ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მას „პიკასოსეულ სილამაზეს“ უწოდებს, მისი უჩვეულო გარეგნობა ხშირად გამხდარა ჟან-პოლ გოტიეს შთაგონების წყარო და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მას უფრო მეტად ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლების გამო იცნობს, როსი დე პალმა ამასთან ერთად მოდელიცაა, წერს ლექსებს და უყვარს ლიტერატურა… როგორც თავად ამბობს, ხელოვნება მისი ცხოვრების უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.
 


დე პალმა ესპანეთის პატარა ქალაქში, მალორკაში გაიზარდა, თუმცა 18 წლის ასაკში, თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც Peor Impossible (ესპ. ყველაზე უარესი, რაც შესაძლებელია) ერქვა, მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც იმდროინდელი ესპანეთის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. Peor Impossible პანკისა და პოპის მიქსს უკრავდა, როსი კი - ვოკალისტი იყო. ამის შემდეგ იგი მნიშვნელოვან კონტრკულტურულ მოძრაობაში ჩაერთო, საიდანაც შემდგომში პედრო ალმოდოვარიც გაიცნო. მისი არტისტული ბუნება, თავდაპირველად, 70-იანების ბოლოს გამომჟღავნდა, როცა მადრიდში შეიქმნა ახალგაზრდების გაერთიანება, რომელსაც შემდგომში „მადრიდის სცენა“ (ესპ. la Movida Madrileña) უწოდეს. პოსტფრანკოსდროინდელ ესპანეთში „მადრიდის სცენა“ მნიშვნელოვან კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენდა, რადგან ახალგაზრდები, პირველ რიგში, გათავისუფლებას აღნიშნავდნენ: ფრანკოს რეჟიმის დროს ადამიანებს ჰომოსექსუალობისთვის აპატიმრებდნენ, ქვეყანას კონსერვატიული გეზი ჰქონდა აღებული, რელიგია კი პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა - ესპანეთი ღვთისმოშიში ერი უნდა გამხდარიყო. 




თუმცა, ფრანკოს რეჟიმის დასრულების შემდეგ, რომელიც, ფაქტობრივად, კულტურული რევოლუციის დასაწყისი აღმოჩნდა როსი დე პალმას ქვეყნისთვის,  ახალგაზრდულმა ძალამ შეძლო, „მადრიდის სცენა“, რომელსაც პალმა „ფრანკოს დროის შემდეგ პირში დარჩენილ ცუდ გემოს“ უწოდებს, არტისტულ და სექსუალურ აფეთქებად ექცია, სადაც არ აღიარებდნენ ფრანკოსდროინდელ დოგმებს, გმობდნენ გენდერულ როლებს, საუბრობდნენ ჰომოსექსუალიზმზე, სექსუალურ ძალადობაზე, პორნოგრაფიაზე. „მადრიდის სცენა“ და მასთან დაკავშირებული დეტალები ალმოდოვარმა თავის ფილმშიც, „პეპი, ლუსი, ბომში“ (1980) ასახა.


როსი დე პალმასა და ალმოდოვარის გაცნობის შესახებ ლეგენდაც კი არსებობს: რეჟისორმა კაფეში დაინახა დე პალმა, აღფრთოვანდა მისით და ასე „აღმოაჩინა“ ახალი მსახიობი თავისი კინოსთვის... ეს პატრიარქალური ნარატივი, ცხადია, არ არის სიმართლე და ყველაფერი ბევრად უფრო პრაგმატულად და ამასთანავე საინტერესოდ მოხდა: ისინი ერთმანეთს Peor Impossible-ს კონცერტზე შეხვდნენ, ბარში როსი დე პალმაც მუშაობდა, რადგან, როგორც ამბობს, „მუსიკა ქირის ფულს ვერ უხდიდა“. ბარში ხშირად იკრიბებოდა „მადრიდის სცენის“ ხალხი. ერთ დღესაც, პედრო კარმენ მაურასთვის ეძებდა კოსტიუმებს - მას ტრანსსექსუალი უნდა ეთამაშა „სურვილის კანონში“. ალმოდოვარი აღფრთოვანდა როსი დე პალმას ტანსაცმლითა და სამკაულით, რომელიც, როგორც მერე აღმოაჩინა, მისივე შექმნილი იყო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ არა მხოლოდ კარმენ მაურა, არამედ რამდენიმე სხვა მსახიობიც ატარებდა როსის მიერ შექმნილ ტანსაცმელსა და სამკაულს.



