„შიკოლი“ შოკოლადის მაღაზიაა, რომელიც ფალიაშვილის 79 ნომერში მდებარეობს და მომხმარებლებს უკვე მეოთხე წელია უგემრიელესი შოკოლადის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. “შიკოლის” მიერ შექმნილი პროდუქცია იმითაა გამორჩეული, რომ ქართულია, ხელითაა დამზადებული და ამასთანავე, განსაკუთრებული ვიზუალი აქვს. რას არ შეხვდებით აქ - კარამელიზებულ თხილსა თუ მარილიან პრეცელებს რძიანი შოკოლადით, შოკოლადისა და მარწყვის გემრიელ კომბინაციებს, კარამელის და ზღვის მარილის ბონბონებს ოქროს ფურცლებით თუ შავ შოკოლადს მოხალული ნუშით... ეს მცირე ჩამონათვალია იმ გრძელი სიიდან, რომლითაც “შიკოლი” შოკოლადის მოყვარულებს ანებივრებს.
„შიკოლის“ დამფუძნებელი თამთა ბენაშვილია, რომელიც უკვე მრავალი წელია შოკოლადს ამზადებს - როგორც თავად ამბობს, მისი საყვარელი საქმე ბუნებრივად იქცა ბიზნესად. მას შემდეგ, რაც მისეული ტექნოლოგიით დამზადებულმა შოკოლადმა ერთ-ერთ ტკბილეულის ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ნელ-ნელა გაჩნდა იდეა მაღაზიის გახსნისა, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს ხარისხიანი ქართული შოკოლადით გაუმასპინძლდებოდა. შოკოლადის დამზადების პროცესში თამთამ დროთა განმავლობაში სხვა ადამიანებიც ჩართო, რომლებთანაც ერთობლივი მუშაობით ცდილობს, შოკოლადისადმი მისი სიყვარული სხვა ადამიანებსაც გაუზიაროს.
„შიკოლში“ შოკოლადი ყოველგვარი დანამატის გარეშე მზადდება, რის გამოც ის ორ-სამ კვირაზე დიდხანს ვერ ძლებს და მისი მირთმევა მალევეა სასურველი. მაღაზია მომხმარებელს სამი სახის შოკოლადს სთავაზობს - შავს, თეთრსა და რძიანს სხვადასხვა შიგთავსებით. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე - მაღაზიაში, ასევე მიტანის სერვისითაც. საკმარისია მომხმარებლებმა შოკოლადის მაღაზიაში მისვლისას ან მათ ონლაინგვერდზე „შიკოლს“ თავიანთი სურვილები გაუზიარონ, რომ მალევე მათთვის შოკოლადის სასურველი ნაკრები მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ “შიკოლში” უკვე გამზადებული პროდუქციის შეძენაცაა შესაძლებელი, უმეტესად მომხმარებლებს ურჩევნიათ, რომ იმ ადამიანების გემოვნების გათვალისწინებით, ვისთვისაც შოკოლადის მირთმევა სურთ, თავად ააწყონ სასურველი ნაკრები.
შოკოლადის მაღაზია „შიკოლი“ ეყრდნობა კონცეფციას, რომლის თანახმადაც შოკოლადი ნებისმიერი ადამიანისთვის იდეალური საჩუქარია. საინტერესოა, რომ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში შოკოლადის საჩუქრად გამოყენების კულტურა საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, ამას საქართველოზე ვერ ვიტყვით - „შიკოლის“ მიზანი კი საქართველოში სწორედ რომ ამ კულტურის დამკვიდრებაა და ხელნაკეთი, გემრიელი შოკოლადის სასურველ საჩუქრად ქცევის ტრადიციის ჩამოყალიბება. აქ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა დიზაინის შოკოლადი მზადდება, შესაბამისი ვიზუალის მქონე ყუთით.აქ მომუშავე ადამიანები მუდმივად ცდილობენ მომხმარებლებისათვის როგორც ხარისხიანი და გემრიელი შოკოლადის შეთავაზებას, ასევე კონკრეტული დღესასწაულის შესაბამისი ესთეტიკის შექმნასაც - ამ დროს შოკოლადის, ისევე როგორც მისი შეფუთვის ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მაღაზია 3 და 8 მარტის დღეებისთვის მომხმარებელს შოკოლადის ახალ კოლექციას სთავაზობს.
რაც შეეხება პროდუქციას, რომელიც შოკოლადის დამზადების ტრადიციული და ძველი, წიგნებში ამოკითხული საინტერესო რეცეპტებით მზადდება, ის საკმაოდ მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია, რომ „შიკოლი“ შოკოლადის მოყვარულებს ტრიუფელის ლოლიპოპსების, კარამელიზებული ფორთოხლის, რომის არომატით გაჟღენთილი რძიანი შოკოლადის ტრიუფელის, კარამელის და თხილის პასტის პრალინებისა და ფერადი ბომბონების გარდა, სთავაზობს ჯანსაღ პროდუქციასაც- ეგრეთ წოდებულ ენერჯი ბარებს, რომლებიც წასახემსებელი და ჯანსაღი 70-პროცენტიანი შოკოლადია. ის შედარებით დაბალკალორიულია და სასურველი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის გამო თავს არიდებენ ზედმეტი ტკბილეულის მირთმევას.
„შიკოლის“ დამფუძნებლისა და მისი გუნდისათვის მნიშვნელოვანი პროცესია დაინტერესებული ადამიანებისათვის სასურველი და გამორჩეული ყუთის შექმნაში დახმარება - სწორედ ამიტომაა, რომ ხარისხიანი და გემრიელი შოკოლადის დამზადების გარდა, დიდი მნიშვნელობა ექცევა იმასაც, რომ შეფუთვა კაშკაშა და ნათელ ფერებში იყოს. „შიკოლი“ მოხმარებლებს სთავაზობს მისალოც თუ უბრალო ბარათებსაც, რომლებზეც კონკრეტული მომხმარებლის მიერ გაგზავნილი ტექსტი იწერება და შემდეგ იდება ყუთში, რაც გემრიელ შოკოლადთან და ასევე მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ ფერად ყვავილებთან ერთად ადამიანის გახარების, მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის, მადლიერების გამოხატვისა თუ უბრალოდ დადებითი ემოციებისა თუ მუხტის გაზიარების იდეალური შესაძლებლობაა.
დაწერე კომენტარი