რუსი დიზაინერი, რეჟისორი და ფოტოგრაფი გოშა რუბჩინსკი ის ხელოვანია, რომელიც რასაც უნდა აკეთებდეს - ტანისამოსი იქნება ეს, ფილმი თუ ფოტოგრაფიის მორიგი ალბომი - შთაგონებას იმ გარემოში პოულობს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა. გოშასთვის ეს გარემო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთია. ცხოვრების სტილი, რომელიც არც ჩვენთვის ყოფილა უცხო, რუსი დიზაინერის კოლექციებში უკვე არაერთხელ გამოვლინდა, თუმცა სანამ მის ცხოვრებაში მოდა გაჩნდებოდა და პერსონალურ ისტორიებს ტანისამოსის მეშვეობით მოგვიყვებოდა, მანამდე მისი ყურადღება ვიზუალურმა ხელოვნებამ მიიპყრო.
ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაინტერესდა, პირველი გავლენა კი რუსული ანდერგრაუნდ ჟურნალი OM and Ptuch იყო. "სულ ვფიქრობდი, რა გზით მოხვედრილყავი ამ ჟურნალის ფურცლებზე, ამიტომ ფოტოების გადაღება და სტილის შექმნა დავიწყე. შემდეგ სკეიტბორდისტებს შევხვდი და ისინი იქცნენ ჩემს მთავარ გმირებად, მას შემდეგ ფოტოებს მათთვის და მათ შესახებ ვიღებ". - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. სკეიტკულტურასთან გოშა რუბჩინსკის შეხვედრას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია, როგორც ჩვენი დროის ბევრმა სხვა ფოტოგრაფმა, რომელიც ახალგაზრდული ცხოვრების სტილით ინტერესდებოდა, გოშამაც ამ ადამიანებსა და მათ საარსებო სივრცეზე დაიწყო დაკვირვება. შედეგად კი მისი პირველი ფოტოალბომის - Crimea/Kids-ის პირველ ფურცლებზე, რომელიც ლონდონურმა წიგნების გამომცემლობა IDEA-ამ დაუბეჭდა, სწორედ ცამეტი წლის რუსი სკეიტბორდისტების პორტრეტი მოხვდა.
ამ წიგნში თავმოყრილი ფოტოები სწორედ ამ და სხვა სკეიტერ ბავშვებზეა. თუ მისი, როგორც დიზაინერის, შემოქმედებას თვალს ადევნებთ, ზოგიერთ მათგანს კოლექციების ფოტოსესიებიდან და კამპანიებიდანაც იცნობთ. იცნობთ ადგილებსაც - ყირიმის გარემო, რომელშიც სკეიტერი ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან, გოშამ თავისი კოლექციის გადასაღებ მოედნად უკვე არაერთხელ აქცია. როგორც თავად ამბობს, ყირიმი მისთვის პერსონალურ ემოციებთან ასოცირდება, ეს ის ადგილია, სადაც 2011 წელს ქუჩის არტ-სცენა, 2013 წელს კი თავისი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გადაიღო.
"ყირიმს უნიკალური ატმოსფერო აქვს, ერთი მხრივ, ეს ადგილი სავსეა ტარკოვსკისეული ნოსტალგიური კადრებით, მეორე მხრივ კი ზოგჯერ ლოს-ანჯელესსაც კი ჰგავს”. გოშა რუბჩინსკის ტარკოვსკის კადრებისმაგვარი ნოსტალგია გასაგებია, ყირიმი და განსაკუთრებით კუნძული იალტა, ის ადგილია, სადაც ზაფხულის თავისუფალი დღეები უამრავ საბჭოთა ბავშვს გაუტარებია, ამიტომაც წლების შემდეგ უკან დაბრუნებული გოშა იმ იმედით, რომ აქ დღეს იმაზე უკეთესი თაობა იზრდება, ვიდრე მაშინ, Crime/Kids-ის ფოტოალბომში ყირიმისადმი თავისი სიყვარულის პერსონალურ ისტორიას გვიყვება.
რუსეთის უკეთესი მომავლის იმედი ჩანს მის მეორე ფოტოალბომ Youth Hotel-ში. წიგნში, რომელიც ისევ IDEA BOOK-ის გამომცემლობას ეკუთვნის, გოშამ მომავალი რუსული თაობის ოპტიმისტური პორტრეტი დაგვანახვა, ალბომის სათაური კი ასე განმარტა: ეს, რა თქმა უნდა, არ არის ახალგაზრდულ სასტუმროზე, წიგნი უფრო მეტად ახალგაზრდულ კულტურაზეა, რომელიც ზოგჯერ სასტუმროს მაგონებს, ადგილს, სადაც შენი ცხოვრების დროის მცირე ნაწილს ატარებ, შემდეგ კი გზა აუცილებლად უნდა გააგრძელო..."
ფოტოალბომში გაერთიანებულ გულწრფელ ფოტოებში, რომლებშიც სიგარეტის კვამლში გახვეული თინეიჯერი ბავშვების პორტრეტები ჩანს, ამავე დროს ირეკლება დანგრევის პირას მისული მძიმე ბრუტალური საბჭოთა არქიტექტურა, რომელიც თითქოს ეხმაურება ფოტოსერიის ერთიან პათოსს. "ახალგაზრდებს ახალი იდეები, ხედვები და გზები აქვთ, ამიტომაც მივყვები მათ და ამიტომაც გამოდის მათი პორტრეტები ყოველთვის საუკეთესო. ჩემთვის ეს წიგნი ყველაზე კარგად გამოხატავს ახალგაზრდა თაობას და იმედს რუსეთის ჯანსაღ მომავალზე", - ამბობს გოშა წიგნის დასასრულს.
დაწერე კომენტარი