''როგორც არქიტექტორი შენ ქმნი აწმყოს, წარსულის გააზრებით და ამავდროულად, მომავლისათვის, რომელიც არსებითად უცნობია.''

ნორმან ფოსტერი

ისტორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც გაგვაჩნია. ის დიდწილად აყალიბებს ჩვენს იდენტობას, გვასწავლის თავის შეცდომებსა და წარმატებებზე. გვახსენებს, რომ ჩვენ  ვალდებული ვართ ეს ისტორია მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შევქმნათ საკუთარი ისტორია, ისე როგორც ამას  ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. 




არქიტექტურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ისტორიის ჩამოყალიბებაში. მისი წაკითხვით ჩვენ ფასდაუდებელ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენს წინაპრებზე. ისტორიისა და არქეოლოგიური მონაპოვრისგან განსხვავებით, არქიტექტურა ის არტეფაქტია, რომელთან ინტეგრირებაც საკუთარი სურვილის მიუხედავად ხშირად გვიწევს. ის აყალიბებს ქუჩის, უბნის, ქალაქის  და ქვეყნის ხასიათს, სწორად ამ მიზეზით  კულტურულ ძეგლთან შეხება ნებისმიერ ქვეყანაში დიდ ვნებათაღელვას  და შიშს იწვევს, რომ ისტორია დაზიანდება ან სულაც დაიკარგება.  ამ და კიდევ სხვა სირთულეების მიუხედავად, არქიტექტორთა უმრავლესოისათვის ისტორიულ ძეგლზე ან ისტორიულ გარემოში მუშაობა ყველაზე დიდ გამოწვევასთან ერთად უდიდეს ინტერესსაც იწვევს.


ევროპაში, სადაც სხვათა შორის, პირველად გაჩნდა კულტურული მემკვიდრეობის  და მისი დაცვის ცნება, დღეს არაერთი სტრატეგიაა შემუშავებული მსგავსი გამოწვევების გადასალახად.  კომპლექსი, რომ ჩვენ დღეს ჩვენი წინაპრების თანასწორნი არ ვართ და ნაკლები უფლება გაგვაჩნია ახალი ისტორიის დასაწერად, გადალახულია.


ამ  ყველაფრის ფონზე საკვირველია შიში საქართველოში ზემოთ ხსენებულ გარემოებაში ყოველგვარი სიახლის გაჩენის მიმართ, ამ შიშით გამოწვეული სახალხო მღელვარებები და ამ მღელვარებით გამოწვეული შეშინებული სტრატეგია.  სტრატეგია, რომელიც მოგვიწოდებს  შევქმნათ ბუტაფორიული, ძველი, ფსევდოისტორიული არქიტექტურა. ნაცვლად იმისა, რომ ვქმნიდეთ ჩვენი პერიოდისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას, რა თქმა უნდა, ისტორიული მასშტაბის გათვალისწინებით. არქიტექტურას, რომელიც კონტრასტს შეუქმნის ძველს და, როგორც კონტრასტს სჩვევია, უფრო ძლიერად გაუსვამს ხაზს მის სიძველესა და ფასეულობას.  მომავალში  კი ჩვენი შთამომავლები არ იმარჩიელებენ, თუ რომელ ეპოქას ეკუთვნის კონკრეტული ნაგებობა.  ჩვენ მიერ დღეს შექმნილი თანამედროვე შენობები მომავალში კიდევ ერთ ისტორიულ ფენად დაედება და კიდევ უფრო გაამდიდრებს წარსულს.




ამ სტატიაში პარალელის გავლების მიზნით შევეხები ორ პროექტს, რომლებსაც ერთმანეთისგან გარდა გეოგრაფიისა, საუკუნეები ყოფს. 


