მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისი  ტურბულენტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. მრავალეროვანი, მრავალფეროვანი ქალაქი ევროპისა და აღმოსავლეთის ნაზავის გარდა, სხვადასხვანაირი კულტურის ცენტრი იყო. აქ შეხვდებოდით ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ ქალბატონებსაც და ევროპული მოდის ხმას აყოლილ დიდგვაროვნებსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ეთნიკური წარმომადგენლების თავისებურ ჩაცმულობაზე. 1919 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ცოტა ხანში, თბილისში პირველი მოდების ჟურნალი უნდა გამოცემულიყო. მოდების ჟურნალის ესკიზების მხატვრად კი  ლადო გუდიაშვილი აირჩიეს. ამავე წელს გამოცხადდა ნიჭიერი მხატვრების შესარჩევი კონკურსი, რომლებსაც მხატვრობის სასწავლო კურსი პარიზში უნდა გაევლოთ. შერჩეულ კონკურსანტებს შორის ლადო გუდიაშვილთან ერთად იყვნენ სხვა ქართველი მხატვრებიც: ქეთევან მაღალაშვილი, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძე. გუდიაშვილმა ესკიზები სწორედ პარიზში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე დახატა და მისი მოღვაწეობის პირვანდელ პერიოდს განეკუთვნება. ექვსი წლის მანძილზე იგი პარიზში ცხოვრობდა, სწავლობდა და მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შესძინა და მის შემოქმედებით ხედვაზეც იქონია გავლენა, ამ ესკიზებზე მაინც იგრძნობა ის უცვლელი ხელწერა, რომლის ერთგულიც მხატვარი ბოლომდე დარჩა. შთამბეჭდავი ფერები, პოზა, სილუეტები - გუდიაშვილს ყველა სხვა მხატვრისგან გამოარჩევს.



ესკიზები გარდა იმისა, რომ ინფორმაციას გვაძლევს იმ პერიოდის ტენდენციებსა და სამოსზე, საინტერესოა დიზაინის კუთხითაც. უჩვეულოდ ლამაზი ქსოვილი ორიგინალური და ტრადიციული ორნამენტებითაა გაფორმებული, მეტისმეტად ჭრელია და აღმოსავლური იერი დაჰკრავს. ფერები ერთმანეთთან თამამად არის შეხამებული და ფიგურირებს ვარდისფერი, ხასხასა მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი. მართალია, დეტალები ქართული ტრადიციული სამოსიდანაა აღებული, მაგრამ გუდიაშვილმა თავისი ფანტაზიით თანამედროვე ქალის ლაღად მოქნილი ფიგურები ფერადი, ეგზოტიკური ტანსაცმლით შემოსა. 



გარკვეული მიზეზების გამო მოდების ჟურნალი აღარ გამოსულა და გუდიაშვილის  შესრულებული ესკიზებიც ფართო  საზოგადოებას  არ უნახავს. მხატვარმა საერთო ჯამში ოცდაოთხამდე ესკიზი შექმნა. ამჟამად ესკიზები ხელოვნების სასახლის სახვით ფონდშია დაცული.


მოგვიანებით გუდიაშვილმა კვლავ იმუშავა მხატვრულ ესკიზებზე, ოღონდ ამჯერად თეატრალური წარმოდგენებისა და კინოფილმებისთვის. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, 1925 წელს, რუსთაველის თეატრის დაკვეთით შეასრულა ესკიზები გრიგოლ რობაქიძის დადგმისთვის „ლამარა“, ასევე 1955 წელს მარჯანიშვილის თეატრში ვლადიმერ კანდელაკის წარმოდგენისთვის „მაია წყნეთელი“, 1960 წელს კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის „აბესალომ და ეთერის“ ესკიზები შექმნა. გუდიაშვილმა ასევე გააფორმა მხატვრული ფილმები, მათ შორის მიხეილ ჭიაურელის 1929 წელს გადაღებული ფილმი „საბა“ და ასევე  „ხაბარდა“ (1931), რომელზეც დავით კაკაბაძესთან ერთად იმუშავა.