1987 წელს მათი  დებიუტი   შედგა ფილმით „სურვილის კანონი“. მართალია, დე პალმა ეპიზოდურ როლს ასრულებს, მაგრამ, შეიძლება, ამას თამაში არც ვუწოდოთ,  რადგან, როგორც დე პალმა გვიყვება, ალმოდოვარმა დაიჟინა, რომ მას კოსტიუმების დიზაინერისა და ვიზაჟისტის დახმარება არ სჭირდებოდა. როსი, ფაქტობრივად, საკუთარ თავს განასახიერებდა. ფილმი ორ კაცსა და ტრანსგენდერ ქალს შორის არსებულ სასიყვარულო სამკუთხედზე მოგვითხრობს და მასში მთავარ როლებს კარმენ მაურა და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ. 




1988 წელს ალმოდოვარმა ისევ შესთავაზა დე პალმას თანამშრომლობა, ამჯერად უფრო დიდი როლით. ფილმმა ალმოდოვარს მსოფლიოს მასშტაბით მოუტანა პოპულარობა და როსი დე პალმას სახეც უკვე ნაცნობი გახდა კინომოყვარულებისათვის. ფილმმა, გარკვეულწილად, განსაზღვრა ალმოდოვარის კინოხელწერა და მისი სახელი წითელი ფერით დაწერა კინოს ისტორიაში. „ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე“ ჟან კოქტოს პიესაზე არის დაფუძნებული („ადამიანის ხმა“, 1930). ფილმი არა მხოლოდ კინოსამყაროსთვის, არამედ ესპანეთისთვისაც მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან იგი ასახავს პოსტფრანკოსდროინდელ ესპანელთა ცხოვრების სტილსა და აზრებს. მთავარი პერსონაჟები, როგორც ყოველთვის, ქალები არიან: იგი პეპას შესახებ გვიყვება, რომელსაც კარმენ მაურა ასრულებს და რომელიც გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, თუმცა ამაში რამდენიმე მეტად უჩვეულო, მაგრამ მკაფიოდ ალმოდოვარისეული ამბები შეუშლის ხელს. როგორც დე პალმა ჰყვება, ფილმის გადაღებებისას ერთი სასაცილო ინციდენტიც  მოხდა: როსი დე პალმას პერსონაჟი გასპაჩოს სვამს და იძინებს, რის გამოც მსახიობმა მოიწყინა, ალმოდოვარმა კი, რამდენიმე დღეში, სცენარის შეცვლილი ვარიანტი მოიტანა: მარისას (დე პალმას პერსონაჟი), რომელიც, წესით, „უმანკო ქალწულია“, ძილში ორგაზმი აქვს.



დე პალმამ და ალმოდოვარმა თანამშრომლობა გააგრძელეს, თუმცა მსახიობი ერთ-ერთ  მთავარ როლს მის მხოლოდ ერთ ფილმში ასრულებს, სახელწოდებით „ხულიეტა“ (2016). ფილმი დედა-შვილის დაძაბულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს, ხოლო როსი დე პალმას პერსონაჟი  მისი ტიპური როლებისგან განსხვავებულია - ამ შემთხვევაში იგი ანტაგონისტს ასახიერებს. ხოსე სოლისთან ინტერვიუში ის ამბობს: „...მიყვარს ანტაგონისტები, ისინი ძალიან სახალისოები არიან. რეალობაში ძალიან კეთილი ვარ, ამიტომ ამის დაბალანსება მომწონს. ხანდახან ზედმეტად კარგიც ვარ, ზედმეტად რბილი. ამიტომ, მომწონს, როცა ანტაგონისტები ფიქციაში იმას აკეთებენ, რასაც თავად ვერ ვაკეთებ რეალურ ცხოვრებაში“.