თითქოს რა საერთო შეიძლება გააჩნდეს 2011 წელს
კარდიფში მალტრერას ციხესიმაგრის რენოვაციას თბილისში XVII საუკუნეში რეაბილიტირებულ ანჩისხატის ტაძართან? ის რომ ორივე შემთხვევაში რენოვაციის დროს გამოიყენეს  იდენტური მეთოდი. ორივე შემთხვევაში აღადგინეს არა ავთენტურ ნაგებობაში არსებული, არამედ აღდგენის პერიოდისთვის სახასიათო თანამედროვე მასალით. ორივეგან ერთი მარტივი მიზეზით: ტექნოლოგია წავიდა წინ და გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, ესთეტიკის აღქმა და გამოწვევები.




კარდიფის შემთხვევაში ეს არის თეთრი ბეტონი, რომელიც იმეორებს ერთ დროს არსებული ციხესიმაგრის გაბარიტებს და ფორმას. გვაჩვენებს, თუ როგორი იყო ის, სანამ დრო და გარე მოვლენები მას ჩამოაქცევდა.  ეს თეთრი ფონი  გაბარიტების და გეომეტრიის ჩვენების გარდა ძლიერ და მკვეთრ ფონს უქმნის ნაგებობისგან შემორჩენილ სტრუქტურას.  ასევე იძლევა საშუალებას ტერიტორიაზე ნაპოვნი კედლის ფრაგმენტები თავის ისტორიულ ადგილას დაბრუნდნენ,  მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სტრუქტურისა და ამ ფრაგმენტების დამაკავშირებელი დეტალები დაკარგულია და ამგვარად ბევრად ხმამაღლა გვიამბონ საკუთარი ისტორია.  


შესაბამისად, ერთ შენობაში ინახება შემდგომი ისტორია: ის, თუ როგორი იყო აწმყო, როდესაც ეს ციხე შენდებოდა, რა სახით მოაღწია მან ჩვენამდე და  რა გადავეცით ჩვენს შთამომავლებს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტექნიკა ფართოდ გამოიყენება არქეოლოგიური არტეფაქტების აღდგენის დროს.




ანჩისხატის ტაძარს თუ დააკვირდებით, იდენტურ სურათს დაინახავთ -
VI საუკუნისთვის დამახასიათებელ მასალას და  ნათალი ქვით ნაშენებ ტაძრის ნარჩენებს, რომლის რესტავრაციაც XVII საუკუნეში მოხდა.  აღდგენილი კამარები, თაღები და ბურჯები, ისევე როგორც ნავების კედლები, რესტავრაციის პერიოდისთვის სახასიათო თანამედროვე აგურითაა ნაშენები. დღეს, როდესაც ამ ტაძარს ვუყურებთ, ვხედავთ იგივე ისტორიას, რასაც კარდიფის პროექტი ჰყვება.  ვხედავთ XVII საუკუნემდე მოსულ ისტორიის ფრაგმენტებს - ნათალი ქვის ნაგებობის სახით. რესტავრაციის პერიოდის აწმყოს, რომელმაც ჩვენამდე უკვე ახალი ისტორიული ფენის სახით მოაღწია და საკუთარი ფასეულობა და იდენტობა შემატა ორიგინალს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგალითს და მოწოდებას, მოწოდებას იმისას, რომ ჩვენ  წინაპრების სრულუფლებიანი შთამომავლები ვართ და არ უნდა გვეშინოდეს შევქმნათ საკუთარი ისტორია, ისევე როგორც არ ეშინოდათ მათ.




თბილისის ცენტრში მდგომი უმნიშვნელოვანესი ნაგებობა თავად გვიყვება, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ისტორიულ ძეგლებთან და უბნებთან მუშაობა. ჩვენ ის უბრალოდ უნდა შევამჩნიოთ და მოვუსმინოთ. მიუხედავად ამ ნათელი მაგალითისა, ჩვენ  ვატყუებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე მომავალ თაობებს და ვქმნით ყოველგვარი ფასეულობებისგან დაცლილ ფსევდოისტორიას, ამასთან ერთად უგულებელვყოფთ მსგავს გარემოში სამუშაოდ ერთადერთ მნიშვნელოვან ასპექტს - ისტორიულ მასშტაბს, რომელიც სწორედ რომ ხელუხლებელი უნდა რჩებოდეს.