პირველად ისტორიაში ოქროს გლობუსის მორიგი - 78-ე დაჯილდოების ცერემონიალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცოტა ხნის წინ ძირითადად ვირტუალურად გაიმართა.
უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები სულ 25 ნომინაციაში გამოავლინა. გლობუსის დაჯილდოების მთავარი გამარჯვებული ფილმები გახდა Nomadland და Borat subsequent moviefilm. მხატვრულმა ფილმმა - Nomadland საუკეთესო დრამატული მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამავე ფილმისათვის რეჟისორმა ქლოი ჟაომ ,,ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქლოი ბარბრა სტრეიზანდის შემდეგ ოქროს გლობუსის ისტორიაში მეორე ქალია, რომელმაც აღნიშნულ კატეგორიაში გაიმარჯვა.
ჟურნალისტ ჯესიკა ბრუდერის მხატვრულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმი - ,,ნომადლენდი“, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ფრენსის მაკდორმენდი ასრულებს, ველური დასავლეთის მომთაბარე საზოგადოების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის პროტაგონისტი 60 წლის ქალია, რომელიც მას შემდეგ, რაც დიდი დეპრესიის შედეგად ყველაფერს დაკარგავს, მომთაბარე ცხოვრებას იწყებს. იგი ცხოვრობს ფურგონში და მოგზაურობს ველური დასავლეთის გავლით. ეცნობა სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. ფილმი ბრუდერის ნაწარმოებში გადმოცემულ მომთაბარეთა რეალურ ცხოვრებას აღწერს.
,,ოქროს გლობუსის“ საუკეთესო კომედიური ფილმი გახდა Borat Subcendent Moviefilm, აღნიშნულ ფილმისათვის საშა ბარონ კოჰენმა კომედიურ ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის კატეგორიაში გაიმარჯვა. Borat Subsequent Moviefilm - ეს არის გაგრძელება 2006 წელს გადაღებული ფილმის, რომელიც ყაზახეთის ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტის, ბორათის რეალური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
,,ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულთა სიის სათავეში შავი პანტერას როლის შესრულებელი - ჩედვიკ ბოუსმენიც მოხვდა. 43 წლის ასაკში გარდაცვლილ ცნობილ მსახიობს ,,ოქროს გლობუსი“ დრამაში საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის, ჰიტ ლეჯერის მსგავსად, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.
რაც შეეხება სატელევიზიო სერიალებს, ნეტფლიქსის სერიალი The crown, რომელიც ელიზაბეთ II-ის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, 1940-იანი წლებიდან დღემდე, დაჯილდოებაზე 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული და აქედან 4 კატეგორიაში გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ იგი გახდა საუკეთესო სატელევიზიო დრამატული სერიალი, მთავარი როლის შემსრულებლებმა - ემა კორინმა და ჯოშ ო’კონორმა დრამატულ სერიალში საუკეთესო როლის შემსრულებელი ქალისა და კაცის ჯილდოები მოიპოვეს. ჯილიან ანდერსონი კი, აღნიშნული სერიალით გახდა ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი.
ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულმა მინისერიალმა - The Queen’s Gambit გამარჯვება საუკეთესო მინისერიალის კატეგორიაში მოიპოვა. ყველასთვის საყვარელი ჭადრაკის ვუნდერკინდი ობოლი გოგონას - ბეთ ჰარმონის როლის შესრულებისთვის კი ანია ტეილორ ჯოიმ "ოქროს გლობუსი" მინისერიალში საუკეთესო მსახიობი ქალის შესრულებისათვის მიიღო.
დაწერე კომენტარი