„სიზმრები“ (1990), რეჟისორი: აკირა კუროსავა / „ხორბლის ყანა ყვავებით“ (1890), ვინსენტ ვან გოგი
აკირა კუროსავას ფილმი „სიზმრები“ რვა ეპიზოდისგან შედგება, რომლიდანაც ერთ-ერთი ვინსენტ ვან გოგს ეძღვნება. კუროსავას მხატვრისადმი მიძღვნილ მეხუთე ეპიზოდში ვინსენტის როლს მარტინ სკორსეზე ასრულებს. ამ ეპიზოდში ახალგაზრდა მხატვარი ვან გოგის გამოფენაზე ნახატებს ათვალიერებს და უეცრად ვან გოგის ნახატებში აღმოჩნდება. სურათები ცოცხლდება, მხატვარი ნახატებს მიუყვება და ვან გოგის პეიზაჟებში მოგზაურობს. მას უნდა, რომ ვინსენტს შეხვდეს და მიაგნებს კიდეც მინდორში ხატვისას. მასთან საუბარში ვინსენტი ყურის მოჭრის ამბავსაც ახსენებს. საუბრის დროს ცოცხლდება ვინსენტის ნახატი: „ხორბლის ყანა ყვავებით“, რომელიც, ფაქტობრივად, ამ სცენის შთაგონების წყაროა.
„შირლი: რეალობის გამოსახულებები“ (2013), რეჟისორი: გუსტავ დოიჩი / „ნიუ იორკის ფილმი“ (1939), ედუარდ ჰოპერი
გუსტავ დოიჩის ფილმი ამერიკულ კულტურასა და მეოცე საუკუნის შუა წლების ამერიკის ეპოქას ასახავს, რომელიც, უმეტესწილად, ედუარდ ჰოპერის შემოქმედებას ეძღვნება. ჰოპერის ნახატების თემატიკაც ანალოგიურია. დეტალების უაღრესად ზუსტი გადმოცემით, რეჟისორმა ჰოპერის დაახლოებით ცამეტი ნახატი გააცოცხლა. ამ კონკრეტულ სცენაში შირლი (სტეფანი ქამინგი) ზურგით კედელს მიჰყრდნობია და კაპელდინერის მოსაწყენ მოვალეობას ასრულებს, რომელსაც ნიუ-იორკის კინოთეატრში შემომსვლელების ბილეთების შემოწმება და ადგილზე განთავსება უწევს. როგორც ფილმის კადრიდან, ასევე ორიგინალი ნახატიდანაც მარტოობა და მოწყენილობა იგრძნობა, რაც, ზოგადად, ედვარდ ჰოპერის შემოქმედებასაც გასდევს ფონად.
„პრეზიდენტი“ (1919), რეჟისორი: კარლ თეოდორ დრეიერი / „უისტლერის დედა: არანჟირება ნაცრისფერსა და შავში“ (1871), ჯეიმს უისტლერი
დრეიერის ფილმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი რეჟისორის დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებაა. დრეიერი სასცენო კომპოზიციებს გულდასმით ქმნიდა და მონდომებით დადგმულ სცენებში მსახიობებსაც დიდი სიფრთხილით არჩევდა.კომპოზიციების მეშვეობით რეჟისორი ცდილობდა თავისი ფილმის გმირების ემოციები კიდევ უფრო მძაფრად გადმოეცა ეკრანზე, ვიდრე თავად მსახიობები გადმოსცემდნენ საკუთარი ნიჭის წყალობით. მისი აზრით, საგნებსა და სასცენო რეკვიზიტებს მის პერსონაჟებზე უნდა ემეტყველათ და მათი ხასიათის შტრიხები გადმოეცათ, ამავდროულად კი, რეჟისორი უბრალოებასა და სიმარტივეს ინარჩუნებდა. სცენა ფილმიდან „პრეზიდენტი“, სადაც მსახიობი ძალიან ცნობილი პორტრეტიდან უისტლერის დედას განასახიერებს, ამის კარგი მაგალითია. ყველასთვის ცნობილი იყო დრეიერის აღტაცება მხატვრით და მის ფილმში უისტლერი სხვა ნამუშევრებსაც შეხვდებით.
