვნელობასა და ასოციაციასთან მკვეთრ კონტრასტშია. ჩანახატს, რომელზეც სიტყვა „იმედია“ გამოსახული,  რაღაც ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. თეთრი ფერის ტექსტი ნაცრისფერში გადადის, ბოლო ორი ასო კი თითქმის გადაფარულია. ნახატი შხეფების ეფექტითაა შესრულებული, რომელსაც ჯექსონ პოლოკთანაც ვხვდებით. სიტყვა „იმედი“ რამდენჯერმე რუშასთან ისევ ფიგურირებს, ოღონდ უკვე სხვადასხვა ფონტით, დიზაინითა და ფერით.  


1960-იანი წლების ბოლოსკენ, რუშამ პორტფოლიოს გაკეთება დაიწყო, რომელსაც „ლაქები“ დაარქვა. ნამუშევრების შექმნისთვის იყენებდა კვერცხის გულს, ლუდს, სოუსებს და სხვადასხვა ფხვნილებს. მაგალითად, ნახატი DANCE?  შედგება  ყავის, კვერცხის ცილის, წიწაკის სოუსის, მდოგვის, კეტჩუპის და ყველი ჩედარისგან. ამ ნამუშევრიდან ჩანს, რომ რუშა არა მხოლოდ იმისთვის იყენებს უჩვეულო ნივთიერებებს, რომ ნახატი ვიზუალურად შექმნას, არამედ მათი მეშვეობით ხაზს უსვამს 1960-70-იანი წლების ამერიკული პოპ-კულტურის სიმბოლოებს. ის საკვები ნივთიერებები, რომლითაც ნახატი შეიქმნა, ამერიკული სადილისა თუ ლანჩის განუყრელი ნაწილია, ასევე ტიპური სწრაფი კვების პროდუქტების - ჰოთდოგებისა და ჰამბურგერების შემადგენელი ინგრედიენტები. 



ჩანახატების დიდი ზომა და ჰორიზონტალური ფორმატი არტისტის დიდხნიან გატაცებაზე მეტყველებს: სარეკლამო ბილბორდებზე. ბილბორდის ფორმატი რუშას მხატვრობაში 1962 წლიდან ჩნდება; ბილბორდიც დიზაინის მეშვეობით აქცენტს სიტყვებზე აკეთებს. ის გვაიძულებს ტექსტის ავტომატურად წაკითხვასა და გაგებას უფრო სწრაფად, ვიდრე გამოსახულებას აღვიქვამთ. ამ დროს გამოსახულება მეორეხარისხოვანი ხდება, იგი უბრალოდ კომენტარის ან ფონის სახით არსებობს.  რუშას ნახატებიც ასეთია: სიტყვები წინააღმდეგობაშია ფონთან და ორაზროვანი მნიშვნელობისაა. ნახატზე, რომელზეც გამოსახულია წარწერა „აპრილამდე არ გადაიხადო“ (Pay Nothing Until April), მთებიანი, თვალწარმტაცი პეიზაჟი მოჩანს. სავარაუდოდ,  ეს ფრაზა რეკლამიდან არის ამოღებული, რომლის სლოგანიც იყო „იყიდე ახლა, არ გადაიხადო აპრილამდე“. „ლალი“ (Ruby) 1968 წელს შეიქმნა და „თხევადი სიტყვების“ სერიას განეკუთვნება, რომელსაც რუშა 1966-1969 წლებში ქმნიდა. „ლალი“ ზუსტად იმ ფერს გამოხატავს, რა ფერისაც ეს ქვაა. თუმცა მყარი, ძვირფასი ქვის ნაცვლად, მას არტისტმა თხევადი ფორმა მისცა.




