ხელოვანები საკუთარ შემოქმედებაზე საუბრისას ნამუშევრების შექმნის მიზეზად ბევრ რამეს ასახელებენ - ხელოვნების ტრანსფორმაციულ ბუნებას, საკუთარი თავის შეცნობის სურვილს, ან, უბრალოდ, მობეზრებულ დღეებს… ქეროლ რამასთვის კი ხატვა თერაპიული პროცესია - საკუთარი ცხოვრების, შეგრძნებების ასახვის შესაძლებლობა; ადამიანური ტკივილისა და ტანჯვის, გამოცდილების ტილოზე გადმოტანა. „მე ჩემი ნახატებისთვის მოდელები არ მყოლია. არც მჭირდებოდა - ჩემს ოჯახს უკვე ოთხი თუ ხუთი უბედური შემთხვევა ჰქონდა გადატანილი, ექვსი თუ შვიდი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია; გვყავდა ხეიბარი სახლში…და მამაჩემი, რომელმაც 52 წლის ასაკში თავი მოიკლა…“ - ამბობს რამა. მისი ნამუშევრები დღიურის როლსაც ითავსებენ, რადგან, როგორც ფრიდა კალოს, ასევე რამას შემოქმედებასაც  მარტივად ვუკავშირებთ  მის ცხოვრებას და ბიოგრაფიას.


1942 წელს მამის თვითმკვლელობამ და დედამისის გაუარესებულმა მენტალურმა ჯანმრთელობამ რამაზე დიდი კვალი დატოვა და არა მარტო მის ნახატებზე, არამედ  ფსიქიკაზეც აისახა. თინეიჯერობისას დედის მოსანახულებლად რამას ბევრი საათი გაუტარებია ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სადაც შოკური თერაპიის მომსწრეც გამხდარა. მოგვიანებით მის ნამუშევრებში იქ ნანახი გამოსახულებები ცოცხლდება. როგორც თავად ამბობს, ამ ხალხის გარემოცვაში ის თავს თავისუფლად, შთაგონებულად გრძნობდა, აკვირდებოდა მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, მათ განსხვავებულ შეხედულებებს ცხოვრების მიმართ.


„ჩემთვის ხატვა არავის უსწავლებია -  შეგრძნება, რომ ცოდვილი ვარ, იყო ჩემი მასწავლებელი“, - ამბობს რამა თავის ადრეულ ნამუშევრებზე საუბრისას, რომლებიც სავსეა სექსისადმი და შიშველი სხეულებისადმი ინტერესით. საინტერესოა ის, რომ მის შემოქმედებაში სხეული და გონება ყოველთვის უკავშირდება ერთმანეთს - სხეულის ენა თანხვედრაშია სუბიექტის ემოციებთან, სახესთან, მიმიკასთან. რამას ადრეული ნამუშევრები აკვარელითაა შესრულებული და მთავარ როლში, უმეტესწილად, ქალები გვევლინებიან - ეტლში მჯდომი, ანდაც, საწოლში მწოლიარე ქალები, რომლებსაც სახეზე ტანჯვა აქვთ აღბეჭდილი. ეროსი, უფრო სპეციფიკურად კი, ქალთა სექსუალობა, მათი სურვილები - ქეროლ რამას შთაგონების მთავარი წყაროა. 



1945 წელს რამას პირველი გამოფენა უნდა გამართულიყო, თუმცა შოუს გახსნამდე  ცენზურა ვერ გაიარა. იმდროინდელ იტალიაში ხელოვანები მსგავს პროვოკაციულ თემებზე არ საუბრობდნენ, არ ხატავდნენ, არ ქმნიდნენ; ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ მომგებიანი პოზიცია, რაც ნეიტრალური ნამუშევრებზე მუშაობას და საკუთარი, უნიკალური ხმის მიჩქმალვას ნიშნავდა.




50-იანებში რამამ აბსტრაქტულ ხელოვნებას, მოგვიანებით კი, სპაციალიზმს მიჰყო ხელი, და ფიგურატიულ მხატვრობას 30 წლის განმავლობაში არ დაჰბრუნებია. მიუხედავად ამისა, სხეულებით აღტაცება (ან, უფრო, ინტერესი) მისი შემოქმედების ყველა ეტაპის თანამდევი ნაწილია. დროთა განმავლობაში, 60-იან წლებში, მის აბსტრაქტულ ნამუშევრებში ფიგურები უფრო მკაფიო გახდა - რამა ქალების გენიტალიებს, სხეულის დაზიანებებსა და მენსტრუალურ სისხლს ხატავდა. 


მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ისახება, მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა და მუსოლინის ფაშისტურმა რეჟიმმა თავისი გავლენა იქონია მხატვრის ხედვაზე - რამას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარში, სახელწოდებით „წინააღმდეგობა“, შავი ხაზებით დახატული ანდროგენული ფიგურებია გამოსახული. ბრუტალურობა და ძალადობა ხშირად იჩენს თავს რამას მხატვრობაში.

80-იანებში რამა ისევ ფიგურატიულ ხელოვნებასა და ადრეულ თემებს უბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეგობრების წრესა და ავანგარდულ ჯგუფებში დაფასებული, წარმატებული მხატვარი იყო, ფართო საზოგადოება მის სახელს ჯერ კიდევ არ იცნობს. მისი მხატვრობის მოყვარულებს შორის არიან მწერლები, ინტელექტუალები, ხელოვანები… მაგალითად, დიზაინერი კარლო მოლინო და მწერალი იტალო კალვინო. „ჩვენ ყველას გვაქვს შიგნით ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც მუდმივად წამალს ვეძებთ“, - ამბობს რამა და ახერხებს, თავისი ხელოვნებით არა მხოლოდ საკუთარი თავი განკურნოს ტკივილებისგან, არამედ სხვა ხელოვანებისთვისაც გახდეს შთაგონების წყარო. ასეთები არიან ევა ჰესი, სარა ლუკასი, სინდი შერმანი და სხვები.