„მარია ანტუანეტა“ (2006), რეჟისორი: სოფია კოპოლა / „ნაპოლეონი სენ-ბერნარის უღელტეხილზე“, ჟაკ-ლუი დავიდი
სოფია კოპოლას ფილმი „მარია ანტუანეტა“ ახალგაზრდა, გულუბრყვილო დედოფალზეა, რომელიც სამეფო რეგალიისთვის მზად არ აღმოჩნდა და დიდად არც იწუხებდა თავს სამეფო საქმეებზე. დედოფალი ენით აუწერელი ფუფუნებით ცხოვრობს, განზრახ თუ უნებლიეთ თვალს ხუჭავს ხალხის გაჭირვებაზე და საბოლოოდ მას რევოლუცია ბოლოს უღებს. ფილმში „ახალგაზრდა ნაპოლეონის“ კადრი მაშინ გაიელვებს, როცა განრისხებული ბრბო ვერსალის ჭიშკრის შემტვრევას ცდილობს. ეკრანზე ნაპოლეონის პროტოტიპს წითელი მოსასხამი აქვს მოსხმული და თეთრ ცხენზეა ამხედრებული - ზუსტად იმ პოზაში, როგორიც ჟაკ-ლუი დავიდის ნახატშია წარმოდგენილი. კოპოლას „ნაპოლეონიც“ ვაჟკაცური და სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თვალს პირდაპირ თვალში უყრის მაყურებელს ნახატზე გამოსახული იმპერატორის მსგავსად. შესაძლოა, კოპოლამ თავისი ფანტაზიით ნაპოლეონის პროტოტიპი დედოფალ მარია ანტუანეტასთან ირონიულად დააკავშირა, რადგან ნაპოლეონის როლს მსახიობი ჯეიმი დორნანი ასრულებს, რომელიც ფილმში მარია ანტუანეტას საყვარელიცაა.
„ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლები“ (1988), რეჟისორი: ტერი გილიამი / „ვენერას დაბადება“ (1840-1846), სანდრო ბოტიჩელი
ბოტიჩელის ნახატზე სიყვარულისა და სილამაზის კლასიკური ქალღმერთი, რომელიც ქაფიდან დაიბადა, მნახველის მზერას თვალს არიდებს, ნაპირთან მოლუსკის ნიჟარაზე მდგარი ლივლივებს, ხელები და თმა ფრთხილად დაუწყვია, შიშველი ადგილები რომ დამალოს. ქარისგან მობერილი ღმერთი ზეფირითა და მარჯვენა მხარეს ერთგული მხევლის შეგებებით, რომელიც მას ყვავილებით მოქარგულ სამოსს აწვდის, ვენერა თავის დედამიწისეულ სახლში მობრძანდება. ტერი გილიამის ფილმშიც იგივე სცენას ვხვდებით, როცა უზარმაზარი ნიჟარა იხსნება და იქიდან ჩნდება ქორფა, ვარდისფერი ბურუსით მოცული ვენერა, რომლის როლსაც ახალგაზრდა უმა თურმანი ასრულებს. ფილმის ვენერას ნიმფების ნაცვლად, ორი თეთრ სამოსში გამოწყობილი მხევალი უტრიალებს გარშემო და ჰაეროვანი თეთრი ქსოვილით მოსავენ მას. ტრაგიკომიკური ფილმის ამ პატარა ეპიზოდში ვენერა რომაული ღმერთის, ვულკანუსის მაცდური ცოლია.
„მელანქოლია“ (2011), რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი / „ოფელია“, 1851-52 წლები, ჯონ ევერეტ მილე
ჯონ ევერეტ მილეს ნახატი შექსპირის პიესის, „ჰამლეტის“ მოტივებზეა შესრულებული. მწუხარებისგან შეშლილი ოფელია მინდვრის ყვავილებისგან გვირგვინებს წნავს. იგი წყალში წევს და სიმღერებს მღერის, თითქოს არ იცოდეს რა საფრთხეშია („თავის საკუთარ უბედურებაზე უძლური“). ტანსაცმელი და მოკაზმულობა დროებით საშუალებას აძლევს წყალზე იტივტივოს, მაგრამ საბოლოოდ, „მისმა სამოსმა, დამძიმებულმა წყლით, საბრალო, უბედური თავისი მშვენიერი სარეცლიდან ჩაითრია“ ქვევით, „ტალახიან სიკვდილთან“. ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლიაში“, მთავარი გმირი, ჯასტინა მოახლოებული საფრთხის ბუნდოვანი სევდისგან იტანჯება და სათქმელს ვერ გამოხატავს. ოფელიასთან კავშირშია მისი სიგიჟემდე მისული სევდა. არავის ესმის მისი ტკივილი და ჯასტინაც სასოწარკვეთილების მორევში უსიტყვოდ ეფლობა. გარდა ამისა, სცენა, როდესაც პატარძალი ტყეში გრძელი, თეთრი საპატარძლო კაბით გარბის და ტბაში გულზე დაკრეფილი ყვავილებით წვება, ოფელიას ნახატის ასოციაციაა.
