მკვეთრი, მხიარული ფერები, კულინარიული თემატიკა, მასობრივი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ელემენტები, უეინ ტიბოს შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ტიბოს მხატვრობას აქვს ძალიან მარტივი, გულწრფელი მომხიბვლელობა, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.




ყოველდღიური საგნების ფერწერულად გამოსახვის გამო, უეინ ტიბოს პოპ-არტის წარმომადგენლად მიიჩნევენ, თუმცა მის შემოქმედებაში ჩვეული ცხოვრების დეტალები, პოპ-არტის, როგორც მიმდინარეობის ჩამოყალიბებამდე ჩნდება.  ტექნიკური უზადობა და რეალისტური ფორმები, ტიბოს ფერწერას კლასიკურ მხატვრობასთან აახლოებს. მხატვარი ხშირად აღნიშნავს, რომ თავს არ მიიჩნევს “პოპ-არტისტად” და ენდი უორჰოლის ნამუშევრებს ბრტყელსა და უსიცოცხლოს უწოდებს. მართლაც, თუ პოპ-არტის მიმდევრებს სარეკლამო ბანერების მსგავსი ფასადურობა და ირონია ახასიათებთ, უეინ ტიბოს ნამუშევრებში ყოველთვის დაცულია პერსპექტივა და ნახატებში უფრო მსუბუქი იუმორი გვხვდება, ვიდრე ცინიზმი.




ტიბოს შემოქმედება ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს, მხატვრის შესრულებული ნამცხვრები დაბადების დღის წვეულებებს, დღესასწაულებს და განათებულ ვიტრინაში დანახულ საკონდიტრო ნაწარმს მოგვაგონებს, მის ნახატზე დაკვირვება იმავე გრძნობებს აღძრავს, რასაც ზაფხულის ცხელ და უდარდელ დღეს საყვარელი ნაყინის ყიდვა გვიჩენდა. უეინ ტიბოს შემოქმედებას თან ახლავს უცნაური ნოსტალგია იმისა, რაც რეალურად არ გვინახავს, მისი ფერწერა ერთგვარი “ამერიკული ოცნებაა” და სწორედ აქ ვხედავთ მხატვრის იუმორს, ის  გვიჩვენებს იმ ამერიკას, რომელიც ძირითადად უცხოელების წარმოსახვასა და პოპულარულ კულტურაში არსებობს. მისი ნამუშევრების დათვალიერებისას, მოულოდნელად გვენატრება 1950-60-იანი წლების ამერიკული გარეუბნის ცხოვრება და მხოლოდ ფილმებში ნანახი კაფეტერიები, მუსიკალური ავტომატით, ფერადი სავარძლებითა და შავ-თეთრი ფილებით. ამ შეგრძნებებს სავარაუდოდ, მხატვრის ტექნიკა იწვევს, მის ნახატებში ხშირად ვხვდებით ნამცხვრის კრემივით სქელ საღებავს, რომელიც ფაქიზი მონასმებით ძალიან რეალური და ხელშესახები ხდება.





დამახასიათებელი ტექნიკის ჩამოყალიბებამდე, მხატვრის ნამუშევრებში მოდერნიზმისა და ექსპრესიონიზმის გავლენები იგრძნობოდა. უეინ ტიბოს მხატვრობაში კულინარია უდიდეს ნაწილს იკავებს, თუმცა მის შემოქმედებაში პეიზაჟებსა და პორტრეტებსაც ვხვდებით. პეიზაჟებში ხშირად გამოსახულია სან-ფრანცისკოს ხედები, 50-60-იან წლებში ქალაქი სხვადასხვა უმცირესობებისა და ხელოვანთათვის ერთგვარი თავშესაფარი იყო, თუმცა ტიბოს ნამუშევრებში ვხედავთ არა სან-ფრანცისკოს მცხოვრებთა მრავალფეროვნებას, არამედ ქალაქის უცნაურ ლანდშაფტსა და არქიტექტურის გეომეტრიულ სიზუსტეს. გეომეტრიული ფიგურებით დაინტერესება ჩანს მხატვრის სხვა პეიზაჟებშიც, რომლებიც ნაწილობრივ შთაგონებულია პოლ სეზანის შემოქმედებით და ადრეულ კუბიზმს უახლოვდება. არანაკლებ საინტერესოა მისი პორტრეტები - მხატვარი ნატურას ძირითადად თეთრ ფონზე, ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავს.






უეინ ტიბოს ნახატებში იგრძნობა შუქ-ჩრდილებისა და სინათლის სხვადასხვა წყაროსადმი ინტერესი, მხატვარი ხშირად ერთსა და იმავე ნახატში იყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ სინათლეს, მკვეთრად გამოკვეთილ ჩრდილებს და ამოზნექილ მინაზე არეკლილი სხივის მომწვანო ელფერს, ეს ტექნიკა განსაკუთრებით შესამჩნევია მხატვრის ორ ნამუშევარში: “შეფუთული ნამცხვრები” და “მოცვის კრემი”.

მიუხედავად იმისა, რომ უეინ ტიბოს შემოქმედება სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულ თემებსა და სტილს მოიცავს, მას მაინც აქვს ერთი ღერძი და ეს სწორედ ის სასიამოვნო მელანქოლია და ნოსტალგიაა, რასაც მხატვრის ნამცხვრების სერიაში ვხვდებით.




ტიბოს პორტრეტების გმირების როგორც ვარცხნილობა, ასევე ტანსაცმელი 60-იანი წლების სტილისაა, მხატვრის პორტრეტები იმდენად რეალისტურია, რომ მათზე დაკვირვებისას წამიერად წარსული ძალიან ხელშესახები ხდება. პეიზაჟებში ამ გრძნობას აღძრავს ქალაქის სიმშვიდე და სიცარიელე, რის გამოც ტიბოს ხშირად ედუარდ ჰოპერს ადარებენ. თუმცა, ჰოპერის შემოქმედებაში მარტოსულობა იგრძნობა, ტიბოს ნახატებში კი პირიქით, დაცარიელებული ქუჩების ცქერისას არ ჩნდება განცდა, რომ ქალაქი მიტოვებულია, ვხედავთ, რომ ის თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, მცხოვრებლები კი - თითქოს უბრალოდ კადრში ვერ მოხვდნენ.


ტიბოს მხატვრობა დასტურია იმისა, რომ ხელოვნების შესაქმნელად შეიძლება გამოხატვის ძალიან მარტივი ფორმა აირჩიო და ამასთანავე ყოველდღიურ, ბანალურ რეალობაში იპოვო პოეტურობა.