მიუხედავად იმისა, რომ დე პალმა, უმეტესწილად, პედრო ალმოდოვართან თანამშრომლობითაა ცნობილი, მას სხვა  რეჟისორებთანაც უთანამშრომლია, როგორებიც არიან - ლინა ვერტმიულერი, მაიკ ფიგისი, მანოლო კარო და სხვები. 2017 წელს გამოვიდა ამანდა სთერსის ფილმი, სახელწოდებით „ქალბატონი“, რომელშიც დე პალმა ესპანელი მოახლის, მარიას როლს ასრულებს. როგორც თავად ამბობს, „
ფილმი აჩვენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს საკუთარი თავის მიმართ შეიძლება გააჩნდეს, სიყვარული და პატივისცემაა. შეძრული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ამანდამ ეს როლი სპეციალურად ჩემთვის დაწერა”.




როსი დე პალმას კიდევ ერთი გატაცება მოდის სამყაროა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მოდის ინდუსტრიის სტანდარტებს თავდაყირა აყენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში მისი თავდაჯერებულობაა, რაც რთულია, შეინარჩუნო, როცა გარშემო უმეტესად შენგან განსხვავებული ადამიანები არიან დაფასებულნი. დე პალმა ინტერვიუში ამბობს: „მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემ გამო სილამაზესთან დაკავშირებული კანონები უფრო ნაკლებად მოსაწყენი გახდა, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია ცდილობს, გახსნილი იყოს განსხვავებული ზომებისა და სახეების მიმართ, ეს მხოლოდ გაყიდვების  გასაზრდელად ხდება. მე მიყვარს მოდა, ვმუშაობ დიზაინერებთან, თუმცა დისტანციას ვიჭერ იმ მეთოდებთან, რომელთა საშუალებითაც ეს სამყარო გავლენას ახდენს ჩვენს შეხედულებებზე გარეგნობასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ დავფიქრდეთ, რისი გამოცდის საშუალებას გვაძლევს საკუთარი სხეული, ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ მას“.





დე პალმას მრავალწლიანი კოლაბორაცია აქვს ფრანგ დიზაინერსა  და მის მეგობართან, ჟან-პოლ გოტიესთან. მასთან მუშაობასა და მათ ურთიერთობაზე როსი დე პალმას ხშირად ეკითხებიან, რის შესახებაც ის ამბობს: „...ჟან-პოლი, ყველაფერთან ერთად, გასაოცრად ცნობისმოყვარეა და ეს ცნობისმოყვარეობა მას არასოდეს ტოვებს. შემოქმედებითად აზროვნება,  ნაპერწკალი, რომელიც თვალებში აქვს… ის ხელოვანია, რომელიც საკუთარ თავს სერიოზულად არ აღიქვამს, არც კი იცის, რომ გენიოსია! და ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის. სიმპათიურ კაცს ჰგავს, რომელმაც არ იცის, რომ სიმპათიურია: ამის გამო ორმაგად სიმპათიური ხდება“.

როსი დე პალმა, თავისი უშრეტი შემოქმედებითი ენერგიითა და ინტერესით, ვნებით ცხოვრების მიმართ, ბევრი საინტერესო ხელოვანის მუზა გამხდარა. მისი თავდაჯერებულობა და თვითკმარობა ინსპირაციაა ახალგაზრდა ხელოვანებისათვის და უბიძგებს მათ, რომ დაინახონ საკუთარ თავში უნიკალური, უჩვეულო და უცნაური მხარე.