„ფრიდა“ (2002), რეჟისორი: ჯული ტეიმორი / „ფრიდა და დიეგო რივერა“ (1931), ფრიდა კალო
ფრიდას ნახატში, სადაც ის და დიეგო ხელიხელჩაკიდებულები დგანან, მათი სიხარულითა და სირთულეებით სავსე ქორწინებაა გადმოცემული. შეიძლება ითქვას, რომ 1931 წელს შესრულებული ეს ნახატი მხატვრის ოჯახური პორტრეტია, რომელიც ოჯახის შექმნიდან ორი წლის შემდეგ დახატა. ლენტზე, რომელიც მტრედს ნისკარტით უჭირავს, ასეთი რამ წერია: „აქ გვხედავ ჩვენ, მე - ფრიდა კალოს უძვირფასეს ქმართან, დიეგო რივერასთან ერთად. ეს სურათები კალიფორნიის მომხიბლავ ქალაქში, სან-ფრანცისკოში დავხატე ჩვენი კომპანიონისთვის, ბატონი ალბერტ ბენდერისთვის, 1931 წლის აპრილში“.
კინოფილმის კადრში ვხედავთ სცენას მხატვარზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმიდან, სადაც ფრიდა კალოს როლს სელმა ჰაიეკი ასრულებს. ამ როლის შესრულება ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა ჰაიეკმა ვიზუალური მსგავსებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით ეკრანზე ფრიდა კალოს გაცოცხლება მოახერხა. ფილმში ფრიდა კალოს ცხოვრების გამარჯვებები, მარცხი, ბედნიერება, მწუხარება, სიგიჟე, ყოვედლდღიური რუტინა, ცხოვრება და აღსასრულია გადმოცემული. სელმა ჰაიეკს პარტნიორობა ალფრედ მოლინამ გაუწია, რომელმაც დიეგო რივერას ხასიათიც არანაკლები პროფესიონალიზმით გადმოსცა, თანაც მასა და კალოს ქმარს შორისაც ვიზუალური მსგავსებაა.
„შეშლილთა კუნძული“ (2010), რეჟისორი: მარტინ სკორსეზე / „კოცნა“ (1908), გუსტავ კლიმტი
გუსტავ კლიმტის ნახატზე ოქროსფერ ფონზე ერთმანეთს ჩახუტებული შეყვარებული წყვილია გამოსახული. ისინი ყვავილებით მოწინწკლული მდელოს პირას დგანან; მამაკაცს გრძელი მანტია აქვს მოსხმული, რომელსაც გეომეტრიული და სპირალისებური ფიგურები ამშვენებს, თავზე ვაზის ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი ადგას. ქალს კი თავს ყვავილების გვირგვინი უმშვენებს და ყვითელი, ყვავილებით მოჩითული კაბა აცვია. მამაკაცი ქალის სახეზეა დახრილი და ქალსაც ლოყა ისე აქვს მიბრუნებული, თითქოს საკოცნელად უშვერს. კლიმტის „კოცნის“ ანალოგი მარტინ სკორსეზეს ფილმში, „შეშლილთა კუნძულში“ გვხვდება, როდესაც ფილმის მთავარ გმირს, ტედს სიზმრებში თავისი ცოლი, დოლორესი ეცხადება და სხვადასხვა მინიშნებას აძლევს. მართალია, კლიმტის „კოცნა“ ისეთივე სიზუსტით არ მეორდება კინოკადრში, მაგრამ ზოგადი ფონი, ემოცია და განსაკუთრებით დოლორესის კაბა, რომელიც ასევე ყვითელი და ყვავილებიანია, მხატვრის ნახატის ასოციაციას იწვევს.
