ანასტასია ახვლედიანი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ხელოვნება საკუთარი თავის განსხვავებულად დანახვის შესაძლებლობას აძლევს. მხატვარი თავის შემოქმედებაში, ერთი მხრივ, გამორჩეული ისტორიების ილუსტირირებას ახდენს, მეორე მხრივ კი, ამ ნამუშევრებში დროის არარსებობის, უიმედობისა და ირეალურობის განცდას აერთიანებს. გთავაზობთ ინტერვიუს ანასტასიასთან, რომელიც მის მიერ შექმნილი ბოლო ინსტალაციის, მისი ხელოვნებასთან კავშირისა და იმ ძირითადი ელემენტების შესახებ გვესაუბრა, რომლებიც მის შემოქმედებას ამგვარად საინტერესოსა და გამორჩეულს ხდის.
ანასტასია, რამ გადაგაწყვეტინა, მომავალი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა, რა არის ის, რაც არჩეულ საქმიანობაში ყველაზე მეტად გიყვარს?
ბავშვობიდან დავდიოდი ხატვის წრეზე. არ მიფიქრია, რომ სხვა რამის კეთება შემიძლია, არც კონკრეტული გადაწყვეტილება მიმიღია, ასე მოხდა უბრალოდ. ამ საქმეში ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ ჩემი ნამუშევრები დამოკიდებულია მხოლოდ ჩემზე და ჩემი მუშაობის პროცესზე. მალე მბეზრდება ყველაფერი, ხელოვნება კი იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ საკუთარი თავი განსხვავებულად დავინახო.
გაქვს ნამუშევრებს შორის ერთი ყველაზე გამორჩეული, რომლითაც შენი შემოქმედებითი ხედვისა თუ ხელწერის რეპრეზენტაციას შეძლებდი?
ასეთი ალბათ ჩემი ბოლო ნამუშევარია, რომელშიც გაერთიანებულია ის მასალები, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში მიმუშავია. ინსტალაცია, სახელწოდებით - „ფარდას, რომელიც შეგიკერე, ვერასდროს ნახავ“, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნანახი საფლავების იმიტაციაა. ის გვიჩვენებს საფლავის საკრალურობას ცოცხალი ადამიანებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რომლითაც რთავენ მათ და როგორი სისათუთე ვლინდება საყვარელი ადამიანის საფლავის მოვლისას. ამ შემთხვევაში ჩემი ნამუშევარი ტრანსგენდერი ქალის საფლავის იმიტაციაა - დიდი ზომის ინსტალაცია, რომელიც 6-მეტრიანი, ხელით მოქარგული ფარდის, ფერწერისა და დასავლეთ საქართველოში ნანახი საფლავების ვიტრის რეპლიკისაგან შედგება.
შენი ზოგიერთი ნამუშევარი ეროვნულ თემატიკაზეა შექმნილი. მოგვიყევი, როგორ დაუკავშირდა შენი შემოქმედება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს?
ზოგადად, ჩემს ნამუშევრებს ეროვნულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი, უბრალოდ რამდენიმე ძველი სერია ჩემთვის საინტერესო ისტორიების ილუსტრაციაა. ჩემთვის სულ შთაგონების წყაროა აქაურობა და ის ამბები, რომლებთანაც კავშირს ვპოულობ. ეს ქვეყანა უფრო დაკვირვების ობიექტია ჩემთვის.
მუშაობის დაწყებამდე წინასწარ იცი, რას დახატავ თუ ზოგჯერ პირიქით, ხატვის სურვილის გაჩენის შემდეგ მოდის იდეა?
ვცდილობ, რომ ყოველდღე ვიარო სახელოსნოში, ამიტომ ყოველდღე ვაკეთებ ჩანახატებს, რომელთა მიხედვითაც შემდეგ დიდი ზომის ფერწერულ ნამუშევრებს ვქმნი. ხანდახან ეს პირიქით ხდება, ჯერ ტილოზე ვიწყებ ხატვას და შემდეგ ვაკეთებ ჩანახატებს ნამუშევრის გასაგრძელებლად. ყოველთვის ერთნაირად არ ხდება, მაგრამ ძირითადად ჩანახატების კეთებით ვიწყებ ხოლმე ახალ ნამუშევარს.
როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მახასიათებელი ან მახასიათებლები, რომლებიც მუდმივად ახლავს თან შენს ნამუშევრებს - ის, რაც შენეულია და შენს შემოქმედებას სხვების მხატვრობისაგან გამოარჩევს?
ამას ყველა ნამუშევარზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ ბოლო დროს ჩემი შემოქმედება უფრო პერსონალური გახდა, მგონია, რომ მათ დროის არარსებობის, უიმედობისა და ირეალურობის განცდა აქვთ საერთო.
როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დღეს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები სოციუმის ცნობიერების ამაღლების საქმეში და პირადად შენ როგორ ცდილობ შენი ხელოვნებით ამ პროცესში ჩართვას?
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ისეთი ხელოვანია, ვინც სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო ქმნის ნამუშევრებს. რა თქმა უნდა, მათ უფრო აქვთ სხვების ცნობიერებაზე გავლენა, თუმცა მე არ მოვიაზრებ თავს ასეთ ხელოვანად - არ მაქვს იმის ამბიცია, რომ შემიძლია ჩემი ნამუშევრებით ვინმეს შეხედულებები შევცვალო. ნამუშევრის კეთებისას ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.
დაბოლოს, ამჟამად რაზე მუშაობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
ახლა ძიების პროცესში ვარ, ამიტომ სამომავლო გეგმებიც არ მაქვს ჯერ.
დაწერე კომენტარი