ეს სიურრეალისტური, არამიწიერი გამოსახულება გონებას უბიძგებს ნახატის შესაძლო ინტერპრეტაციებზე დაფიქრდეს, რომელიც მისივე ლინგვისტურ არსს აღემატება. სიტყვა „ლალი“ მდიდრულ, მუქ მწვანე კონტრასტულ ზედაპირზეა დაღვრილი. მეწამული-წითელი ფერის საღებავის ბზინვარება ფრჩხილის ლაქს ან სისხლს მოგვაგონებს, ხოლო ლაპლაპა, გადაბმულად დაწერილი სიტყვა მომხიბვლელ,  შთამბეჭდავ ვიზუალში ყალიბდება. არტისტის თქმით, მას იმ პერიოდში სითხეების აკვიატება სჭირდა და სხვადასხვა მასალებსაც იყენებდა არტისტული ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად. ამისთვის ჯერ სამზარეულოს მაგიდაზე ატარებდა ექსპერიმენტებს სიროფით, შემდეგ კი უფრო განავრცო და წებოვანი, ბლანტი სითხეებით, მათ შორის ზეთით, კენკრის ჯემით თუ სხვა სახის გაურკვეველი ნივთიერებებით გამოჰყავდა სიტყვები. თხევადი ტექნიკით შესრულებული პირველი სიტყვა „Annie“ კი ნეკერჩხლის სიროფით იყო დაწერილი.



ედ რუშას ნამუშევრებში ადგილობრივი ენით  თავისი მშობლიური ქალაქის ხედებიცაა გადმოცემული, რათა კონკრეტული ურბანული მდგომარეობა უკეთ გამოეხატა. ამ თემატიკაზე შექმნილი ნახატებით, ჩანახატებით, ფოტოებითა და წიგნებით რუშა ზედაპირული, მარტივი ურბანული ცხოვრების ბანალურობაზე გვიქმნის წარმოდგენას და განსაკუთრებით მასმედიით გადმოცემულ კომერციულ ინფორმაციასა და ბილბორდებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ყოველდღიურობის ნაწილია და სოციალურ ვითარებას კარგად ასახავს.



არტისტი იხსენებს, როგორ დაინახა ერთხელ საკუთარი სახლის ფანჯრიდან წარწერა “Hollywood” და ამ მოტივზე ნამუშევარიც შექმნა. ჰოლივუდის ტრაფარეტი, ლოს-ანჯელესის ჰორიზონტის მშვენება, რუშას ნამუშევარში ნაზ ვარდისფერ ფონზე თბილი ყვითელი ფერითაა  გამოყვანილი და, საერთო ჯამში, სინათლესა და სითბოს ასხივებს. რუშა ამ ნამუშევარზე ამბობდა: „დაფიქრდით „ჰოლივუდურ ოცნებებზე“. თვალები დახუჭეთ; როგორ წარმოიდგენთ მას ვიზუალურად? ჩემთვის პირადად ის სინათლის სხივს ნიშნავს, ვიდრე წარმატების ისტორიას“. ყოველდღიურობა ედ რუშას შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურობის ასეთი დიდი დოზით ნამუშევრებში გადმოტანა და რუშას მანერა, რომლითაც იგი ექსპერიმენტებს მიმართავს და ლინგვისტიკას ეთამაშება, მარსელ დიუშანის შემოქმედებასაც  უკავშირდება. დიუშანმა, რომელიც მზა საგნებს ხელოვნების ნიმუშებს უწოდებდა, პირველმა გამოიყენა საყოფაცხოვრებო ნივთები თავის შემოქმედებაში და მათ ადგილი გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში მიუჩინა. დიუშანის შემოქმედებითი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვნება იდეებია და მათ შორის ყოველდღიური მოხმარების საგნის არჩევაც ხელოვნების ნაწილია. „როგორც თვითონ ჩანახტები, ეს სიტყვები ერთდროულად საგნებიც არის და იდეებიც“ - მატერიისა და კონცეპტის ამ ორმაგი სახით, რუშას სიტყვები ლინგვისტურ მნიშვნელობას მოიცავს, გაურბის მას და ამავე დროს მუდმივად აბსურდულობის განცდასაც ქმნის.