„ნემსზე“ (1996), რეჟისორი: დენი ბოილი / „ჰორიზონტის მისტერიები“ (1928), რენე მაგრიტი
მაგრიტის ნახატზე სამი ერთმანეთის მსგავსი მამაკაცია გამოსახული, რომლებსაც შლაპები ახურავთ. ისინი სივრცეში, მოცისფრო-მონაცრისფრო განთიადის ფონზე დგანან. სამივე სხვადასხვა მიმართულებით იყურება და თითოეულ მათგანს თავზე ახალი მთვარე ადგას. სავარაუდოდ, ნახატი მხოლოდ ერთ ადამიანს მოიაზრებს, რომელსაც სამნაირი იდენტობა და შინაგანი მე გააჩნია. ფილმი „ნემსზე“, რომლის მთავარი გმირი ნარკოდამოკიდებული მარკ რენტონია (ევან მაკგრეგორი) ცხოვრების არჩევანის წინაშე დგას: აირჩიოს ცხოვრება, რომელიც ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით არის გაჟღენთილი თუ გაჯანსაღების გზას დაადგეს. რენტონი საკუთარ თავში ძალას ვერ პოულობს, წარსულისგან რომ გათავისუფლდეს. მას ამის საშუალებას არც მეგობრები აძლევენ. საბოლოოდ ფილმის მთავარი გმირი სიცოცხლეს ირჩევს. რენტონის თავგზააბნეულობა, ბრძოლა, საკუთარ თავთან წინააღმდეგობა მაგრიტის ნახატის არსს იმეორებს.
“სექსუალური ცხოველი“ (2001), რეჟისორი: ჯონათან გლიზერი / “ქალაქის თავზე“ (1918), მარკ შაგალი
ნახატში მხატვარი და მისი ცოლი, ბელა როზენფილდი შაგალის მშობლიური ქალაქის, ვიტებსკის თავზე დაფრინავენ. მამაკაცს ხელი წინ აქვს გაწვდილი, მეორე ხელით კი ქალი უჭირავს. მხატვარს ჰაერში ფრენით სიყვარულის გრძნობის აღმატებულობისა და ემოციების გადმოცემა სურდა. ზოგადად, შაგალი საკუთარ თავს ბელასთან ერთად ხშირად ხატავდა არამიწიერ მდგომარეობაში და ხაზს უსვამდა მათი ურთიერთობის განსაკუთრებულობას, რომანტიკულობას. ნახატის სცენა მისი და ბელას კავშირსაც გულისხმობს, იმ კოსმიურობას, რაც მათ ურთიერთობას ახასიათებდა. ჯონათან გლიზერის ფილმში - „სექსუალური ცხოველი“ ასეთივე სცენას ვხვდებით. პროფესიონალი სეიფების გამტეხი, გალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება. ის ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში ქალთან ერთად ლივლივებს თავბრუდახვეული და თავდავიწყებული, გარშემო კი ყველაფერი არამიწიერი და არარეალური ეჩვენება. მართალია, კინოკადრს შაგალის უნაზეს გრძნობასთან ნაკლებად აქვს კავშირი, მაგრამ სცენა, ფაქტობრივად, იგივეა და ორივე მათგანი სიყვარულისგან გამოწვეულ ნეტარებასა და არაამქვეყნიურ მდგომარეობას გამოხატავს.
„ვარსკვლავის დაბადება“ (1955), რეჟისორი: ჯორჯ კიუკორი / „მოცეკვავეები იკრავენ პუანტებს“ (1895), ედგარ დეგა
ედგარ დეგა ბალერინების ხატვის სიყვარულით იყო ცნობილი. ამ კონკრეტულ ნახატზე მისი ბალერინები რეპეტიციისთვის ემზადებიან. ოთხივე მათგანს მაქმანებიანი საბალეტო კაბები აცვიათ და მონდომებით იკრავენ პუანტებს. ეჭვობენ, რომ ნახატში ედგარ დეგამ ერთი და იგივე მოდელი დახატა სხვადასხვა რაკურსით და სხვადასხვა პოზაში. რეჟისორ ჯორჯ კიუკორის ფილმის კადრი ედგარ დეგას ბალერინებს მოგვაგონებს. 1955 წელს გადაღებული ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ ახალგაზრდა მომღერალზეა, რომლის როლსაც შესანიშნავი ჯუდი გარლანდი თამაშობს. მისი გმირი ნიჭიერი, ამბიციური მიუზიკლების მომღერალია. კინოფილმის კადრში ნაჩვენები მოცეკვავეები თითქმის იმ პოზაში დგანან, როგორშიც ედგარ დეგას ნახატზე დახატული ბალერინები; ისინიც პუანტებს ისწორებენ და სცენაზე გასასვლელად ემზადებიან.
