ბრიტანული  “რითეილ” დიზაინ-სააგენტო -  Sheridan & Co წლებია, რაც თავის კლიენტებს მათზე მორგებულ ინტერიერის დიზაინს თუ ბრენდის შეფუთვას სთავაზობს. კომპანია 1983 წელს ჩამოყალიბდა და ყველაზე მთავარი, რაც მას სხვა მსგავსი სააგენტოებისგან გამოარჩევს, მუდმივი ადაპტაციის უნარია. როგორც თავად გუნდის წევრები ამბობენ, მათი მუშაობის სტილი და  „ხელწერა“ ბრენდის საჭიროებებთან ერთად იცვლება, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი კლიენტის ძირითად ღირებულებებსა და  ბრენდის კონცეფციას სრულად გამოხატავდეს.

თიბისი კონცეპტი




Sheridan & Co მის მიერ შემნილი სივრცეების მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა - სწორედ მათი დახმარებით განხორციელდა სულ ცოტა ხნის წინ გახსნილი თიბისი კონცეპტის მრავალფუნქციური სივრცის ჩანაფიქრი მარჯანიშვილის 7 ნომერში. თიბისი კონცეპტის დიზაინიც ბრენდის ღირებულების მიხედვით შეიქმნა. სივრცის დაგეგმარება ყველა სტუმარს ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას აძლევს, დიზიანი ღიაობის, დემოკრატიულობის, ინოვაციურობის და დინამიურობის შეგრძენებას ქმნის - ფერები კი მაქსიმალურად ნატურალურია, რაც სივრცეს განსაკუთრებულად ესთეტიურს და დახვეწილს ხდის. თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში ერთ ადგილას თავს უყრის და აერთიანებს საგამოფენო სივრცეებს, კაფეს, ბიბლიოთეკას, კონცეპტუალურ მაღაზიას, შეხვედრების და სამუშო სივრცეებს, რომელთა ინტერიერი თანამედროვესა და ისტორიულის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს.


Bucherer





Sheridan & Co-ს პროექტებიდან ერთ-ერთი შოტლანდიური კომპანიის, Bucherer-ისთვის შექმნილი დიზაინია. Bucherer 1988 წელს დაარსდა და იგი მყიდველს მაჯის საათებსა და სამკაულებს სთავაზობს. როგორც Sheridan & Co-ს ჯგუფი ამბობს, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ძველისა და ახლის, ტრადიციულისა და მოდერნისტულის შერწყმა, სწორედ ამიტომ, კომპანიის ინტერიერი მინიმალისტურია; დომინანტურ ფერად ლურჯია შერჩეული და კედლებზე ხელით დახატული ნამუშევრებია დაკიდებული, რაც, როგორც მაიკლ შერიდანი ამბობს, Bucherer-ის პროდუქციაში ჩადებულ შემოქმედებით ენერგიას ასახავს.


Kat Von D





Sheridan & Co-მ 2017 წელს ცნობილ კოსმეტიკურ ბრენდ  Kat Von D-სთან ითანამშრომლა. მისი შემქმნელი ცნობილი ამერიკელი მოდელი და ტატუ არტისტი კატრინ ფონ დრაშენბერგია. ბრენდს ამჟამად KVD Vegan Beauty ჰქვია. ბრენდზე მუშაობისას, როგორც Sheridan & Co-ს დიზაინერები ამბობენ, განსაკუთრებით რთული იყო კომპანიის კლიენტების გათვალისწინება, რადგან, როგორ ჩანს, მის პროდუქციას ბევრი განსხვავებული შეხედულებისა და გემოვნების მქონე ადამიანი უჭერს მხარს. დიზაინის შექმნისას მთავარი ინსპირაცია დრაშენბერგის ტატუირების სტილი იყო. საბოლოო ჯამში, ბრენდი შავ, მუქ წითელსა და ანტიკურ ოქროსფერშია გადაწყვეტილი, ამათანავე თავისი გოთიკური ატმოსფეროთი მეთექვსმეტე საუკუნის არქიტექტურასაც მოგვაგონებს.


Linda Farrow





Sheridan & Co-ს პროექტებს შორის არის Linda Farrow-სთვის შექმნილი კონცეფციაც, რომელიც თავდაპირველად ლოს-ანჯელესის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, შემდეგ კი მსოფლიოს მრავალ ქალაქში გავრცელდა - პარიზში, მილანში, ლონდონში და სხვ. ბრენდი მზის სათვალეებით არის ცნობილი და როგორც Sheridan & Co-ს ჯგუფი ამბობს, მათ სურდათ, რომ მაღაზიებში პროდუქციის კატეგორიებად დაყოფით  კლიენტისათვის ნავიგაციის პროცესი გაემარტივებინათ, ამიტომაც, საბოლოოდ, ინტერიერი ელეგანტური და მოდერნისტული გამოვიდა.


Christian Louboutin





Sheridan & Co-ს შექმნილია ინტერიერის დიზაინი კრისტიან ლუბუტენის მაღაზიისათვის, რომელიც გამოყენებული ფერებით, განათებითა და ცალკეული დეტალებით კაბარეს, ან თუნდაც, თეატრს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ კონსულტანტებს თეთრი ხელთათმანები აცვიათ, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის თეატრში ყოფნის შთაბეჭდილებას. მაიკლ შერიდანი ამბობს: „კრისტიან ლუბუტენის ბრენდი ელეგანტურობის, ექსცენტრიკულობისა და ფუფუნების განსახიერებაა, ამიტომაც, ვეცადეთ, რომ დიზაინი მის მაღალ სტანდარტებს მორგებოდა“.


Douglas





Douglas გერმანული პარფიუმერული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ბრენდის პროდუქციას აერთიანებს. Sheridan & Co-ს ჯგუფმა მათი სივრცის დიზაინი ფრანკფურტში შექმნა. იგი მოიცავს სილამაზის სალონებს, პროდუქციათა დახლებს, მაკიაჟის შესასწავლ სივრცეებს და სხვ. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, გამოყენებული ფერი - ოქროსფერი - კომპანიის იდენტობასა და ფუფუნებას გამოსახავს.


Fenty Beauty





Sheridan & Co-მ ითანამშრომლა Fenty Beauty-სთანაც, რომელიც ცნობილი მომღერლის,  რიანას მიერ დაარსებული კოსმეტიკური ბრენდია. როგორც “შერიდანი” ამბობს, ბრენდის დიზაინი ფემინური და ამასთანავე ურბანული ესთეტიკის მატარებელია, სივრცე კი ნაცრისფერსა და შავშია გადაწყვეტილი. 


Bruichladdich





Bruichladdich პოპულარული შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი ბრენდია. Sheridan & Co-ს ამოცანა იყო, რომ აეროპორტში შეექმნათ სივრცე Bruichladdich-ისათვის, რომელიც ვისკის მოყვარულებს მოიზიდავდა და ამასთანავე ბრენდის უნიკალურობასაც შეინარჩუნებდა. საბოლოოდ, კონცეფცია შავ, ყავისფერსა და ლურჯ ფერებში აისახა.