„წყურვილი სიცოცხლისა“ (1956), ვინსენტ მინელი / „ღამის კაფე“ (1888), ვინსენტ ვან გოგი
ფილმი „წყურვილი სიცოცხლისა“ მთლიანად ვან გოგის შემოქმედებასა და ცხოვრებას ეძღვნება. გენიალური მხატვრის როლს საკმაოდ შთამბეჭდავად კირკ დაგლასი ასრულებს. ფილმში ბევრ ნახატს აქვს ხორცი შესხმული, მათ შორის ვინსენტ ვან გოგის „ღამის კაფეს“. ნახატის ცენტრში ბილიარდის მაგიდას ვხედავთ, რომლითაც არავინ სარგებლობს. კედლის გასწვრივ მაგიდები და სკამებია ჩამწკრივებული. ზოგიერთ მათგანთან ფიგურები ჩანს, მოკუნტულები რომ უსხედან მაგიდებს. კაფეს ღამის სტუმრები ძირითადად მამაკაცები არიან, მაგრამ ერთ მაგიდასთან ქალიც ზის. ბილიარდის მაგიდასთან ახლოს თეთრებში ჩაცმული კაცი დგას, კაფეს მეპატრონე. ბარში სხვადასხვა სასმლის ბოთლები მოჩანს, ხოლო ცენტრში ვაზა დგას ყვავილებით. მკვეთრი ფერები და დეზორიენტირებული პერსპექტივა ოთახში მყოფების ზოგად სევდას, მწარე დარდსა და მარტოობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. ანალოგიურ განცდას იწვევს კინოსურათიც, რომელიც თითქმის ნახატის იდენტურია.
„ფსიქო“ (1960), რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი / „სახლი ლიანდაგთან“ (1925), ედუარდ ჰოპერი
ედუარდ ჰოპერის სახლს ლიანდაგთან ნაშუადღევის მზის სინათლე დაჰკრავს. სახლი ვიქტორიანულ სტილშია ნაგები, მის ქვედა ნაწილს კი მატარებლის ლიანდაგი ფარავს. ლიანდაგი რაღაც წინაღობასავითაა, რომელიც სახლს განცალკევებულსა და განმარტოებულს ხდის, ისედაც ცარიელ სივრცეში კი სახლი კიდევ უფრო უკაცრიელი და ეული ჩანს. შეიძლება სწორედ ამ შთაბეჭდილების გამო, ალფრედ ჰიჩკოკს სახლი მიმზიდველად მოეჩვენა და თავის ფილმში - „ფსიქო“ ჰოპერისეული სახლის ანალოგი გამოიყენა. „ფსიქო“ თრილერია ახალგაზრდა ნორმან ბეიტსზე, რომლის როლსაც ენტონი პერკინსი ასრულებს. იგი შეშლილი დედის მსხვერპლია და მასში მკვლელი იღვიძებს. ჰიჩკოკმა ფილმში ორი საინტერესო შენობა შექმნა: ბეიტსის სასტუმრო და სახლი. ამ უკანასკნელზე ჰოპერის ნახატის გავლენა აშკარაა და, როგორც ამბობენ, რეჟისორს მართლაც ხიბლავდა სახლის უჩვეულო რაკურსი, მისი სიცარიელე და პირქუში იერი.
„ფორესტ გამპი“ (1994), რეჟისორი: რობერტ ზემეკისი / „ქრისტინას სამყარო“ (1948), ენდრიუ უაიეთი
ენდრიუ უაიეთის „ქრისტინას სამყარო“ ახალგაზრდა ქალს აჩვენებს ზურგით, რომელსაც ვარდისფერი კაბა აცვია და ბალახიან მინდორზე წევს. ქალის ტანი მკლავებს ეყრდნობა, უცნაურად გაშეშებულია, სილუეტი დაძაბულია, ლამის გაყინული, ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს მიწაზეა მიჯაჭვული. იგი გაჰყურებს მოშორებით მდგარ ფერმერის სახლს და მის გარშემო პატარა ნაგებობებს, ძველს და განაცრისფრებულს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გამხმარ ბალახს და მოღრუბლულ ცას. უაიეთის მეზობელი, ანა ქრისტინა ოლსონი სწორედ ამ კომპოზიციის შთაგონება და იმ სახლის ბინადარია, რომელსაც ნახატზე გასცქერის.
„ფორესტ გამპში“ ენდრიუ უაიეთის ნახატის პროტოტიპი, ფორესტ გამპის მეგობარი გოგონა ჯენია (რობინ რაიტი). ერთ დღეს, ფორესტთან ერთად სეირნობისას, ჯენი თავისი ბავშვობის სახლს გადააწყდება, რომელიც მიტოვებული და განადგურებულია. სახლთან მიახლოებისას ჯენი ჩერდება და ყოყმანობს. მას ბავშვობის მოგონებები, მამის სისასტიკე და მტკივნეული წარსული გაახსენდება. ქალი ბრაზს ვერ იოკებს და სახლისკენ ფეხსაცმელებისა და ქვების სროლას დაიწყებს, ბოლოს კი მიწაზე დაეცემა ქვითინით. სწორედ ამ დროს ჰგავს ის უაიეთის ქრისტინას, რომელიც ავადმყოფობის გამო მიწაზე მიჯაჭვული გასცქერის ძველ სახლს გაყვითლებული მდელოდან.
„მექანიკური ფორთოხალი“ (1971), რეჟისორი: სტენლი კუბრიკი / „პატიმრების რკალი“ (1890), ვინსენტ ვან გოგი
ფილმის მთავარ გმირს, ალექსს მკვლელობისთვის ციხეში 14 წელს მიუსჯიან, შემდეგ კი მასზე, როგორც განსაკუთრებული სახის მოძალადესა და სასტიკი დანაშაულის ჩამდენზე, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს ატარებენ. მათ შორისაა ორკვირიანი თერაპია, რომელმაც, წესით, ახალგაზრდა მამაკაცი „დანაშაულებრივი ზრახვებისგან უნდა განკურნოს“. კინოკადრში ციხის სცენაა ნაჩვენები, სადაც ლურჯ ფორმაში გამოწყობილი პატიმრები შესვენებისას წრეზე დადიან. კადრი ჰგავს ვინსენტ ვან გოგის ნახატს - „პატიმრების ვარჯიში“, რომელიც ასევე „პატიმრების რკალის“ სახელითაცაა ცნობილი. მხატვარმა ნახატი სენ-რემის თავშესაფარში ყოფნის დროს დახატა, სადაც ფსიქიკური აშლილობის გამო მოხვდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. ვინსენტის ნახატი სევდიანია და ტუსაღების მონოტონურ, უარაფრო, უაზრო ყოფას ასახავს ციხის კედლებში. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ კუბრიკის კინოკადრის შთაგონება ვან გოგის ნახატი გახდა, თუმცა რამდენიმე შტრიხი ერთმანეთს ნამდვილად ჰგავს და ალბათ არა შემთხვევით.
„სარკე“ (1975), რეჟისორი: ანდრეი ტარკოვსკი / „მონადირეები თოვლში“ (1565), პიტერ ბრეიგელი
ნახატზე ნაჩვენებია ზამთრის პეიზაჟი - დაბლობი თეთრად გადაპენტილი თოვლით და დაქსელილი, დაკლაკნილი მდინარით. მდინარეზე მოჩანს წისქვილიც ყინულის ლოლუებით. მოშორებით გაყინულ ტბებზე ხალხი სრიალებს და ერთობა. სამი მონადირე ნადირობიდან ბრუნდება და თან ძაღლები ახლავთ. შეატყობთ, რომ ნადირობა მაინცდამაინც წარმატებული არ გამოუვიდათ და ნანადირევად მხოლოდ ერთ მელას დასჯერებიან. ერთ-ერთი მონადირის წინ კურდღლის ნაკვალევი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, მონადირეებს დასხლტომია ხელიდან. ანდრეი ტარკოვსკის „სარკეში“ ბიჭი სკოლის ჩანთით ხელში თოვლიან მაღლობზე დგას, მის ქვევით თოვლიანი პეიზაჟი იშლება ხალხითა და გაყინული მდინარით. ფილმი მომაკვდავი პოეტის, ალექსეის - იგივე ალიოშას მოგონებებს ეფუძნება და მისი ცხოვრების მთავარ მომენტებს, ზოგადად, საბჭოთა სოციალურ და კულტურულ ყოფას აღწერს. მონოლოგი მოიცავს ბავშვობის მოგონებებს, სიზმრებს, ფიქრებს, ემოციებს. ამბობენ, რომ ფილმის ბევრი სცენა თვითონ რეჟისორის მოგონებებია და მის ბიოგრაფიას ემთხვევა. მაგალითად, ტარკოვსკის ცხოვრებიდან რეალური ფაქტებია ომის დროს მოსკოვიდან სოფელში საცხოვრებლად გადასვლა, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ოჯახს მოწყვეტილი მამა და დედა, რომელიც ფილმის მთავარი გმირის დედის მსგავსად, სტამბაში მუშაობდა.
„თარგმანში დაკარგულები“ (2003), სოფია კოპოლა / „იოთა“ (1973), ჯონ კასერი
ფილმი იწყება კადრით, სადაც შარლოტა მაყურებლისკენ ზურგშექცევით წევს და გამჭვირვალე, ნაზი ვარდისფერი საცვალი აცვია. კადრი აღებულია ამერიკელი მხატვრის, კასერის ნახატიდან „იოთა“ (ქალის გერმანული სახელი), რომელმაც საცვლებში ჩაცმული ქალების ფოტორეალისტური ნახატების ხატვით გაითქვა სახელი. რეჟისორს ოსტატურად აქვს გამოყენებული ოქროს შუალედი სისათუთესა და ეროტიკას შორის, საიდანაც საბოლოოდ ესთეტიკური შედეგი მიიღო. როდესაც რეჟისორს ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა ფილმის დაწყება ამ ეპატაჟური კადრით, კოპოლამ უპასუხა, რომ მას სპეციალურად არ უფიქრია ფილმის პირველ კადრზე, უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ფილმი ამ დამაინტრიგებელი კადრით დაწყებულიყო და მაყურებელს თავიდანვე წარმოდგენა შექმნოდა ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირზე და მისი ხასიათის შტრიხებზე - ნორჩ, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც სასტუმროს ოთახში წევს და რაღაცას ელოდება. შარლოტა 30 წლამდე ახალგაზრდა ქალია, რომელიც თავის ქმარს მივლინებაში ახლავს ტოკიოში და მთელ დღეებს სასტუმროს ნომერში გამოკეტილი, მოწყენილობასა და ეგზისტენციალურ ფიქრებში ატარებს. მისი რუტინა სასტუმროს ოთახი, დერეფანი, სასტუმროს საცურაო აუზი და ბარია, სადაც მასავით უძილობისგან გატანჯული და მარტოსული ადამიანები იკრიბებიან. სოფია კოპოლას ფილმი სიყვარულის, ცხოვრების, მარტოობის სირთულეებზეა და ადამიანურ განცდებს უნაკლოდ ასახავს.
„შეწყვეტილი ამბორი“ (2009), რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი / „შეყვარებულები“ (1928), რენე მაგრიტი
რენე მაგრიტი, ზოგადად, ამოუცნობ მხატვრად ითვლება. როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რას გულისხმობდა მისი ნახატები, იგი პასუხობდა: „ჩემი ნახატები მართლაც საიდუმლოებით მოცული ჩანს და ბუნებრივია, როდესაც სურათს უყურებს, ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ რას ნიშნავს ის. ის არაფერს ნიშნავს, რადგან თვითონ საიდუმლოც არაფერს ნიშნავს, ის შეუცნობელია“. მაგრიტის ნახატზე „შეყვარებულები“, თეთრი ქსოვილით შებურული ორი ადამიანი ერთმანეთს კოცნის. ქსოვილის ქვეშ მათი სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა პროფილი და სახის კონტურები მაინც იკვეთება. ნახატი კითხვებს აჩენს და სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, მისტიკურ გარემოსა და იდუმალებას ქმნის. პედრო ალმოდოვარის ფილმში - „შეწყვეტილი ამბორი“, თეთრებში გახვეული წყვილი მაგრიტის „შეყვარებულების“ იმიტაციას ქმნის და შენიღბულობისა და ინტრიგის ისეთივე განცდას ტოვებს, რაც მაგრიტის ნახატის დანახვისას გვეუფლება.
“კანი რომელშიც ვცხოვრობ“ (2011), რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი / „ვენერა და მუსიკოსი“ (1550), ტიციანი
ალმოდოვარის ფილმში „კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ“, საქვეყნოდ აღიარებული პლასტიკური ქირურგი, რობერტ ლედგარდი სახლში ყველასგან მალულად ექსპერიმენტებს ატარებს და ცდილობს ახალი ტიპის კანი შექმნას, რომელზეც არანაირი გარემო ფაქტორები არ იმოქმედებს. მისი ექსპერიმენტების ობიექტი კი ახალგაზრდა ქალი, ვერაა, რომელიც მიუხედავად გარეგნობის სრულად ტრანსფორმაციისა, შინაგან სამყაროს და მეობას ინარჩუნებს. ერთ ოთახში დამწყვდეულ ქალს ოთახის დატოვების უფლება და გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება არ აქვს, ყველა საჭირო ატრიბუტს კი შიგნით აწვდიან. ვერა კითხულობს წიგნებს, უსმენს მუსიკას და სახლიდან დაღწევაზე ფიქრი არ ასვენებს. რობერტი მას თავის მოვლისა და მაკიაჟის საშუალებებს შეუგზავნის, თუმცა ვერა მათ კედლებზე ჩანაწერების გასაკეთებლად იყენებს და ერთგვარ კედლის დღიურს ქმნის. იგი კედლის „მორთვას“ ჯერ მხოლოდ თარიღების აღნიშვნით იწყებს და ოთახში ცხოვრების ქრონოლოგიას აღრიცხავს. დროთა განმავლობაში კედელს სხვადასხვა სიურრეალისტური ჩანახატებით და ფრაზებითაც ამდიდრებს. მაგალითად, კედელზე ერთ-ერთი წარწერა ლუიზა ბურჟუას წიგნიდანაა: „ხელოვნება ჯანმრთელობის გარანტიაა“. ტიციანის ნახატში ვენერა საწოლზე, ბალიშებზეა გადაწოლილი, საწოლის კიდეში კი მუსიკოსი ზის, ნახევრად ზურგით მისკენ. უკან ფონზე, ფარდის მიღმა დახატული ვრცელი პეიზაჟი იშლება ხეივნითა და შადრევნით. ტიციანის ნახატს გვაგონებს ალმოდოვარის კინოკადრიც, როცა რობერტი ვერასთან ოთახში შედის და საწოლის კიდეზე ჩამოჯდება ქალთან სასაუბროდ. მათ უკან ტიციანის ნახატის პეიზაჟის მაგივრად, ვერას წარწერებითა და ჩანახატებით აჭრელებული კედელი ჩანს; ფერთა გამაც ტიციანის ნახატის მსგავსია, შიშველი ქალის სხეულს კი ვერას უცნაური ჩაცმულობა ცვლის. სხვათა შორის, ფილმში ტიციანის ვენერას სხვადასხვა ვარიაციას რობერტის სახლშიც ვხვდებით.
„მიდსომარი“ (2019), რეჟისორი: არი ასტერი / „ბაკქელი ქალის თავი“ (1903), ენი ლუიზა სვინერტონი
ენი სვინერტონის ნახატზე გამოსახული გვირგვინიანი ქალი ბაკქელი ქალია. ბაკქელი ქალები მხევალთა ჯგუფი იყო, რომლებიც დიონისეს - ღვინისა და დროსტარების ღმერთს რომაულ მითოლოგიაში - ღრეობისა და გართობისას თან ახლდნენ. მათ თავი შემკობილი ჰქონდათ სუროს გვირგვინებით. დიონისეს რიტუალებში ბაკქელი ქალები ცეკვისა და თრობის გიჟურ ექსტაზში იმყოფებოდნენ.
ფილმში - „მიდსომარი“ მოქმედება პატარა შვედურ სოფელში ხდება, სადაც მეგობრები დღესასწაულზე დასასწრებად ჩავლენ, რომელიც 90 წელიწადში ერთხელ ტარდება და სხვადასხვა რიტუალს მოიცავს. ერთ-ერთი კადრი ფილმიდან სწორედ ბაკქელი ქალის პორტრეტს ჰგავს. ფილმის მთავარ გმირს, დანის ბაკქელი ქალის მსგავსად, თავი ყვავილების გვირგვინით აქვს დამშვენებული და რიტუალური ცეკვის კონკურსში მონაწილეობს.
დაწერე კომენტარი